ბაქოში დამთავრებულ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასზე 100 კგ. წონით კატეგორიაში ჩვენებური ოქროს მედალს დაეუფლა
ბაქოში დამთავრებულ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასზე ჩვენმა ნაკრებმა ერთი მედალი მოიპოვა და ისიც ოქროსი, რომელსაც 100 კგ. წონით კატეგორიაში ლომერ ჟორჟოლიანი დაეუფლა.

მართალია, ჩვენი გუნდიდან სამმა ფალავანმა - პაატა მერებაშვილმა (60), გიორგი მკალავიშვილმა (66) და ადამ ოქრუაშვილმა (+100) ბრინჯაოსთვის იჭიდავეს, მაგრამ წააგეს და მაინც მხოლოდ ერთი მედლის ამარა დავრჩით. ცუდია, დაბალი რანგის ტურნირში უფრო წარმატებით რომ ვერ გამოვედით. მით უფრო - ახლა, როცა სალიცენზიო რეიტინგში ქულათა მარაგის შევსება ჰაერივით გვჭირდება.

ბაქოში ადრინდელი მონაპოვარი საგრძნობლად მხოლოდ ჟორჟოლიანმა შეივსო - 100 ქულა დაიმატა, დანარჩენებს კი მეხუთე ადგილზე გასვლისთვის სულ რაღაც 20 ქულა ერგოთ. ამათგან ესეც რეალურად მარტო ოქრუაშვილს წაადგება, თორემ მერებაშვილი მსოფლიოს რეიტინგში 84-ეა, მკალავიშვილი კი აქამდე საერთოდ არ შედიოდა სიაში, რადგან ამ რანგის შეჯიბრებაში პირველად იჭიდავა.

ახლა ჟორჟოლიანს 620 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა, ოქრუაშვილს კი, რომელიც აქამდეც შედიოდა სალიცენზიო 22-კაციან კვოტაში, 300 ქულა დაუგროვდა, თუმცა ჯერაც 26 ქულით ჩამორჩება ზვიად ხანჯალიაშვილს.

ასეთი შედეგი, ტურნირის სისუსტის მიუხედავად, ბაქოში წაყვანილი შემადგენლობიდან გამომდინარე მოსალოდნელიც იყო - ზოგმა პირველად იჭიდავა ამ რანგის ტურნირში, ზოგი - სულაც ძიუდოში გამოვიდა პირველად, ზოგს კი აქამდე სათვალავში არც აგდებდნენ და არც ისე ინტენსიურად ემზადებოდნენ.

მაგალითად, მართლაც რომ ნიჭიერი და ერთ დროს დიდი იმედების მომცემმა მერებაშვილმა 2009 წელს ახალგაზრდებში ორჯერ მოიგო ევროპის პირველობა - 20 და 23-წლიანებში, მაგრამ მას მერე მთელი სამი წელიწადი მწვრთნელთა უცნაურ ექსპერიმენტებს ეწირება და უკვე ლამის დაკარგულ თაობაში ჩაეწეროს.

შარშან ხეირიანად გუნდთან ერთადაც ვერ ვარჯიშობდა, რადგან მუდმივად თბილისში ცხოვრებას ვერ ახერხებდა, ახლა კი სალიცენზიო ტურნირში წაიყვანეს.

ასეთი უცნაური ექსპერიმენტებით ფედერაციასა და მწვრთნელს გუნდის უკმაყოფილო ლიდერებისთვის იმის მინიშნება თუ სურდა, თქვენს შემცველელებს იოლად ვიპოვითო, გუმანმა აშკარად უმტყუნათ. ბაქოს თასმა ახალი სახეებიდან მხოლოდ მკალავიშვილი გამოაჩინა, თუმცა მის გამოსვლას სერიოზულ შედეგად ვერ მივიჩნევთ. სამაგიეროდ, ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ ცხადად და ნათლად დაგვანახა ბარიერი პირველსა და მეორე შემადგენლობას შორის - სამწუხაროდ, ჩვენში სათადარიგო ფალავანთა მომზადება ლიდერებისას საგრძნობლად ჩამორჩება . ბაქოშიც თუ ვინმემ გამოიჩინა თავი, ძირითადად ნაკრების ძველმა წევრებმა.

ჟორჟოლიანმა საჩემპიონო გზაზე ოთხი შეხვედრა გამართა - პირველად მასპინძელი რაფაელ შახვერდიევი დააიპონა, მერე - ახალზელანდიელი იასონ კოსტერი და ნახევარფინალში გავიდა. პირველი სოლიდური მეტოქეც იქ შეხვდა - რუსთა ინგუში ფალავანი, რუსეთის ჩემპიონი და მსოფლიოს რამდენიმე თასის მომგები (მათ შორის - თბილისის წლევანდელი ტურნირისაც) აშხაბ კოსტოევი.

ჟორჟოლიანი მას ცოტა ფრთხილად ეჭიდავა და გაფრთხილებებით მოუგო. სამაგიეროდ, ბევრად აქტიური იყო ფინალში ირანელ ჯავად მაჰჯოუბთან.

აქ ჩვენებურმა პირველი ვაზარი სწორედ იმ გადავლებით მოიპოვა, რომელიც ბოლო ხანებში აკრძალულ-საკამათო გახდა, შეხვედრის მიწურულს კი იპონზეც დასცა. შეგახსენებთ, რომ ამ ირანელს მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე ირაკლი ცირეკიძემაც მოუგო.

მასპინძელ ანდრეი ფატიევთან წმინდა მოგების შემდეგ ოქრუაშვილი რუსთა ოს - სოსლან ბოსტანოვთან ასევე სუფთად დამარცხდა.

დამამშვიდებელში ბრიტანელ კრის შერინგტონთან მოგებას ისევ ოსთან, ამჯერად ასლან კამბიევთან მარცხი მიაყოლა. ბაქოში ზუსტად ასეთი სცენარით იჭიდავეს მერებაშვილმა და მკალავიშვილმაც - თითო მოგება წაგება ძირითადშიც და დამამშვიდებელშიც. მერებაშვილმა ტურნირი საუდის არაბეთის წარმომადგენელ აისა მაირაშისთან მოგებით დაიწყო, მეოთხედფინალში კი საეჭვო ვითარებაში წააგო ლატვიელ ანდრეას მაჯერსთან.

სანუგეშოში ირანელ ესან კაიატ ბაჰრამიანს აჯობა, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრა დათმო რუს ევგენი კუდიაკოვთან. მკალავიშვილმა ძირითადში ბრიტანელი ნათან ბურნსი დააიპონა, დამაშვიდებელში კი უკრაინელ ანატოლი ლასკუტას მოუგო ვაზარით. ის პირველად მასპინძელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ ტარიან კარიმოვთან დამარცხდა, სანუგეშოს ფინალი კი იტალიელ ფრანჩესკო ფარალდოსთან დათმო.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან უშანგი კუზანაშვილი (60), ლევან ჩუბინიძე (66), ამბაკო ავალიანი (73) და შოთა ჯავახაძე (81) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ, თენგიზ პაპოშვილმა (73) და პაატა ღვინიაშვილმა (81) კი თითო შეხვედრის მოგება შეძლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა