ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მოედანი ლპება და საფარი ნიადაგიანად მთლიანად შესაცვლელია
8 აგვისტოს დავით მინაშვილის გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ისეთი განცხადება გააკეთა, რომელსაც უყურდაღებოდ ვერ დავტოვებდით - თბილისის "დინამომ" ეროვნული სტადიონი 49-წლიანი იჯარით აიღო, 26 აგვისტოდან სტადიონი იხურება და პრობლემა შეგვექმნა - სად მიიღებს ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები 1 სექტემბერს ესპანეთსო?

დიდი ხანია, ვრცელდება ხმები, რომ "ეროვნულის" მოიჯარეობას თბილისის "დინამოს" ახალ მეპატრონე რომან ფიფიას სთავაზობენ. გუშინ, 8 აგვისტოს სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმაც თქვა, შესაძლოა, საფრის შეცვლაში თბილისის მერიასთან ერთად კლუბმაც მიიღოს მონაწილეობაო, მაგრამ იჯარაზე სიტყვაც არ დაუძრავს.

კომენტარისთვის ზურაბ პოლოლიკაშვილს დავუკავშირდით:

- რაღაც გაუგებრობაა: ეროვნული სტადიონის იჯარით აღებაზე "დინამომ" თბილისის მერიასთან მოლაპარაკება კი წამოიწყო, მაგრამ ჯერ საკითხი არ გადაწყვეტილა და, ცხადია, ახალგაზრდულ ნაკრებს სტადიონზე თამაშს ვერ ავუკრძალავდით. ან "ბორის პაიჭაძე" იჯარით მართლაც რომ აგვეღო, ნაკრებს იქ გამოსვლას რატომ დავუშლიდით? ჩვენ მხოლოდ თბილისის "დინამოს" კი არა, მთლიანად ქართულ ფეხბურთსა და, რა თქმა უნდა, ნაკრებებს და მათ ინტერესებს ვემსახურებით.

რაც შეეხება მოედანს: "დინამო"-"რეიკიავიკის" ევროპის ლიგის მატჩისას აშკარად გამოჩნდა, რომ ეროვნული სტადიონის საფარი საშინელ მდგომარეობაშია. შეხვედრამდე დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ მოედნით უმაყოფილება არ დამალა, აქ თამაში შეუძლებელიაო, გაოცებულები იყვნენ თბილისელთა ესპანელი ლეგიონერებიც - ხავერდივით მოედნებზე გაზრდილებს ასეთი რამ ცხოვრებაში არ ენახათ.

"ეროვნულზე" საფარი რომ შესაცვლელია, ეს ჯერ კიდევ შარშან, შემოდგომაზე თქვა სტადიონის დირექტორმა სანდრო შახოვმა. მერე ისიც ითქვა, ბალახი მოულოდნელად გაცოცხლდაო და მინდვრის გამოცვლა გადაიდო. ევროთასების მატჩების შემდეგ კი, მტრისას, ეროვნულის მოედანი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ქვეყნის მთავარი არენის საფრის მდგომარეობით ყველაზე მეტად მის მოვლაზე პასუხისმგებელი კომპანიის ხელმძღვანელი დავით ენდელაძეა შეწუხებული და ამბობს, მოედნის გამოკეთება შეუძლებელიაო და ასახელებს მიზეზებს, რის გამოც სტადიონის დირექცია იძულებული გახდა, საფრის შეცვლაზე დროებით ხელი აეღო.

დავით ენდელაძე: "ჯერ კიდევ "ლანელისთან" მატჩამდე ვამბობდი, რომ მოედანმა თავისი დრო მოჭამა. მოედანი სამი პრობლემის გამო გაფუჭდა: მაღალი ტემპერატურის, თამაშების სიხშირისა და, რაც მთავარია, ნიადაგის ფენის უვარგისობის გამო - თავიდანვე არასწორად გაკეთდა მიწის ფენა, რომელზეც ბალახი ვერ იხარებდა. ამას გარდა, დაიგო არა სპორტული, არამედ ქალაქის ლანდშაფტური ბალახი, რომელიც დიდ დატვირთვებს ვერ უძლებს. ამ ყველაფერმა უკვე იჩინა თავი, საფარს სოკოვანი დაავადებები გაუჩნდა და მოედნისა და ნიადაგის ლპობის პროცესი დაიწყო.

მართალია, ამ პროცესის შეჩერებას ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებით ვცდილობდით, საფარი გაზაფხულზე გავაცოცხლეთ კიდეც და, თუ გახსოვთ, ერთი პერიოდი ნორმალურადაც გამოიყურებოდა, მაგრამ რეალურად მოედანს რესურსი აღარ აქვს, რათა ინტენსიურ დატვირთვებსა და მძიმე კლიმატურ პირობებს გაუძლოს. ამიტომ პრობლემები განსაკუთრებით იჩენს თავს მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობისას. ნორმალური ნიადაგი და საფარი რომ იყოს, ვერც სიცხე დააკლებდა რამეს და ვერც თამაშების სიხშირე. ამ მოედნის რეალური რესურსი ორ კვირაში ერთი მატჩია, რადგან აღდგენითი პროცესი ასეთ საფარსა და ნიადაგზე ნელა და ძნელად მიმდინარეობს.

საფრის შეცვლა დაგემილიც იყო, მაგრამ ეროვნულ სტადიონზე სამუშაოები რომ დაწყებულიყო, ჩვენი გუნდები ევროთასებზე მეტოქეებს სად უმასპინძლებდნენ? სარემონტო სამუშაოებისთვის დაიხურა საქართველოს მეორე სტადიონიც - "მიხეილ მესხიც", რომელზეც მაღალი რანგის საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის უფლება გვაქვს, აგრეთვე ქუთაისის სტადიონი და სხვა გამოსავალი არ იყო, საფრის შეცვლა წლის ბოლოსთვის ან 2012 წლის გაზაფხულისთვის უნდა გადაგვედო, რადგან ევროთასებამდე საფარ-ნიადაგის შეცვლასა და სათამაშო კონდიციებამდე მიყვანას მინიმუმ ორი თვე სჭირდება და ვერ ესწრებოდა.

სხვათა შორის, ვიცოდით, რომ ზაფხულში ასეთი ვითარება შეიქმნებოდა. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ჩვენი ბრალიც არის, მოედანი იდეალურ მდგომარეობაში რომ არ არის, მაგრამ უმთავრესი მაინც ობიექტური მიზეზებია. პირველად დაავადება დავამარცხეთ, მაგრამ ახლა ექსტრემალურ ვითარებაში ვიყავით და ვაბანკზე წავედით, თუმცა შედეგის მიღწევა უკვე შეუძლებელი იყო, რადგან მოედანმა რესურსი ამოწურა. იცით, როგორი ვითარება იყო? გუნდი 0:1-ს რომ აგებს და იძულებულია, ვაბანკზე წავიდეს, მაგრამ მოგების რესურსი თუ არ გაგაჩნია, შედეგს ვერ მიაღწევ.

შემოდგომაზე ეროვნული ნაკრების მატჩებია და ყველას აინტერესებს, რა ეშველება საფარს, ხარისხი ვერ გაუმჯობესდება? ასეთი ნიადაგითა და საფრით აგვისტოში მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ, ცხადია, მის გაუმჯობესებას ვცდილობთ. მაგრამ გამოსავალი ნორმალური ნიადაგისა და სპორტული საფრის დაგებაა", - ამბობს ენდელაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა