პეტლიასინსკის მემორიალში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები სამი კაცით, "ბერძენ-რომაელები" კი უფრო მოზრდილი გუნდით გამოვლენ
საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული გუნდები აგრძელებენ მზადებას მსოფლიოს პირველობისთვის, სადაც ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა - ყოველ წონაში 6-6.

ჩვენებისთვის ბოლო სასტარტო ტურნირი 5-6 აგვისტოს პოლონეთში გასამართი პეტლიასინსკის მემორიალია, რომელშიც საქართველოდან ორივე ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ოღონდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იქ მხოლოდ სამი კაცით გამოვლენ, ბერძენ-რომაელები კი უფრო მოზრდილი გუნდით იასპარეზებენ.

"თავისუფალთა" შეჯიბრებაში მალხაზ ზარქუა, ბექა ლომთაძე (ორივე - 60) და ელიზბარ ოდიკაძე (96) იჭიდავებენ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ არ ხერხდება ნაკრებში ორი ლიდერის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიურ მედალოსან გიორგი გოგშელიძისა (96) და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, ოლიმპიურ პრიზიორ ოთარ თუშიშვილის (66) ჩართვა. მათგან უფრო მძიმე თუშიშვილის შემთხვევაა, რომელმაც ჯერაც ვერ მოირჩინა ძველი ტრავმები. გოგშელიძემ მხარის ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით კი გაიარა და გუნდს სომხურ წახკაძორშიც გაჰყვა ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე, სადაც კარგადაც ივარჯიშა, მაგრამ ლეიბზე სრულად ჯერაც ვერ იტვირთება. მსოფლიოს პირველობაზე მისი მონაწილეობის საკითხი მოგვიანებით გაირკვევა.

პლანეტის პირველობამდე "თავისუფალთა" ნაკრები დუშეთში მოემზადება. მიზეზთა გამო, უცხოეთში შეკრების გავლა ვერ მოხერხდა და ამას დაჟინებით არც მწვრთნელები ითხოვდნენ. შესაძლოა, დუშეთში მათთან ერთად აზერბაიჯანის ნაკრებმაც ივარჯიშოს, თუმცა ეს საკითხი განხილვის პროცესშია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ერთობლივ წვრთნებზე ჩამოსვლის სურვილი თავად აზერბაიჯანელებმა გამოთქვეს, ჩვენებიც დაეთანხმნენ, ახლა კი ჯერი იმათზეა.

ბოლო დღეებში მათ რაღაც არეულობაზე დაიწყეს ლაპარაკი საკუთარ ფედერაციაში და ამბობენ, შეიძლება ვერ ჩამოვიდეთო. ვნახოთ, ეს საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ცოტა უფრო ადრე ჩვენს ნაკრებს ანალოგიური წინადადებით სომხებმაც მომართეს, მაგრამ ისინი უარით გაისტუმრეს - აზერბაიჯანი მათზე ბევრად ძლიერი გუნდია, თან ერთად მათი მასპინძლობა არც ისე სასურველი ამბავია მათ შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირებიდან გამომდინარე, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ დუშეთის ბაზაზე ამდენი ხალხი ფიზიკურად ვერ დაეტევა.

საბედნიეროდ, ჩვენი ნაკრების ავტორიტეტი კია იმდენად დიდი, სპარინგებზე ჩამოსვლის მსურველები არ დაგველიოს (სხვა თუ არავინ, უცხოეთში მომუშავე ქართველი მწვრთნელები ყოველთვის აქ ჩამოსვლას და მომზადებას არჩევენ), მაგრამ ჩნდება მთავარი და ჯერჯერობით დაუძლეველი პრობლემა - არ გვაქვს იმდენად მასშტაბური სპორტული ბაზები, რამდენიმე უცხოურ გუნდს ერთად ვუმასპინძლოთ.

"თავისუფალთაგან" განსხვავებით, მოსამზადებლად უცხოეთში ერთობლივ ვარჯიშებზე წასვლას ანიჭებენ უპირატესობას ბერძენ-რომაელები, რომლებიც ამ მიზნით 3 აგვისტოს მინსკში გაფრინდებიან. ბოლო წლებში ჩვენები ლამის სტაბილურად დადიან იქ, "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე, სადაც ამჯერადაც გაივლიან ერთობლივ შეკრებას. მწვრთნელებს მინსკში 14 ფალავანი მიჰყავთ, ყოველ წონაში 2-2 ლიდერი, თუმცა შეკრებამდე ჩვენები პოლონეთში გადავლენ და პეტლიასინსკის მემორიალში იჭიდავებენ. შეჯიბრებაზე მოსახვედრად მინსკის გავლით წასვლა მათ ფინანსური მოსაზრებიდან გამომდინარე ამჯობინეს - ასე უფრო იაფი ჯდება იქ მოხვედრა, ვიდრე - თბილისიდან ვარშავაში გადაფრენა, რადგან მინსკსა და პოლონეთს შორის ორივე გზაზე მატარებლით იმგზავრებენ.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იჭიდავებს პოლონეთში - მინსკში წასვლამდე მწვრთნელები კიდევ დააკვირდებიან შეგირდებს და იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვისაც სატურნირო პრაქტიკის დეფიციტს შეამჩნევენ. ამ ეტაპზე გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) ნამდვილად იასპარეზებს - ტაქტიკური მოსაზრებებით, მას წინა კვირას ბაქოში გამართული "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური შეჯიბრება გამოატოვებინეს სწორედ ამ ტურნირის გამო.

საერთოდაც, ბაქოში ნაჭიდავები ხალხიდან პოლონეთში ვინმეს გამოსვლა ნაკლებადაა მოსალოდნელი, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. სავარაუდოდ, სწორედ პოლონეთშივე გაირკვევა სექტემბერში სტამბოლში, მსოფლიოს პირველობაზე წამსვლელთა ბირთვიც. მსოფლიოსთვის დასკვნით ეტაპს ეს ნაკრებიც დუშეთში გაივლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა