ადამიანური ფაქტორი - საქართველოში თამაში უფრო ძნელია, ვიდრე ჰოლანდიაში
გურამ კაშიამ შვებულება დაასრულა და ჰოლანდიაში გაემგზავრა. მანამდე არნემის "ვიტესისა" და საქართველოს ნაკრების მცველს ინტერვიუ ჩამოვართვით - ეს თბილისის "დინამოს" მატჩისწინა ვარჯიშზე მოხდა, რამაც გარკვეული კითხვებიც გვიკარნახა.

- ევროპაში მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო და შენი თბილისში ყოფნა რას მივაწეროთ?

- სანაკრებო მატჩზე გამოძახების გამო შეკრებაზე 10 დღე ვიყავი, ნაკლები დასვენება გამომივიდა და "ვიტესმა" შვებულება გამიხანგრძლივა. ახლა ჰოლანდიაში ვბრუნდები, რადგან ფეხბურთელებმა ინდივიდუალური მომზადება უკვე განაახლეს.

- ალბერტ ფერერი "ვიტესიდან" გაუშვეს. შენი აზრით, კატალონიელმა რატომ ვერ გაამართლა?

- ფერერი მე ძალიან მომწონდა. ცდილობდა, "ბარსელონას" ფეხბურთი გვეთამაშა და, ალბათ, ეს იყო მისი შეცდომა. სანამ გუნდი მისთვის უჩვეულო სტილს შეეჩვევა, დრო სჭირდება და, ცხადია, უცებ ათვისება გაგვიჭირდა. ბევრმა ვერც აღიქვა, რას ითხოვდა. როგორია, უცებ ითამაშო ისეთი ფეხბურთი, როგორსაც "ბარსელონა" თამაშობს?! უცებ კი არა, წლები რომ მოვანდომოთ, კატალონიელებივით უმრავლესობა ვერასოდეს ვითამაშებთ. თორემ პიროვნულად ფერერი ძალიან კარგი ადამიანია.

- ახალ სეზონში რას ისახავთ მიზნად?

- ეს ახალწვეულებზეც იქნება დამოკიდებული, გვეუბნებიან, რომ უნდა გავძლიერდეთ და შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესოთ, თორემ ყველას გაგვყრიან.

- "ვიტესში" თუ გსმენია რაიმე ჰაიმ მეგრელიშვილზე, რომელიც არნემულ კლუბში 2009 წლამდე თამაშობდა?

- ეს სრულიად შემთხვევით გავიგე - "ვიტესი"-"გრონინგენის" ძველი მატჩის ჩანაწერის ყურებისას ჩემთვის უცნობმა ფეხბურთელმა მეგრელიშვილმა იმ მატჩში გაიტანა. გაკვირვებული დავრჩი, ჰოლანდიელებიც ვერ იჯერებდნენ, ებრაელი მეგრელიშვილი, რომელიც ისრაელის ნაკრების კანდიდატი იყო, საქართველოსთან რა კავშირშიაო? ვუთხარი, რომ ქართული გვარი იყო და მას მერე ასეც იციან, რომ ქართული გვარის კაცს "ვიტესში" ჟორდანიამდეც უთამაშია.

- აი, ახლა "დინამოს" ვარჯიშს ვესწრებით, რომელიც სულ ბურთით ტარდება. ჰოლანდიაში მომზადების რა სისტემაა?

- "დინამოს"ახალი მთავარი მწვრთნელის, ალექს გარსიას ვარჯიშები მომეწონა, რადგან დიდი ხანია, ევროპელები ასეთ მეთოდით იწვრთნებიან. საქართველოში ახლაც მოქმედი მომზადების სისტემა ჰოლანდიაში აღარც ახსოვთ, რადგან უკვე ძალიან მოძველდა. დავრბივართ, მაგრამ ეს მხოლოდ პულსის შესამოწმებლად. იქ არ გთხოვენ, რვა კილომეტრი გარკვეულ დროში ირბინო. ვარჯიშები სულ ბურთით ტარდება, რაც კროსებზე არანაკლები დატვირთვაა, მაგრამ უფრო სასარგებლო და სახალისოა, ფსიქოლოგიურადაც არ გღლის. მე ასეთი ვარჯიში მიხარია. კარგია, საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ფიზკულტურა ჩვენთანაც ნელ-ნელა თანამედროვე სისტემით რომ იცვლება. ძალიან კარგია, "დინამომ" ასეთი პროგრესულად მოაზროვნე მწვრთნელი რომ ჩამოიყვანა. მოთამაშეები ასეთ ფეხბურთს უფრო გაიგებენ.

საერთოდ, ნახევარი წელიწადია, ჰოლანდიაში გადავედი, მაგრამ ბევრ რამეზე უკვე შემეცვალა წარმოდგენა და ფეხბურთზეც სხვანაირად ვფიქრობ.

- კონკრეტულად რას გულისხმობ?

- ბევრი მიზეზის გამო მიმაჩნია, რომ საქართველოში თამაში უფრო ძნელია, ვიდრე ჰოლანდიაში. ვგულისხმობ არა კლასს, არამედ ადამიანურ ურთიერთობებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის ასათამაშებლად.

- ეს საქართველოში პრობლემურია?

- რა თქმა უნდა. საკამათო არ არის, რომ ჰოლანდია მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერია. იქ სულ სხვაგვარი დამოკიდებულებაა არა მხოლოდ მომზადებისა და ვარჯიშის სისტემებში, არამედ, უპირველესად, ადამიანების ურთიერთობებში. იქ მწვრთნელი არ მოგაძახებს - ირბინე, თორემ გუნდიდან გაგაგდებ, კუთხეში დაგაყენებ, დაგსჯი და ასეთებს. "დინამოს" არ ვგულისხმობ, მაგრამ მეგობრებისგან მსმენია, რომ ბევრ ქართულ კლუბში მწვრთნელი ფეხბურთელებს ციხის ზედამხედველივით უყურებს, ადამიანებთან ურთიერთობა არ იცის და ჰგონია, ეს არის სწორი და სამართლიანი მიდგომა.

წარმოუდგენელია, ადამიანმა შეცდომა არ დაუშვას. ცხადია, გამონაკლისი არც ფეხბურთელია, მაგრამ ყვირილითა და უხეში დამოკიდებულებით ადამიანს ვერაფერს აუხსნი. ჰოლანდიაში შეცდომაზე ადამიანურად გითითებენ. როდესაც ხედავენ, რომ შეცდომის გამოსწორება, სწავლა და პროგრესი გსურს, ეს მათთვის საკმარისია. აქ ერთ თამაშს თუ ჩააგდებ, თანადგომის ნაცვლად წნეხში ხვდები, იძაბები და რაც შეგიძლია, იმასაც ვეღარ აკეთებ. მეორე შანსსაც არ მოგცემენ. სამწუხაროდ, ასეა ძალიან ბევრ კლუბში და ამიტომ საქართველოში თამაში ძალიან ძნელია.

- რომ არაფერი ვთქვათ პირობებსა და აღდგენებზე.

- ამ მხრივ ისეთი განსხვავებაა, როგორიც ცასა და მიწას შორის. თუმცა მახარებს, რომ რამდენიმე ქართულ გუნდში ამ მხრივ აშკარა პროგრესია, მაგალითად, "დინამოში".

- დიდი ხანია, ნაკრებში თამაშზე ოცნებობდი, ხორვატიაში ეს შანსი მოგეცა, მაგრამ სრულიად უცხო ამპლუაში - შენი ნახევარმცველობა რამ განაპირობა - მცველი პირველ ტაიმში ხორვატების ნახევარდაცვას უფრო დაღლიდი?

- ასე კი გვსურდა, მაგრამ ჩვენ უფრო დავიღალეთ. რა თქმა უნდა, ნახევარმცველობა ჩემთვის უჩვეულო იყო, რაც შემეძლო, მაქსიმალურად ვეცადე, მაგრამ რაც არ შემიძლია, იმას ვერ გავაკეთებ. თუმცა, შეიძლება, ბევრი ვერაფერიც გავაკეთე.

- ფაქტია, რომ ხორვატების აშკარა უპირატესობა გამოჩნდა, კლასი თავსისას შვრება.

- ეს უნდა ვაღიაროთ, რაც ნამდვილად არ არის სამარცხვინო. რადგან ქართველი ვარ, ამის გამო ჩემს თავს და გუნდს ყველაზე მაღლა ვერ დავაყენებ. მოდი, წინა წლებისა და ახლანდელი ნაკრები შევადაროთ, განსხვავება არ არის? ადრე ვითხოვდით, გუნდს სამარცხვინოდ არ წაეგო, ახლა კი იმხელა პროგრესია, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის პრეტენზია გაგვიჩნდა. ვფიქრობ, ეს უკვე შედეგია და ხორვატიასთან წაგების მიუხედავად, ყველაფერი წყალში არ უნდა ჩავყაროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა