მსოფლიოს საუკეთესო მძლეოსნების ნაწილი შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში შეიკრიბა, სადაც "ბრილიანტის ლიგის" გათამაშება განახლდა
30 ივნისს, საკმაოდ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ განახლდა "ბრილიანტის ლიგის" გათამაშება. ამჯერად მსოფლიოს საუკეთესო მძლეოსნების ნაწილი შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში შეიკრიბა.

ამ ეტაპზე უკვე იგრძნობოდა, რომ ახლოვდება სეზონის მთავარი სტარტი - მსოფლიოს ჩემპიონატი. ათლეტები თანდათან სპორტული ფორმის პიკს უახლოვდებიან და შესაბამისად, ლოზანაში რამდენიმე მაღალი შედეგი დაფიქსირდა.

ტრადიციულად, განსაკუთრებული ყურადღება მამაკაცთა სპრინტისკენ იყო მიპყრობილი. ამჯერად მთავარი მოქმედი პირი იამაიკელი ასაფა პაუელი აღმოჩნდა, რომელსაც სარბენ ბილიკზე არ ჰყოლია სრულფასოვანი კონკურენტები. იამაიკელს შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა. მცირე ზურგის ქარის დახმარებით პაუელმა შეძლო სეზონის საუკეთესო დროის გაუმჯობესება - 9,78 წამი! ეს ერთი მეასედით უკეთესია ტაისონ გაის წლევანდელ შედეგზე.

"შესანიშნავი გარბენი გამოვიდა. იდეალური სტარტი მქონდა და პირველი 50 მეტრი ძალიან სწრაფად გავირბინე, დისტანციის მეორე ნახევარზე კი ჯერ მომიწევს მუშაობა. ახლა, სეზონში საუკეთესო ვარ და მსოფლიოს ჩემპიონატის მიმართ კარგი მოლოდინი მაქვს. ჩემი მიზანია: მაქსიმალურად ბევრი ვივარჯიშო და სწრაფად ვირბინო", - განაცხადა გამარჯვების შემდეგ იამაიკელმა. მეორე მივიდა ფინიშთან ასაფას თანამემამულე მაიკლ ფრატერი, მესამეზე გავიდა ფრანგი კრისტოფ ლემეტრი, რომელმაც პირადი რეკორდი გააუმჯობესა - 9,95.

მართალია, ტაისონ გაი ტრავმის გამო არ გამოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ უსაინ ბოლტი ტეგუში უკონკურენციოდ არ იქნება, რადგან პაუელი მზად არის საბრძოლველად.

პაუელის მიღწევა ოდნავ გაფერმკრთალდა მეორე ფრანგი სპორტსმენის - ტედი ტამგოს შედეგის ფონზე. ფრანგმა სამხტომელმა გასულ წელს ფენომენალური შედეგი აჩვენა - 17,98 მეტრი, ზამთარში მან ორჯერ განაახლა საკუთარი მსოფლიოს რეკორდი (დარბაზებისთვის). მაგრამ ამ სეზონში ის ვერაფრით ახერხებდა სოლიდური შედეგის ჩვენებას. ლოზანაში სამხტომის სექტორში პრაქტიკულად ყველა ვარსკვლავი იყო შეკრებილი - ტამგო, ფილიპს აიდოვუ, კრისტიან ოლსონი, ალექსის კოპელო და სხვები.

თავიდან ლიდერი ბრიტანელი იყო, ფრანგმა კი ორი ნახტომი გააფუჭა. მესამე ცდისას ტამგომ, როგორც იქნა იდეალური ნახტომი შეასრულა და სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა - 17,19 მეტრი! აიდოვუმ შემდეგ ცდაზე საკუთარი შედეგი გააუმჯობესა - 17,52, მაგრამ იმ დღეს ეს მისი მაქსიმუმი იყო. ტამგო რისკს აგრძელებდა, მაგრამ შემდეგი სამი ნახტომი ისევ არ ჩაეთვალა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ჯონათან ედვარდისის მსოფლიოს რეკორდი 18,29 მეტრს უდრის, ასე რომ, ტედის აქვს კონკრეტული მიზანი.

კიდევ ერთი ფრანგული ტრიუმფი ჭოკით ხტომის სექტორში ვიხილეთ. რენო ლავინიემ 5,83 მეტრით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე იყო ამ სეზონში მისი მთავარი კონკურენტი მალტიე მორი - 5,73 მეტრი.

მსოფლიოს ჩემპიონატის წინ არ არის კარგ ფორმაში სიმაღლეზე მხტომელი ბლანკა ვლასიჩი. ამჯერად ხორვატმა ლამაზმანმა მესამე ცდიდან დაიპყრო 1,90 მეტრი, 1,95-ზე კი ვერ გადახტა. ეს სიმაღლე მხოლოდ რუსმა ანა ჩიჩეროვამ აიღო და გაიმარჯვა კიდეც.

ტრავმის შემდეგ შუბის ტყორცნის სექტორში დაბრუნდა ნორვეგიელი ჩემპიონი ანდრეას ტორკილდსენი, რომელმაც პირველივე ცდაზე 88,19 მეტრი დააფიქსირა. სკანდინავიელმა საქმე მოთავებულად ჩათვალა და დანარჩენი ტყორცნები გამოტოვა - მისი გათვლა სწორი აღმოჩნდა, რადგან კონკურენტებმა ვერაფერი მოუხერხეს ტორკილდსენის შედეგს.

ქალებს შორის სიგრძეზე ხტომაში მოიგო ამერიკელმა ბრიტნი რიზმა, რომელიც ამ დისციპლინის ლიდერად ყალიბდება. მის შედეგი იყო 6,85 მეტრი. ამ მძლეოსანმა გასულ კვირას ამერიკის ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა - 7,19 მეტრი, რითაც სეზონის ლიდერი გახდა.

ლოზანა (შვეიცარია)

კაცები

100 მ. 1. ასაფა პაუელი (იამ) - 9,78; 2. მაიკლ ფრატერი (იამ) - 9,88; 3. კრისტოფ ლემეტრი (საფ) - 9,95; სამხტომი. 1. ტედი ტამგო (საფ) - 17,91; 2. ფილიპს აიდოვუ (ბრიტ) - 17,52; 3. ალექსის კოპელო (კუბ) - 17,06; შუბის ტყორცნა. 1. ანდრეას ტორკილდსენი (ნორ) - 88,19; 2. სერგეი მაკაროვი (რუს) - 87,12; 3. მატიას დე ზორდო (გერ) - 83,65.

ქალები

200 მ. 1. მარია რემენი (უკრ) - 22,85; 2. დები ფერგიუსონ-მაკენზი (ბაჰ) - 22,93; 3. ოლესია პოვჰი (უკრ) - 23,04; სიმაღლეზე ხტომა. 1. ანა ჩიჩეროვა (რუს) - 1,95; 2. სვეტლანა შკოლინა (რუს) - 1,90; 2. ვიტა სტეპინა (უკარ) - 1,90; სიგრძეზე ხტომა. 1. ბრიტნი რიზი (აშშ) - 6,85; 2. დარია კლიშინა (რუს) - 6,76; 3. სარა პროქტორი (ბრიტ) - 6,66.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...