"ხელს რომ მიწევენ ან კვარცხლბეკზე ვდგავარ, ყოველთვის თავი მაქვს ჩაღუნული. თითქოს, რაღაც დავაშავე"
დავით მარსაგიშვილს მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება - ჭიდაობის ნებისმიერმა ქომაგმა იცის მისი წლევანდელი წარმატებების შესახებ, როცა ახალგაზრდებში დუბლი შეასრულა, უფროსებში კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. თუმცა იმ შეჯიბრებაზე რუს ანზორ ურიშევთან მსაჯებმა რომ წაართვეს მოგება, ამას რუსი ქომაგებიც არ მალავენ...

ყველა თანხმდება იმაზე, რომ მისი სახით ქართულ ჭიდაობას ახალი ტალანტი გამოუჩნდა. მარსაგიშვილი ის ფალავანია, რომლის საჭიდაო ნიჭს ერთხმად აღიარებს მეტოქეც და მეგობარიც, შინაურიც და გარეულიც; ეს ის ფალავანია, რომელსაც ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები მხოლოდ იმაზე საყვედურობენ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე რატომ დაკარგა თითო ქულა...

დავით მარსაგიშვილი სტეფანწმინდელია და საჭიდაო ოჯახიდანაა. მამამისი - ლევანი ყოფილი მოჭიდავეა და სამი ბიჭის მამას მათ პროფესიულ არჩევანზე ბევრი არ უფიქრია, ადგა და ყაზარმული წესით სამივეს საჭიდაო დარბაზში უკრა თავი. თუმცა მაშინ დარბაზიც სად იყო სტეფანწმინდაში - ჭიდაობის ენთუზიასტმა სახლის მახლობლად ფართი საკუთარი ხარჯით გაარემონტა და იქ ავარჯიშებდა ბავშვებს.

დათო იქ პირველად 6 წლისა მიიყვანეს, რაღა თქმა უნდა, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ. კაცმა რომ თქვას, ამ ასაკის ბავშვს რამე კონკრეტული არჩევანი არც ჰქონია - თანატოლთა მსგავსად, იმხანად მასაც მხოლოდ გართობა და ცელქობა უნდოდა, მაგრამ მის სურვილებს არავინ დაგიდევდათ. რაკი უფროსი ძმები უკვე ჭიდაობდნენ, მისი ბედიც განსაზღვრული იყო, თუმცა დღეს ამას არ ნანობს... არადა, ბავშვობაში მთლად ასე გაგებით არ ხვდებოდა მამის სურვილს.

როცა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიდან ტრიუმფით დაბრუნებულ მარსაგიშვილს ინტერვიუსთვის შევხვდით, პირველად სწორედ ბავშვობა გაიხსენა.

- სახლში ოთახშიც კი საჭიდაო ლეიბი გვქონდა გაშლილი - იგონებს დავით მარსაგიშვილი, - სადაც გამუდმებით ვჭიდაობდით ძმები. მამას უყვარს მებრძოლი, ჟინიანი, შემტევი ხასიათის ბიჭები და შვილებსაც ასე გვზრდიდა. სტუმრად მეზობლები, ნათესავები რომ გვეწვეოდნენ, ეზოში აუცილებლად გვაჭიდავებდა. საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ ბავშვებს მამაჩემის გამოჩენა არ გვსიამოვნებდა - ჩვენ თუ რაღაცას ვთამაშობდით, ის აუცილებლად დაგვიშლიდა და ჭიდაობას, კრივს ან სპორტის რამე ამგვარ ძალისმიერ სახეობას დაგვაძალებდა. აი, ასეთ ვითარებაში ვიზრდებოდი და ძმებთანაც ხშირად მიწევდა პაექრობა, აგრეთვე მათ

თანატოლებთანაც. იქნებ ამის ხარჯზეც გავხდი სპორტსმენი - იმათთან მეტოქეობამ ხასიათი ჩამომიყალიბა. მით უფრო, რომ ბავშვობაში წაგებას ვერ ვიტანდი, სულ ვტიროდი.

- საინტერესოა, დედა როგორ ეგუებოდა იმას, რომ სამივე შვილი ჭიდაობდით? იქნებ მას სხვა არჩევანი უნდოდა თქვენთვის?

- სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს დედის რეაქცია. ალბათ, არ იყო წინააღმდეგი, თორემ დამამახსოვრდებოდა. ცხადია, ახლა უხარია ჩემი წარმატებები და მქომაგობს. ერთი ის მახსოვს, რომ დედა ადრე არ უყურებდა ჩვენს შეხვედრებს. ახლა, როცა მშობლები ასაკში შევიდნენ, უკვე მეც არ მინდა, უყურონ, მამა იმდენად ნერვიულობს. ახალგაზრდული მსოფლიოს ფინალისთვისაც არ უყურებია თურმე - ინტერნეტში პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, მაგრამ ფინალისას გარეთ გამოსულა.

- მწვრთნელებიდან ვის გამოარჩევთ, ვის ემადლიერები ამ შედეგებისთვის?

- ყველას, ვინც კი ამ წლების განმავლობაში მავარჯიშებდა - დაწყებული მამაჩემიდან, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა. ძალიან კარგი მწვრთნელია ხურცია, კარგად იცის თავისი საქმე. ახალგაზრდულ ნაკრებში 3 წელიწადი გავატარე ნუგზარ სხირელთან და ცხადია, მანაც დიდი ამაგი დამდო. მინდა აღვნიშნო, რომ აქედანვე დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზაზა თურმანიძეს - შარშან ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ თავზე დამადგა და ორჯერადი ვარჯიშები დამაწყებინა.

- შარშანდელი სეზონის ჩაგდებას რითი ახსნი?

- არ ვიცი, მაგაზე ბევრი მიფიქრია, მაგრამ პასუხი არ მაქვს, დღემდე ვერ ვუპოვე ამას ახსნა. სხირელი ამას უფრო ბალავაძის ტურნირზე გამოსვლას აბრალებს, რადგან ორ კვირაში ევროპის ჩემპიონატი მიწევდა და გადაღლილიც ვიყავი. ლეიბის დანახვა არ მინდოდა, ისე მეზიზღებოდა უკვე, მაგრამ მწვრთნელებს არ ვეუბნებოდი ამას

- წუწუნი არ მიყვარს. ალბათ, აჯობებდა, იმ შეჯიბრების მერე ცოტა ხნით დამესვენა. სხირელი იმასაც მეუბნება, ბალავაძის სახელობის ტურნირზე მოპოვებული ვერცხლი თავში აგივარდაო. არც ამას გამოვრიცხავ, მაგრამ კიდევ სხვა ვარიანტსაც ვუშვებ - მაშინ უკვე განაღდებული მქონდა ადგილი მსოფლიოზე წამსვლელ გუნდში უფროსებში. ამიტომ უფრო მინდოდა თავის გამოჩენა, უფრო მეტად მოვინდომე, რამაც საპირისპირო შედეგი გამოიღო.

- მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობას როგორი განწყობით ხვდებოდით?

- ის წარმატებები, რაც ამ პირველობამდე მოვიპოვე - ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებში გავიმარჯვე, უფროსებში კი ვერცხლი მოვიპოვე, პასუხისმგებლობას უზომოდ მიზრდიდა, ამჯერად წაგების უფლება არ მქონდა. წილისყრამაც გამიმართლა და კარგი ბადე შემხვდა, გამორჩეულად ძლიერი არავინ იყო. ამიტომ თავიდანვე ვიმედოვნებდი ფინალში გასვლას, მეტოქედ კი ამ რუსს ველოდი, გიორგი რუბაევს. ის წლეულს უფროსებში რუსეთის მესამე პრიზიორი გახდა, შარშან კი "ოქროს დიდ პრიზზე" იყო მესამე. მოკლედ, ძლიერი ბიჭია და მთავარ კონკურენტად მაგას მივიჩნევდი. საბოლოოდ, მართლაც ის შემხვდა ფინალში.

- ფინალი სასიამოვნო მოგონებად დაგრჩებოდა...

- ფინალში მართლაც განსაკუთრებული განწყობით გავედი. მანამდელი შეხვედრებისთვის რაღაც გამორჩეულად არ ვემზადებოდი, რუბაევთან კი მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავი. თავში მხოლოდ ის აზრი მიტრიალებდა, რომ არ უნდა წამეგო. შეხვედრა დაძაბულადაც დაიწყო - პირველი წუთის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა, შემდეგ კი შეცდომა დაუშვა და 2 ქულა ავუღე. ამის შემდეგ დადგომა და ანგარიშის შენარჩუნება არ გამჭირვებია. მეორე პერიოდში ილეთზე შემოსვლა სცადა, მაგრამ დავუხურე და ბეჭებზე დავდე. გაქცევა არც უცდია - ნერვებზე მოიშალა, ტიროდა და ლეიბს ურტყამდა ხელებს. მერე მე მივედი და წამოვაყენე.

- შეჯიბრების შემდეგ თუ მოგილოცა ჩემპიონობა?

- არა, არ მოსულა, თავს მარიდებდა. მანამდეც გვქონია ურთიერთობა და თითქოს ცუდი ბიჭი არ ჩანდა. მამამისსაც ვიცნობ, რომელმაც ქართული იცის და შარშან რომელიღაც ტურნირზე გამომეცნაურა, დედა კი, მგონი, სულაც ქართველი ჰყავს. ვფიქრობ, უფრო იმისი შერცხვა, ფინალი ისე რომ წააგო - ყველა ელოდა, რომ დაძაბული შეხვედრა იქნებოდა და ამის საწინააღმდეგოდ იოლად მოვიგე.

საერთოდ, იქაური ნაკრების მწვრთნელებში რამდენიმე მქომაგობს კიდეც. შეჯიბრებებზე ხშირად გამომელაპარაკებიან ხოლმე. შარშანდელი სეზონი რომ ჩამივარდა, რა გჭირს, რა დაგემართაო, მეკითხებოდნენ. ერთმა ისიც კი მითხრა, რა იყო, წამლის კეთება ხომ არ დაიწყეო.

- გამარჯვება ძალიან მშვიდად, უემოციოდ მიიიღე. ეს მოხევური ხასიათის გავლენაა თუ ასეთი სიდინჯეც მამამ ჩაგინერგათ ბავშვობიდანვე?

- არა, ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა. ისე გამოვიდა, რომ დაძაბული შეხვედრა არ მომიგია არც აქ და არც - ევროპაზე. როცა მძიმე ორთაბრძოლას იგებ და ემოციებისგან იცლები, მერე გამოხვალ, დაიყვირებ ან რაღაც ამგვარი, მაგრამ აქ არაფერი მსგავსი არ ყოფილა. თუმცა სიხარულის დიდად გამოხატვა არც მიყვარს - არ მახსოვს შემთხვევა, თუნდაც ხელი რომ ამეწიოს. ეგ კი არა, გამარჯვების შემდეგ ხელს რომ მიწევენ, ან კვარცხლბეკზე ვდგავარ, ყოველთვის თავი მაქვს ჩაღუნული. ვიდეოებს რომ ვუყურებ, სულ თავჩაღუნული ვარ. გეგონება, რაღაც დავაშავე.

- ჭიდაობის სტილიც გამორჩეული გაქვს. იქნებ არა ტრადიციულად ქართული, მაგრამ მაინც ლამაზი და სანახაობრივი. ეს თანდაყოლილია თუ ვარჯიშით ჩამოყალიბებული?

- ბავშვობიდან ასე ვარ - იქნებ ბევრ ფანდებს არ ვაკეთებდი, მაგრამ ილეთის გრძნობა მაქვს და ვიცი, როდის უნდა დავხურო, სად გადავიდე და როგორ... როცა 6 წლიდან ჭიდაობ, გამოცდილება თავისით მოდის. ყოფილა შემთხვევები, ტურნირი ისე მომიგია, ილეთი არ გამიკეთებია - სულ დახურვებზე და ტაქტიკაზე ვმუშაობდი. დროთა განმავლობაში ისიც ვისწავლე, ყველა ვითარებიდან როგორ შეიძლება ქულა გამოადნო - ზევიდანაც ვეჭიდავო, ფეხშიც შევიდე, დავუხურო, შევუტიო. ერთფეროვანი ჭიდაობა არ მახასიათებს, ნებისმიერ ვითარებაში შეიძლება შეუტიო და ქულა მოიპოვო. ვისწავლე ისიც, როგორ გავაკონტროლო შეხვედრის მიმდინარეობა...

- სუსტ წერტილად რა მიგაჩნიათ ან თქვენ, ან - მწვრთნელებს?

- შეიძლება ის, რომ შედარებით იოლად ვუშვებ ფეხში ანუ დაცვაში ჭიდაობა უნდა გამოვასწორო. ამ მხრივ დიდი ჩავარდნა არაა, მაგრამ მაინც მეტია საჭირო. ეს ახალგაზრდებში იმდენად არ ჩანს, მაგრამ უფროსებში უფრო თვალშისაცემია. მაგალითად, ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსი ანზორ ურიშევი ორჯერ შემოვიდა ფეხში ერთი და იმავე ილეთზე. ზოგჯერ მოდუნებაც მახასიათებს, რაც ასევე ცუდია - მეტი მობილიზებაა საჭირო.

- დასასრულს, უფროსთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვთქვათ, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება, როგორც სალიცენზიო შეჯიბრება.

- ჩვენი მიზანია, რომ ლიცენზია აუცილებლად უნდა მოვიპოვო. უკვე შეკრებებშიც ჩავერთვები და მოვემზადები. საბედნიეროდ,Aახლა ისეთივე მობეზრების მომენტი არ მაქვს - როცა შედეგს აღწევ და წარმატებები გაქვს, მაშინ მსგავსი უსიამოვნო განცდები გავიწყდება და სტიმული გეძლევა. უმთავრეს კონკურენტებად უზბეკი მსოფლიოს ჩემპიონი ზაურბეკ სოხიევი და აზერბაიჯანელი შარიფ შარიფოვი მიმაჩნია, სხვები კი, ალბათ, დაახლოებით ერთ დონეზე არიან. რუსთაგან ისევ ურიშევი რომ ყოფილიყო, მაშინ იმასაც მთავრებში დავასახელებდი, მაგრამ მის ნაცვლად ალბერტ სარიტოვი იჭიდავებს, მას კი არ ვიცნობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

luka marsagishvili
დათო გისურბე წარმატებებს ეგრე გააგრდძელე
geosochi
შემთხვევით ირონელი ხომ არ არის? გვარი წაუგავს, შეიძლება ვცდები! წარმატებები ბრატ!
eteri
დავით გისურვებ წარმატებას.ღმერთის მფარველობა გქონოდეს.ყველა მარსაგიშვილი მიყვარს.
მანანა
დათუნა,ღმერთი და წარმატებები შენსკენ. მანანა გელაძე
Liana
davit gisurveb warmatebebs,arc mikvirs sheni warmateba,shen xom marsagishvili xar,marsagishvilebi yoveltvis magrabi iyvnen da magrebatac darchebian...
state
შეგეწიოს ღვთის მადლი ძმაო... კაცი ხარ კაცური...
malxo
დავით მარსაგიშვილს რომელიც უდავოდ ნიჭიერი და გამორჩეული მოჭიდავეა, ვუსურვებ წარმატებას. მისი თავდაბლობა მისაბაძია.მას და მის თანაგუნდელებს ვუსურვებ წარმატებას ასპარეზზე,გაიხარეთ!!!
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ