1970 წელს ბრაზილიის ნაკრების ავტობუსი მექსიკის ქუჩებში, "აცტეკას" სტადიონისკენ მიიკვლევდა გზას. იქ მსხდომი მოთამაშეები კი თავს სამბას ცეკვით ირთობდნენ: წვიმიანი ფანჯარა, სახურავი, თავისუფალი სავარძელი - ეს ყველაფერი მათთვის მხოლოდ დასაკრავი ინსტრუმენტები იყო.

"სელესაოს" მთავარი შემსრულებელი ჟაირზინიო იყო, რომლის შეჩერებას ვერცერთი ფლანგის მცველი ახერხებდა და აქამდე ჩატარებულ ხუთივე მატჩში თითო გოლი ჰქონდა გატანილი. მას მხარს რობერტო რიველინო, კაპიტანი კარლოს ალბერტო ტორესი, ჟერსონი, ტოსტაო და კლოდოალდო უბამდნენ.

მართალია, ბრაზილიის ნაკრებში "ცეცხლოვან სამბას" მხოლოდ ერთი მოთამაშე არ ქმნიდა , თუმცა გუნდის მთავარი ლიდერი, თილისმა და სახე, რა თქმა უნდა, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი პელე გახლდათ.

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელემ კარგად იცოდა, რომ სანაკრებო კარიერაში 8 წლიანი პაუზის შემდეგ, მესამედ მუნდიალის მოგება, მისთვის დიდების კარის მთავარი გასაღები იქნებოდა.

ის სულ რაღაც 16 წლის იყო, როდესაც 1957 წელს ბრაზილიის ნაკრებში პირველი მატჩი გამართა, სულ მალე კი მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ შვედეთის ნაკრებთან, ფინალში დუბლი შეასრულა და "სელესაოს" ნანატრი მუნდიალის ტიტული პირველად მოუტანა.

4 წლის შემდეგ, ჩილეში ლეგენდა ტრავმამ შეაწუხა, თუმცა პელესთვის ამას ხელი არ შეუშლია და ბრაზილიის ნაკრებმა აღნიშნული ტურნირის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

პლანეტის უძლიერესი ფეხბურთელი - სწრაფი, ძლიერი, ტექნიკური, ჭკვიანი, შემქმნელი და რაც მთავარია, გუნდური მოთამაშე, ის იყო გლობალური ვარსკვლავი, რომლის სანახავადაც ადამიანები მოედანზე მოხვედრას ოცნებობდნენ. პელეს ფეხბურთი უყვარდა და სპორტის ეს მშვენიერი სახეობაც საპირისპიროს აძლევდა მას.

ხშირად წარმატებისკენ სწრაფვა მსხვერპლის გაღებას გულისხმობს, ბრაზილიელი გენიოსის შემთხვევაშიც ასე აღმოჩნდა. შემტევის შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ამიტომ მცველები მის წინააღმდეგ წესების გარეშე მოქმედებდნენ. პორტუგალიის ნაკრების მცველს ჟოაო მორაეშს მწვრთნელმა შემდეგი დავალება მისცა: "10 ნომერი, ნებისმიერ ფასად შეაჩერე" მორაეშმა მითითება შეასრულა და პელეს წინააღმდეგ ორივე ფეხით ვარდნა გააკეთა, რის გამოც ბრაზილიელმა მოედანი ნაადრევად დატოვა და მატჩი პორტუგალიის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ყველასთვის მოულოდნელად, "სელესაო" ჯგუფში ჩარჩა.

"ეს იყო უდიდესი სირცხვილი" - აღწერს პელე საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში. "ყველა ელოდა, რომ მარტივად გავიმარჯვებდით, თუმცა სათანადოდ არ მოვემზადეთ, ინგლისში ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ წარმატებას ვერ მივაღწევდით" - იხსნენებს სინანულით ფეხბურთის ღმერთი.

დრო ყველაფრის მკურნალია, პელემ თავდაუზოგავად შრომა განაგრძო და მომდევნო მუნდიალს უფრო მომზადებული შეხვდა. თითქოს ის სრულად შეცვლილი ადამიანი იყო, რომელსაც ზურგს ინგლისის მწარე გამოცდილება უმაგრებდა.

1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი თანამედროვე ფეხბურთის ერთგვარ საწყისად ითვლება. ბრაზილიელს დაპირდნენ, რომ მის წინააღმდეგ ხისტი თამაში შესაბამისად დაისჯებოდა და მუნდიალების ისტორიაში პირველად, მსაჯებს ყვითელი და წითელი ბარათი გამოყენების უფლება მიეცათ.

ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის დაწყებამდე, ბრაზილიელთა ბანაკში სიტუაცია აირია. "სელესაოს" თავკაცი ჟოაო სალდინია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მან კი მედიასთან საუბრისას ამ ყველაფრის მიზეზად 10-იანი დაასახელა და განაცხადა, რომ პელე უვარგისი იყო და ქრონიკული ტრავმისგან იტანჯებოდა.

ცხადია, იმ პერიოდში პელე მექსიკაში ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო. გვადალახარას ქუჩებში სხვადასხვა კუთხეებში წარწერებს შეხვდებოდით: "დღეს არ ვმუშაობთ, პელეს სანახავად მივდივართ".

ბრაზილიელთა სავარჯიშო ბანაკს 24 საათის განმავლობაში პოლიცია იცავდა, პელეს კი მუდამ რამდენიმე შეიარაღებული მცველი დაჰყვებოდა. უდავოა, რომ "სელესაოს" იმ პერიოდის ნაკრები ყველაზე ფერად საფეხბურთო პალიტრას ქმნიდა.

პელე მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს საუცხოო ფორმაში შეხვდა, ბურთს მაგნიტივით იზიდავდა, მისი ყველა მოქმედება მოედანზე გააზრებული და ნაფიქრი იყო, ბურთს ყოველთვის აკონტროლებდა, ძალა, სისწრაფე, ხედვა... რთულია, იპოვო ფეხბურთელი, რომელსაც ყველა ეს თვისება უმაღლეს დონეზე გააჩნია.

1958 წელს ტურნირზე ასპარეზობა ტრიუმფით დაიწყო, 1962 წელს მძიმე ტრავმა მიიღო, 1966 წელს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება განიცადა, 1970 წლის მუნდიალზე კი ისე თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, როგორც არასდროს.

"სელესაო" ჯგუფური ეტაპის გახსნით მატჩში ჩეხოსლოვაკიას დაუპირისპირდა. მატჩამდე ჩეხოსლოვაკიის მწვრთნელმა იოზეფ მარკომ პელე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას წარმატების მისაღწევად საკმარისი ძალა აღარ გააჩნდა, რადგან ზედმეტად ასაკოვანი იყო.

როგორც ჩანს, ეს სიტყვები პელემ მხოლოდ მოტივაციისთვის გამოიყენა. ულამაზესი საჯარიმო დარტყმით შეხვედრაში ანგარიში რიველინომ გახსნა. "ასაკოვანმა" პელემ კი ჟერსონის 50-მეტრიანი გადაცემით ისარგებლა და სხვაობა გაზარდა. საბოლოოდ, ჟაირზინიოს დუბლის წყალობით, ბრაზილიის ნაკრებმა ჩეხოსლოვაკია 4:1 დაამარცხა.

"იგი მექსიკაში სპექტაკლებს დგამდა, ასევე გააჩნდა ყველაზე დიდი ნიჭი - თავმდაბლობა, მზად იყო ნებისმიერ სიტუაციაში გადაცემა გაეკეთებინა, თუ ეს წინსვლისთვის აუცილებელი იყო. პელე "სელესაოს" ძალა და სული იყო" - აღნიშნა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გორდონ ბენკსმა.

მერვედფინალში ბრაზილიელებმა რუმინეთს 3:2 სძლიეს. აღსანიშნავია, რომ ორჯერ პელემ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით დუბლი შეასრულა. "სელესაო" მეოთხედფინალში პერუს დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

ნაკრები ერთი შეკრული ოჯახივით გამოიყურებოდა, საღამოობით კი პელე ლოცვას ატარებდა, თუმცა აქ ერთი პატარა დეტალია, რომელიც ყველაზე დიდ აღფრთოვანებას იწვევს. ისინი არა გამარჯვებისთვის, არამედ გაჭირვებულთათვის, ავადმყოფებისთვისა და ვიეტნამის ომში დაღუპულთათვის ლოცულობდნენ.

პელე 9 წლის იყო, როდესაც 1950 წელს მუნდიალის ფინალში ბრაზილია საკუთარ კედლებში მთავარ კონკურენტთან ურუგვაის ნაკრებთან დამარცხდა. თვალებცრემლიანმა პატარა ბიჭმა კედელზე იესოს სურათს შეხედა და თქვა : "იქ რომ ვყოფილიყავი, ბრაზილიის წაგებას არ დავუშვებდი, იქ რომ ვყოფილიყავი, ბრაზილია აუცილებლად მოიგებდა" - ოცი წლის შემდეგ პელემ თავისი პირობა შეასრულა.

ბრაზილიელთათვის ნახევარფინალი კარგად არ დაიწყო. მატჩი ურუგვაელთა უპირატესობით წარიმართა და მე-20 წუთისთვის უკვე იგებდნენ. "სელესაომ" თამაშში დაბრუნება შეძლო და პირველი ტაიმის დასრულებამდე 1 წუთით ადრე კლოდოალდომ ნაკრებში გატანილი პირველი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

პელე მშვიდი იყო, თუმცა თამაშზე მისი გავლენა უფრო და უფრო იზრდებოდა... ურუგვაელებს დაღლა ეტყობოდათ, რადგან მეოთხედფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრებთან დამატებით დროში თამაში მოუწიათ. ბრაზილიელებმა მეტოქის გატეხვა მოახერხეს და ჟაირზინიომ შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე საკუთარი გუნდის დაწინაურება მოახერხა. ურუგვაელთა მეკარემ ლადისლო მაზურკევიჩმა არაერთი რთული ბურთი მოიგერია, თუმცა პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის წინაშე უძლური აღმოჩნდა, პელემ მუნდიალის ნახევარფინალში გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

თამაშის შემდეგ ემოციებმა იფეთქა, განსაკუთრებით ემოციურად პელე გამოიყურებოდა, მას 20 წლის წინ დადებული პირობის შესრულებამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯი აშორებდა.

როგორც იცით, ბრაზილია 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იტალიას დაუპირისპირდა, მე-18 წუთზე რიველინომ კარგი შანსი მიიღო, თუმცა შემტევმა მომენტი ვერ გამოიყენა. პელემ მცველს ოსტატურად დაუსხლტა და ზუსტი თავური დარტყმით "სელესაო" დააწინაურა.

გატანილი გოლის შემდეგ, "სელესაომ" უკან დაიხია, რაც შეცდომა აღმოჩნდა და რობერტო ბონინსენამ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ბრაზილია უკეთ გამოიყურებოდა, 66-ე წუთზე ჟერსონმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით "ყვითლები" წინ გაიყვანა. ჟაირზინიოსა და კარლოს ალბერტოს გოლების წყალობით "სელესაომ" მეტოქე 4:1 გაანადგურა და პელემ მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტული კარიერაში მესამედ მოიპოვა.

ბრაზილიელი მატჩის შემდეგ გასახდელისკენ გაემართა, რათა სალოცავად განმარტოვებულიყო და ღმერთისთვის მადლობა გადაეხადა. თუმცა ლეგენდას ეს არ დასცალდა, მასთან ერთ-ერთი ჟურნალისტი შეიჭრა, მის წინაშე მუხლებზე დადგა და პატიება სთხოვა იმისთვის, რომ მის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანა.

დონასიმენტუმ ჟურნალისტი ფეხზე წამოაყენა და უთხრა: "მე ღმერთი არ ვარ".

წლების შემდეგ, იტალიელთა მცველს ბურგნიჩს, რომელსაც მწვრთნელმა მატჩის წინ პელეს მეურვეობა დაავალა ბრაზილიელის შესახებ ჰკითხეს.

"თამაშის წინ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ისიც ჩემნაირი იყო, პელეც ხორცითა და სისხლით არის შექმნილი მატჩის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი" - თქვა იტალიელმა მცველმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება