უსიამოვნო დასასრული ჰქონდა ცინცინატის ტურნირზე სერბი ანა ივანოვიჩის გამოსვლას

უსიამოვნო დასასრული ჰქონდა ცინცინატის ტურნირზე სერბი ანა ივანოვიჩის გამოსვლას. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა, როგორც იქნა, ხარისხიანი ჩოგბურთი აჩვენა და უმაღლესი კატეგორიის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა - ასეთი რამ კარგა ხანია არ მომხდარა. ანასთვის კარგი გამოცდა უნდა ყოფილიყო ბელგიელ კიმ კრაისტერსთან ნახევარფინალური შეხვედრა, მაგრამ საქმეში გაუთვალისწინებული ფაქტორი ჩაერია.

თამაშის დაწყებიდან სულ რაღაც 10 წუთი იყო გასული, როცა ერთ-ერთი დარტყმის შესარულებისას ივანოვიჩმა კორტზე ცუდად დადგა ფეხი და კოჭლობით დაბრუნდა თავის სკამთან. სერბმა ექიმი გამოიძახა, რომელმაც ჩოგბურთელს მტკივან ტერფზე სპეციალური სახვევი დაადო. ივანოვიჩმა თამაშის გაგრძელება სცადა, მაგრამ პირველივე გათამაშების შემდეგ ბადისკენ წავიდა და ხელი ჩამოართვა მოწინააღმდეგეს. ასეთი დრამატული ფინალი ჰქონდა პირველ ნახევარფინალს.

გუშინ გაირკვა ივანოვიჩის პირველი სამედიცინო შემოწმების შედეგები. საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანამ თავად გვიამბო Facebook-ის სოციალური ქსელის მეშვეობით: "გუშინ, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო დღე იყო. თავიდან ტრავმა, რომელმაც ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარების საშუალება არ მომცა, შემდეგ სამედიცინო გამოკვლევის შედეგების ლოდინი. კარგი ამბავი მაქვს - არაფერი მომიტეხია, მხოლოდ კუნთი დამეჭიმა.

ისევე როგორც თქვენ, მეც მოუთმენლად ველი კორტზე დაბრუნებას, მაგრამ ზუსტად არაფრის თქმა არ შემიძლია. დღეს ისევ წავალ ექიმთან და რამდენიმე დღეში უფრო მეტი მეცოდინება. ვცდილობ კარგი განწყობა შევინარჩუნო, მით უმეტეს, რომ ამ კვირას ძალიან კარგი ჩოგბურთი ვაჩვენე".

კლაისტერსის მეტოქე რუსულ დერბიში ირკვეოდა, რომელშიც მარია შარაპოვა და ანასტასია პავლიუჩენკოვა ხვდებოდნენ ერთმანეთს. ეს ამ ჩოგბურთელების პირველი დაპირისპირება იყო პროფესიულ ტურში. პირველ სეტში 19 წლის პავლიუჩენკოვა თანაბრად ებრძოდა ტიტულოვან და გამოცდილ მეტოქეს - კარგად აწვდიდა (პირველი მოწოდების სიზუსტემ 80 პროცენტს მიაღწია) და იოლად იგებდა საკუთარ გეიმებს, მიღებაზეც პერიოდულად წარმატებით თამაშობდა და ოთხი ბრეიკ-პოინტიც მიიღო, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შეძლო. მეცხრე გეიმში პავლიუჩენკოვას ხელი აუკანკალდა - ზედიზედ ორი ორმაგი შეცდომით გეიმი აჩუქა მეტოქეს, რომელმაც სეტზე ჩააწოდა და პარტია მოიგო - 6:4.

როცა მარიამ მეორე სეტში ბრეიკით წაიყვანა ანგარიში და თან მისმა მოწინააღმდეგემ კორტზე ექიმს უხმო, მატჩის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა. მაგრამ სამედიცინო ტაი-აუტმა და ამის შემდეგ ცენტრალურ კორტზე შუქის წასვლით (!) გამოწვეულმა 15-წუთიანმა პაუზამ შარაპოვაზე ცუდად იმოქმედა. მან შეცდომებს უმატა და პავლიუჩენკოვამ ანგარიში გაათანაბრა. მერვე გეიმში შარაპოვამ ყველა გათამაშება საკუთარი შეცდომების გამო დათმო და მისმა მოწინააღმდეგემ უპირატესობა ხელიდან აღარ გამუშვა - 6:3.

მაგრამ მესამე სეტისთვის ანასტასიას ძალა აღარ ეყო. თავი იჩინა წინა ეტაპებზე შაარ პეერთან და იანინა ვიკმაიერთან ორმა მარათონულმა მატჩმა. პავლიუჩენკოვას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ორი გეიმის განმავლობაში შვიდი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მაგრამ მერვეზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და სწორედ აქ წააგო სეტი. 4:2-ის შემდეგ შარაპოვამ შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და იოლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

ფინალისტები გამოვლინდნენ ტორონტოს მასტერსზეც. აქ ნახევარფინალში ATP-ის რეიტინგის პირველი ოთხი ნომერი გავიდა, ასე რომ, გუშინდელმა მატჩებმა უდიდესი ინტერესი გამოწვია. თავდაპირველად ურთიერთობა გაარკვიეს პირველმა და მეოთხე ჩოგნებმა - რაფაელ ნადალმა და ენდი მიურეიმ. შოტლანდიელი მისთვის არადამახასიათებელ აქტიურ ჩოგბურთს აჩვენებდა, რითაც ძალიან გააკვირვა თავისი მეტოქე. ამ ტაქტიკამ შედეგი მოიტანა - 6:3, 6:4 მიურეის სასარგებლოდ. თუმცა შეიძლება იმის თქმაც, რომ ორივე პარტიაში იყო მომენტები, როცა ყველაფერი შეიძლება პირიქით მომხდარიყო. ესპანელისთვის განსაკუთრებით დასანანი მეორე სეტში მარცხი იყო, როცა მან სტარტზე წაგებული ბრეიკი დაიბრუნა და ორი გეიმით წინ გასვლის ბრწყინვალე შანსი ვერ გამოიყენა. ამის გამო ბრიტანელმა ძალიან მალე დასაჯა ტურნირის უმთავრესი ფავორიტი.

მიურეის ფინალში როჯერ ფედერერი შეხვდება, რომელსაც ზედიზედ მეორე სამსეტიანი მატჩის ჩატარება მოუწია. სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეხვედრას დამატებითი ინტრიგაც ახლდა თან - ფაქტობრივად ეს იყო მატჩი რეიტინგის მეორე ადგილისთვის.

თავიდან ჯოკოვიჩს არაფერი გამოსდიოდა. პირველ სეტში მან 16 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ამასთან, აქტიური მოქმედებით მხოლოდ ორი ქულა აიღო. აქედან მოდის სეტის გამანადგურებელი ანგარიში - 6:1 შვეიცარიელის სასარგებლოდ. მეორე პარტია ახალი დაწყებული იყო, როცა ფედერერმა მორიგი ბრეიკი გააკეთა და 2:0 დაწინაურდა. და სწორედ აქ სერბმა თავისი საბრძოლო ხასიათი სრულად გამოავლინა. მან ანგარიში გაათანაბრა და წინ გავიდა, გადამწყვეტი კი მეშვიდე გეიმი გამოდგა, რომელიც 15 (!) წუთი გაგრძელდა. ორი ბრეიკ-პოინტის მიუხედავად, ჯოკოვიჩმა შეინარჩუნა საკუთარი მოწოდება, რის შემდეგაც როჯერმა ჩააგდო საკუთარი გეიმი. ფედერერს შეეძლო პარტიის გადარჩენა, მაგრამ სერბმა მაინც ჩააწოდა სეტზე - 6:3.

გადამწყვეტ პარტიაში ისევ შვეიცარიელმა შეძლო წინ გასვლა - ჯოკოვიჩმა მას ბრეიკი აჩუქა, როცა ერთი გეიმის განმავლობაში ოთხი უნებლიე შეცდომა დაუშვა. 1:4-ზე ნოვაკმა ჩოგანი შეცვალა და მაშინვე გამოასწორა თამაში. ისევე როგორც მეორე სეტში, მან ამჯერადაც შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მე-11 გეიმში მეტოქის მოწოდებაზე სერბმა სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ეს ბრწყინვალე შანსი ვერ გამოიყენა. განაწყენებულმა "ჯოკერმა" თავისი ბედნიერი ჩოგანი დაამსხვრია და ამის შემდეგ მატჩში მეხუთედ წააგო საკუთარი გეიმი - 5:7. ამ მოგებით, ფედერერმა დაიბრუნა რეიტინგში მეორე პოზიცია.

ATP

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 430 000 დოლარი

1/4 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 3:6, 6:3, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ჟერემი შარდი (საფ) 6:2, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 6:3, 5:7, 7:6(5); ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-დავიდ ნალბანდიანი (არგ) 6:2, 6:2.

1/2 ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-რაფაელ ნადალი (ესპ, 1) 6:3, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2) 6:1, 3:6, 7:5.

WTA

Women's Open

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 000 000 დოლარი

1/4 ფინალი

კიმ კლაისტერსი (ბელ, 4)-ფლავია პენეტა (იტა, 11) 7:6(6), 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 10)-მარიონ ბარტოლი (საფ, 16) 6:1, 6:4; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 12) 7:5, 3:6, 6:1; ანა ივანოვიჩი (სერ)-აკგულ ამანმურადოვა (უზბ) 6:1, 6:3;

1/2 ფინალი

კიმ კლაისტერსი (ბელ, 4)-ანა ივანოვიჩი (სერ) 2:1 ივანოვიჩის უარი; მარია შარაპოვა (რუს, 10)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს) 6:4, 3:6, 6:2.

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა