"სანტოსის" ვუნდერკინდი ნეიმარი ის მოთამაშეა, რომელიც ახალ ტენდენციას ადასტურებს
ბრაზილია ყოველთვის განთქმული იყო იმით, რომ ყოველწლიურად აგზავნიდა ევროპულ კლუბებში ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც შემდეგ მსოფლიო დონის ვარსკვლავები ხდებოდნენ.

რამდენიმე კარგად ჩატარებული მატჩი და ფინტები საკმარისი გახლდათ რომელიმე ევროპული კლუბის ანკესზე წამოსაგებად. მათი წარმომადგენლები ხომ მუდმივად სტუმრობდნენ და სტუმრობენ ნიჭიერი ფეხბურთელებით სავსე ქვეყანას.

ხმაურიანი ბრაზილიური ტრანსფერების ჩამოთვლა მრავლად შეიძლება, მაგალითად, 2003 წელს "სან პაულუდან" "მილანში" კაკას 8.5 მილიონ დოლარად გადასვლა, ან 2007 წელს მადრიდის "რეალის" მიერ "ფლუმინენსესთვის" გადახდილი 6.5 მილიონი დოლარი მარსელოს სანაცვლოდ.

მაგრამ ახლა დროება შეიცვალა და ბრაზილიელი ვარსკვლავები შინ რჩებიან.

"დღეს ბრაზილიური ბაზარი ძალიან შეიცვალა. ადრე, 20 ან 30 მილიონი დოლარის შეთავაზების შემთხვევაში, ბრაზილიური კლუბი დაუფიქრებლად უშვებდა ფეხბურთელს ევროპაში, რადგან ეს ძალიან დიდი ფული იყო. მაგრამ დღეს სულ სხვა სიტუაციაა - ბრაზილიური ვალუტის გაძლიერების გამო, ასეთი თანხები უკვე აღარ არის მიმზიდველი", - ამბობს სპორტული მარკეტინგის სპეციალისტი ამირ სომოგი.

"სანტოსის" ვუნდერკინდი ნეიმარია ის მოთამაშე, რომელიც ამ ახალ ტენდენციას ადასტურებს. "ჩელსიმ" 2010 წლის აგვისტოში ახალგაზრდა ვარსკვლავის სანაცვლოდ 20 მილიონის გადახდა გადაწყვიტა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ცოტა ხნის წინ კი ესპანურმა გრანდებმა - "რეალმა" და "ბარსელონამ" ეს თანხა გააორმაგეს. ორივე შემთხვევაში "სანტოსმა" მოამზადა ფინანსური პაკეტი, რათა თავისი ლიდერი კლუბში შეენარჩუნებინა. როგორც ვარაუდობენ, ამჟამად ნეიმარის ხელფასი "სანტოსში" დაახლოებით 500 ათას ევროს იღებს თვეში.

ნეიმარის თანაგუნდელი - განსო კიდევ ერთი სასურველი მოთამაშეა ევროპული გრანდებისთვის. "სანტოსმა" ის 50 მილიონ დოლარად შეაფასა, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ განსო კიდევ კარგა ხანი შერჩება თავის ამჟამინდელ გუნდს. "სანტოსს" სულაც არ ეჩქარება მისი გაყიდვა.

ისევ ამირ სომოგის მოვუსმინოთ: "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბაზარი შეიცვალა, ბრაზილიური ვალუტა გამყარდა და ახლა აქაური კლუბები მზად არიან შეინარჩუნონ საკუთარი მოთამაშეები".

გასულ წელს, ზაფხულში ბრაზილიიდან ევროპაში 45 ფეხბურთელი წავიდა, 2011 წელს ეს რიცხვი 19-მდე დავიდა.

2003 წელს, კლუბების შემოსავლის 37 პროცენტი მოთამაშეთა გაყიდვაზე მოდიოდა, 2010 წლისთვის ქვეყნის მთავარი კლუბებისთვის ეს მაჩვენებელი 15 პროცენტამდე დაეცა.

"დღეს ბრაზილიაში ისეთივე ხელფასები გვაქვს, როგორიც ესპანური კლუბების ფეხბურთელებს. რა თქმა უნდა, "რეალსა" და "ბარსელონას" არ ვგულისხმობ. კარგია, რომ ძლიერი ფეხბურთელები აქ რჩებიან, ხოლო სხვები სამშობლოში ბრუნდებიან", - ამბობს "სან პაულუს" ლეგენდარული კაპიტანი და გოლეადორი მეკარე როჟერიო სენი.

"სან პაულუ" კიდევ ერთი კლუბია, რომელსაც თავისი ვარსკვლავების შესანარჩუნებლად უწევს ზრუნვა და ამას კარგად ახერხებს. ცოტა ხნის წინ, ლუკას მოურას 2015 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივეს კონტრაქტი. მისი ხელფასი შესამჩნევად გაიზარდა და ახლა, ლუკასის მსურველ კლუბებს მის შესაძენად 80 მილიონის გადახდა მოუწევთ.

20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები ჩემპიონი გახდა, ხოლო მისი ლიდერი კაზემირო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შემდეგ "სან პაულუს" ხელმძღვანელობამ ასევე 2015 წლამდე გაიფორმა ეს 20 წლის ნახევარმცველი და ახლა, მის სანაცვლოდ 50 მილიონს ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს კაზემიროთი "იუვენტუსი" და "ლაციო" იყვნენ დაინტერესებულნი.

მაგრამ ბრაზილიური კლუბები მხოლოდ ახალგაზრდა ვარსკვლავების შენარჩუნებით არ არიან დაკავებული. მაგალითად, "სან პაულუმ" წელს ყველაზე დიდი თანხა გადაიხადა შემადგენლობის გასაძლიერებლად - მან 7.6 მილიონი ევრო გადაიხადა ბრაზილიელი ფორვარდისთვის ლუიშ ფაბიანოსთვის.

ერთ-ერთი ფინანსური კვლევის თანახმად, გასული რვა წლის განმავლობაში ბრაზილიური კლუბების შემოსავალი 171 პროცენტით გაიზარდა - ძირითადად სპონსორებისა და სწორი მარკეტინგის წყალობით.

2012 წელს ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდება, რადგან ამოქმედდება წელიწადში 450 მილიონი ევროს ოდენობის სატელევიზიო კონტრაქტი.

"თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 2011 წლის ბოლოს, ყველაზე შემოსავლიანი კლუბების საუკეთესო ოცეულში ერთ ან ორ ბრაზილიურ გუნდს ვიხილავთ. ეს ერთ-ერთი საშუალებაა იმის შესაფასებლად, რამდენად გაიზარდა ბრაზილიური საკლუბო ფეხბურთის დონე", - ამბობს "სან პაულუს" მარკეტინგის დირექტორი ადალბერტო ბაპტიშტა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ამ ზაფხულს შინ დაბრუნდა, ნახევარმცველი ალექსი გახლავთ. მოსკოვის "სპარტაკში" ორი წელი თამაშის შემდეგ, 29 წლის ფეხბურთელი 6 მილიონ ევროდ გადავიდა "კორინთიანსში".

"ბევრი ჩვენთაგანი, რომლებმაც ბრაზილია უკეთესი ფინანსური პირობების საძებნელად დავტოვეთ, უკან ვბრუნდებით და ხშირ შემთხვევაში, აქ უკეთესი ფინანსური პირობები გვხვდება, ვიდრე საზღვარგარეთ გვქონდა", - აცხადებს ალექსი.

ძლიერი ეკონომიკის წყალობით, ბრაზილიური ფეხბურთი არასოდეს ყოფილა მსოფლიო ბაზარზე ასეთი კონკურენტუნარიანი. თანაც მხოლოდ გრანდები არ მომძლავრებულან ფინანსურად - საშუალო დონის კლუბებიც მყარად დგანან ფეხზე და ისინიც ცდილობენ საკუთარი ფეხბურთელების უკან დაბრუნებას.

დათვლილია, რომ გასულ სეზონში ბრაზილია რეპატრირებული ფეხბურთელების რაოდენობით ლიდერია ყველა ქვეყანას შორის. ჯამში სამშობლოში 135 ფეხბურთელი დაბრუნდა.

"კარგია, რომ კლუბებმა ისწავლეს, როგორ გამოიყენონ საკუთარ ინტერესებში ბრაზილიის ახალი ეკონომიკა. ისწავლეს, როგორ იმუშაონ ასეთ სიტუაციაში და როგორ მიიღონ მოგება. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს კლუბებს უფრო მეტი ფული იშოვნონ და უკეთესი პირობები შეუქმნან საკუთარ ფეხბურთელებს", - ესეც ალექსის სიტყვებია.

თანაც, გასული წლებისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ ვეტერანები არ ჩამოდიან კარიერის დასასრულებლად. რონალდინიო "მილანიდან" "ფლამენგოში" ამ წლის დასაწყისში გადავიდა და ყოველთვიური ხელფასის სახით 600 ათას ევრო მიიღო. 30 წლის ფეხბურთელს თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი უდგას. დაახლოებით ისეთი, როგორიც "ბარსელონაში" ჰქონდა. შესაბამისად, ის ცოტა ხნის წინ ბრაზილიის ნაკრებში დააბრუნეს.

ამჟამად, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის ბრაზილიაში 12 სტადიონს უტარებენ რეკონსტრუქციას, რის შემდეგაც ბრაზილეირაოს მატჩები უფრო სასიამოვნო სანახავი იქნება.

მოკლედ, ქვეყანაში ნიჭიერი ფეხბურთელების გადინების შეჩერება და ლეგიონერების დაბრუნება - ბრაზილიური კლუბების ახალი რეალობაა.

შედეგი კი ის არის, რომ მოედანზე უფრო დაძაბულ ბრძოლებს ვხედავთ, ტრიბუნებზე - მეტ აღფრთოვანებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ