ბერძენ-რომაულთა ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ვლადიმერ ადეიშვილი მსოფლიოსთვის სამზადისსა და ევროპის განვლილ ჩემპიონატზე გვესაუბრება
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა გუნდმა სერბულ ზრენჯანინში დამთავრებულ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი ვერ მოიპოვა, მაგრამ მაინც წარმატებით იასპარეზა - 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვა.

ევროპის ვიცე-ჩემპიონები ნიკა ცეცხლაძე (50) და საჩინო დავითაია (66) გახდნენ, ზურაბ დათუნაშვილი (74) და სანდრო დიხამინჯია (96) კი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ. ჩვენი ნაკრები ასევე მესამე იყო გუნდურ ჩათვლაში. ეს შედეგი მით უფრო კარგია იმის გათვალისწინებით, რომ მწვრთნელებმა ამჯერად ლიდერები დაასვენეს - მათ მსოფლიოსთვის ინახავენ, რომელიც 26-31 ივლისს ბუქარესტში გაიმართება.

ნაკრები ამ ტურნირისთვის განსხვავებული გეგმით ემზადება. მსოფლიოსთვის სამზადისზე და ევროპის განვლილ ჩემპიონატზე ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ვლადიმერ ადეიშვილი გვესაუბრება.

- სერბეთში მოპოვებული წარმატება რამდენად შეესაბამება იმ გეგმებს, რომლითაც ჩემპიონატზე გაემგზავრეთ?

- ცხადია, ოქროს მედალი კარგი იქნებოდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამის დიდი იმედი არ მქონდა. კარგად ვიცოდი, ჩვენი ძირითადი კონკურენტები - თურქები, რუსები, აზერბაიჯანელები გადაზრდილი ფალავნებით იჭიდავებდნენ. ამ მხრივ იქ რაც ხდება, ყველამ კარგად ვიცით. თქვენ წარმოიდგინეთ, რუსმა მსაჯებმა მითხრეს, ასაკით მანიპულირებაზე ჩვენც ვუთითებთ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციას, რადგან ჩრდილო კავკასიელებს 3-4 წლით გადაზრდილები გამოჰყავთ და ჩვენი მოზარდები იჩაგრებიანო.

მთლიანობაში, სერბეთში მოპოვებული შედეგი ურიგო არ არის. საქმე მხოლოდ მედლებში არაა, რადგან თითქმის ყველამ კარგად იჭიდავა. მძიმე წონის გარდა, სხვების ბოლომდე კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს, ხოლო 50-ში ნიკა ცეცხლაძემ მოსალოდნელზე მეტიც კი გააკეთა. ის, პრაქტიკულად, საკუთარ თავს გადაახტა და რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ფინალიც მოიგო - აზერბაიჯანელი ვილაიათ გარამანლი ორჯერ დააგდო წმინდაზე, მაგრამ მსაჯებმა არ მისცეს.

- ნაკრებში რამდენიმე ისეთი მოჭიდავე გყავდათ, რომლებმაც საერთაშორისო ტურნირებში კარგად იასპარეზეს და ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის პრეტენზიასაც აცხადებენ. ამ ფონზე გასაკვირია, რომ ოქროს მედალს არ ელოდით.

- მოლოდინი ყოველთვისაა - ტურნირზე ყველა ამისთვის მიდის, მაგრამ რუსებისა და თურქების ამბავი კარგად ვიცი და ასე იმ რეალობიდან გამომდინარე ვფიქრობდი, რაც ზემოთ ვთქვი. ამ ასაკში 4-5 წელიწადი ბევრს ნიშნავს. თანაც, ამჯერად სერბეთში ძირითადად მეორე ნომრები მყავდა წაყვანილი - 50 პროცენტი მაინც. წლეულს მთავარი აქცენტი მსოფლიოს ჩემპიონატზე გადავიტანეთ და ვნახოთ, რა გამოვა ასეთი მიდგომით. მსოფლიოსთვის ეს ნაკრები 40-50 პროცენტით შეიცვლება. ევროპაზე დავინახე, ვის რა შეუძლია, დანარჩენზე კი ახლა მწვრთნელთა საბჭოზე ვიმსჯელებთ. ცვლილება მედალოსნებსაც შეეხებათ, რადგან ვითვალისწინებთ თაობათა ცვლის პროცესს და შანსს ყველას ვაძლევთ. ოლიმპიადამდე ცოტა დრო დარჩა და იქნებ ვინმე კიდევ გამოჩნდეს. მოგეხსენებათ, ახალგაზრდულ ნაკრებში ყველაფერი ეროვნული გუნდის ინტერესთა გათვალისწინებით კეთდება და ასე ამიტომ ვიქცევით.

წლეულს მსოფლიოსთვის განსხვავებული მიდგომა ავირჩიეთ - ლიდერები შემოვინახეთ, თორემ აქამდე ევროპაზე მეორე-მესამე ნომრებს არ ვაჭიდავებდი. მერე ისე ხდებოდა, ის ევროპაზე ნაჭიდავები ხალხი მსოფლიოსთვის მომზადებას ვერ ასწრებდა და შედეგიც ისეთივე იყო, რაც - კონტინენტის პირველობაზე. ამჯერად განსხვავებული მიდგომა ავირჩიეთ და ვნახოთ, რა გამოვა.

- ანუ, თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, ევროპაზე კარგი გამოსვლა კი იყო, მაგრამ რეზერვი მეტია და მსოფლიოსთვის ცვლილებებიც ამიტომ იგეგმება?

- კი, ასეა. რეზერვი რომ არის, ეს კარტოზიას სახელობის `ოქროს დიდმა პრიზმაც~ დაადასტურა - იქ სუსტი ნაკრებები არ იყვნენ, მაგრამ ახალგაზრდებმა კარგად იჭიდავეს. ცვლილებებიც აქედან გამომდინარე იქნება. ყოველ შემთხვევაში, მძიმე წონაში ეს გარდაუვალია.

- მძიმეს გარდა კიდევ თუ იყო ისეთი წონა, რომლითაც უკმაყოფილო დარჩით?

- სხვა არც ერთი არ ყოფილა. კიდევ ვიმეორებ, რომ ყველას კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა მაქსიმუმი გამოავლინეს. ცხადია, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მსაჯებმა არ მისცეს მეტის გაკეთების საშუალება, თუმცა ეს მათი ბრალი არაა. მსაჯთა მიკერძოება რომ არა, დათუნაშვილი ფინალში უნდა გასულიყო, გოგიტა გოგიბერაშვილს ბრინჯაო უნდა აეღო, ცეცხლაძეზე კი ზემოთ გითხარით... ეს იმათზე ვლაპარაკობ, რაც ყველაზე მეტად გულსატკენი იყო, თორემ წვრილ-წვრილი უსამართლობები სხვაც ბლომად ხდებოდა. პირველ დღეს გუნდურში თურქებს ორი ქულით ვუსწრებდით, მაგრამ მეორე დღეს სერბეთში სასწრაფოდ ჩამოვიდა მათი ფედერაციის ახალარჩეული პრეზიდენტი და იმის მერე დაიწყო ზეწოლა ყველაზე, ვინც კი თურქთა კონკურენტი იყო. აქეთობისას სტამბოლში მათთან ერთად ჩამოვფრინდით და აეროპორტში დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონი არ ჰყავდათ, ისე მოიგეს გუნდური.

- ცეცხლაძის გარდა სხვამ თუ შემოგთავაზათ სიურპრიზი კარგი ჭიდაობით?

- კარგი ჭიდაობით გამოვარჩევ დათუნაშვილს, რომელიც პირველად ჭიდაობდა ამ ნაკრებში. სანდრო დიხამინჯიაც პირველად გამოდიოდა, თუმცა მისგან ცოტა მეტს ველოდით. მართალია, მან სომეხ არტურ ალექსანიანთან წააგო, რომელიც წლეულს უფროსებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, მაგრამ მაინც მეტი გვეიმედებოდა. ოღონდ მათგან კარგ ჭიდაობას ველოდით კიდეც, ცეცხლაძემ კი მოლოდინს გადააჭარბა.

- ამ გუნდიდან ვინმეს თუ აქვს მსოფლიოზე წასვლა განაღდებული და სად მოემზადება ნაკრები?

- ჯერ არ მინდა შემადგენლობაზე ლაპარაკი. 10 ივლისს დუშეთში ვიწყებთ შეკრებას და 1-2 დღე კიდევ დამჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად. მწვრთნელთა საბჭოსთან ერთად ვიმსჯელებთ გუნდის დაკომპლექტებაზე. შეიძლება ზოგან საკონტროლო შეხვედრებიც ჩავატაროთ - ესეც საბჭოსთან კონსულტაციებით გადაწყდება.

- თვითონ ჩემპიონატი არ იყო მაინცდამაინც ძლიერი, ცოტა ხალხი გამოდიოდა. საერთოდ, გუნდების კლება ტენდენციად იქცა ჭიდაობაში. ამაზე თუ საუბრობდნენ კულუარებში?

- თუ დამიჯერებთ, იმასაც კი არ დავკვირვებივარ, ადრინდელთან შედარებით ბევრი ხალხი გამოდიოდა თუ ცოტა. მე იქ ძირითად კონკურენტებს ვაკვირდები - თურქებს, რუსებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს... ალბათ, სხვებიც ძირითად აქცენტს მსოფლიოზე აკეთებენ და იქ უფრო მეტი მონაწილე გამოვა, თუმცა ეს გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, ყველა ვარიანტში ასე იქნება.

- თაობათა ცვლა ახსენეთ და თქვენი აზრით, რომელი უფრო უკეთესია - ახლანდელი თუ ის, რომელიც ამ ათიოდე წლის წინათ გამოვიდა ასპარეზზე და მსოფლიოს რამდენიმე კაშკაშა ვარსკვლავი აჩუქა მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები თუ სხვა ტიტულოვნები - მანუჩარ კვირკველია, ალექსანდრე დოხტურიშვილი, გიორგი წურწუმია, ბადრი ხასაია, ირაკლი ჭოჭუა?

- ცოტა მიჭირს ასე მკვეთრად გავმიჯნო, რომელია უკეთესი. თუმცა ახლანდელი თაობა უდაოდ ნიჭიერია, რომელსაც დიდი შედეგების მიღწევა შეუძლია. იქნებ იმიტომ, რომ მათ ახლა ვუყურებ, ისინი კი წლების წინ იყვნენ ჩემი მოსწავლეები, ესენი უფრო უკეთესები მგონია. თუმცა მთავარი ისაა, რომ ძალიან ნიჭიერები არიან და ცუდია, რომ თაობათა ცვლის პროცესი ცოტა დაგვიანებით ხდება, საოლიმპიადოდ ვერ მოასწრებენ ნაკრებში დამკვიდრებას. აი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ეს ცვლილება ერთი წლის წინ დაიწყო და ასწრებენ, ჩვენთან კი ცოტა დაგვიანებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს