საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვარშავაში გამართული ევროპის პირველობა ხუთი მედლით დაასრულა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჩვენი ნაკრებისთვის ვარშავაში დასრულებული ევროპის პირველობის გუშინდელი დღე ფრიად წარმატებული აღმოჩნდა - 5 ფალავანიდან სამმა მედალი მოიპოვა, ყველამ სხვადასხვა სინჯისა.

ევროპის ჩემპიონი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდა, ომარ გურჯიძე (63) მეორეზე გავიდა, შოთა ფარტენაძე (54) - მესამეზე. ამას წინა დღეს შოთა ფანცულაიას (50) მიერ მოპოვებული ვერცხლიც უნდა დავუმატოთ ანუ ჩვენმა ნაკრებმა პირველობა თითო ოქრო-ბრინჯაოთი და ორი ვერცხლით დაამთავრა.

გენო პეტრიაშვილმა ამ შეჯიბრებამდე ევროპის პირველობაზე ახალგაზრდებში გამოსვლაც მოასწრო და ბრინჯაოც მოიპოვა. ის ამ ტურნირზეც ფავორიტად მიიჩნეოდა და არც გასჭირვებია გამარჯვება. ამ წონაში ისედაც სულ 12 მონაწილე მოგროვდა, ჩვენებურს კი იმ მხრივაც გაუმართლა, რომ ცხრილის ზედა ნაწილში მოხვდა და ერთი წრე აიცილა თავიდან. მან სამივე მეტოქეს იოლად მოუგო, თუმცა უნგრელი ალექს ბაცსი და ბულგარელი მარიან ტოდოროვი, უბრალოდ, გადათელა - პირველს ჯამში 13:0 მოუგო, მეორეს - 12:0. როცა ოთხივე პერიოდს ქულებით სუფთად იგებ, თან არც ერთ ქულას არ კარგავ, ბრწყინვალე შედეგია!

ფინალში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი რუსლან გაჯიევი იყო, რომელმაც, ერთი შეხედვით, ცოტა უფრო ძლიერი ჯგუფი გაიარა - რუსი, პოლონელი და თურქი მეტოქეები დაამარცხა.

ფინალი თითქოს უფრო ენერგიულად გაჯიევმა დაიწყო, მაგრამ მალევე გამოჩნდა, რომ ეს მოჩვენებითი აქტიურობა იყო, ხოლო ლეიბზე მოვლენებს პეტრიაშვილი აკონტროლებდა. ის იქნებ ბევრს არ მოძრაობდა და არც ქარივით დაქროდა აქეთ-იქით, მაგრამ არ აკეთებდა ზედმეტ მოძრაობებს, უშეცდომოდ იცავდა თავს და მეტოქეს ერთხელაც კი არ მისცა ქულის გაკეთების რეალური შანსი. პირველ პერიოდში პეტრიაშვილი კარგად შეუხტა ფეხში, თუმცა ქულის გაკეთებაზე მეტად აქცენტი მიწოლაზე გააკეთა და გაიყვანა კიდეც წრიდან. მალევე კიდევ ერთხელ წაეტანა ფეხში და ამჯერად ჩოქბჯენში გადაიყვანა. პერიოდიც ასე მოიგო - 2:0. მეორე პერიოდშიც ასე ძალდაუტანებლად და ისევ ფეხში შესვლებით ორჯერ მოიპოვა თითო ქულა და შეხვედრაც უდავიდარაბოდ მოიგო.

მთლიანობაში, მან ძალიან დაკვირვებით და ჭკვიანურად იჭიდავა. რამდენჯერაც შეუტია, არც ერთხელ აუცილებია მიზნისთვის და ყოველთვის ქულა გააკეთა. გაჯიევს დგომიდან ხომ არც უცდია ფიზიკურად ძლიერი ქართველის გადაგდება, ვერც ფეხში შესვლა მოახერხა. ერთი-ორჯერ კი წაატანა ხელი, მაგრამ პეტრიაშვილმა ამას ყოველთვის კარგად დამუშავებული კონტრილეთი დაახვედრა - ხელით მაშინვე დაუჭერდა ხოლმე ფეხს და მეტოქე განეიტრალებული ჰყავდა. ბოლო შეტევაც ასე გაილია - გენოს გაჯიევი ტერფით ისე საიმედოდ ჰყავდა ჩაბღუჯული, ის ფართხალს ძლივს ახერხებდა, არათუ ილეთს. სირენამდე 20 წამით ადრე პეტრიაშვილმა მწვრთნელის სკამზე მჯდარ პირად დამრიგებელ ნუგზარ სხირელს გახედა და იმანაც მყისვე ანიშნა, გეჭიროს, ყველაფერი კარგადააო. მართლაც ასე გაილია დრო და ახალგაზრდა ტალანტმა პირველი ევროპული ჯილდო მოიპოვა.

გურჯიძემ ძლიერად დაიწყო ჩემპიონატი, თუმცა ფინალში მეტი მართებდა. პირველი სამი შეხვედრა მან დიდი ანგარიშით მოიგო. ამათგან ორში - პოლონელ მომავალ ბრინჯაოს პრიზიორ ნათანიელ ოსტროვსკისთან და ებრაელ ემრაჩ გასანოვთან ერთნაირი სხვაობით, 3:0, 8:1 იმარჯვა, მოლდოველ ალექსანდრუ ბუზულანს კი 2:0; 7:1 აჯობა.

ნახევარფინალში პირველი პერიოდი დათმო და დამატებითი დრო დასჭირდა აზერბაიჯანელ გაჯიმურად ომაროვთან, თუმცა მომდევნოებში მოწოდების სიმაღლეზე დადგა და ფინალში გავიდა. ვერ ვიტყვი, რომ ფინალში ომარაშხაბ ნაჟმუტდინოვი მას საგრძნობლად აღემატებოდა, მაგრამ ჩვენებურს ცოტა მეტი შემართება, ცოტა მეტი მონდომება რომ გამოეჩინა, ვინ იცის, იქნებ ისიც ჩემპიონი გამხდარიყო.

პირველ პერიოდში გურჯიძემ ძალიან იოლად შეუშვა ფეხში - იმ პერიოდში მოშვებულ-მოდუნებული ჩანდა და ქულის გადარჩენა ვერ შეძლო - რუსმა იოლად გაიყვანა წრიდან. ჩამორჩენამ ჩვენებური თითქოს გამოაფხიზლა, მეორეში უფრო აქტიურობდა და ფეხში შესვლაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მეტიც - მეორე ცდაზე რუსმა იქით გადაიყვანა ორქულიანზე. ამას ჩვენი გუნდის თავკაც თამაზ ბენდიანიშვილის პროტესტი მოჰყვა, თუმცა საამისოდ არც ისე რეალური საბაბი ჰქონდა. იქნებ რუსისთვის ქულის მიცემა მართლაც საკამათო იყო, მაგრამ ფაქტია, რომ თავისი წამოწყებული იერიშით ვერც გურჯიძემ ისარგებლა და შუა შეტევისას უმწეოდ გაჩერდა. პროტესტი არც მსაჯებმა დააკმაყოფილეს და ქულითაც დაგვსაჯეს.

გურჯიძისგან განსხვავებით, მედლისთვის გადამწყვეტი შეხვედრა აღმავლობით ჩაატარა ფარტენაძემ. თურქ ემრაჰ გულთან და ბულგარელ მუჰამედ მაჰმუდთან დამაჯერებელი მოგებების შემდეგ ის ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ფარვიზ იბრაჰიმოვთან დამარცხდა, დამამშვიდებლის ფინალში კი ულაპარაკოდ დაჯაბნა ბელარუსი დზიანის მაქსიმაუ. პირველ პერიოდში ფარტენაძემ ისე იოლად მოიპოვა სამქულიანი, გეგონებოდა, ვარჯიშზე აკეთებდა სასწავლო გდებებს, მერე კი კიდევ ერთხელ დააგდო 3-იანზე.

მეორე პერიოდში მეტოქე ისე გაცხარდა, უხეშობისთვის მსაჯებმა ქულითაც დასაჯეს, თუმცა ჩვენებური მანამდეც უგებდა და იმის შემდეგაც გაუკეთა ერთი ქულა.

ჩვენი გუნდიდან გუშინ, 10 აგვისტოს უმედლოდ რამაზ დარჩიძე (46) და გიორგი ჩხარტიშვილი (76) დარჩნენ. მათ სანუგეშოში გადასვლის საშუალებაც არ მიეცათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

parma
გორი ამაყობს შენით გენო . . .
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო