მერვედფინალურ ეტაპს რამდენიმე ფავორიტი გამოეთიშა, მათ შორის მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი
სენსაციური დღე იყო გუშინ შანხაის მასტერსზე. მერვედფინალურ ეტაპს რამდენიმე ფავორიტი გამოეთიშა, მათ შორის მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი.

ესპანელი მეოთხედფინალში გადასასვლელ შეხვედრაში გერმანელ ფლორიან მაიერს ხვდებოდა. წელს ნადალის სათამაშო და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ გუშინ ბევრი არ ჩავიდოდა ფსონს მაიერზე, რომელმაც, მართალია, წინა წრეში დამაჯერებლად მოუგო არგენტინელ დავიდ ნალბანდიანს, მაგრამ ამგვარ გმირობას მისგან არავინ ელოდა.

დრამატული გამოდგა პირველი სეტი. 4:5-ზე ნადალმა ორი სეტბოლის მოგერიება მოახერხა და თითქოს ტაი-ბრეიკზე უნდა გაეტეხა გერმანელის წინააღმდეგობა. რაფა "შემოკლებულ გეიმში" 4:2 დაწინაურდა, მაგრამ ისევ აურია თამაში და ზედიზედ ოთხი ბურთი წააგო. მაიერმა კიდევ ორი სეტბოლი მიიღო და მეორე ცდაზე პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში გადამწყვეტი აღმოჩნდა მეშვიდე გეიმი, რომელშიც ფლორიანმა ბრეიკი გააკეთა და უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.

მაიერი წელს საუკეთესო სეზონს ატარებს. კარიერაში პირველი ტურნირი მან გასულ თვეში მოიგო - ბუქარესტის ფინალში პაბლო ანდუხარი დაამარცხა. გარდა ამისა, მეორედ გავიდა მასტერსის სერიის ტურნირის მეოთხედფინალში.

პირველად მსგავსი რამ ასევე მიმდინარე სეზონში მოხდა, როცა გერმანელი მადრიდის მასტერსის საუკეთესო რვა ჩოგბურთელს შორის მოხვდა და იქ ენდი მიურეისთან წააგო.

დღეს მეოთხედფინალში მაიერი კიდევ ერთ ესპანელს, ფელისიანო ლოპესს შეხვდება, რომელმაც დღის მორიგი მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა - 82 წუთში ორ სეტში (6:4, 6:4) სძლია ტომაშ ბერდიხს, რომელიც წლის შემაჯამებელ ტურნირში მოსახვედრად იბრძვის.

მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა თითო სეტში თითოჯერ დათმო გეიმი საკუთარ მოწოდებაზე, თავად კი მატჩი ისე დაასრულა, რომ ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. ეს იყო ამ ჩოგბურთელთა რიგით მეშვიდე შეხვედრა და ახლა ესპანელი ჩეხთან პირად მატჩებში წინ გავიდა - 4:3.

კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზა 23 წლის ავსტრალიელმა მეტიუ ებდენმა, რომელმაც მეოთხედფინალში არ გაუშვა მსოფლიოს მე-12 ჩოგანი, ფრანგი ჟილ სიმონი. ამ დაძაბული მატჩის ბედი მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომლის ანგარიში იყო 10:8 ებდენის სასარგებლოდ. აღსანიშნავია ავსტრალიელის მტკიცე ნერვები - ბოლო სეტში მას ხუთი მატჩბოლის მოგერიება მოუწია და კარგად გამოძვრა ამ რთული სიტუაციიდან.

მეოთხედფინალში ებდენს სერიოზული გამოცდა ელის შანხაის მასტერსის მოქმედ ჩემპიონ ენდი მიურეისთან. ბრიტანელმა 2 საათი და 11 წუთი დახარჯა შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკას დასამარცხებლად.

პირველ პარტიაში მიურეიმ ორი ბრეიკი გააკეთა, რაზეც შვეიცარიელმა მხოლოდ ერთით უპასუხა. მეორეში ბრიტანელს თამაში არ წაუვიდა: ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ მოიპოვა და გადამწყვეტ მომენტში ორმაგი შეცდომა დაუშვა, რამაც ვავრინკას ბრეიკი მოუტანა. გადამწყვეტი სეტი მიურეიმ გაცილებით აქტიურად დაიწყო და სწრაფად მოიპოვა ორბრეიკიანი უპირატესობა. მაგრამ შვეიცარიელს დანებება არც უფიქრია და შეძლო კიდეც ერთი დაკარგული გეიმის დაბრუნება, რითაც ენდის პირველ ცდაზე მატჩზე ჩაწოდების საშუალება არ მისცა. მეცხრე გეიმში მიურეიმ მაინც დაასრულა შეხვედრა თავის სასარგებლოდ - 6:4, 3:6, 6:3.

ბრიტანელმა ბოლო 23 მატჩში 22-ედ მოიგო და ბოლო სამი კვირის განმავლობაში მესამე ტიტულს უმიზნებს.

დღის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შეხვედრა იყო ესპანური დერბი დავიდ ფერერსა და ხუან-კარლოს ფერეროს შორის. ვეტერანმა ფერერომ პირველ სეტში უმაღლესი დონის ჩოგბურთი აჩვენა და ერთადერთი გეიმი დაუთმო მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს. მატჩის კულმინაცია გახდა მეორე სეტის მეათე გეიმი, როცა 5:4-ზე ფერეროს მეტოქის მოწოდებაზე სამი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. ფერერმა გაათანაბრა ანგარიში და შემდეგ ზედიზედ ორი გეიმი აიღო, რითაც საბოლოოდ მოიპოვა ინიციატივა და გადამწყვეტ სეტში 6:2 გაიმარჯვა.

თანდათან შედის ფორმაში ენდი როდიკი. ამ სეზონში იშვიათად ხდება, როცა ეს ჩოგბურთელი ერთ ტურნირში სამ შეხვედრას იგებს, შანხაის მასტერსზე კი მან ეს მოახერხა, თანაც ყოველ მომდევნო მატჩში აუმჯობესებს თამაშს.

ესპანელ ნიკოლას ალმაგროსთან მატჩში როდიკმა კარგად გამოიყენა თავისი მთავარი იარაღი - მოწოდება. ამერიკელის ანგარიშზე 11 ეისი მოდის, თანაც მის მოწოდებაზე გათამაშებული 48 ქულიდან როდიკმა 40 მიითვალა. საბოლოოდ, 6:3, 6:4 და ეს იყო ენდის 24-ე მოგება წელს ჰარდზე ჩატარებული 33 მატჩიდან.

საუკეთესო იაპონელი

გამორჩეული დღე ჰქონდა გუშინ იაპონელ კეი ნიშიკორის. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კოლუმბიელი სანტიაგო ხირალდოს სამ სეტში (7:6, 4:6, 6:3) დამარცხებით კარიერაში პირველად გავიდა მასტერსის სერიის მეოთხედფინალში, მაგრამ რაც მთავარია, ორშაბათიდან, როცა ATP ახალ რეიტინგს გამოაქვეყნებს, ნიშიკორი იაპონური ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალ ადგილს დაიკავებს კლასიფიკაციაში. კეი ამჟამად 47-ე ადგილზეა რეიტინგში, რეკორდი კი ეკუთვნის შუზო მაცუოკას, რომელსაც 1992 წლის ივლისში 46-ე პოზიცია ეჭირა. შანხაის მასტერსზე წარმატების შემდეგ ნიშიკორი ამ შედეგს გააუმჯობესებს.

"შუზო მაცუოკა ჩემი მასწავლებელი იყო, - განაცხადა ნიშიკორიმ. - ჩემთვის დიდი პატივია მისი რეკორდის გაუმჯობესება და იაპონიის ნომერ პირველი ჩოგბურთელის სახელი".

Shanghai Rolex Masters

შანხაი (ჩინეთი). ჰარდი

1/8 ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 3)-ხუან კარლოს ფერერო (ესპ) 1:6, 7:5, 6:2; ენდი როდიკი (აშშ, 10)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 7) 6:3, 6:4; ენდი მიურეი (ბრიტ, 2)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 13) 6:4, 3:6, 6:3; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6) 6:4, 6:4; ფლორიან მაიერი (გერ, 15)-რაფაელ ნადალი (ესპ, 1) 7:6(5), 6:3; მეტიუ ებდენი (ავსტრა)-ჟილ სიმონი (საფ, 8) 6:2, 2:6, 7:6(8); კეი ნიშიკორი (იაპ)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 7:6(6), 4:6, 6:3; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 12)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 5:7, 6:1, 6:0.

1/4 ფინალი

ფერერი (3)-როდიკი (10); დოლგოპოლოვი (12)-ნიშიკორი; ფ. მაიერი-ფ. ლოპესი; ებდენი-მიურეი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება