ბასტიან შვაინშტაიგერი ბავშვი აღარაა: ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ამჩნევს და არაფერს ივიწყებს
გერმანიის ნაკრებისთვის ხვალინდელ მატჩს თურქეთთან სპორტული თვალსაზრისით ფაქტობრივი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ბუნდესგუნდს რვავე თამაში მოგებული აქვს და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაც გაინაღდა.

აი, სტატისტიკის მოყვარულთათვის კი ეს შეხვედრა ნამდვილად საინტერესო იქნება: გერმანელთა მიზანი ახლა ისაა, რომ შესარჩევი ციკლი ასპროცენტიანი შედეგით დაასრულონ, ანუ, მოიგონ ათიდან ათივე მატჩი.

საინტერესოა ისიც, რომ ხვალ ბუნდესგუნდის ერთი ფეხბურთელი ნაკრებში თავის 90-ე მატჩს ჩაატარებს და თანაც, 27 წლის ასაკში - საუბარია ბასტიან შვაინშტაიგერზე.

27 წლის ასაკში ქვეყნის ნაკრების ფორმით 89 შეხვედრა რომ გაქვს ჩატარებული, ეს უდავოდ უდიდესი მიღწევაა. შვაინშტაიგერი ფეხბურთელისთვის იდეალურ ასაკშია, ნაკრებში ცენტრალური ფიგურა გახლავთ და გამოცდილებაც საკმარისზე მეტი დააგროვა. შესაბამისად, შვაინიმ იცის: „ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. ხალხი ჩემგან ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს ელის და მე ამას ყოველთვის ვგრძნობ.“

წამყვანი როლი მოთამაშისთვის უმძიმეს წნეხსაც ნიშნავს და რაღა შორს წავიდეთ, შვაინშტაიგერს ჯერ კიდევ არ დავიწყებია აგვისტოში ატეხილი დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად ამართლებს ის გერმანელი ხალხის იმედებს. საინტერესო ის არის, რომ ეს დისკუსია გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ლეგენდარული ოლივერ კანის დაწყებული იყო.

„ოლის ძალიან კარგად ვიცნობ, - ამბობს შვაინი „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, - ფაქტია, რომ ჩემს ასაკში კანს ნაკრებში მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჰქონდა ჩატარებული. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია.“

უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, ოლივერ კანს გერმანიის ნაკრებში დებიუტი 26 წლის ასაკში ჰქონდა, 27 წლის შვაინშტაიგერი კი უკვე ასიანთა კლუბს უახლოვდება. ბასტიანის აზრით, კანმა გერმანულ ფეხბურთში ისტორია შექმნა და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ: „ჩემი აზრით, როცა ნაკრებიდან წასული ფეხბურთელი გუნდში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად უყურებს და ფეხბურთელებზე ლაპარაკობს, ეს არ არის სწორი საქციელი. ვფიქრობ, რომ ოლი ნაკრების შესახებ განცხადებების გაკეთების დროს უფრო ფრთხილად უნდა იყოს,“ - ამბობს შვაინშტაიგერი.

ბასტიანი მიიჩნევს, რომ ბუნდესგუნდში მისი როლის შეფასება მასზე უკეთ არავის შეუძლია. იანვრის დასაწყისში თქვა, როგორც ვიცე-კაპიტანი, ვალდებული ვარ, რომ ზოგიერთ სიტუაციაში უფრო მეტი სიმკაცრე გამოვიჩინოო, დღეს კი აცხადებს: „ვიცე-კაპიტნის როლი უკვე ძალიან კარგად გავითავისე. როცა მატჩის დროს საფეხბურთო, თუ არასაფეხბურთო შეცდომებს ვხედავ, დამნაშავეებს ამაზე ყოველთვის მივუთითებ ხოლმე. ოლივერ კანისგან განსხვავებით, ჩემთვის მთავარი ის კი არაა, რომ პრობლემის დანახვის შემდეგ ყველაფერზე საჯაროდ ვიყვირო, არამედ ის, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელს ცალკე დაველაპარაკო და ვიზრუნო იმაზე, რომ გუნდის საქმეები გარეთ არ გავიდეს.“

კითხვაზე, შურს თუ არა ფილიპ ლამის იმის გამო, რომ მიხაელ ბალაკის გუნდიდან გაშვების შემდეგ გერმანიის ნაკრების კაპიტნობა მას კი არა, ლამს გადასცეს, შვაინშტაიგერი პასუხობს, არაო. „დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კაპიტნის სამკლავურითაც ზუსტად ისე ვითამაშებდი და ისე მოვიქცეოდი, როგორც მის გარეშე ვთამაშობ და ვიქცები. გერმანიის ნაკრების კაპიტნობა ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა,“ - ამბობს ბასტიანი.

„კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შვაინი იმაზეც საუბრობს, რომ ბუნდესგუნდში ბევრი რამ შეიცვალა მას მერე, რაც მას ქვეყნის ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა. ეს 2004 წელს მოხდა და მაშინ შვაინშტაიგერი 19 წლის იყო. მთავარი განსხვავება დღევანდელ და მაშინდელ ბუნდესგუნდებს შორის იერარქიაშია: „ადრე გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი შეცდომას თუ დაუშვებდა, გამოცდილი მოთამაშეები ხშირად დასცინოდნენ და ხანდახან, ემუქრებოდნენ კიდეც.

ახლა კი სხვანაირი ვითარებაა - გამოცდილები პატარებს მხარში ვუდგავართ და კი არ ვლანძღავთ, რჩევებს ვაძლევთ. მე, როგორც ბუნდესნაკრების ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ მოთამაშეს, ძალიან მიხარია, როცა გუნდში ისეთ ახალგაზრდა ბიჭებს ვხედავ, როგორებიც არიან ანდრე შიურლე, მარიო გიოტცე ან ლუის ჰოლტბი. ისინი მართლა უნიჭიერესი მოთამაშეები არიან. გერმანიას შესანიშნავი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, იმდენად კარგი, რომ სხვა ქვეყნებს ჩვენი შურთ.“

ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შვაინის აზრით გერმანიის არ შურს, ესპანეთია. სწორედ ჩავის, ინიესტას და კომპანიას მიუძღვით ბრალი იმაში, რომ შვაინშტაიგერის სანაკრებო კარიერაში არცერთი წარმატებული ფინალი არ წერია.

„გერმანიის ნაკრებში 2004 წლიდან ვთამაშობ და ამ ხნის მანძილზე ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა უდიდესი პროგრესი განიცადა, - აცხადებს ბასტიანი და იქვე მოკრძალებულად დასძენს, - სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ტიტულის მოგება ვერ შევძელით. დარწმუნებული ვარ: რომ არა ესპანეთის ასეთი ბრწყინვალე ნაკრები, ევროპის ჩემპიონებიც გავხდებოდით და მუნდიალსაც მოვიგებდით.“

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mentalitet
გერმანიას მართლა მაგარი თაობა მოსდის, ეგ მაგათი სწორი მიდგომის და მუშაობის დამსახურებაა. ევროპაში მხოლოდ 2 ქვეყანას, ესპანეთს და გერმანიას აქვთ საათივით აწყობილი საფეხბურთო სისტემა, და არიან კიდევაც სულ ფინალში. გერმანიამ სულ ახლახან დაასრულა სრულყოფა და დაეწია ესპანეთს, როცა მიხვდნენ რომ პატარა ბავშვებს თავისუფლება უნდა მისცენ და გახსნან.. მომავალ თაობას ნახავთ გერმანიისას, აი მერე ყველას დაერხევათ..
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...