როგორ ითვლიან ყაზახები ბიუჯეტს - რამდენი მილიონი გინდათ?
ევროპის ლიგაზე პოლონეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსან "იაგელონიასთან" სტუმრად წაგებული 0:1-ის შემდეგ ყაზახურმა პავლოდარის "ირტიშმა" შინ 2:0 მოიგო და რუსთავის "მეტალურგთან" 14 და 21 ივლისს შეხვედრები დაიბევა.

პოლონელებთან "ირტიშმა" მამუტუ კულიბალისა და გლებ მალცევის გოლებით გაიმარჯვა. ყაზახური ინტერნეტგაზეთი "სპორტს"-ი წერს, რომ პავლოდარელთა მთავარმა მწვრთნელმა ტალგატ ბაისუფინოვმა შემადგენლობა არ შეცვალა. "იაგელონიასთან" მოედნის ცენტრში კარგად ითამაშეს სერგეი ივანოვმა, კონსტანტინ ზარეჩნიმ, აგრეთვე სერბმა პრედრაგ გოვედარიცამ და ედუარდ სერგეენკომ.

როგორც ჩანს, პავლოდარელებს დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლა ახასიათებთ, ყაზახური მედია წერს, პოლონელებს ამის წყალობით მოუგესო.

თუმცა, გოლი თამაშიდან რომ ვერ გაიტანეს, სტანდარტულების გამოყენებას შეეცადნენ: 37-ე წუთზე მცველმა კულიბალიმ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი დაახვედრა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში რამდენჯერმე სცადეს კარის აღება შორეული დარტყმებით ზარეჩნიმ, ალექსანდრ დანაევმა, მალცევმა.

საინტერესო დეტალი რუსთაველებისთვის - მათი მეტოქე საკმაოდ აგრესიული და ემოციებს ამყოლი გუნდია - 1:0-სას, როცა ეს ანგარიში ხელს არ აძლევდათ, ყაზახები პოლონელებს ხშირად ეკამათებოდნენ და სასურველი შედეგის მიღწევას ყველანაირად ცდილობდნენ, გოლი კი მალცევმა კონტრშეტევაზე გაიტანა.

აღსანიშნავია ისიც, რომ შეტევით გართული ირტიშელები ზურგს, ანუ დაცვას ხშირად აშიშვლებდნენ, მაგრამ პოლონელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს .

მე ადრე "ტრაქტორი" ვიყავი

გუნდი 1965 წელს დაარსდა და მაშინაც "ირტიში" ერქვა, მაგრამ 1968 წლიდან "კეთილხმოვან" "ტრაქტორად" გადანათლეს და 1992 წლამდე საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში ამ სახელით ასპარეზობდა, 1993-95 წლებში "ანსატი" დაარქვეს, ძველი სახელი "ირტიში" კი 1996 წელს დაუბრუნეს.

საბჭოთა კავშირის "ბ" კლასში 6 სეზონი ჩაატარა, მეორე ლიგაში - 18, პირველში - 2. სულ საბჭოთა პერიოდში 952 მატჩიდან 454 მოიგო, 206 ფრედ დაასრულა და 292 წააგო, ბურთების შეფარდება - 1931-928.

ყაზახეთის ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებული (1993, 1997, 1999, 2002, 2003), სამგზის ვერცხლის (1994, 1996, 2004), ოთხჯერ ბრინჯაოს მედლების (1992, 1998 , 2000, 2008) მფლობელი. 2008 წელს მოიპოვა ყაზახეთის თასი.

"ირტიში" პავლოდარის ცენტრალურ სტადიონზე თამაშობს, რომელიც 12 ათასამდე მაყურებელს იტევს. გუნდი დღესაც რუსული ფეხბურთის მიმდევარია.

ევროთასებზე მესამედ ასპარეზობს - 2003-04 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ "ომონიასთან" დამარცხდა (0:0, 1:2), 2009-10 სეზონში - ევროპის ლიგაზე უნგრულ "ჰალადაშთან" (0:1, 2:1). შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ წლეულს, "იაგელონიასთან" მოგებით (0:1, 2:0) მოახერხა.

დაჩაგრული ლორია და ისევ ის ტლეშევი

გუნდის მეკარე წარმოშობით ქართველი, ყაზახეთის ნაკრების ყოფილი წევრი დავით ლორიაა. ის ნაკრებიდან მამის, ყარაღანდის "შახტიორის" პრეზიდენტ გრგოლ ლორიას ფეხბურთის ფედერაციასთან დაპირისპირების გამო მოკვეთეს. ლორიას ამჟამად აქილევსის მყესი აქვს დაზიანებული და გერმანიაში მკურნალობს, მან ვერც პოლონელებთან ითამაშა და "ირტიშს" ვერც ქართველებთან დაეხმარება. მის ნაცვლად მეორე მეკარე ანტონ ტიშინი თამაშობს.

გუნდში 6 ლეგიონერია - მალელი მცველი მამუტუ კულიბალი, სერბი ნახევარმცველები მარკო ბლაჟიჩი, პრედრაგ გოვედარიცა, მილან ნიკოლიჩი, ბულგარელი ფორვარდი გიორგი დასკალოვი და ბრაზილიელი რობერტო. თუმცა ამ უკანასკნელსა და ბლაჟიჩს წლეულს ერთი მატჩიც არ ჩაუტარებიათ.

პავლოდარულ გუნდშია მურატ ტლეშევი, რომელმაც რუსთავში წინა ევროსეზონშიც ითამაშა - მაშინ ის მეორე ყაზახური კლუბის, "აქტობეს" ღირსებას იცავდა.

ტლეშევი "ირტიშში" ორჯერ გახდა ყაზახეთის ჩემპიონატის ბომბარდირი - 2005 და 2008 წლებში. თუმცა 31 წლის ტლეშევის კარიერაში უკვე დაღმავალი პერიოდია - წლეულს პავლოდარელებმა 18 მატჩში მხოლოდ 8-ჯერ ათამაშეს და ერთხელაც ვერ გაიტანა. მთავარი დამრტყმელი ძალა კი 29 წლის ბულგარელი დასკალოვია, რომელმაც 17 მატჩში 6-ჯერ გაიტანა. შედარებით შედეგიანად თამაშობენ ადგილობრივი გლებ მალცევი (16 მატჩი, 4 გოლი), პაველ შაბალინი (10 მატჩი, 3 გოლი), შედეგიანია ნახევარმცველი გოვედარიცაც (16 მატჩი, 3 გოლი).

უმდიდრესი სპონსორის მიუხედავად

შარშან გუნდის ბიუჯეტი დაახლოებით 25 მილიონი დოლარი იყო, მთავარმა მწვრთნელმა ტალგატ ბაისუფინოვმა კი განაცხადა, რომ 2011 წელს კლუბს დაფინანსება გაეზარდა. ან რა გასაკვირია - "ირტიშის" პრეზიდენტი პავლოდარის ოლქის აკიმის (ანუ გუბერნატორის) მოადგილე რომან სკლიარია, ეს მხარე საქართველოზე ორჯერ დიდია, მაგრამ სულ რაღაც 748 ათასი მოსახლეა, ციმბირს ესაზღვრება და ცუდი კლიმატითაა ცნობილი, მაგრამ ბუნებრივი რესურსებით უმდიდრეს ყაზახეთშიც კი ერთ-ერთი გამორჩეულია - იქ მოიპოვებენ ოქროს, ვერცხლს, ქვანახშირს, სხვა ფერად ლითონს...

"ირტიშს" უმსხვილესი და უმდიდრესი დამფინანსებელი ჰყავს - "ევრაზიის ბუნებრივი რესურსების კორპორაცია", რომელიც მინერალური რესურსების მოპოვება-გადამუშავებაში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, ფლობს რამდენიმე დიდ საწარმოს, მათ შორის, ენერგეტიკულს და ლოჯისტიკურს. 2010 წელს კომპანიის საქონელბრუნვა 6,605 მილიარდ დოლარს შეადგენდა, წმინდა მოგება კი - 2,197 მილიარდ დოლარს.

ასეთი მდიდარი პატრონისა და სოლიდური დაფინანსების მიუხედავად, უმდიდრესი კლუბი ყაზახეთის 12-გუნდიან პრემიერლიგაში 27 ქულით (8 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება, ბურთები 29-12) მეოთხეადგილოსან ყარაღანდის "შახტიორს" 9 ქულით ჩამორჩება, მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს "ტობოლთან", მეშვიდეადგილოსან "ორდაბასის" კი ქულით უსწრებს, ბოლო ხუთ მატჩში სამჯერ დამარცხდა, თითო-თითოჯერ კი ფრეს და გამარჯვებას მიაღწია. მოკლედ, წლეულს კლუბი დამაჯერებლად ვერ თამაშობს.

უფრო იოლი მეტოქე გვყავსო

"ირტიშის" სერბმა ნახევარმცველმა მილან ნიკოლიჩმა ასე ახსნა საკმაოდ ძლიერ პოლონურ გუნდთან გამარჯვება:"პოლონელები ფიზიკურად სასურველ კონდინციებში ჯერ არც იყვნენ., სეზონი არ დაუწყიათ და, შესაძლოა, ეს იყო მიზეზი. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ჩვენ უფრო ძლიერები აღმოვჩნდით."

მან კომენტარი რუსთავის "მეტალურგთან" მომავალ მატჩზეც გააკეთა. კითხვა ასეთი იყო:" რუსთავის "მეტალურგთან" მატჩები გელით, რომელიც, ალბათ, "იაგელონიაზე" უფრო იოლი მეტოქეა".

"ქართულ ფეხბურთზე, ფაქტობრივად, არაფერი ვიცი. კარგია, რომ პირველ მატჩს სტუმრად ვატარებთ. განმეორებითში მე-12 მოთამაშე, ჩვენი გულშემატკივარი დაგვეხმარება. გამარჯვების უნდა გვჯეროდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქვს აზრი იმას, რომელი ქვეყნის გუნდს ვხვდებით - პოლონეთის თუ საქართველოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა