საწყალოსნო კომპლექსი "ოლიმპიკში" საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული გუნდი რუმინეთის ნაკრებთან 5:11 დამარცხდა

საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი"

საქართველო (ნაკრები)-რუმინეთი (ნაკრები) 5:11

(2:2, 2:1, 1:4, 0:4)

საქართველო: ჭუმბურიძე, ქენქაძე, ელაჩა, პოპოვიჩი, კორდიჩი (1), ლაითაძე, ჩომახიძე (2), ბაღათურია (1), რურუა (კ), გეგელაშვილი, ნიკოლეიშვილი (1), დავითიანი, სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი ისელიძე.

რუმინეთი: სტოენესკუ, რადუ (კ., 3), ნეგრინი (2), დიაკონუ, იოსეფი, ბუსილა (2), ჩიოვეანუ, გოანტა, ჯორჯესკუ (2), გიბანი (1), კაპარი (1), დრაგუსინი, მთავარი მწვრთნელი კოვაჩი.

მატჩის შემდეგ საქართველოს წყალბურთის ისტორია გადავათვალიერე. რუმინელები თბილისში პირველად 1959 წელს ჩამოსულან. მასპინძელთა პირველ ნაკრებთან 2:4 დამარცხებულან, მეორე ნაკრებისთვის კი ასეთივე ანგარიშით მოუგიათ.

მას შემდეგ დიდმა დრომ განვლო. ვლახები მსოფლიოს წყალბურთის ელიტაში დამკვიდრდნენ. საქართველოში კი ყველაფერი პირიქით მოხდა: გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულიდან მდიდარი ტრადიციები დავიწყებას მიეცა. ისეთი წლები გამოვიარეთ, წყალბურთისთვის ვიღას ეცალა.

და აი, ორი-სამი წელიწადია, "ლაგუნა ვერეში" შემონახული ქართული წყალბურთის ნანგრევებზე ტრადიციების აღორძინება დაიწყო. საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ კონტინენტის 18 საუკეთესო გუნდში მოხვედრა უკვე წარმატებაა, თუმცა უკეთეს შედეგზეც ვოცნებობდით, მაგრამ რუმინეთმა, რომელიც ფავორიტის რანგში ეწვია თბილისს, ჩვენი ადგილი მიგვიჩინა. არადა, შეხვედრის ორმა პერიოდმა დაგვანახვა, რომ საქართველოს ნაკრებთან იოლ გასეირნებას ნურავინ ელის.

მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. უკვე მე-2 წუთზე ვეტერან წყალბურთელ რევაზ ჩომახიძესთან ორთაბრძოლაში სტუმართა მცველებმა აკრძალული ილეთი გამოიყენეს და ტატო ნიკოლეიშვილმაც ზუსტად შეასრულა ხუთმეტრიანი დარტყმა - 1:0. ორიოდე წუთში რადუმ წონასწორობა აღადგინა. მე-5 წუთზე კორდიჩი-ბაღათურიას ორსვლიანი კომბინაცია ამ უკანასკნელის ეფექტური გოლით დამთავრდა.

მასპინძლებმა პერიოდის მოგება მაინც ვერ შეძლეს - ჯორჯესკუმ ისევ გაათანაბრა ანგარიში. ბოლო წამებზე სტუმრებს დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა ივან სტრუიჩი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ იხსნა თანაგუნდელები. საერთოდაც, 16 წუთის განმავლობაში მან უშეცდომოდ ითამაშა და დროის ამ მონაკვეთში ჩომახიძესთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შეხვედრის მე-2 რვაწუთიანი რაუნდი ქართველმა წყალბურთელებმა 2:1 მოიგეს -თავი ბაღათურიამ და ჩომახიძემ გამოიჩინეს . სტუმრებმა ამ უკანასკნელის განეიტრალება ვერ მოახერხეს, არადა სახელოვან წყალბურთელს გვერდით ყოველთვის ორი მცველი ედგა. მასპინძლებმა, სამწუხაროდ, ვერც ეს მომენტი და ვერც რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს. ცნობისთვის: მსაჯებმა რუმინელები 11-ჯერ გააძევეს, ქართველებს კი 7-ჯერ დაატოვებინეს სარბიელი.

დიდი შესვენების შემდეგ ისელიძის შეგირდებს აშკარად დაეტყოთ დაღლილობა, ხშირად ცოდავდნენ შეტევებისას, მოუმზადებელი დარტყმები მიზანს ვერ აღწევდა, იმატა შეცდომებმა დაცვაში, მეტოქის კონტრშეტევებისას ჩვენი მცველები გამოცურვას ვერ ასწრებდნენ.

კარპატელები სტრუიჩის კართან რიცხობრივ უპირატესობას აღწევდნენ და ბურთებიც იოლად გაჰქონდათ. მას შემდეგ, რაც მესამე პერიოდის დასაწყისში ჩომახიძის გოლით ჩვენები 5:3 დაწინაურდნენ, ყველაფერი თავდაყირა დადგა. დარჩენილ თხუთმეტ წუთში მასპინძლებმა კარში მხოლოდ ორჯერ დაარტყეს, სტუმრებმა კი 14-ჯერ და რვა უპასუხო ბურთი გაგვიტანეს, მატჩიც მოიგეს 11:5.

შეხვედრას თვალს ადევნებდა გასული საუკუნის 60-70-იანი წლების კიევის "დინამოს" ცნობილი წყალბურთელი, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი ედუარდ სნასტიუკი, რომელმაც შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

"ურიგო გუნდი არ გყავთ, მაგრამ ელიტაში შესასვლელად ჯერ კიდევ დიდი ჯაფა მოგიწევთ - რუმინელებმა დღეს ქართველებს აჯობეს ცურვით, გამძლეობით, თამაშის მკაცრი დისციპლინით, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მეტი გამოცდილებით".

იშტვან კოვაჩი, რუმინელთა მთავარი მწვრთნელი: "მატჩი დაცვის უკეთ ორგანიზებით მოვიგეთ. პირველი ორი პერიოდის შემდეგ მივხვდით, სად უნდა გაგვეძლიერებინა თამაში. ეს შევძელით და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ".

ზვიად დავითიანი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: "სტუმრებს ტემპში არ უნდა ავყოლოდით, მათი თამაში არ უნდა გვეთამაშა. ისე, ობიექტურნი თუ ვიქნებით, რუმინეთის ნაკრები უფრო მაღალი კლასის გუნდია, რომელმაც ჩვენი ყველა შეცდომა გამოიყენა და დამსახურებულად მოგვიგო".

ვლადიმერ ისელიძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "ელიტაში მოსახვედრად ჯერ კიდევ ბევრი ოფლის ღვრა მოგვიწევს. დღეს სასურველ დონეზე მხოლოდ ორი პერიოდის თამაში შევძელით.

ფიზიკაში აშკარად მოვიკოჭლებთ - მესამე-მეოთხე რაუნდებში მეტოქის ტემპს ვერ გავუძელით. გუნდში ცენტრალური მცველის პრობლემაცაა. სხვა ბევრი ხარვეზიც გვაქვს გამოსასწორებელი. ყოველივეს მიუხედავად, ფარ-ხმალს არ ვყრით და განმეორებითი შეხვედრისთვის, რომელიც 29 ოქტომბერს გაიმართება, სათანადოდ მოვემზადებით. წყალბურთის სამყაროს დავანახვებთ, რომ ფავორიტებთან ბრძოლა შეგვიძლია".

1 ოქტომბერს პლეი ოფის დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: რუსეთი-ესპანეთი 6:13, საფრანგეთი-მაკედონია 8:6, საბერძნეთი-სლოვაკეთი 13:7, გერმანია-მალტა 21:5, სლოვენია-თურქეთი 5:7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის