ცინცინატის ტურნირის ფინალში რუსმა მარია შარაპოვამ სერბი ელენა იანკოვიჩი სამ სეტში დაამარცხა

დრამატული გამოვიდა ქალებს შორის ფინალური მატჩი. მარია შარაპოვასთვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მოგების შემთხვევაში რუსი WTA-ის ჩემპიონთა რბოლას ჩაუდგებოდა სათავეში.

შარაპოვა ზედიზედ მეორედ თამაშობდა ცინცინატის ფინალში. აქ საკმაოდ სწრაფი კორტებია, რაც კარგად ერგება მარიას სათამაშო სტილს. ერთი წლის წინ რუსი აქ ახლოს იყო მიზანთან, სამი მატჩბოლი ჰქონდა ბელგიელი კიმ კლაისტერსის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც დამარცხდა. მის გუშინდელ მეტოქეს ელენა იანკოვიჩს კი ცინცინატიში ერთხელ მოგებული აქვს ტიტული - ეს 2009 წელს მოხდა. თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ სერბი ბოლო დროს მეტად წარუმატებლად თამაშობს, რის გამოც რეიტინგის ტოპ-ათეულის მიღმა აღმოჩნდა, ცინცინატიში კი წელს პირველად გავიდა WTA-ის "პრემიერ" კატეგორიის ტურნირის ფინალში.

რაც შეეხება მათ ურთიერთშეხვედრებს, ელენას მარიასთვის ექვსიდან მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მოგებული - ბირმინგემის ბალახზე. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ორჯერ იანკოვიჩმა ვერ დაასრულა მატჩი შარაპოვას წინააღმდეგ.

რუსმა წარმატებით დაიწყო მატჩი: თავისი საფირმო აგრესიული თამაშით ორბრეიკიანი უპირატესობა მოიპოვა. სწორედ ამ დროს ელენამ კორტზე თავის მწვრთნელს რიკარდო სანჩესს უხმო. მასწავლებელთან მცირე გასაუბრება მას ძალიან წაადგა, რადგან იანკოვიჩმა უკანა ხაზზე ბრძოლა გაუმართა მეტოქეს, შარაპოვამ კი შეცდომებს უმატა. შედეგად, იანკოვიჩმა ზედიზედ ხუთი გეიმი და მასთან ერთად სეტი მოიგო.

ახლა უკვე შარაპოვამ გამოიძახა მწვრთნელი. ტომას ჰოგსტედტმა თავის შეგირდს ურჩია, უფრო ხშირად შესულიყო კორტში, რადგან უკანა ხაზიდან ორ-სამ მეტრში თამაში - მისი სტილი არ არის. ნელ-ნელა რუსმა მართლაც იპოვნა თავისი თამაში. თითქმის ყველა გეიმში დიდი ბრძოლა იყო, მაგრამ საბოლოოდ, საქმე მაინც ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელიც შარაპოვამ ბრწყინვალედ წარმართა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტი პარტია ყველაზე დრამატული აღმოჩნდა, თუმცა წინა სეტებისგან განსხვავებით თამაშის ხარისხი ოდნავ დაბალი იყო. პრაქტიკულად ყველა გეიმში ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა წარმატების შანსი. საინტერესოა, რომ პირველ ექვს გეიმში ბრეიკები დაფიქსირდა. ხშირად მეტოქეები ერთმანეთს საჩუქარს უკეთებდნენ - სამი გეიმი ორმაგი შეცდომებით დასრულდა. ბოლოსკენ უფრო მეტი ენერგია შარაპოვას შემორჩა და ორ საათსა და 48 წუთში მოიგო მატჩი - 4:6, 7:6(3), 6:3.

საინტერესოა, რომ ეს იყო მარიასთვის მე-11 სამსეტიანი შეხვედრა სეზონში და მან მე-11 გამარჯვებას მიაღწია. აქედან შვიდ შეხვედრაში შარაპოვა პირველ სეტს მეტოქეს უთმობდა.

"შარშან გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ მატჩბოლები ვერ გამოვიყენე. ახლა აქედან ჩემპიონის რანგში მივდივარ და ბედნიერი ვარ ამის გამო. ელენა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანია და მის წინააღმდეგ ყოველთვის რთულია თამაში, თანაც დღეს მას გაცილებით მეტი გულშემატკივარი ჰყავდა", - განაცხადა ფინალის შემდეგ მარიამ.

როგორც გითხარით, ამ მოგებამ მარიას ჩემპიონთა რბოლაში ლიდერობა მოუტანა. რეიტინგში კი ის მეოთხე ადგილზე გადავიდა და ძალიან მიუახლოვდა კიმ კლაისტერსსა და ვერა ზვონარევას. პირველი მათგანი აშშ-ის ღიაზე ტიტულს ვერ დაიცავს, ზვონარევას კი "დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირზე შარშანდელი ფინალი აქვს დასაცავი. ასე რომ, მაგრამ კლასიფიკაციაში წინსვლის კარგი შანსი გაუჩნდა.

ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 4)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 13) 4:6, 7:6(3), 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა