პორტუგალია. ლიგა საგრეში. ჩემპიონატის წინ

პარასკევს ბრაგას 1-ელი მაისის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი "სპორტინგისა" და ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებული "პორტიმონენშეს" მატჩით სტარტს აიღებს პორტუგალიის მორიგი, 77-ე ჩემპიონატი. ჩემპიონატს ოფიციალურად ლიგა ზონ საგრეში ეწოდება სპონსორის სახელის გამო. წლეულს ტურნირში ტრადიციული "პორტუგალიური ფარით" მაისურზე (რომელიც ყოველთვის ჩემპიონთა ატრიბუტია) ლისაბონის "ბენფიკა" იასპარეზებს, რომელმაც გასულ სეზონში 5 ქულით აჯობა "ბრაგასა" და 8-ით ტრადიციულ კონკურენტ "პორტუს".

ევროთასებზე პორტუგალიას 5 გუნდი წარმოადგენს, "ბენფიკა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა, "ბრაგას" ერთი ნაბიჯიღა უკლია იქამდე (თუმცა მეტოქე სერიოზულია - "სევილია"). სამი პორტუგალიური კლუბი კი ევროპის ლიგის პლეი ოფის სტადიაზეა ("პორტუ", "სპორტინგი" და "მარიტიმუ"). მოქმედი ჩემპიონი "ბენფიკა" პორტუგალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, ლისაბონელები 32-ჯერ გახდნენ ჩემპიონები. "პორტუს" ჩემპიონის ტიტული 24-ჯერ აქვს მოპოვებული, ხოლო ლისაბონის "სპორტინგს" - 18-ჯერ. ეს არის პორტუგალიური ფეხბურთის სამი გრანდი, ჩემპიონები მხოლოდ ეს კლუბები ხდებიან. მხოლოდ ორი გამონაკლისი ახსოვს პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიას: 1946 წელს ჩემპიონი "ბელენენსეში" გახდა, ხოლო 2001 წელს - "ბოავიშტა".

მოდი, ვნახოთ, როგორ ხვდება პორტუგალიის ჩემპიონატს ევროთასებზე გასული ხუთივე კლუბი.

ბენფიკა

"ბენფიკამ" კარგა ხნის კრიზისის შემდეგ კი დაიბრუნა ჩემპიონობა, მაგრამ მის ხელმძღვანელობას კარგად ესმის, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში სათამაშოდ გაძლიერება სჭირდება. "ბენფიკაში" ამას კარგად მიხვდნენ და ამ ზაფხულის ტოპ-5 ტრანსფერიდან ოთხი მათ განახორციელეს: 8,5-8,5 მილიონი ევრო გადაუხადეს "ატლეტიკოს" მეკარე რობერტო ხიმენესში და "ბოკა ხუნიორსს" ნიკოლას გაიტანში. 6 მილიონად იყიდეს ესპანელთა ამომავალი ვარსკვლავი, ბრაზიულიური წარმოშობის ფორვარდი როდრიგო, რომელიც "რეალის" საკუთრება იყო. "ბენფიკამ" სარანდის "არსენალს" არგენტინელი ფრანკო ხარას სანაცვლოდ 5,5 მილიონი ევრო გადაუხადა. ამ სახელებს ჩვენი მკითხველი უფრო ახლოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებისთანავე გაიცნობს.

ისე, პორტუგალიაში "ბენფიკას" წარმატებებს ერთი კაცის სახელს უკავშირებენ - ჟორჟე ფერნანდო პინეირო დე ჟეზუშს, მოკლედ ჟორჟე ჟეზუშს - 56 წლის ამადორელ სპეციალისტს, რომლის ხელშიც "ბენფიკამ" ძველი დიდების დაბრუნება დაიწყო. "ბენფიკამ" კიდევ ერთი საინტერესო შენაძენი ადგილობრივ ბაზარზე გააკეთა - მცველი ფაბიო ფარია "რიუ ავედან" 2 მილიონ ევროდ იყიდა.

ბრაგა

ინტერტოტოს თასის უკანასკნელი მფლობელი (2008 წელს ეს ტურნირი გაუქმდა) ბოლო დროს დიდ წარმატებებს განიცდის, რის მიზეზიც ნაწილობრივ იტალიური სპონსორი "მაკრონია". განსაკუთრებით ცნობილია ადგილობრივ ფანთა აქტიურობა, რომელთაც "ბრაკარენშეს" უძახიან. "დიდი სამეულის" შემდეგ პორტუგალიაში სწორედ "ბრაგას" ჰყავს ბევრი გულშემატკივარი. ახალი სეზონიც შესანიშნავად დაიწყო კლუბმა, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბრაგამ" ორი მატჩის ჯამში 4:2 გამოთიშა გლაზგოს "სელტიკი".

"ბრაგაში" მივიდნენ: მცველი სილვიო (რიუ ავე), ბრაზილიელი მეკარე არტურ მორაეში (რომა), ნახევარმცველი ელდერ ბარბოზა (სეტუბალი), მეკარე ქუიმი (ბენფიკა, უფასოდ) და სხვები.

პორტუ

ივნისში "პორტუს" თავკაცი გახდა ანდრე ვილაშ ბოაში. ამ სპეციალისტს მწვრთნელობის 7-წლიანი გამოცდილება აქვს და იცით რამდენი წლისაა "პორტუს" ახალი თავკაცი? 33 წლის და ის პორტუგალიური ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია. მოკლედ, ბევრის აზრით, პორტუგალიური ფეხბურთი კიდევ ერთ ჟოზე მოურინიოს უმზადებს მსოფლიოს.

"პორტუმ" წლის ტრანსფერი განახორციელა, როცა 11მილიონ ევროდ ლისაბონის "სპორტინგიდან" ჟოაო მოუტინიო იყიდა. კარლუშ კეირუშმა მთელს პორტუგალიას სიურპრიზი შესთავაზა, როცა მოუტინიო მხოლოდ სარეზერვო სიაში შეიყვანა და მაინც არ წაიყვანა აფრიკაში, არადა სარეზერვო სიიდან სხვა ფეხბურთელი გამოიხმო ტრავმირებული ნანის შემცვლელად. მოუტინიოს ტრანსფერი სეზონის ყველაზე ძვირიანი ტრანსფერია პორტუგალიაში. მან ხუთლიანი კონტრაქტი გააფორმა "პორტუსთან".

"პორტუს" შენაძენთა სია: მცველი ემილიო რაფაელი (აკადემიკა), ბრაზილიელი ფორვარდი ვალტერი (პორტუ ალეგრე, 3,5 მილიონი), კოლუმბიელი ნახევარმცველი ჯეიმს როდრიგესი (ბანფილდი, 5,1 მილიონი), პოლონელი გოლკიპერი პაველ კიშჩეკი (ბრაგა).

სპორტინგი

ლისაბონელთა შენაძენებს გაგაცნობთ: ესპანელი ნახევარმცველი ალბერტ საპატერი (ჯენოა, 2 მლნ), ჩილელი მცველი ხაიმე ვალდესი (ატალანტა, 3 მლნ), მცველი ნუნუ ანდრე კოელიო (პორტუ), არგენტინელი მცველი მარკო ტორსილიერი (ველეს სარსფილდი, 3,5), ბრაზილიელი მცველი ავალდო (ბრაგა, 3 მლნ) და ნახევარმცველი მანიშე (კიოლნი).

მარიტიმუ

მადეირული კლუბი შარშან მე-5 ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. ახლა კლუბს ერთი ნაბიჯიღა დარჩა ჯგუფურ ეტაპზე შესასვლელად "ოს ლეოეში" (ლომები). "მარიტიმუს" ჰოლანდიელი სპეციალისტი მიტჩელ ვან დერ გააგი წვრთნის.

I ტური

13 აგვისტო

ბრაგა-პორტიმონენშე 23:15

14 აგვისტო

მარიტიმუ-სეტუბალი 19:00

ნავალი-პორტუ 22:15

ფერეირა-სპორტინგი 00:15

15 აგვისტო

რიუ ავე-ნასიონალი 19:00

ბეირა მარი-ლეირია 20:00

ბენფიკა-აკადემიკა 23:15

16 აგვისტო

ოლანენშე-გიმარაეში 23:15

ლელო

ფოტოზე: "პორტუმ" სეზონი პორტუგალიის სუპერთასის მოგებით დაიწყო

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა