მსოფლიოზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი 3 ბრინჯაო და 4 ლიცენზიაა
მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გამოსვლა პოსტფაქტუმ შევაფასეთ, "თავისუფლებზე" კი დღემდე არაფერი გვითქვამს, რადგან ძიუდოს ამბებმა, ცოტა არ იყოს და გადაგვიყოლა.

ძნელია, ერთნიშნად შევაფასოთ სტამბოლში "თავისუფალთა" გამოსვლა, რომლებმაც 3 ბრინჯაოს მედალი და 4 ლიცენზია მოიპოვეს. პრიზიორები დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84) და დავით მოძმანაშვილი (120) გახდნენ.

რაოდენობრივად შვიდკაცა გუნდისთვის არც ჯილდოების რაოდენობაა ცუდი და არც - საგზურებისა, მაგრამ მედლების ხარისხის გაუმჯობესება ნამდვილად სასურველია. მით უფრო, ქართულ საჭიდაო თემს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 2007 წლის შემდეგ არ ღირსებია.

თუმცა მაშინ ბერძენ-რომაელებმა ივარგეს - ბაქოში დავით ბედინაძემ (60) და რამაზ ნოზაძემ (96) იყოჩაღეს, თორემ "თავისუფლებმა" ეს ტიტული ბოლოს 2005-ში მოიპოვეს - ბუდაპეშტში რევაზ მინდორაშვილმა (84) გაიმარჯვა.

დაგვეთანხმებით, დიდი შუალედია და წლეულს მის შევსებას ნამდვილად ველოდით, რადგან გუნდში ძალიან ნიჭიერი თაობა მოვიდა. სამი მედალოსანიდან ორი - ხუციშვილი და მარსაგიშვილი უშუალოდ ამ თაობის წევრია. ისინი, ჯერ კიდევ გუშინ, ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიოდნენ.

თუმცა, ვეტერანი არც 25 წლის მოძმანაშვილს ეთქმის. უბრალოდ, ის გამოცდილებით აღემატება ახალგაზრდა კოლეგებს. ვფიქრობთ, მისთვის ეს ტურნირი ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხიც კი გახდება.

მისი ამბავი ყველას მოგეხსენებათ - 2008 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, თუმცა შემდეგ დოპინგზე ჩავარდა და ორწლიანი დისკვალიფიკაციითაც დაისაჯა. ესეც ძალიან ცუდი, მაგრამ უფრო სავალალო თანამდევი ფსიქოლოგიური პრობლემები აღმოჩნდა - მოძმანაშვილს გაუჩნდა სერიოზული შიში, რომ დამხმარე საშუალებების გარეშე ვეღარაფერს მოიგებდა.

ამას სატურნირო პრაქტიკის დეფიციტიც დაემატა და აქამდე ებრძოდა საკუთარ თავს. მწვრთნელებმა ნელ-ნელა კი გამოიყვანეს მდგომარეობიდან, მაგრამ ამ სენის დასამარცხებლად დიდ ტურნირზე წარმატებაც სჭირდებოდა. ვფიქრობ, მისთვის ასეთად სტამბოლური არენა იქცეოდა - იქ ხომ ისეთ ძლიერ ფალავნებს მოუგო, როგორიც ირანელი მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი ფარდინ მასოუმი ვალადი, მასპინძელთა ევროპის ჩემპიონი ფატიჰ ჩაკიროღლუ და ამერიკელი მსოფლიოს პრიზიორი ტერველ დლაგნევი არიან. ვფიქრობ, ამით მან საკუთარი ძალებისაც ირწმუნა და ისიც, რომ მოგება ყველასთან შეიძლება.

ბოლო ორ სეზონში აშკარაა მოძმანაშვილისა და ხუციშვილის პროგრესიც, თუმცა პირველის შემთხვევაში ამას ახალგაზრდულ ტურნირებზეც თუ ვხედავდით, ხუციშვილს ასაკის გამო წლეულს იქ არ უჭიდავია და ამჯერად სრული მოულოდნებლობა შემოგვთავაზა - შემტევ, ძალიან აგრესიულ სტილში იჭიდავა.

ადრე ის ძირითადად დაცვიდან ჭიდაობდა, მშვენივრად იცავდა თავს და უფრო მეტოქის შეცდომას ელოდებოდა, ამჯერად კი აგრესიულ, ოღონდ არა უხეშ თავდამსხმელად მოგვევლინა და რაც მთავარია, შესაშური ჟინი, მებრძოლი ხასიათი გამოავლინა. სწორედ ამ თვისებებმა მოაგებინეს ბრინჯაოსთვის შეხვედრა ყაზახ აბდულკამიკ შაპიევთან. პირველი პერიოდის დასაწყისში ჩვენებურს კონცენტრაცია გაუჭირდა და მალევე დაკარგა ხუთი ქულა.

პერიოდის ბედი, არსებითად, გადაწყვეტილი იყო და ბევრი ფარ-ხმალსაც დაყრიდა, მაგრამ ხუციშვილს წაგების საშიშროებამ თითქოს ბრძოლის სურვილი გაუათკეცა, ისე შეუტია მეტოქეს. მართალია, პერიოდი ვერ მოიგო, მაგრამ ყაზახი საგრძნობლად დაღალა, რამაც შედეგი მომდევნო პერიოდებში გამოიღო, სადაც ისევ აგრძელებდა ზეწოლას და გაიმარჯვა კიდეც. ის დაცვაში ადრეც შეუდარებელი იყო და თუ თვითონ ვერ აგროვებდა ბევრ ქულას, მოწინააღდეგეებსაც ძალზე ცოტას უთმობდა.

მისთვის ქულის ართმევა ნებისმიერი მეტოქისთვის ძნელი იყო. იმედია, ის დაცვაში ჭიდაობის ხელოვნებას სამომავლოდაც შეინარჩუნებს, ხოლო შემტევი სტილის გამომუშავებით კიდევ უფრო მრისხანე გახდა. სასიხარულოა, რომ ისიც და მარსაგიშვილიც ოლიმპიადის წინ უმატებენ და ერთ ადგილზე არ არიან გაჩერებულები. თან ორივე საკმაოდ ჭკვიანი მოჭიდავეა და ხალიჩაზე აზროვნებენ, რაც ნებისმიერი სპორტმენისთვის დიდი პლუსია.

წაგება არასოდეს არა არის გამართლებული, მაგრამ მედალოსანთა შემთხვევაში ნამდვილად აღსანიშნავია, რომ სამივე დამარცხდა წონის ლიდერთან და არა შემთხვევით მონაწილესთან - ხუციშვილი ირანელ მომავალ ფინალისტ სადეგ საედ გოუდარზისთან, მარსაგიშვილიც ასევე მომავალ ფინალისტთან, უკრაინელ მსოფლიოს ჩემპიონ იბრაგიმ ალდატოვთან, მოძმანაშვილი - მომავალ ჩემპიონთან, ბელარუს ევროპის ვიცე-ჩემპიონ ალექსეი შემაროვთან.

მართალია, შემაროვს მან წლეულს თბილისშიც მოუგო "ოქროს დიდ პრიზზე", მაგრამ ბელარუსი მსოფლიოზე იმდენად კარგად მომზადებული ჩავიდა, ფინალში რუსთა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ბილიალ მახოვს ზედიზედ მეოთხე პირველობაზე გამარჯვება არ დაანება.

ცხადია, ამ სამეულის წაგება ცუდია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მოსაგები ან მით უარესი - მოგებული შეხვედრები არ დაუთმიათ, როგორც ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (55). ალბათ იმ ორთაბრძოლებში დამარცხება, მეტოქეთა სიძლიერიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ლოგიკურიც იყო, თუმცა მთავარი ისაა, რომ მათ მოსაგები შეხვედრები მოიგეს. ეს უკვე მიღწევაა, გარკვეული დონეა, რასაც შენარჩუნება უნდა, ხოლო როცა ამას მოახერხებენ, მერე უკვე იმ ლიდერებსაც დაამარცხებენ. ამიტომ ვხედავ ამ წაგებებში რაღაც პოზიტიურს იმის მიუხედავად, რომ კარგად მესმის - ძლიერთან მოგების გარეშე ვერასოდეს გახდები ჩემპიონი.

ცალკე სალაპარაკოა ახალი თაობის კიდევ ერთი ნიჭიერი წარმომადგენელი ხინჩეგაშვილი, რომელიც, ვფიქრობ, მაინც გამოუცდელობის გამო დარჩა უმედლოდ და უსაგზუროდ, თუმცა ის მომავალი ოლიმპიადის მაინც ერთ-ერთ ფავორიტად მიგვაჩნია. ბულგარელ რადოსლავ ველიკოვ მარინოვთან მეორე პერიოდში მან დამთავრებამდე 5 წამით ადრე დაკარგა ორი ქულა, თუმცა ისე მომეჩვენა, რომ მეტოქის შემოტევას მოუმზადებელი შეხვდა, თითქოს არ ელოდა, ბულგარელი იერიშზე თუ გადავიდოდა. ასეა თუ ისე, ველიკოვთან მარცხს უფრო გამოუცდელობას ვაბრალებ, თორემ გამოცდილ ფალავანს 5-წამიან მონაკვეთში ორქულიანი უპირატესობის შენარჩუნება არ გაუჭირდებოდა.

თუმცა ერთ-ერთ მიზეზად ფიზიკური მომუმზადებლობაც მიმაჩნია. მას ეს ნაკლი ჯერ კიდევ ახალგაზრდულ მსოფლიოზე შევამჩნიე, აქ კი კიდევ უფრო გაუჭირდა. მაგალითად, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ირანელ ჰასან რაჰიმისთან დამატებით პერიოდში ლეიბიდან ადგომაც გაუჭირდა, თუმცა სუნთქვა-გამძლეობაზე მეტად მას იქნებ უფრო შტანგებზე ვარჯიში, ფიზიკური ძალა აკლია.

იმავე მარინოვთან ჰქონდა შემთხვევა, როცა ფეხში შეუვარდა, ორივე ხელიც ჩაავლო, მაგრამ ვერ წამოდგა, ვერ გადააგდო. არადა, პირველ პერიოდშიც ჰქონდა ანალოგიური შემთხვევა, თუმცა, როცა მწვრთნელებმა დაუძახეს, ადექი, ადექიო, კიდეც წამოდგა და ქულაც გააკეთა, შეხვედრის მიწურულს კი ეს ვეღარ შეძლო.

სავარაუდოდ, მაშინ ვერ ასწია მეტოქე, თუმცა გამოცდილი ბულგარელიც მყისვე ჩააფრინდა ფეხებში - ადგომაში შეუშალა ხელი, წამოდგომა რომ მოეხერხებინა, ქულა გარდაუვალი იყო. სალიცენზიო ტურნირებამდე საკმაოდ დრო რჩება და იმედია, ხინჩეგაშვილი სათანადოდ მოემზადება. წაგების მიუხედავად, ის მაინც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მიგვაჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად