უიმბლდონის ფინალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჯოკოვიჩი სრულიად დამსახურებულად ხდება მამაკაცთა პროფესიული ტურის ახალი "მეფე"
წლევანდელ უიმბლდონზე მამაკაცების ფინალში მთავარი პრიზი დღეისთვის პლანეტის ორმა საუკეთესო ჩოგბურთელმა გაითამაშა. რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი კარიერაში 28-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს.

აქამდე 16 გამარჯვება ესპანელს ჰქონდა, 11 - სერბს, თანაც რაფამ ბალახზე ორიდან ორი მოუგო ჯოკოვიჩს. თუმცა წელს სერბმა თავის კონკურენტს ოთხჯერ აჯობა და ოთხივეჯერ მასტერსის სერიის ტურნირების ფინალში. სწორედ ეს დაეხმარა ნოვაკს იმაში, რომ დღეიდან ის ATP-ის რეიტინგის პირველი ნომერია.

კლასიფიკაციაში სერბის ლიდერობა ფინალამდეც ცნობილი იყო, უბრალოდ, გუშინდელმა გადამწყვეტმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჯოკოვიჩი სრულიად დამსახურებულად ხდება მამაკაცთა პროფესიული ტურის ახალი "მეფე".

საწყისმა სეტმა ნადალისა და ენდი მიურეის ნახევარფინალის პირველი პარტია მოგვაგონა, როცა თითქმის მთელი სეტის განმავლობაში მეტოქეებს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონიათ და დამაჯერებლად იგებდნენ საკუთარ მოწოდებებს. მაშინ 6:5-ზე მიურეიმ ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო და შანსი გამოიყენა. აქაც რაფამ და ნოვაკმა თითქმის ტაი-ბრეიკამდე მიაღწიეს, მაგრამ 5:4-ზე ჯოკოვიჩს მიეცა მეტოქის გეიმის აღების შანსი და მან ის ხელიდან არ გაუშვა - 6:4.

მეორე სეტის სტარტზე ნადალს პირველი ბრეიკ-პოინტის მიღების შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ 30:30-ზე "სმეში" აუტში გაუშვა. შემდეგ გეიმში უკვე ჯოკოვიჩმა გამოიმუშავა ორმაგი ბრეიკ-პოინტი და პირველივე გამოიყენა - 2:0. უნდა აღინიშნოს, რომ ნოვაკმა მეორე პარტიაში უმაღლესი დონის ჩოგბურთი აჩვენა - სერბს პრაქტიკულად ყველაფერი გამოსდიოდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს კორტის მეორე მხარეს საშუალოზე დაბალი დონის მოწინააღმდეგე ჰყავდა. იმავე ბრეიკ-პოინტის დროს მან პრაქტიკულად "მკვდარ" ბურთს მიუსწრო ბადესთან და კროსით ესპანელის მოძრაობის საპირისპიროდ დაარტყა. ეს მატჩის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეპიზოდი იყო.

ამის შემდეგ ჯოკოვიჩმა მშვიდად აიღო საკუთარი მოწოდება და უპირატესობა სოლიდური გახდა - 3:0. ნადალმა შეძლო ზედიზედ ხუთი გეიმის წაგების შემდეგ ანგარიშის გაქვითვა, რაშიც ორი ეისი დაეხმარა. თუმცა ესპანელი აქ გაჩერდა - მას კვლავინდებურად არაფერი გამოსდიოდა მიღებაზე, მეექვსე გეიმში კი ისევ წააგო საკუთარი მოწოდება, რითაც ამ სეტში გამარჯვებულის საკითხი გარკვეული იყო. სერბმა 5:1-ზე მშვიდად ჩააწოდა სეტზე და 2:0 წაიყვანა ანგარიში.

აღსანიშნავია, რომ ამ ორი სეტის განმავლობაში ნოვაკმა მხოლოდ 4 (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა და 20 "ვინერსი" გააკეთა. ნადალი კი ჯერაც ბრეიკ-პოინტის მოლოდინში იყო.

საინტერესო გახლდათ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჯოკოვიჩის იდეალური თამაში. როგორც გაირკვა, სერბმა მესამე პარტიაში პაუზის აღება გადაწვიტა, რითაც ნადალმა მაშინვე ისარგებლა. ნანატრი პირველი ბრეიკ-პოინტი მან მეორე გეიმში მიიღო, გამოიყენა ის და ცოტა ხანში 3:0 წაიყვანა ანგარიში. მართალია, ჯოკოვიჩს ბოლომდე ხელები არ ჩამოუშვია და თითქმის ყველა გეიმში იბრძოდა, მაგრამ ინიციატივა საბოლოოდ ესპანელის მხარეს გადავიდა. ეს სეტი სცენარით წინა პარტიის ანალოგიური იყო, რადგან რაფამ მეორე ბრეიკი მეექვსე გეიმში გააკეთა და შემდეგ სეტზე ჩააწოდა - 6:1.

მეოთხე სეტის პირველივე გეიმში ნადალმა ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ორი საკუთარი შეცდომითა და ნოვაკის კარგი მოწოდებით ეს მონდომება წყალში ჩაყარა. შემდეგ გეიმში კი უკვე ნოვაკმა მიიღო ბრეიკის გაკეთების ორმაგი შანსი და პირველივე ცდაზე მიაღწია მიზანს. მეორდებოდა მეორე და მესამე სეტების სცენარი, მაგრამ ეს ნადალმა არ დაუშვა. ესპანელმა ბოლო ძალები მოიკრიბა და უკუბრეიკის შესრულება შეძლო, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ესპანელს ბადე დაეხმარა - მას კარგი მიღება არ გამოუვიდა, მაგრამ ბურთი ბადეს მოხვდა და მეტოქის ნახევარზე გადავარდა.

ამის შემდეგ მეტოქეები საკმაოდ დამაჯერებლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებას, სანამ მერვე გეიმში სერბმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი არ მიიღო. ნადალმა მხოლოდ ერთი საფრთხე მოიგერია, მეორეზე შეცდომა დაუშვა და 5:3-ზე ჯოკოვიჩმა მატჩზე ჩაწოდების საშუალება მიიღო. ნადალს აღარ აღმოაჩნდა ძალა შეხვედრის კიდევ ერთხელ გადასარჩენად. 6:3 და ჯოკოვიჩმა კარიერაში პირველად მოიგო უიმბლდონის ტურნირი.

"ვულოცავ ნოვაკს, მან ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და არაჩვეულებრივი ჩოგბურთი გვიჩვენა. შესანიშნავად მახსოვს საკუთარი ემოციები, როცა პირველად მოვიგე უიმბლდონი, ასე რომ წარმომიდგენია, რას გრძნობს ახლა ის. აქ ყოფნა უდიდესი პატივია ჩემთვის. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებსა და გულშემატკივრებს. სამწუხაროდ, დღეს ვერ შევძელი ჩემი საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენება", - ობიექტურად შეაფასა თავისი გამოსვლა ნადალმა.

"მიჭირს საჭირო სიტყვების მოძებნა საკუთარი გრძნობების გამოსახატავად. ეს საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში, უიმბლდონი კი ჩემი საყვარელი ტურნირი. პირველად ტელევიზორში საჩოგბურთო მატჩებს უიმბლდონიდან ვუყურე. ეს ოცნებაა, რომელიც რეალობად იქცა. უდიდესი მადლობა მათ, ვინც მხარს მიჭერდა. კარგად მესმოდა, რომ თუ რაფას დამარცხება მსურდა, საუკეთესო ჩოგბურთი უნდა მეჩვენებინა, რადგან მას აქ ბოლო სამი წლის განმავლობაში ორჯერ ჰქონდა მოგებული. დღევანდელი მარცხის მიუხედავად, მინდა მას მივულოცო ტურნირის შესანიშნავად ჩატარება. რაფას წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი მატჩი გველის", - ასეთია ახალი ჩემპიონის პირველი კომენტარი ორმაგად ტრიუმფალური უიმბლდონის დასრულების შემდეგ.

ამ გამარჯვების შემდეგ მიმდინარე სეზონში სერბის აქტივშია 50 მატჩიდან 49 მოგება. ერთადერთი მარცხი მან როლან გაროსის ნახევარფინალში როჯერ ფედერერისგან იწვნია. ჯოკოვიჩი აგრძელებს 2011 წელს ტიტულების კოლექციის შეგროვებას - მას უკვე რვა გამარჯვება აქვს, მათ შორის უიმბლდონსა და ავსტრალიის ღია პირველობაზე.

კაცები

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-რაფაელ ნადალი (ესპ, 1) 6:4, 6:1, 1:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა