საქართველოს ჩემპიონატი. VIII ტურის მიმოხილვა: თანდათან იკვეთება ის გუნდები, რომლებსაც დიდი მიზნები დაუსახავთ
უმაღლესი ლიგის სასტარტო ნაწილი დიდი ხანია, მოვილიეთ და, არცთუ საუკეთესო ხარისხის ფეხბურთის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ჩემპიონატი ტურიდან ტურამდე საინტერესო ხდება - თანდათან იკვეთება ის გუნდები, რომლებსაც დიდი მიზნები დაუსახავთ.

არანაკლები დაძაბულობაა სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში, სადაც რვა საუკეთესოს შორის მოხვედრის იმედი ჯერაც არავის დაუკარგავს. სასიამოვნოა, რომ ამჯერად უმაღლეს ლიგას უიმედო მაჩანჩალა არ ჰყავს. ბოლოადგილოსანი "სიონი" მხოლოდ საქმეში ჩაუხედავ ქომაგს შეიძლება ეგონოს განწირული, სინამდვილეში კი, თუ სასწაული არ მოხდა, საგაზაფხულო ეტაპიდან ბოლნისელებს დღევანდელზე გაცილებით უკეთესი გუნდი ეყოლებათ და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებენ.

VIII ტურში არც ცენტრალური მატჩი გამართულა და არც სენსაცია დაფიქსირებულა, მაგრამ მაინც მოხდა რამდენიმე ისეთი ღირსშესანიშნავი ამბავი, რომელთაც გვერდს ვერ ავუვლით.

ტატანაშვილის მესამე დუბლი

დიმიტრი ტატანაშვილმა თბილისის "დინამოდან" რუსთავის "მეტალურგს" აშკარად არასახარბიელო ფორმაში მყოფმა მიაშურა და ლოგიკური იყო, ერთ დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების რეალური კანდიდატი "მეტალურგის" საევროთასო მატჩებში მესამე, სათადარიგო თავდამსხმელის როლს რომ დასჯერდა. თუმცა დაიწყო ჩემპიონატი და დიმას საგოლე ალღო დაუბრუნდა, გუნდის ძირითადშიც მყარად დამკვიდრდა და დღეისთვის არა მარტო რუსთაველთა, არამედ მთლიანად უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

8 მატჩში 6 გოლი ნებისმიერი ფორვარდისთვის შესანიშნავი შედეგია, უფრო შთამბეჭდავი კი ის არის, რომ ტატანაშვილმა ამ შედეგს თავი მხოლოდ დუბლებით მოუყარა - მან წყვილ-წყვილად "ვიტ ჯორჯიას", "ტორპედოსა" და "დილას" გაუტანა. მოკლედ, ტატანაშვილმა თავი დამაჯერებელი თამაშით გაგვახსენა და თუ ასე განაგრძო, მალე დღევანდელზე გაცილებით სოლიდური შედეგებით მოიწონებს თავს.

ისიც აღსანიშნავია, რომ "მეტალურგს" კვირას ოთხტურიანი იძულებითი უქმობის შემდეგ ირაკლი მოდებაძე დაუბრუნდა, რომელიც ტატანაშვილის ფორმაში შესვლამდე გუნდის წამყვანი ფორვარდი იყო. არც რუსთავში ახლახან დაბრუნებული გიორგი ჭედია უნდა დავივიწყოთ, რაც იმის მანიშნებელია, რომ "მეტალურგის" წინა ხაზში ხარისხიცაა და მძაფრი კონკურენციაც.

დღევანდელი ვითარებით რომ ვიმსჯელოთ, "მეტალურგი" ჩემპიონობის "ჩრდილში მდგომ", მაგრამ მაინც რეალურ კანდიდატად მიგვაჩნია.

რაც შეეხება დუბლს, გასულ ტურში ამით თავი მხოლოდ ტატანაშვილს არ გამოუჩენია. მის გარდა, მეტოქეთა კარში ორ-ორი გოლი გაიტანეს დინამოელმა ჩისკომ და სპარტაკელმა ზვიად მეტრეველმა.

ევროპის თვალწინ არ დაგვიბნელდეს!

"სპარტაკმა" ნანატრ გამარჯვებას 40 წუთის დაგვიანებით მიაღწია. კვირა საღამოს დაწყებული და ღამით დასრულებული მატჩი ჩაშლის პირას იყო, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მხოლოდ პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟი ვერ გადაიცა სრულად, თვით შეხვედრა კი ელექტრიკოსთა დიდი მონდომების შედეგად მშვიდობიანად დასრულდა და ცხინვალელებმა "ვიტ ჯორჯიას" გადამწყვეტი გოლი გაუტანეს.

ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა "სპარტაკის" პროგრესი ვლადიმერ ხაჩიძის ხელმძღვანელობით, ჯერჯერობით კი, გუნდს გამოცდილი სპეციალისტის ხელი აშკარად ეტყობა.

რაც შეეხება "მიხეილ მესხზე" მომხდარ უსიამოვნო ამბავს, რა უნდა ვთქვათ - სამწუხაროდ, ქართულ რეალობაშო სტადიონზე სინათლის ჩაქრობა კარგა ხანია, ჩვეული ფაქტია. მართალია, 2002 წელს საქართველო-რუსეთის მატჩისას ვაკის არენის ჩაბნელების შემდეგ ასეთი რეზონანსული ამბავი აღარ მომხდარა, მაგრამ არის კი გარანტია, რომ რამდენიმე დღის შემდეგ საქართველო-საბერძნეთის მატჩისას იგივე არ განმეორდება? უკვე ძალიან გვეეჭვება.

მართალია, "სპარტაკი"-"ვიტ ჯორჯიაზე" მოედანი მხოლოდ სანახევროდ ჩაბნელდა, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი შეღავათია, რადგან თამაშისთვის საჭირო განათება მაინც აღარ იყო. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ზაფხულში, ევროთასების შეხვედრებისას, ეროვნულ სტადიონს რამდენჯერმე შეექმნა განათებასთან დაკავშირებული პრობლემები. მოკლედ, სანამ საერთაშორისო მასშტაბით კიდევ ერთხელ შევრცხვენილვართ, ეს საკითხი სასწრაფოდაა მისახედი.

გეგუჩაძე საქმეს შეუდგა

ტურის კიდევ ერთი გამოსარჩევი მოვლენა "ტორპედოს" უკავშირდება. ქუთაისურ კლუბში გია გეგუჩაძის მისვლა უფრო ადრე გადაწყდა, მაგრამ "ტორპედომ" ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა.

"გაგრას" ძლევა უაღრესად მნიშვნელოვანი მხოლოდ თასის ფინალში განცდილი რევანშის გამო კი არა, წმინდა პრაგმატული მოსაზრებითაც იყო - ამით იმერლებმა სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესეს და ლიდერებსაც მიუახლოვდნენ.

სხვა საქმეა, რომ "ტორპედოს" თამაშის ხარისხი და თუნდაც შემადგენლობა უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ კლუბის ფინანსური მდგომარეობიდან და მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე, არის იმედი, რომ ყველაფერი მოგვარდება და გეგუჩაძისთვის დროის მიცემა ნამდვილად ღირდა - მას აქვს იმის რეალური შანსი, რომ ქუთაისელი ქომაგების ოცნება აახდინოს. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს, განახლებული "ტორპედოს" კონტურები, ალბათ, სეზონის მეორე ნახევრიდან გამოჩნდება.

ბაჯელიძეზე ახალი არაფერია

გუშინ გაცნობეთ, რომ "სიონის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ თანამდებობიდან წასვლა არ გამორიცხა, არადა, იგი სულ ახლახან დაინიშნა და მისი სიტყვები ძალიან გაგვიკვირდა. ვეჭვობთ, ეს მხოლოდ წმინდა საფეხბურთო გარემოებებით იყოს ნაკარნახები.

სამწუხაროდ, ბაჯელიძესთან დაკავშირება ვერც გუშინ შევძელით. ზუსტი ინფორმაცია ვერც "სიონის" ხელმძღვანელობისგან მივიღეთ. შევიტყვეთ მხოლოდ ის, რომ ბაჯელიძე ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან აპირებდა შეხვედრას.

ტურის დანარჩენი გმირები

ბოლოს კი იმ ფეხბურთელებზე შევჩერდეთ, რომლებმაც საკუთარი გუნდის გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ცხადია, აქ აღარ მივიბრუნდებით ზემოთ ნახსენები დუბლების ავტორებს.

ჯონი შეროზია - მარტვილის "მერანის" მეკარემ გურიაში გამართული მეგრული დერბის მოგებაში ლომის წილი გაიღო. მან მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, განსაკუთრებით კი შეხვედრის მიწურულს გაიბრწყინა, როცა ჯერ პენალტი მოიგერია, შემდეგ კი მეტოქეს დამატებაზეც არ გაატანინა.

გიორგი კახელიშვილი - "დინამოს" ნახევარმცველს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ბოლნისში ორი საგოლე პასი მიითვალა.

გიორგი ქავთარაძე - "მეტალურგის" ნახევარმცველმა თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ "ზესტაფონის" თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილიც - ზუგდიდში ხომ თამაშის ბედი სწორედ მის მიერ განხორციელებულმა შეცვლებმა გადაწყვიტა.

VII ტურის სიმბოლური ნაკრები

მწვრთნელები: ჭიაბრიშვილი (3, ზესტაფონი), ჟვანია (2, მერანი)

მეკარე: შეროზია (მერანი)

მცველები: ღონღაძე (ზესტაფონი), გამეზარდაშვილი (ტორპედო), ჯაფარიძე (2, მეტალურგი)

ნახევარმცველები: ჩისკო (2, დინამო), ქავთარაძე (მეტალურგი), გ.დათუნაშვილი (2, ტორპედო), ე.გრიგალაშვილი (2, მერანი)

თავდამსხმელები: ტატანაშვილი (3, მეტალურგი), მეტრეველი (სპარტაკი), წინამძღვრიშვილი (ზესტაფინი)

სატურნირო ცხრილი

გ თ მ ფ წ ბ ქ

დინამო 8 6 1 1 17-7 19

ზესტაფონი 8 5 2 1 14-11 17

მეტალურგი 8 4 2 2 9-5 14

ბაია 8 4 1 3 11-6 13

ტორპედო 8 4 1 3 7-6 13

მერანი 8 3 2 3 8-10 11

ვიტ ჯორჯია 8 3 2 3 8-10 11

დილა 8 3 1 4 13-12 10

გაგრა 8 3 1 4 9-8 10

სპარტაკი 8 1 4 3 5-8 7

კოლხეთი 8 1 3 4 4-10 6

სიონი 8 0 2 6 3-15 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება