სტამმბოლში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 55 კგ წონით კატეგორიაში ჩვენი გუნდის ლიდერისგან დიდ წარმატებას ველოდით

სტამბოლში თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატიც ცივი შხაპით დავიწყეთ - გუშინ, პირველ დღეს ვაჟებში მხოლოდ 55 წონითი კატეგორიის ფალავნები ჭიდაობდნენ. ამ წონაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მისგან დიდ წარმატებას ველოდით, მაგრამ დამარცხდა და მედალი კი არა, ლიცენზიაც ვერ მოიპოვა.

არადა, ამ უკანასკნელ მიზნამდე მხოლოდ ერთი მოგება დააკლდა - ჯერ ძირითად ბადეში, მერე - დამამშვიდებელშიც. თან ისეთი ბადე შეხვდა, ძირითადში სწორედ ის ერთი ბრძოლა უნდა მოეგო, თორემ დანარჩენები საჭიდაო თვალსაზრისით, ეგზოტიკური ქვეყნებიდან იყვნენ - ვენესუელა, ჩინეთი, ნამიბია... მართალია, სუსტი არც მეოთხედფინალში შეხვდებოდა, რადგან ბადის იმ ნახევრიდან სულ მსოფლიოს ჩემპიონები და ერთმანეთზე უძლიერესი ფალავნები მოუდიოდნენ, მაგრამ ყველა თუ არა, ერთი პრინციპული შეხვედრა მაინც უნდა მოიგო.

სად ასეთი ბადე და სად ისეთი წილისყრა, თავიდან ბოლომდე დატვირთული გზა რომ გაქვს გასასვლელი და უკლებლივ ყველა შეხვედრა პრინციპულია, როცა სულის მოთქმის საშუალებაც არ გაქვს. ხინჩეგაშვილი ახალგაზრდა ფალავანია და გვჯერა, ლიცენზიასაც მოიპოვებს და ლონდონშიც ფავორიტი იქნება. სულაც არ ვაპირებთ მის გაკრიტიკებას, მაგრამ ფაქტია - მასაც ის დაემართა, რაც უმეტესად მოსდით ხოლმე ქართველ სპორტსმენებს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის წინ.

რატომ ხდება ეს, ხომ არაა საჭირო სპორტში უფრო აქტიურად ფსიქოლოგის ჩარევა? არადა, მედიცინის ეს მნიშვნელოვანი სფერო თვით მედიცინაშია გერის როლში, არათუ სპორტში.

იმ წაგებამდე გორელმა ფალავანმა ბრწყინვალედ იჭიდავა და სამ შეხვედრაში ექვსივე პერიოდი ქულებით წმინდად მოიგო - ვენესუელელი ფერნანდო ხოსე პარედეს როხასი ორი პერიოდის ჯამში 14:0 დაამარცხა, ჩინელი მუდე ქი - 12:0, ნამიბიელი (!) ნაატელა სემ შილიმელა - 13:0. ყურადღება მიაქციეთ ამ სამ შეხვედრაში მის მართლაც შთამბეჭდავ სტატისტიკას - 39:0! ეს ფანტასტიკის სფეროს ჰგავს და მაშ რა მოხდა მეოთხედფინალში ბულგარელ მიროსლავ რადოსლავ ველიკოვთან?

ბულგარელი წონის ერთ-ერთი ლიდერია - მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი, მაგრამ ხინჩეგაშვილმა წლეულს მას იმავე სტამბოლში იაშარ დოგუს მემორიალზე პირწმინდად აჯობა. ისე, ჩვენი მოჭიდავეებისთვის ესეც ნიშანდობლივია - საერთაშორისო ტურნირზე დანამარცხებ მეტოქესთან ოფიციალურ შეჯიბრებებში ხშირად აგებენ. ალბათ, იმიტომ, რომ უცხოელები იმ ტურნირებს ოფიციალურებისთვის მოსამზადებლად იყენებენ, იქ დაშვებულ შეცდომებს ითვალისწინებენ და ყველა ასპექტში უმატებენ, ჩვენები კი - არა. ჩვენები იმ მოგების შემდეგ ხშირად მიეცემიან ხოლმე გულარხეინობას.

ბუნებრივია, ველიკოვთან წაგებას აუცილებლად დაუკავშირებენ მსაჯთა ფაქტორს და არ გამოვრიცხავთ, ეს ფაქტორიც იყოს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ხინჩეგაშვილმა 1:0-ზე მოგებული პირველი პერიოდის შემდეგ მეორეში 2:0 დაწინაურდა, მაგრამ დამთავრებამდე 5 წამით (!) ადრე ორქულიანი გდება ძალიან იოლად გაატარა.

მწვრთნელებმა მსაჯთა გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რაც არ დააკმაყოფილეს და ველიკოვს კიდევ ერთი ქულა დაუმატეს - 3:2 ბულგარელის სასარგებლოდ. ჩვენებური ამან გატეხა თუ რა იყო, დამატებითი 0:1 დათმო. არადა, ეს რომ მოეგო, მედალი არა, მაგრამ ლიცენზია განაღდებული ექნებოდა - ნახევარფინალში გავიდოდა, იქ კი რომც წაეგო, ექვსეულში მაინც მოხვდებოდა, რაც ლონდონის საგზურსაც გაუნაღდებდა.

ხინჩეგაშვილს ლიცენზიის შანსი კიდევ რჩებოდა, რაკიღა ბულგარელი ფინალში გავიდა და მას სანუგეშო ტურნირის კარი გაუღო. იქ ჩვენებურს სულ ორი შეხვედრის ჩატარება უწევდა მედლამდე, ლიცენზიამდე კი მხოლოდ ერთის - საკმარისი იყო, პირველი შეხვედრა მოეგო ირანელ ჰასან რაჰიმისთან. ირანელი მისთვის უხერხული მეტოქეა - ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზეც მოუგო და ახლაც გაიმარჯვა იმ ის ჯკიხედავად, რომ ხინჩეგაშვილმა პირველი პერიოდი მასაც მოუგო - 2:1. მეორე პერიოდში იყო მომენტი, როცა ჯვარედინ მოვლებაზე ქართველმა მეტოქე ვერ გადააგდო, თორემ შეხვედრასაც მოიგებდა. დამატებითში ერთხელ საკუთარ ილეთზე წამოეგო და დაღლაც დაეტყო...

ამას იმიტომ ვამბობთ, რომ გვინდა, საოლიმპიადოდ ეს შეცდომები გამოასწოროს, იქ მოხვედრის მთელი იმედები კი მომავალ სეზონზე გადაიტანა, მანამ კი, ალბათ, ამ მარცხს აუცილებლად მოჰყვება დისკუსია თემაზე, უნდა ეჭიდავა თუ არა მას მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა. არადა, მართლაც საცოდაობაა ასეთი წარუმატებლობა ახალგაზრდულ ნაკრებში დუბლის გამკეთებელი და უფროსებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი სპორტსმენისგან.

ხვალ ჩემპიონატში უკვე სამი წონითი კატეგორიის ფალავნები ჩაებმებიან, ჩვენგან კი მალხაზ ზარქუა (60), დავით მარსაგიშვილი (84) და გიორგი გოგშელიძე (96) იჭიდავებენ. ამათგან გოგშელიძეს ძალიან ცუდი წილისყრა შეხვდა. ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზარქუა პირველ შეხვედრას პუერტო რიკოელ ფრანკლინ მატოს გომესთან გამართავს, მერვედფინალამდე კი სერიოზული მეტოქე არავინ ჰყავს. იმ ეტაპზე სავარაუდო მმეტოქეთა შორის ორი ტიტულოვანია - აზერბაიჯანელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მედალოსანი ზელიმხან ჰუსეინოვი და ვახტანგ ბალავაძის სახელობის წლევანდელი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი, მასპინძელი ერსინ ცეტინი, თუმცა ისინი ადრევე ხვდებიან ერთმანეთს.

მარსაგიშვილი ბერძენთა ქართველ ევროპის ჩემპიონ ემზარ ბედინეიშვილს, ემზარიოს ბედინიდისს შეხვდება, მასტან წარმატების შემთხვევაში კი შვეიცარიელ მარკო ლუკას რისენსა და რუმინელ ევროპის პრიზიორ სტეფან გეორგიტას შორის მოგებულს შეხვდება.

ცნობილთაგან ბადის ამავე მხარესაა უკრაინელი მსოფლიოს ჩემპიონი იბრაგიმ ალდატოვია და ისიც ნახევარფინალამდე არ შეხვდება. გოგშელიძეს ადრეულ ეტაპზე ისევ რუსთა ჰაჯიმურატ გაცალოვთან მოუწევს შეხვედრა - თუ მესამე ეტაპზე გავა, თუმცა მანამდე პირველი სეხვედრაც რთული ექნება - ოლიმპიადის ყაზახ ვიცე-ჩემპიონ თეიმურაზ თიგიევს ხვდება, ვისთანაც პეკინის ოლიმპიადის ნახევარფინალში წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა