ამ ადამიანზე შეიძლება ბევრი არც ვილაპარაკოთ. საკმარისია ჩამოვთვალოთ მისი მოსწავლეები და მაშინვე მივხვდებით, რომ ეს პიროვნება ახალგაზრდობასთან ხარისხიანი მუშაობის ერთგვარი ეტალონია.

ამ ადამიანზე შეიძლება ბევრი არც ვილაპარაკოთ. საკმარისია ჩამოვთვალოთ მისი მოსწავლეები და მაშინვე მივხვდებით, რომ ეს პიროვნება ახალგაზრდობასთან ხარისხიანი მუშაობის ერთგვარი ეტალონია. მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ მოკლედ მიმოვიხილოთ იმ მწვრთნელის ბიოგრაფია, რომლის შესახებაც იმ ადამიანებმაც იციან, ვისაც ჩოგბურთთან არაფერი ესაქმებათ.

ნიკოლას ჯეიმს ბოლეტიერი 1931 წლის 31 ივლისს, ნიუ იორკის შტატის ქალაქ პელჰამში დაიბადა. ბავშვობიდან დაინტერესდა სპორტით, თუმცა ეს ინტერესი უშუალოდ ჩოგბურთს არ უკავშირებოდა - ბიჭი ამერიკულ ფეხბურთში მცველად თამაშობდა. მისი ძველი ნაცნობები იხსენებენ, რომ ნიკი უბრალოდ კარგი ადამიანი იყო და გულგრილად ვერ უყურებდა სხვის უბედურებას.

მისი პირველი საჩოგბურთო გამოცდილება 1952 წლით თარიღდება, როცა სპრინგჰილის კოლეჯში სწავლის ბოლო წელს ამ სასწავლებლის გუნდში შეიყვანეს. მაგრამ ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ ნიკი კარგად თამაშობდა ჩოგბურთს. უბრალოდ, გუნდს მეექვსე მოთამაშე სჭირდებოდა, ბიჭის სპორტული აღნაგობა კი ამ როლს ყველაზე კარგად შეესაბამებოდა.

მომავალ წელს კოლეჯი ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა, ამასთან ესპანური ენაც კარგად აითვისა. შემდეგ იყო პირველი ქორწინება, სამხედრო სამსახური, პირველი ბავშვის დაბადება და დემობილიზაცია. აქედან მოყოლებული, ნიკი მთლიანად ჩოგბურთზე გადაერთო, რომელიც მისი სამუდამო სიყვარული გახდა.

1956 წლიდან სამწვრთნელო მოღვაწეობა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ამ სახეობაში არაფერი გაეგებოდა - ნახევარსაათიანი გაკვეთილისთვის სამ დოლარს იღებდა. პირველად სამწვრთნელო კარიერას სერიოზულად ოჰაიოს შტატის ქალაქ სპრინგფილდში მოჰკიდა ხელი. მას შემდეგ მისი ცხოვრება მთლიანად ჩოგბურთს დაუკავშირდა, თუმცა მრავალი წელი ქვეყნის გარშემო მოგზაურობა მოუწია - უამრავ ქალაქში მუშაობდა, ხსნიდა საზაფხულო საწვრთნელ ბანაკებს, ლოურენს როკფელერისა და მთელი მისი ოჯახის ინსტრუქტორად მოეწყო... მხოლოდ ამის შემდეგ აისრულა ოცნება - გახსნა ნამდვილი საჩოგბურთო აკადემია.

ეს ოცნება 1978 წელს განხორციელდა, როცა ფლორიდაში გადაბარგდა და იქაც მწვრთნელობა დაიწყო. ბრადენტონთან (ფლორიდა) ახლოს მან საკუთარი საჩოგბურთო ცენტრი გახსნა, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოში პირველ საჩოგბურთო აკადემიად გადაიქცა. თავიდან, რა თქმა უნდა, ნიკ ბოლეტიერისა და მის სტუდენტებს გაუჭირდათ - საუკეთესო მოსწავლეები მწვრთნელის სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ უკვე მომდევნო წელს მან შეისყიდა შენობა, რომელიც რემონტის შემდეგ საერთო საცხოვრებლად გადაკეთდა. 1980 წელს ერთი მილიონი დოლარი ისესხა აკადემიის მოსაწყობად, პარალელურად კი მეხუთედ იქორწინა. როგორც ხედავთ, მის ცხოვრებაში ორი გატაცება იყო - ჩოგბურთი და ქალები. ამ ორს შორის პირველი ადგილი, რა თქმა უნდა, ჩოგბურთს ეკავა, რადგან მისთვის ნიკს არასოდეს უღალატია.

1987 წელს ნიკ ბოლეტიერის აკადემია IMG Academies-ის შეუერთდა. ამ კომპანიის შემადგენლობაში შედიოდა აგრეთვე გოლფის, ამერიკული ფეხბურთის, კალათბურთის აკადემიები, საზაფხულო ბანაკები და ბევრი სხვა.

დღეს ნიკ ბოლეტიერი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა საჩოგბურთო სამყაროში. მას უმუშავია ცხრა ყოფილ თუ ამჟამინდელ პირველ ჩოგანთან და მისი აკადემია დღესაც ამარაგებს პროფესიულ ტურს პერსპექტიული ჩოგბურთელებით. ამჟამად აკადემიის ტერიტორიაზე ჰარდის საფარის 35 კორტია, 16 მოედანი გრუნტისაა, რასაც ოთხი დახურული კორტი ემატება. ის უკვე 79 წლისაა, მაგრამ შესანიშნავად გამოიყურება. ტელევიზიით მატჩებს კომენტარს უკეთებს, მუშაობს საყოველთაოდ ცნობილი ჟურნალის - Tennis-ის მრჩევლად და საერთოდ, ცხოვრების აქტიურ სტილს მისდევს. მის სახელს არქმევენ ქუჩებს, თუმცა ნიკს ეს ნაკლებად აღელვებს - ის უბრალოდ სიამოვნებას იღებს თავისი საქმით. რეიტინგის პირველი ნომრების რაოდენობა თითქმის უტოლდება მისი ცოლების რიცხვს. მას ცხრა პირველ ჩოგანთან უმუშავია, ცოლი კი სულ რვა ჰყავდა. ასე რომ, ჩოგბურთი მაინც პირველ ადგილზეა. შეიძლება ეს თანაფარდობა შეიცვალოს, მაგრამ 80 წლის ასაკში ცხოვრების პრიორიტეტების შეცვლა უკვე დაგვიანებულია. მით უმეტეს, თუ არჩეული გზა სწორი და წარმატებულია.

ახლა კი ჟურნალ Tennis-ის დახმარებით გავიხსენოთ ნიკ ბოლეტიერის ყველაზე ცნობილი მოსწავლეები:

ჯიმი არიასი, საჩოგბურთო ვუნდერკინდი, რომელიც 16 წლის ასაკში გახდა ვარსკვლავი. 1984 წელს კლასიფიკაცაში მეხუთე ადგილს მიაღწია.

ჯიმ კურიე მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო და ოთხჯერ მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი (ორ-ორჯერ როლან გაროსი და ავსტრალიის ღია პირველობა).

ანდრე აგასი, ნიკ ბოლეტიერის ყველაზე ცნობილი პროტეჟე. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რომელსაც "დიდი სლემზე" რვა ტიტული აქვს აღებული.

მონიკა სელეში, იუგოსლავიაში დაბადებული ჩოგბურთელი, 1994 წელს ამერიკის მოქალაქე გახდა. მის აქტივშია "დიდი სლემის" 9 ტიტული, აგრეთვე მსოფლიოს რეიტინგში ორწლიანი ლიდერობა - 1991-92 წლებში.

მარი პირსი, ვინც 1995 წელს ავსტრალიის ღია პირველობა და 2000 წელს როლან გაროსი მოიგო. უკვე დიდი ხანია ფლორიდაში ცხოვრობს.

მარია შარაპოვა. 23 წლის რუსი ჩოგბურთელი. ბოლეტიერის აკადემიაში შვიდი წლის ასაკში ჩაირიცხა. მოიგო "დიდი სლემის" სამი ტურნირი - უიმბლდონი-2004, ამერიკის ღია პირველობა-2006, ავსტრალიის ღია პირველობა-2008.

ელენა იანკოვიჩი. სერბი ჩოგბურთელი, რომელმაც 2008 წელი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა. მის აქტივშია ამერიკის ღია პირველობის ფინალი და ნახევარფინალები "დიდი სლემის" ყველა ტურნირზე.

ნიკოლ ვაიდიშოვა. ჩეხი ლამაზმანი, რომელმაც 17 წლის ასაკში როლან გაროსის ნახევარფინალს (2006) მიაღწია, მომდევნო წელს კი მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი გახდა. თუმცა საჩოგბურთო კარიერას ოჯახი ამჯობინა - ცოტა ხნის წინ თანამემამულე ჩოგბურთელზე - რადეკ შტეპანეკზე იქორწინა.

ტომი ჰაასი. გერმანელი ჩოგბურთელი. მან 2002 წელს მიაღწია რეიტინგის მეორე პოზიციამდე. სამჯერ ითამაშა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში.

ქსავიე მალისე. ამ ბელგიელის აქტივშია 2002 წლის უიმბლდონის ნახევარფინალი. იყო რეიტინგის საუკეთესო ოცეულის წევრი.

კრისტიან ჰარისონი, 16 წლის ლუიზიანელი ბიჭი, რომელიც აკადემიაში თავის ძმასთან - რაიანთან ერთად მივიდა. მისი მიზანი - ATP-ის კლასიფიკაციის ლიდერობაა.

ბოლოს უბრალოდ ჩამოვთვალოთ ის ჩოგბურთელები, რომელთა ბედი ასე თუ ისე უკავშირდება ნიკ ბოლეტიერის სახელს. ისინი სწავლობდნენ აკადემიაში ან ვარჯიშობდნენ ამ მწვრთნელის ხელმძღვანელობით: ბორის ბეკერი, პიტს სამპრასი, ბიორნ ბორგი, ბრაიან გოტფრიდი, მარტინა ჰინგისი, ვენუს და სერენა უილიამსი, მარსელო რიოსი, მაქსი მირნი, ალექსანდრა სტივენსონი, ანა კურნიკოვა, ტომას ენკვისტი, მერი ჯო ფერნანდესი, მარკ ფილიპუსისი, პოლ-ანრი მატიო, ტატიანა გოლოვინი, დანიელა ჰანტუხოვა, საბინ ლისიცკი, კეი ნიშიკორი, ლარს ულრიხი, გრეგ რუსეცკი, ჯესი ლევინი, ჯენიფერ კაპრიატი, მიშელ ბრიტო და ა.შ.

ლელო

ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში