კიევის "არსენალის" ქართველმა ნახევარმცველმა უკრაინულ "სპორტ ექსპრესთან" კლუბსა და ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა
უკრაინულმა "სპორტ ექსპრესმა" კიევის "არსენალის" ქართველ ლეგიონერს, ალექსანდრე კობახიძეს ინტერვიუ ჩამოართვა.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ჩვენებურმა ბრწყინვალედ ითამაშა და "ზარიას" ორი გოლი გაუტანა. თემურ ქეცბაიამ ნახევარმცველს ლატვიასთან, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის წინ შეკრებაზეც უხმო.

- "ზარიასთან" გატანილი ულამაზესი გოლებიდან რომელს გამოარჩევთ?

- მეორეს. და ამ შემთხვევაში სილამაზე არაფერ შუაშია. მთავარი ის იყო, რომ მეორე გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა და გუნდს გაამარჯვებინა.

- დუბლისთვის კლუბის პრეზიდენტისგან გაორმაგებული პრემია მიიღეთ?

- ეს თამაში ამ მხრივ არ გამოგვირჩევია. საერთოდ, გამარჯვებისთვის ბონუსები ერთნაირია, გამონაკლისი მხოლოდ გრანდებთან - "შახტართან", "დინამოსთან", "დნეპრთან" და "მეტალისტთან" შეხვედრებია.

- გახსოვთ, ამ მატჩამდე უკრაინაში ბოლოს როდის გაიტანეთ?

- ჩემპიონატში არ გამიტანია. თასზე კი.

- მაშინ ვინ დაამწუხრეთ?

- იგივე "ზარია". ეს წელიწადნახევრის წინ იყო. მაშინ "კრივბასში" ვთამაშობდი.

- გამოდის, რომ "ზარიას" სპეციალისტი ხართ?

- (იცინის). არა! ეს უბრალო დამთხვევაა.

- ქართველები უკრაინელებზე ტექნიკურები არიან?

- საერთოდ, მე ასეთ კითხვას არ დავსვამდი. შესაძლოა, გვერდიდან ასეც ჩანდეს. მაგალითად, მიღებულია აზრი, რომ უკრაინელები ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან... მე პირადად მიმაჩნია, რომ თითოეული მოთამაშე ინდივიდუალურია და ეროვნულობა აქ არაფერ შუაშია.

- ვინაა უკრაინის ჩემპიონატში ყველაზე ტექნიკური მოთამაშე?

- ლეგიონერთაგან ფერნანდინიოს გამოვარჩევ, ადგილობრივებიდან - რუსლან როტანი.

- "დინამო"-"შახტარის" მატჩში ვის უქომაგებთ?

- არცკი ვიცი. ალბათ არცერთს. უბრალოდ, კარგ ფეხბურთს ვუყურებ. ამ გუნდების დაპირისპირება ძალიან საინტერესოა.

- ევროპაში ვის ქომაგობთ?

- ბავშვობაში "მილანი" მომწონდა, მაგრამ ახლა, როგორც ყველას, მეც "ბარსელონა" მხიბლავს. ასეთი ფეხბურთი მსოფლიოში არავის უჩვენებია! იქმნება შთაბეჭდილება, რომ კატალონიელი ფეხბურთელები მოედანზე სხვა პლანეტიდან მოდიან.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეეწყვეთ "დნიპროს"?

- ოჰ, ეს ჩემთვისაც პასუხგაუცემელი კითხვაა და არ ვიცი, რა უნდა გითხრათ. ალბათ, სადღაც მე დავუშვი შეცდომა, ან იქნებ არასაკმარისი შანსი მომცეს თავის გამოსავლენად... ეს უკვე წარსულია.

- იმავეს იტყვით "კრივბასში" საკუთარ კარიერაზე?

- იქ, "დნიპროსგან" განსხვავებით, მეტხანს ვითამაშე. იცით, მწვრთნელზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თუკი ფეხბურთელი მწვრთნელის სათამაშო სქემაში არ ჯდება, არაფერი გამოვა. ახლა მე "არსენალის" მოთამაშე ვარ და ეს ძალიან მახარებს.

- ანუ, იმ გუნდში იმყოფებით, სადაც ყველაფერი ზედმიწევნით გაკმაყოფილებთ?

- ერთმნიშვნელოვნად! აქ ყველაფერი მომწონს - კოლექტივიც და სამწვრთნელო შტაბიც.

- მწვრთნელების აზრით, კობახიძის ნაკლი რა არის?

- ამბობენ, რომ დაცვაზე ნაკლებად ვზრუნავ.

- საერთოდ, ნებისმიერი ქართველის თავდასხმის ხაზიდან მოწყვეტა ძნელია?

- (იცინის). ამ ნათქვამში არის სიმართლის მარცვალი. და ალბათ გამონაკლისი არც მე ვარ. რა თქმა უნდა, წინ წასვლა უფრო მომწონს, ვიდრე დაცვაში დაბრუნება.

- საჭიროების შემთხვევაში, რომელ პოზიციაზე შეგიძლიათ თამაში?

- ნახევარდაცვაში მარცხნივაც და მარჯვნივაც. თავდასხმაშიც მაყენებდნენ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი პოზიციაა.

- "არსენალს" რა აკლია საიმისოდ, რომ იდეალური იყოს?

- მომენტების რეალიზაცია და კონცენტრაცია. არ შეიძლება ისეთი შეცდომების დაშვება, როგორიც "დნიპროსთან" და "დინამოსთან" მოგვივიდა. არადა, იმ თამაშებში მართლა შეგვეძლო სამ-სამი ქულის აღება.

- "არსენალს" რომელი ადგილისთვის შეუძლია ბრძოლა?

- თუ ყველაფერს რეალურად შევაფასებთ, ექვსეულში უნდა დავმკვიდრდეთ. ჩვენი ამოცანა ევროთასებზე გასვლაა, თუმცა მიზნის მისაღწევად აუცილებლად უნდა მოვუმატოთ.

- საქართველოს ნაკრებში როგორ მიგდით საქმე?

- ახლახან მიწვევა მივიღე და ეს ძალიან მახარებს. კარგა ხანია, საქართველოს ნაკრების მაისურით აღარ მითამაშია. მომდევნო ტურის შემდეგ ეროვნულ გუნდის შეკრებაზე მე, ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე და ალექსანდრე გურული ერთად გავემგზავრებით.

- საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ დონეზე რას იტყვით?

- ამაზე საუბარი გამიჭირდება. დაე, ეს სპეციალისტებმა გააკეთონ. თუმცა ვფიქრობ, რომ გუნდმა წინსვლა დაიწყო.

- თქვენი აზრით, რომელ ადგილს დაიკავებდა "არსენალი", საქართველოს ჩემპიონატში რომ თამაშობდეს?

- პირველს!

- ნაციონალური კერძები არ გენატრებათ?

- რა თქმა უნდა. კიევში არის ქართული რესტორნები, მაგრამ ის, რასაც აქ მთავაზობენ და ის, რასაც შინ მახვედრებენ, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა.

- მწვადის შეწვა იცით?

- აბა რა, მე ხომ ქართველი ვარ?!

მომზადებულია sport-express.ua-ს მიხედვით

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა