მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეს უსაინ ბოლტის ბედი გაიზიარა 110 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიოს რეკორდსმენმა, კუბელმა დაირონ რობლესმა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეს ტეგუში მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა და ერთ-ერთ დისციპლინაში კვლავ ფავორიტის დისკვალიფიკაცია ვიხილეთ - უსაინ ბოლტის ბედი გაიზიარა 110 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიოს რეკორდსმენმა, კუბელმა დაირონ რობლესმა.

ამ გარბენში ფავორიტად სწორედ რობლესი და ჩინელი ლუ სიანი მიიჩნეოდნენ. მესამე ფავორიტი - დევიდ ოლივერი შარშანდელ სეზონში და წლევანდელის სტარტზე ბრწყინავდა, მაგრამ პლანეტის პირველობას ცუდ ფორმაში შეხვდა.

სტარტი უკეთ კუბელს გამოუვიდა, მაგრამ მალე მას ლიუ მიაუხლოვდა და მეათე ბარიერის წინ ოდნავი უპირატესობაც მოიპოვა. თუმცა ჩინელი ბოლო ბარიერს შეეხო, ოდნავ ტემპი დაკარგა და საბოლოოდ, წინ გაუშვა რობლესი და ამერიკელი ჯეისონ რიჩარდსონი. ეს უკანასკნელი ვერცხლის მედლის მოპოვების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავდა, მაგრამ რა იცოდა, რომ წინ უფრო დიდი ბედნიერება ელოდა.

ფინალის დასრულებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გაირკვა, რომ კუბელს დისკვალიფიკაცია მისცეს. რობლესმა ლიუ სიანის ბილიკზე დაადგა ფეხი, რითაც აზიელს ხელი შეუშალა და ჩინელებმა ფინალის შედეგი გააპროტესტეს. საბოლოოდ, რიჩარდსონმა ოქროს მედალი მიიღო, ლიუ სიანმა - ვერცხლი, ხოლო ბრინჯაოს მედალი ბრიტანელ ენდრიუ ტერნერს გადაეცა.

გუშინდელი დღის ბოლო სტარტი იყო 100 მეტრი სპრინტი ქალებს შორის. თავდაპირველად აქ ფრეიზერ-პრაისი ლიდერობდა, მაგრამ დისტანციის მეორე ნახევარზე მას სამმა სპრინტერმა გაუსწრო. გამარჯვება კარმელიტა ჯეტერმა მოიპოვა. ეს ამერიკელის სრულიად დამსახურებული ტრიუმფია, რადგან ბოლო ორი სეზონია ქალთა სპრინტის ლიდერი გახლავთ. 31 წლის ასაკში მან თავისი პირველი ინდივიდუალური ოქრო მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე. ვერცხლი ერგო სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ვერონიკა კემპბელ-ბრაუნს, ბრინჯაო - ტრინიდადის წარმომადგენელს კელინ-ენ ბაპტისტს.

სარბენ ბილიკზე მესამე ოქრო ქალებმა გაითამაშეს 400 მეტრ დისტანციაზე. აქ გარბენის ყველა მონაწილე აცხადებდა პრეტენზიას მედლისთვის. ფინალში მერვე შედეგით შეაბიჯა სახელოვანმა სანია რიჩარდსმა. მან მთელი შარშანდელი სეზონი გამოტოვა და წელს მხოლოდ ერთხელ გამოვიდა 50 წამიდან. მის თანამემამულეს ელისონ ფელიქსს ტეგუში დუბლის მოპოვება ჰქონდა დაგეგმილი - ის 200 მეტრზე სირბილის სპეციალისტია, მაგრამ ორჯერ გრძელ დისტანციაზეც ჰქონდა გამარჯვების იმედი. ასევე სათვალავში უნდა მიგვეღო ბოტსვანელი ამანტლე მონტშო, რომელიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა "ბრილიანტის ლიგის" ეტაპებზე და რუსი ანასტასია კაპაჩინსკაია, ვისაც წელს სეზონის საუკეთესო დრო ეკუთვნოდა.

სხვებზე უკეთესი სტარტი მონტშომ აიღო. ბოლო ვირაჟის შემდეგ ის პირველი იყო, მაგრამ ფელიქსი შორს არ უშვებდა მოწინააღმდეგეს. მესამეზე მოდიოდა კიდევ ერთი ამერიკელი ფრანსენ მაკორორი. ფელიქსი სწრაფად ეწეოდა ლიდერს, მაგრამ მონტშოს საკმარისი ძალები აღმოაჩნდა. ყველაფერი ბოლო მეტრებზე გადაწყდა, სადაც ბოტსვანელმა ამერიკელს სულ რაღაც შვიდი მეასედი წამი მოუგო. ორივემ პირადი რეკორდები დაამყარა, მონტშომ კი თავის ქვეყანას პირველი ოქრო მოუტანა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში.

ტექნიკურ სახეობებშიც სამი ფინალი გაიმართა. დროში ძალიან გაიწელა ტურნირი კაცებს შორის ჭოკით ხტომაში, რადგან კვალიფიკაცია 16-მა მძლეოსანმა გაიარა.

გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი სეზონის ლიდერი, ფრანგი რენო ლავიენიე იყო, რომელიც დიდი ხანი დამაჯერებლად მიიწევდა წინ და ყველა სიმაღლე პირველ ცდაზე დაძლია. თუმცა კიდევ ოთხმა მეტოქემ აიღო 5,85 მეტრი. ოქროს ბედი 5,90 მეტრ სიმაღლეზე გადაწყდა. პოლონელმა პაველ ვოიცეხოვსკიმ, რომელმაც კვალიფიკაციისას 5,66 მეტრი ვერ დაძლია და სასწაულებრივ მოხვდა ფინალში, ბოლო ცდაზე დაძლია 5,90 მეტრი. იგივე მიღწევა ჰქონდა კუბელ ლაზარო ბორხესს, რომელმაც პირადი და ეროვნული რეკორდი 15 სანტიმეტრით გააუმჯობესა. ლავიენიემ კი 5,90-ზე ვერ ივარგა - ფრანგი ძალიან მაღლა აფრინდა, მაგრამ ტრაექტორია გამოუვიდა ცუდი. მისთვის ბრინჯაოს მედალი ნამდვილი იმედგაცრუებაა. ჩემპიონი ვოიცეხოვსკი გახდა, რომელსაც ბორხესზე ნაკლები ცდა დაუგროვდა.

კაცებს შორის უროს ტყორცნაში იაპონელმა ვეტერანმა კოჯი მუროფუშიმ იმარჯვა. ეს 36 წლის ათლეტის პირველი დიდი გამარჯვებაა 2004 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ტრიუმფის შემდეგ.

ქალებს შორის ბირთვის კვრაში ორი ცდის შემდეგ ორი ჩინელი ლიდერობდა, მაგრამ ისინი პრიზიორებს მიღმა აღმოჩდნენ. ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ზელანდიელი ვალერი ადამსი, რომელმაც თან მსოფლიოს ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ცნობილი ამპუტანტი მორბენალი ოსკარ პისტორიუსი, ვინც დიდი გაჭირვებით მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება. გუშინ, 400 მეტრზე მამაკაცებს შორის საკვალიფიკაციო გარბენები გაიმართა და სამხრეთაფრიკელმა ნახევარფინალამდე მიაღწია, მაგრამ უფრო წინ წასვლა ვერ შეძლო და ფინალის მიღმა დარჩა. თუმცა პისტორიუსის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მაინც გმირობად უნდა მოვნათლოთ.

კაცები

110 მ/თარჯრბენი

1. ჯეისონ რიჩარდსონი (აშშ) - 13,16; 2. ლიუ სიანი (ჩინ) - 13,27; 3. ენდრიუ ტერნერი (ბრიტ) - 13,44...

ჭოკი

1. პაველ ვოიცეხოვსკი (პოლ) - 5,90; 2. ლაზარო ბორხესი (კუბ) - 5,90; 3. რენო ლავიენიე (საფ) - 5,85...

ურო

1. კოჯი მუროფუში (იამ) - 81,24; 2. კრისტიან პარსი (უნგ) - 81,18; 3. პრიმაშ კოჟმუში (სლოვენ) - 79,39...

ქალები

100 მ

1. კარმელიტა ჯეტერი (აშშ) - 10,90; 2. ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი (იამ) - 10,97; 3. კელი-ენ ბაპტისტი (ტრინ) - 10,98...

400 მ

1. ამანტლე მონტშო (ბოტს) - 49,56; 2. ელისონ ფელიქსი (აშშ) - 49,59; 3. ანასტასია კაპაჩინსკაია (რუს) - 50,24...

ბირთვი

1. ვალერი ადამსი (ზელ) - 21,24; 2. ნადეჟდა ოსტაპჩუკი (ბლრ) - 20,05; 3. ჯილიან კამარენა-უილიამსი (აშშ) - 20,02...

მედლების ჩათვლა

ო ვ ბ ს

1. აშშ 4 3 1 8

2. კენია 2 2 2 6

3. რუსეთი 1 2 1 4

4-5. იამაიკა 1 1 0 2

4-5. კენია 1 1 0 2

6. ეთიოპია 1 0 1 2

7-10. ბოტსვანა 1 0 0 1

7-10. იაპონია 1 0 0 1

7-10. ზელანდია 1 0 0 1

7-10. პოლონეთი 1 0 0 1

11. კუბა 0 1 2 3

12. ბრიტანეთი 0 1 1 2

13-15. ბელარუსი 0 1 0 1

13-15. გერმანია 0 1 0 1

13-15. უნგრეთი 0 1 0 1

16-21. კოლუმბია 0 0 1 1

16-21. საფრანგეთი 0 0 1 1

16-21. ლატვია 0 0 1 1

16-21. სენტ კიტსი 0 0 1 1

16-21. სლოვენია 0 0 1 1

16-21. ტრინიდადი 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ