უიმბლდონის გათამაშების ქალთა ტურნირის ფინალში ერთმანეთს რუსი მარია შარაპოვა და ჩეხი პეტრა კვიტოვა დაუპირისპირდებიან
გუშინ, უიმბლდონზე ქალებს შორის ფინალისტები ირკვეოდნენ. პირველები ცენტრალურ კორტზე ჩეხი პეტრა კვიტოვა და ბელარუსი ვიქტორია აზარენკა გავიდნენ. მათი ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 2:2 იყო, თანაც სათამაშო კლასი თანაბარი აქვთ, რის გამოც ამ ნახევარფინალში დაძაბულ სამსეტიან ბრძოლას წინასწარმეტყველებდნენ.

კვიტოვა გასულ წელსაც თამაშობდა უიმბლდონის ნახევარფინალში, ასე რომ, მან გაიმეორა შარშანდელი შედეგი, აზარენკამ კი, როგორც იქნა, გატეხა ნავსი და კარიერაში პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში. მანამდე ის ამ დონის ჩემპიონატებში ზედიზედ ოთხჯერ მარცხებოდა მეოთხედფინალურ ეტაპზე.

თანაბარი კლასის მეტოქეთა მატჩში პირველი სეტი აზარენკამ საშინლად ჩაატარა. მან მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო საკუთარ მოწოდებაზე. 1:1-ის შემდეგ კვიტოვამ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და სეტი 27 წუთში დაასრულა - 6:1.

მეორე პარტიაში აზარენკამ შეძლო რევანშის აღება. ბელარუსმა იპოვნა თავისი თამაში და სტაბილურობითაც გამოირჩეოდა. ვიქტორიამ დამაჯერებლად აიღო სასტარტო სამი გეიმი, რის შემდეგაც კვიტოვას გააქტიურების ჯერი დადგა, მაგრამ თავდაცვაზე გადასულმა აზარენკამ შეინარჩუნა ბრეიკით მოპოვებული უპირატესობა და სეტი 6:3 მოიგო.

გადამწყვეტი პარტია უკეთ ჩეხმა ჩოგბურთელმა დაიწყო, რომელმაც ბრეიკი გააკეთა და სასტარტო სამი გეიმი აიღო. მეხუთე გეიმში ვიქტორიას ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა მეტოქეს არ მისცა ამ შანსის გამოყენების საშუალება. ბელარუსს მატჩის გადარჩენის შესაძლებლობა აღარ ჰქონია, კვიტოვა დამაჯერებლად ინარჩუნება უპირატესობას, წერტილი კი შეხვედრას ბოლო გეიმში გაკეთებული ბრეიკით დაუსვა.

კვიტოვა პირველად ითამაშებს "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში. ცნობისთვის, მან შარშანდელ გათამაშებაშიც მოუგო აზარენკას, თუმცა მაშინ 62-ე ჩოგანი იყო და მისი ყველა მოგება სენსაციად აღიქმებოდა. პეტრა უიმბლდონის პირველი ცაცია ფინალისტია 1994 წლის შემდეგ, როცა ლეგენდარულმა ამერიკელმა მარტინა ნავრატილოვამ გააღწია გადამწყვეტ მატჩში. სხვათა შორის, წარმოშობით ჩეხი ნავრატილოვა ამ შეხვედრას ესწრებოდა და თანამემამულეს გულშემატკივრობდა.

"მოხარული ვარ, რომ მესამე სეტში მოწოდება გამომდიოდა. ბალახი ჩემი საყვარელი საფარია, - ამბობდა მატჩის შემდეგ გამარჯვებული. -

ტრიბუნების ქვეშ ნავრატილოვას შევხვდი. მან კარგი თამაში მომილოცა და ფინალშიც წარმატება მისურვა. კარგია, რომ მასთან ურთიერთობის საშუალება მომეცა".

1998 წლის შემდეგ ჩეხი ჩოგბურთელი პირველად გავიდა ფინალში. 13 წლის წინ ასეთი შედეგი ჰქონდა იანა ნოვოტნას, რომელმაც მაშინ მთავარი პრიზის მოგება შეძლო.

ამ შედეგის გასამეორებლად კვიტოვას ფინალში მარია შარაპოვას დამარცხება მოუწევს. რუსი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება - დიდი ხანია, მარიასგან ასეთი თამაში არ გვინახავს.

2004 წლის ჩემპიონი გუშინ გერმანელ საბინ ლისიცკის ხვდებოდა და ძალიან ცუდად დაიწყო თამაში. ლისიცკიმ ბრეიკით დაწინაურება მოახერხა და 3:0 წაიყვანა ანგარიში. შარაპოვამ თავისი გეიმი "მშრალი" ანგარიშით წააგო, შემდეგ კინაღამ მეორედ აჩუქა საკუთარი მოწოდება მეტოქეს - 40:15-ს იგებდა, მაგრამ ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. საბოლოოდ, ეს გეიმი რუსმა მოიგო და გაქვითა ანგარიში - 1:3.

ამის შემდეგ მატჩის სურათი მთლიანად შეიცვალა. შარაპოვამ უკუბრეიკი გააკეთა, შემდეგ კი ანგარიში გაათანაბრა - 3:3. პარტიის ბედი მეცხრე გეიმში გადაწყდა, როცა რუსმა ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, შემდეგ კი დამაჯერებად ჩააწოდა სეტზე - 6:4.

მეორე სეტში მარიამ საბოლოოდ დააწესა მატჩზე კონტროლი. ახლა უკვე ის დაწინაურდა 3:0, თანაც აქედან ორჯერ ბრეიკი გააკეთა. როგორც ჩანს, ამ წარმატებამ ოდნავ მოადუნა შარაპოვას ყურადღება და იქვე მან საკუთარი გეიმი წააგო - 1:3, თუმცა ძალიან მალე მოეგო გონს და აღადგინა სამგეიმიანი უპირატესობა. ლისიცკის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას ფარხმალი არ დაუყრია და პრაქტიკულად ყველა გეიმში ბრძოლას უმართავდა მეტოქეს. ასე იყო მეექვსე გეიმში, როცა შარაპოვას ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია და მეოთხე ცდაზე გამოიყენა გეიმბოლი - 5:1.

ლისიცკის გააქტიურებამ ის მოიტანა, რომ სეტში ანგარიში ორ გეიმამდე შემცირდა - 3:5, მაგრამ ეს გერმანელის ბოლო წარმატება იყო. მე-9 გეიმში მარიამ პირველივე ცდაზე გამოიყენა მატჩბოლი - 6:3.

ბოლოს შარაპოვამ "დიდი სლემის" ტურნირზე 2008 წელს ითამაშა, როცა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. მის კოლექციაშია აგრეთვე ამერიკის ღიაზე გამარჯვება 2006 წელს და უიმბლდონზე - 2004 წელს. ეს იქნება მისი მეხუთე ფინალი "დიდ სლემზე" (ერთადერთი წაგება გადამწყვეტ მატჩში 2007 წელს ავსტრალიის ღიაზე ჰქონდა).

შარაპოვა და კვიტოვა აქამდე ერთადერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს: შარშან მემფისის ტურნირის ნახევარფინალში მარიამ 6:4, 6:3 მოიგო.

ქალები

1/2 ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 5)-საბინ ლისიცკი (გერ) 6:4, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4) 6:1, 3:6, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა