არც შაჰინს ბაძავს და არც იოზილს, გიუნდოგანს თავისი გზა აქვს გასავლელი
გერმანიის ჩემპიონი დორტმუნდის „ბორუსია“ გასული სეზონის დასრულების შემდეგ იძულებული გახდა, უმთავრესი ფეხბურთელი ნური შაჰინი მადრიდის „რეალისთვის“ დაეთმო. არადა, შაჰინი გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და „ბორუსიას“ ჩემპიონობის უმთავრესი შემოქმედი გახლდათ.

ეს უკანასკნელი BVB-ში ასევე თურქული წარმოშობის ნახევარმცველმა, 20 წლის ილქაი გიუნდოგანმა უნდა შეცვალოს, რომელიც დორტმუნდელებმა „ნიურნბერგიდან“ გადაიბირეს.

გიუნდოგანმა „ფრანკებში“ ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და თავის მხრივ „ნიურნბერგის“ ლიდერი იყო. „ბორუსიას“ თავკაცი იურგენ კლოპი დარწმუნებულია, რომ ილქაი „დორტმუნდში“ შაჰინს ღირსეულად შეცვლის. „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული საყრდენი ნახევარმცველი სწორედ იმაზე საუბრობს, რამდენად შეუძლია შაჰინის შეცვლა. ილქაის უდიდესი კონკურენციის არ ეშინია და „ბორუსიაში“ უდიდეს პერსპექტივას ხედავს.

- ამას წინათ, 100-მეტრიანი დისტანცია 11.6 წამში გაირბინეთ. ჰერ გიუნდოგან, თუ ახლაც ასეთ ფორმაში ხართ, გამოდის, რომ დორტმუნდის „ბორუსიაში“ ერთადერთი თანაგუნდელი, კერძოდ, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი გაგასწრებთ...

- მას მერე წონაში ცოტათი მოვიმატე, მაგრამ ზედმეტ კილოგრამებს მალევე დავაგდებ. ბლაშჩიკოვსკი მართლაც უსწრაფესი ფეხბურთელია და მასთან გაჯიბრებას არ ვაპირებ, ზოგადად კი ვფიქრობ, რომ ფეხბურთში აზროვნების სისწრაფე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ ვინ რამდენ ხანში გარბის 100 მეტრს. დავიდ ოდონკორზე სწრაფი ფეხბურთელი მთელ მსოფლიოში არ მეგულება, მაგრამ ეს უკანასკნელი უკვე აღარავის ახსოვს – მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს დღემდე თამაშობს.

- ბუნდესლიგის არცერთი კლუბის ნახევარდაცვაში არ არის ისეთი დიდი კონკურენცია, როგორიც „დორტმუნდში“. ამას წინათ თქვით, თუ ვითამაშებ, მხოლოდ ნახევარდაცვის ცენტრშიო. კონკურენტების ახლოს გაცნობის შემდეგ აზრი არ შეგიცვლიათ?

- „ექვსიანის“ ან „რვიანის“ ადგილზე თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ და სხვათა შორის, ძალიან მიხარია ისიც, რომ „ბორუსიაში“ ამ პოზიციებზე თამაში სხვა პოზიციის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. ჯანსაღი კონკურენცია თითოელ ფეხბურთელზე მხოლოდ კარგად მოქმედებს და ამ მხრივ გამონაკლისი არც მე ვიქნები. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველანი ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, ძირითად შემადგენლობაში კი საუკეთესოები მოხვდებიან.

- დარწმუნებული ხართ, რომ საუკეთესოებში იქნებით?

- რატომ არ უნდა ვიყო? ჩემი მიზანი სწორედ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა და იქ ადგილის დამკვიდრებაა. ზემოთ დასმულ შეკითხვას რომ დავუბრუნდე: დიახ, მე ვფიქრობ, რომ გუნდს ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ ცენტრიდან მოვუტან, თუმცა თუ მწვრთნელი ფლანგზე გამამწესებს, თავს არც გარემარბის პოზიციაზე დავზოგავ.

- დღესდღეობით, ექსპერტები ფიქრობენ, რომ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, იდეალური საყრდენები თქვენ და სვენ ბენდერი ხართ. რაკი ეს უკანასკნელი ახლა ტრავმირებულია, ტესტ-მატჩებში კლოპი უმეტესად მის მხარეს, მემარჯვენე საყრდენად გათამაშებდათ...

- ბენდერი ძალიან კარგი ფეხბურთელია და მის მხარდამხარ თამაში დიდი სიამოვნებაა, მაგრამ ჩემი აზრით მთავარი ის კი არ არის, ვინ ვისთან ერთად ითამაშებს, არამედ ის, რომ მოცემულ სიტუაციაში ორივე საყრდენი ძალიან კარგ ფორმაში უნდა იყოს. თუკი ასე იქნება, მნიშვნელობა აღარ ექნება, რომელი ფეხბურთელები ითამაშებენ – კელი, ბენდერი, გიუნდოგანი, და სილვა თუ ვინმე სხვა. აზრი არ აქვს დისკუსიას იმის შესახებ, ვინ ვის უხდება და ვინ ვის არა – კარგი იქნებოდა, ყველა ყველას რომ უხდებოდეს.

- სხვა ჟურნალისტებმა ალბათ გული გაგიწყალეს იმაზე საუბრით, რომ თქვენ ძალიან გავხართ ნური შაჰინს და რომ „ბორუსიაში“ სწორედ ეს უკანასკნელი უნდა შეცვალოთ...

- ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩემსკენ წამოსული წნეხი თავიდან ავირიდო. ჩემი მიზანი ის არის, რომ „ბორუსიაში“ თავი ისე დავიმკვიდრო, როგორც ილქაი გიუნდოგანმა და არა როგორც შაჰინის შემცვლელმა. არ მომეწონება, თუ მომავალში ხშირად ისაუბრებენ იმის შესახებ, ნურის დროს ასე და ასე იყოო. წარსულზე ლაპარაკი არაფერს მოგვიტანს.

- თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა ანდრეას ვოლფმა თქვა, გიუნდოგანი მესუთ იოზილზე დიდი ფეხბურთელი გახდებაო...

- თუ სწორად მახსოვს, მან თქვა, თუ ასე გააგრძელებს, შეუძლია, იოზილზე უკეთესი გახდესო. განსხვავებას ხომ ხედავთ?

- მაშინ ასე გკითხავთ: რამდენად რეალურია ის, რომ მესუთზე უკეთესი გახდეთ?

- სხვათა შორის, იოზილთან შედარებაც ისევე მიშლის ნერვებს, როგორც შაჰინთან შედარება. ცხადია, ძალიან მინდა, რომ უმაღლესო დონის ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე, მაგრამ არავის ვეჯიბრები - მე ჩემი გზა მაქვს გასავლელი.

- „ბორუსიას“ სტილს უკვე შეეგუეთ?

- ვფიქრობ, რომ ძალიან ბეჯითი მოწაფე ვარ და არა მგონია, კლოპის დავალებების შესრულება გამიჭირდეს. „დორტმუნდის“ კონცეფცია ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია: სწრაფი გადართვა დაცვიდან თავდასხმაში, ყველა ბურთზე დაუნდობელი ბრძოლა და ძალიან ბევრი სირბილი. მზად ვარ, ეს კონცეფცია გავითავისო.

- ამისათვის თქვენი სტილის ან საფეხბურთო აზროვნების შეცვლა მოგიწევთ?

- რა თქმა უნდა! იმიტომ, რომ დორტმუნდში ფეხბურთი სულ სხვანაირია. ვფიქრობ, „ბორუსიას“ იდეალურად მოვერგები. სირბილიც შემიძლია და საკმარისად ტექნიკურიც ვარ. სრულყოფილებამდე კი, ჯერ ბევრი მაკლია და იმედი მაქვს, რომ ამას დორტმუნდში მივაღწევ. „ბორუსიას“ ფეხბურთელი 90 წუთის მანძილზე დაუღალავად უნდა დარბოდეს, რაც მართალია, ჩემთვის სიახლეა, მაგრამ მე მიყვარს ასეთი სიახლეები. ერთი სიტყვით, ამ ასაკში „ბორუსიაზე“ უკეთესი ვერაფერი დამემართებოდა!

- ღამე, უკიდურესად დაღლილს მკვდარივით გძინავთ?

- რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, დღის ბოლოს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ყოველთვის ვეკონტაქტები ხოლმე. ხანდახან კი, ახალ თანაგუნდელებთან ერთად პინგ პონგს ან დარტსს ვთამაშობ. ორშაბათს ფელიპე სანტანასთან და რობერტ ლევანდოვსკისთან ძალიან დაძაბული მატჩები მქონდა.

- დარტსს აუცილებლად სანტანა მოგიგებდათ, რადგან ძალიან გრძელი ხელები აქვს...

- არა, თქვენ წარმოიდგინეთ, დარტსის აზრზე არაა!

- სულ აცილებდა?

- რამდენჯერმე მოარტყა, მაგრამ იმ შემთხვევებშიც გაუმართლა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!