აშშ-ის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩმა ფედერერთან მარათონში ორი მატჩბოლი მოიგერია და ფინალში გავიდა
ამ სეზონში მეორედ, "დიდი სლემის" მამაკაცთა ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია ATP-ის რეიტინგის პირველმა ოთხმა ნომერმა (ამერიკის ღიაზე ასეთი რამ ბოლო 19 წლის განმავლობაში პირველად მოხდა). თანაც ლიდერებმა ეს განსაკუთრებული გართულების გარეშე გააკეთეს.

რაფაელ ნადალს არც ერთი სეტი არ წაუგია, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და როჯერ ფედერერმა თითო პარტია დათმეს და მხოლოდ ენდი მიურეი იყო მეორე წრეში ახლო დამარცხებასთან, როცა რობინ ჰაასესთან სეტებში 0:2-ს აგებდა, მაგრამ შემდეგ იმ მატჩშიც და ტურნირშიც კარგი ტემპი აკრიფა და ისევ ფავორიტთა შორის ჩაეწერა.

სათამაშო დღეს ჯოკოვიჩი და ფედერერი ხსნიდნენ. პირველ სეტში მათ მიღებაზე თამაში არ გამოსდიოდათ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ბურთს მხოლოდ 60-პროცენტიანი სიზუსტით აწვდიდნენ.

ამიტომაც, ამ პარტიის ლოგიკური დასასრული გახდა ტაი-ბრეიკი, სადაც თავიდან ფედერერი კარგად გამოიყურებოდა და თითქოს გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვა - 5:2-ზე შვეიცარიელს ორი მოწოდება ჰქონდა. მართალია, პირველზე ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაგრამ შემდეგ მაინც მოიპოვა სამმაგი სეტბოლი.

აქ ნოვაკის გმირობის ჯერი დადგა - სერბმა ზედიზედ სამი ბურთი ჩააგდო, შემდეგ მეოთხე სეტბოლიც მოიგერია, მაგრამ "შემოკლებული გეიმი" მაინც დათმო - 7:9.

შემდეგ პარტიაში ფედერერმა შეინარჩუნა ინიციატივა და შეტევაში ბრწყინვალედ მოქმედებდა. უკვე სეტის სტარტზე მან ბრეიკის შესრულება მოახერხა.

სამი გეიმის შემდეგ ჯოკოვიჩმა ისარგებლა მეტოქის ოდნავი მოდუნებით და აღადგინა თანაფარდობა, თუმცა როჯერი მაშინვე მოეგო გონს და მეშვიდე გეიმში სერბის მოწოდება "მშრალი" ანგარიშით აიღო, რის შემდეგაც სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:4.

მაგრამ ასეთ ტემპში შეხვედრის დასრულება შვეიცარიელმა ვერ მოახერხა. მესამე სეტის დასაწყისში მან კონცენტრაცია დაკარგა და ეს ჩავარდნა კარგა ხანს გაგრძელდა.

ამასობაში, ნოვაკმა აქტიურობას უმატა და ფედერერი კუთხეებში არბენინა, რასაც როჯერის მხრიდან ბევრი შეცდომა მოყვა. ასეთ სიტუაციაში ფედერერი ვეღარ ახერხებდა ისე აქტიურობას, როგორც ამას პირველ ორ პარტიაში აკეთებდა.

ჯოკოვიჩმა დამაჯერებლად მოიგო მესამე სეტი, მეოთხეს ბოლოს კი უკვე აშკარად გამოიკვეთა მისი უკეთესი ფიზიკური მომზადება - როჯერმა პარტიის დასაწყისში წააგო თავისი მოწოდება, ბრძოლას თავი მიანება და ძალები მეხუთე სეტისთვის შეინახა.

ამგვარმა პრაქტიკამ კინაღამ გაამართლა. გადამწყვეტ პარტიაში თავიდან მეტოქეები მორიგეობით იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს, მერვე გეიმში კი ნოვაკს ნერვებმა უმტყუნეს - თავიდან მან 0:30-ზე ორმაგი შეცდომა დაუშვა, შემდეგ ბრეიკ-პოინტის დროს შეცდა.

ფედერერმა მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო და ძალიან ახლოს იყო ფინალში გასვლასთან - როჯერმა ორი მატჩბოლი მოიპოვა. ერთ-ერთის დროს ჯოკოვიჩს შემთხვევითი მიღება გამოუვიდა, თუმცა მისი კროსი ხაზზე მართლაც ბრწყინვალე გამოვიდა. მოკლედ ნოვაკმა საფრთხე მოიგერია, შვეიცარიელი კი ანერვიულდა და როცა საქმე ბრეიკ-პოინტამდე მივიდა, ორმაგი შეცდომა დაუშვა.

საკუთარი მოწოდების წაგების შემდეგ ფედერერის თამაში ბოლომდე მოიშალა და ჯოკოვიჩმა ამერიკის ღიაზე ზედიზედ მეორედ დაამარცხა როჯერი ისე, რომ მატჩის მსვლელობისას ორი მატჩბოლის მოგერიება მოუწია - 7:5.

"შესაძლოა, სეზონში საუკეთესო გამარჯვებას მივაღწიე. რატომ? იმიტომ, რომ სეტებში 0:2-ს ვაგებდი, კარიერაში კი ასეთი მატჩები ხშირად არ მომიგია. თუ არ ვცდები, ასეთი რამ ბოლოს ხუთი თუ ექვსი წლის წინ მოხდა... თანაც მე როჯერ ფედერერის წინააღმდეგ ვთამაშობდი, რომლის კლასი ყველასთვის ცნობილია.

როცა მას ანგარიში მიჰყავს, თითქმის არავის აძლევს დაწევის შანსს. მაგრამ მე შევძელი თამაშის მომატება და ორი ფანტასტიკური სეტი ვითამაშე: მესამე და მეოთხე. შემდეგ კი იყო კულმინაცია, როცა ჩემი საუკეთესო თამაში უნდა მეჩვენებინა და ეს გამომივიდა", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ჯოკოვიჩმა.

სერბი ფინალში რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელმაც ენდი მიურეი ოთხ სეტში დაამარცხა. მათი მატჩი არანაკლებად დაძაბული გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად იგრძნობდა ნადალის უპირატესობა. ესპანელმა ჯერ კიდევ წინა წრეში ენდი როდიკის განადგურებით დაამტკიცა, რომ მართლაც ბრწყინვალე ფორმა აკრიფა, ახლა კი ეს მოსაზრება მიურეის დამარცხებით გაამყარა.

ამ ნახევარფინალის პირველ ორ პარტიაში მიურეი აქტიურად თამაშს ცდილობდა, მაგრამ, ამასთან, ბევრ უნებლიე შეცდომას უშვებდა, ნადალი კი გაცილებით საიმედოდ და ზუსტად თამაშობდა. ხანგრძლივ გეიმებში, რომელიც მატჩში მრავლად იყო, სწორედ რაფა გამოდიოდა გამარჯვებული.

მესამე სეტში მიურეიმ ბადესთან თამაში გააუმჯობესა, შეცდომების რაოდენობა შეამცირა და ამან მაშინვე იმოქმედა შედეგზე - ბრიტანელმა პარტია 6:3 მოიგო.

ენდიმ ინერციით კინაღამ ბრეიკი გააკეთა მეოთხე სეტის დასაწყისში, მაგრამ საკუთარი შეცდომების გამო ვერ გამოიყენა ეს შანსი. შესაძლოა, სწორედ ამ მომენტმა იმოქმედა მიურეიზე და მან ისევ უმატა შეცდომებს. ნადალმა ეს ფაქტორი კარგად გამოიყენა და მეოთხე სეტი დამაჯერებელი ანგარიშით - 6:2 მოიგო.

მაშ ასე, ზედიზედ მეორედ ამერიკის ღია პირველობის ფინალში ნადალი და ჯოკოვიჩი ითამაშებენ. შარშან რაფამ ოთხ სეტში (6:4, 5:7, 6:4, 6:2) მოუგო მაშინ ჯერ კიდევ მსოფლიოს მეორე ნომერს, თუმცა წელს ამ ჩოგბურთელებს შორის გამართული ხუთიდან ხუთი მატჩი (ხუთივე ფინალი იყო) ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა.

კაცები

1/4 ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ჯონ ისნერი (აშშ, 28) 7:5, 6:4, 3:6, 7:6(2); რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ენდი როდიკი (აშშ, 21) 6:2, 6:1, 6:3.

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 6:7(7), 4:6, 6:3, 6:2, 7:5; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ენდი მიურეი (ბრიტ, 4) 6:4, 6:2, 3:6, 6:2.

წყვილები. ფინალი

იურგენ მელცერი/ფილიპ პეტცშნერი (ავსტრია/გერ, 9)-მარიუშ ფირსტენბერგი/მარცინ მატკოვსკი (პოლ, 6) 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
"ატალანტას" რაფაელე პალადინო გაწვრთნის
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა