საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სოფიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი 83:79 მოიგო
ემოცია

ვიდრე მიმოხილვას მიადგებოდით, საფინალო ანგარიშსაც წაიკითხავდით და ოქმსაც გადაათვალიერებდით. აქ ერთხელაც შეგახსენებთ: საქართველომ ბულგარეთში 83:79 გაიმარჯვა, მანუჩარ მარკოიშვილმა 23 ქულა ჩააგდო, ტორინ გრინმა გადამწყვეტ მომენტში ექვსიდან ხუთი საჯარიმო გამოიყენა, ზაზა ფაჩულიამ ქართველთა ფარი კარგად დაიცვა, ვიქტორ სანიკიძემ 8 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა, ნიკა ცქიტიშვილმა, თორნიკე შენგელიამ, გიორგი ცინცაძემ, გიორგი შერმადინმა, ლაშა გამყრელიძემ, კოტე ტუღუშმა, ნიკა მეტრეველმა (შაბათს ოფიციალური დებიუტი ჰქონდა), ანატოლი ბოისამ... საქართველოს დიდი სიხარული მოუტანეს.

მათ ქართველობა პოლონეთთან გამარჯვებითაც გაახარეს, თუმცა 2 აგვისტოს დიდი სხვაობით მოიგეს და მეოთხე პერიოდში უკვე ყველა მშვიდად შესცქეროდა ჩვენი გუნდის ლაღ თამაშს. ბულგარეთთან კი ბოლო წამებამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა და მასში ქომაგიც თავიდან ბოლომდე ჩაეფლო. დარბაზში ჩვენი კალათბურთელების თითოეულ ნაბიჯს გულშემატკივრები ემოციებით ხვდებოდნენ. ასე იყო COFFEE.GE-ში (სადაც კალათბურთელთა ახლობლები, საკალათბურთო საზოგადოება და მთავრობის წევრები იყვნენ შეკრებილნი) და ყველგან, სადაც შაბათს 19 საათიდან ტელევიზორი "პირველ არხზე" იყო მომართული. ...სწორედ ასეთ დაძაბულ მატჩში ბოლო წამებზე გამარჯვებას აქვს საოცარი გემო.

საქართველოს ნაკრების თამაშს ისევე არ აკლდა მარილი, როგორც კახურ ხაშლამას - გუნდმა მთელი მატჩი სტაბილურად ჩაატარა და სერიოზული ჩავარდნა ერთხელაც არ მოსვლია; ფარქვეშიდან ჩაგდებულ ორქულიანებს ქართველები ხშირად აყოლებდნენ რაჭული ლორივით მსუყე სამქულიანებს; მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეტევაში თამაში ჭირდა, დაცვით მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ - საქართველოს ნაკრების დაცვა ისევე მწარე აღმოჩნდა ბულგარელთათვის, როგორც მეგრული წიწაკა...

მასპინძელთა ნაკრებს კი ბულგარული წიწაკასავით აკლდა სიმწარეცა და ფერიც: ფილიპ ვიდენოვს თუ არ ჩავთვლით, ყველამ უფერულად ითამაშა. თუმცა ბულგარელებს კარგი ახალგაზრდები ჰყავთ და 2-3 წელიწადში დამწიფდებიან.

...როგორც ხედავთ, მატჩის შემდეგ ემოციები ჯერ არც ამ სტატიის ავტორს განელებია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბულგარეთში გამარჯვება ერთი ბარიერი იყო - საქართველოს ნაკრებს კი ფინიშამდე მისაღწევად (ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად) კიდევ ოთხი ბარიერი აქვს დასაძლევი.

თავისუფლად

შეხვედრის წინ ჩვენთვის სახეირო ფსიქოლოგიური ფონი შეიქმნა: ბულგარეთსა და საქართველოს 2-2 მოგება ჰქონდათ. მასპინძლებს წაგება ორ საუკეთესოში მოხვედრის საქმეს ძალიან გაურთულებდა, რადგან ბულგარელებს მომდევნო მატჩები პოლონეთსა და საქართველოში აქვთ სათამაშო. ჩვენს ნაკრებს მარცხის შემთხვევაშიც ევრობასკეტზე მოხვედრის კარგი შანსი დარჩებოდა. მოგება კი იგორ კოკოშკოვის გუნდს ჯგუფის ფავორიტად აქცევდა.

ალბათ ამიტომ, ქართველები ფსიქოლოგიურ წნეხს არ გრძნობდნენ და მატჩი თავიდან ბოლომდე თამამად ჩაატარეს. თუ დააკვირდით, რთულ სიტუაციებშიც კი ზაზა ფაჩულიას პირიდან ღიმილი არ მოშორებია.

შეხვედრის დასაწყისში ჩვენი კალათბურთელები დარწმუნდნენ, რომ ბულგარეთის ნაკრები უშეცდომო არ იყო - ტორინ გრინმა ერლ კალუეის ორჯერ კარგად აართვა ბურთი, ხოლო შენგელია-სანიკიძე-ფაჩულიას ტრიოს ტყუპი ივანოვების ბარიერის დაძლევა არ უჭირდა. პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2:39 წუთით ადრე მანუჩარ მარკოიშვილმა კალუეის ორ სამქულიანს ასევე შორეული ტყორცნით უპასუხა და - 18:18. ამ სამქულიანს მხოლოდ ანგარიშის გამთანაბრებლის მნიშვნელობა არ ჰქონდა - მანუმ მეტოქის კალათისკენ პირველივე გასროლა მიზანში მოარტყა, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ შაბათი მისი დღე უნდა ყოფილიყო.

თანაბრად ჩატარებული პირველი პერიოდის შემდეგ გუნდებმა სპურტები გაცვალეს: მეორე ათწუთეულში სასტარტოებისგან საქმე სათადარიგოებმა გადაიბარეს, ცქიტიშვილის, შერმადინის, მარკოიშვილის ორქულიანებს გამყრელიძემ საჯარიმოები მიაყოლა, ხოლო მატჩის მე-16 წუთზე მარკოიშვილი-გამყრელიძის სამქულიანებმა ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელ როსენ ბარჩოვსკის წუთშესვენების აღება აიძულა (37:31).

ერთწუთიანმა დასვენებამ ქართველები მართლაც დააცხრო, ხოლო გამოფხიზლებულმა ფილიპ ვიდენოვმა სწრაფი დრიბლინგებით თანაგუნდელები 43:39 დააწინაურა. ამ ეპიზოდში დაცვაზე მეტად წუნი ქართველთა შეტევაში შეინიშნებოდა. თავად განსაჯეთ: ხუთ წუთში ჩვენმა გუნდმა 2 ქულა ჩააგდო (რაც ძალიან ცოტაა), ხოლო მეტოქისგან 12 მიიღო (რაც კატასტროფული მაჩვენებელი სულაც არ არის).

ბულგარელთა გაქცევას ქართველები სულაც არ აუნერვიულებია. ისინი დიდი შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ უფრო თავისუფლად ათამაშდნენ - სანიკიძემ, ცინცაძემ და მარკოიშვილმა შორეული ტყორცნებით თანაგუნდელებს უპირატესობა დაუბრუნეს. შეტევაში სილაღეს დაცვაში სიმტკიცე ახლდა, ამიტომ ბულგარელებმა მესამე პერიოდში მხოლოდ 11 ქულა ჩააგდეს.

თავისი სამქულიანი ნიკა ცქიტიშვილმა მეოთხე პერიოდის დასაწყისში ჩააგდო - 61:54. თუმცა მასპინძლებმა პოლონეთთან მატჩის სცენარის გამეორება სცადეს - ტემპს უმატეს და სამ წუთში 63:61 დაწინაურდნენ. მათ პოლონეთთან სამქულიანებით შეამცირეს სხვაობა, ქართველებს კი შორეული ტყორცნების უფლება არ მიუციათ. სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი - ბულგარელებმა თავისი კოზირის (შორეული სროლების) გამოყენება ბოლო წუთებამდე ვერ მოახერხეს. ფარქვეშ შესულებს კი სანიკიძე-ფაჩულია-შენგელია-ცქიტიშვილი ხვდებოდნენ და სროლის უფლებას არ აძლევდნენ.

მეოთხე პერიოდში ქართველები მოედნის ყველა წერტილიდან შედეგიანად უტევდნენ. 61:63 ჩამორჩენის შემდეგ ორი მნიშვნელოვანი იერიში ზაზა ფაჩულიამ დააგვირგვინა, ხოლო პერიმეტრიდან მარკოიშვილმა და გრინმა მასპინძლებს ღრმა ჭრილობები მიაყენეს. ტორინის შორეული ტყორცნის შემდეგ ტაბლოზე ანგარიშის გრაფაში 74:69 დაფიქსირდა, ხოლო წამმზომზე - 03:32 (მატჩის დასრულებამდე).

დარჩენილ დროში სიტუაცია უფრო დაიძაბა. იგორ კოკოშკოვმა გამთამაშებლობა ამერიკელ ტორინს დაავალა, რაც სწორი ნაბიჯი იყო - გრინი ბურთს ცოცხალი თავით არ თმობდა და გადამწყვეტ მომენტში ალბათ ფარქვეშაც შეიჭრებოდა, თუმცა დრიბლინგი არ დასჭირვებია - ბულგარელები მასზე სამჯერ დაჯარიმდნენ და გრინის ზუსტმა საჯარიმოებმა საბოლოოდ რა ანგარიში დააფიქსირა, შესავალში მოგახსენეთ. ახლაც სიამოვნებით გავიმეორებთ - 83:79 ქართველთა სასარგებლოდ.

ციფრები

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ მხოლოდ ოთხქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, საქართველოს ნაკრებმა მასპინძლებს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა: 20-დან 9 სამქულიანი ჩააგდო (ბულგარეთმა 19-დან 7), 33-დან 19 ორქულიანი გამოიყენა (ბულგარელებმა 45-დან 22), 26-დან 19 საჯარიმო ძუსტი იყო (ბულგარეთელთა 20-დან 14), 38-ჯერ მოხსნეს (ბულგარეთმა 30)... შეცდომაც მასპინძლებზე მეტი დავუშვით - 17:9, თუმცა, საბედნიეროდ, ამით ბულგარელებმა ვერ ისარგებლეს.

გუშინწინდელ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანი იყო მანუჩარ მარკოიშვილის 23 და გრინის 14 ქულა. ტორინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მრავალმხრივი კალათბურთელია და შეიძლება უკეთესიც იყო მისი ელისის ნაცვლად ჩამოყვანა...

ხოლო მარკოიშვილმა სამქულიანები სწორედ ბულგარეთისთვის შემოინახა: თუ წინა სამ შეხვედრაში მას მხოლოდ 3 სამიანი ჰქონდა ჩაგდებული, ბულგარეთთან 5-დან 4 შორეული ტყორცნა გამოიყენა. სწორედ გრინის და მანუს ძალისხმევით მოიგო ნაკრებმა "ჩარიანი" (მონარდეთა ენაზე) სხვაობით. შაბათს მანუჩარი და ტორინი გამოირჩნენ, პორტუგალიასთან - ფაჩულია და სანიკიძე, პოლონეთთან - ცინცაძე და ფაჩულია... ეს გუნდური თამაშის მაჩვენებელია.

ბულგარეთი-საქართველო 79:83

22:23, 21:16, 11:19, 25:25

ბულგარეთი: დ. ივანოვი (23 წ. 15 ქ. 4 მ.), კ. ივანოვი (24 წ. 4 ქ. 5 მ.), ავრამოვი (10 წ. 3 ქ.), კოსტოვი (20 წ. 4 ქ.), ვიდენოვი (30 წ. 29 ქ. 3 მ. 3 პ.), კალოვეი (30 წ. 12 ქ. 4 მ. 4 პ. 4 ჩ.), ს. გეორგიევი (17 წ. 8 ქ. 3 მ.), ზ. გეორგიევი (10 წ. 2 ქ. 2 პ.), ა. გეორგიევი (20 წ. 2 ქ. 4 მ.), ვარბანოვი (15 წ.).

საქართველო: გამყრელიძე (14 წ. 5 ქ.), ფაჩულია (33 წ. 12 ქ. 8 მ. 3 პ. 2 დ.), ცინცაძე (28 წ. 6 ქ. 2 მ.), შერმადინი (7 წ. 2 ქ.), ტუღუში (4 წ.), მარკოიშვილი (25 წ. 23 ქ. 7 მ.), სანიკიძე (32 წ. 8 ქ. 9 მ. 6 პ.), მეტრეველი (1 წ.), გრინი (31 წ. 14 ქ. 5 პ.), ცქიტიშვილი (16 წ. 8 ქ. 2 მ. 2 პ.), შენგელია (11 წ. 5 ქ. 4 მ.).

მსაჯები: მილან მაზიჩი (სერბეთი), პეტროს პაპაპეტრუ (საბერძნეთი), რობერტ პაულიკი (ჩეხეთი)

mamuka
ჯიგრები ხართ,რა გახდა ერტი ჩარტერი ამ ლომებისტვის,ნამუსი არ არის?ფეხბურთელები მოლდოვაში ამხანაგურზე ჩარტერით გაუშვეს/
tazo
sagoolll dzmeb genacvalett magrebi xart!!!efre unda gaaagrdzelot da yvela gundi unda chamoitovott.....gmerti tqvensken dzmebo
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ