ქართველ წყალბურთელებს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად რუმინელთა ძლევა სჭირდებათ
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნების შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა (მესამე იყო დიდი ბრიტანეთი) და 18 საუკეთესო გუნდში დაიბევა ადგილი. კონტინენტის პირველობის დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად რუმინული ბარიერის გადალახვაა აუცილებელი.

დღეს 18.30 საათიდან საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი" სწორედ ქართულ-ვლახურ დაპირისპირებას უმასპინძლებს. ჩვენებს ორი ნატურალიზებული წყალბურთელები არ ეყოლებათ. მარკო ელეზი და მარინო ფრანიჩევიჩი ავადმყოფობის გამო თბილისში ვერ ჩამოვიდნენ. სამაგიეროდ, რევაზ ჩომახიძემ მოიშუშა ტრავმა და ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის გასანეიტრალებლად სტუმრებს დიდი ჯაფა დაადგებათ.

არის ერთი სიახლეც: ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზვიად დავითიანს, რომელსაც უცხოურ კლუბებში გამოსვლის მდიდარი გამოცდილება აქვს, ამჯერად გუნდის მეცამეტე მოთამაშედ ვიხილავთ. მის ნაცვლად კი ნაკრებს სახელოვანი ქართველი წყალბურთელი ვლადიმერ ისელიძე უხელმძღვანელებს. ასე რომ, დღეს მასპინძლები რუმინელების წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშებენ: ზურაბ ჭუმბურიძე, გალაქტიონ ლაითაძე, მარკო ელაჩა, იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი, ბექა ქენქაძე, რევაზ ჩომახიძე, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, ზვიად დავითიანი, ივან სტრუიჩი.

კარპატელები მსოფლიო წყალბურთში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ, რასაც მათი შედეგებიც მოწმობს: 1952 წლიდან რუმინელებმა ოლიმპიურ თამაშებში რვაჯერ იასპარეზეს, 1976 წელს მონრეალში მე-4 ადგილი დაიკავეს. მაშინ ფინალურ ჯგუფში ფრედ დაამთავრეს შეხვედრები იუგოსლაველებთან (5:5), ჰოლანდიელებთან (4:4), იტალიელებთან (4:4), დამარცხდნენ ოლიმპიადის მომავალ ჩემპიონ უნგრელებთან (8:9), დაძაბულ ბრძოლაში აღმოსავლეთ გერმანიას სძლიეს (5:3) და, როგორც აღვნიშნეთ, მე-4 ადგილზე გავიდნენ. უნგრელების გარდა, მათ იტალიელებმა და ჰოლანდიელებმა გაუსწრეს. ვლახებმა მსოფლიოს 9 ჩემპიონატში მოსინჯეს ძალები (საუკეთესო შედეგი: მე-5 ადგილი 1975 წელს), ოთხჯერ მსოფლიოს ლიგასა და სამჯერ მსოფლიოს თასზე იასპარეზეს. შარშან ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილით დაკმაყოფილდნენ. წლეულს ჩინეთში გამართულ საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატზე რუმინელთა კაპიტანი ალექსანდრ კოსმინ რადუ შეჯიბრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

თუნდაც ამ მწირი სტატისტიკითაც ნათლად ჩანს, თუ რა ტრადიციებისა და ძალის მეტოქე ეყოლება დღეს საქართველოს ნაკრებს. "ოლიმპიკში" სტუმრების სპორტულ ღირსებას დაიცავენ: დრაგოს სტონესკუ, კოსმინ რადუ, ტიბირიუ ნეგრინი, ნიკოლაი დიაკონუ, ანდრეი იოსეფი, ანდრეი ბუსილა, მიხეა ჩიოვანუ, დიმიტრი კოანტა, რამირო ჯორჯესკუ, ანდრეი ალექსანდრუ გიბანი, კალმან კადარი, ედუარდ მიხაი დრაგუსინი, მთავარი მწვრთნელია იშტვან კოვაჩი.

"ძირითად შემადგენლობაში დანაკლისისა და მრისხანე მეტოქესთან დაპირისპირების მიუხედავად, გუნდში ოპტიმისტური და საბრძოლო განწყობილებაა. ყველაფერს ვიღონებთ საიმისოდ, რომ რუმინული ბარიერი გადავლახოთ და ფინალურ ეტაპზე 12 საუკეთესოს შორის მოვხვდეთ. ეს კი საშუალებას მოგვცემს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად ვიბრძოლოთ," - გვითხრა საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ.

დღეს კიდევ ხუთ ქვეყანაში გაიმართება საპლეიოფო პაექრობები. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: მალტა-გერმანია, სლოვაკეთი-საბერძნეთი, თურქეთი-სლოვენია, რუსეთი-ესპანეთი, მაკედონია-საფრანგეთი. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრები, გარდა გერმანია-მალტისა (15,10) 29 ოქტომბერს ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო