თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა გამოსვლა 1 ვერცხლით და 2 ბრინჯაოთი დაასრულეს
ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა 1 ვერცხლით და 2 ბრინჯაოთი დაასრულა გამოსვლა უნგრულ სომბათჰეიში ჩატარებულ თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატში. არადა, მძიმეწონოსან გენო პეტრიაშვილს დუბლის გაკეთებაც შეეძლო - ამერიკელ ადამ კოონს 3:0-ს უგებდა, როცა პატარა უყურადღებობა და მოდუნება ბეჭებზე დადებად დაუჯდა.

შოთა ფარტენაძემ (54), ორი კვირის წინ გამართული ევროპის პირველობის მსგავსად, ახლაც ბრინჯაო მოიპოვა, ასეთივე სინჯის მეორე ჯილდო კი გიორგი ჩხარტიშვილმა (76) დაიმსახურა.

პეტრიაშვილმა ტრიუმფით მოიგო ევროპის ჩემპიონატი და მისგან ახლაც იმავეს ველოდით. ტურნირიც ისე დაიწყო, თქვენი მოწონებული - ორი მეტოქე პირდაპირ გაანადგურა! პირველსავე წრეში მასპინძლები დაამწუხრა, როცა უნგრელ მარსელ კისს ძირითად დროში, ორი პერიოდის ჯამში 15:0 აჯობა, თურქ იბრაჰიმ კასიოლის ასევე ორ პერიოდში - 11:0. მან ევროპის პირველობაც ასე ძლევამოსილად დაიწყო და იმავე შედეგის განმეორების იმედი კიდევ უფრო გაგვიმყარდა.

საქმე ისაა, რომ ამ ჩემპიონატის დაწყებამდე მაინც იყო შიში, ვაითუ ორ კვირაში ორ ასეთ ძლიერ შეჯიბრებას ვერ გაუძლოსო. თან ცოტა ხნით ადრე ახალგაზრდებშიც მოიპოვა ბრინჯაო ევროპის პირველობაზე, მაგრამ ასეთმა სტარტმა დაგვანახა, რომ ფორმაში იყო და გადაღლის შიში არ უნდა გვქონოდა.

პეტრიაშვილმა პირველი ქულა ნახევარფინალში დაკარგა რუს ინალ ტასოევთან - პირველი პერიოდი 3:3 დამთავრდა, თუმცა ბოლო ქულით იმან მოიგო. სამაგიეროდ, ჩვენებურმა მერე აიწყვიტა - ჯერ 2:0 აჯობა, დამატებითში კი 8:0 გაანადგურა. როგორც გითხარით, ფინალშიც 3:0 დაწინაურდა ამერიკელთან, მაგრამ ამის შემდეგ ლამის უბრძოლველად შეაკვრევინა ჯვარი და თვინიერად დაჰყვა ილეთზე, რაც ბეჭებზე გაკვრით დამთავრდა. სამწუხაროა, მოგების ასე რეალური შანსი რომ დაკარგა, თორემ დუბლსაც შეასრულებდა.

ფარტენაძემ ევროპული შედეგი გაიმეორა, თუმცა მაშინდელივით ახლაც აზერბაიჯანელთან წააგო ნახევარფინალში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მაშინ მომავალ ვიცე-ჩემპიონ ფარვიზ იბრაჰიმოვთან დამარცხდა, ახლა - მომავალ ჩემპიონ სულთან ნასრულაევთან. არადა, ჩვენებურმა მეორე პერიოდი 3:3-ზე დათმო, მანამდე კი იოლად გაუსწორდა ბელარუს ძიანის მაქსიმაუს და ამერიკელ ტომას გილმატს. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამატებითში რუსი რასულ შაპიევი დაჯაბნა.

ჩხარტიშვილი მაკედონიელ სტეფან ნიკოვსკისთან დამაჯერებელი მოგების შემდეგ (12:0 ორ პერიოდში) მომავალ ფინალისტთან, ირანელ ალირეზა მოჰამად კარიმიმაჩიანისთან დამარცხდა - 0:3; 0:6. სანუგეშოში ჯერ მასპინძელ გერგელ გურიტსს დამატებითში მოუგო, ბრინჯაოსთვის კი გვარიანად იბრძოლა მონგოლ ბაატარ ნიამბაიართან - პირველ პერიოდში მეტოქემ 0:2 იმარჯვა. მეორე 3:3-ზე ჩხარტიშვილმა მოიგო, რომელმაც დამატებითში 5:3 იყოჩაღა და მედალიც დაისაკუთრა.

გუნდის სხვა წევრებიდან დამამშვიდებლის ფინალში რაუფ შაკულ-ოღლი (58) და ბექა როჭიკაშვილიც (85) გავიდნენ, მაგრამ იქ უშანსოდ დამარცხდნენ.

დანარჩენებიდან სანუგეშოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ომარ გურჯიძეც (63) გადავიდა. მან ძირითადში იტალიელ არონ კანევას და ლიტველ დენისას სირვაიტისის ბარიერი იოლად, ორ-ორ პერიოდში გაიარა, მესამე წრეში კი ირანელ მომავალ ჩემპიონ მერან ბაბაეისთან წააგო. სანუგეშოში პირველივე შეხვედრა ყაზახ მომავალ ბრინჯაოს პრიზიორ ილიას ჟუმაისთან დათმო. გიორგი პასიკაშვილი (42), რამაზ დარჩიძე (46), შალვა ხუციშვილი (50) და შალვა ჭადაშვილი (69) ისე გავარდნენ, სანუგეშომდეც ვერ მივიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა