დავიდ ნალბანდიანი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და უნიკალური წარმომადგენელია.

დავიდ ნალბანდიანი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და უნიკალური წარმომადგენელია. სავსებით შესაძლებელია, რომ ის ვერასდროს ვერ მოიგებს "დიდი სლემის" ტურნირს და ვერ გახდება მსოფლიოს პირველი ჩოგანი, მაგრამ გულშემატკივრებს მოსაგონად ბევრი დაუვიწყარი მომენტი დარჩებათ. 2010 წელს არგენტინელი კიდევ ერთხელ დაბრუნდა არსაიდან. ვაშინგტონის ტურნირში გამარჯვების შემდეგ, მან მსოფლიოს რეიტინგში 70 პოზიციით წაიწია წინ, მაგრამ ამ სეზონში მიზნად არა პირად მიღწევებს, არამედ დევისის თასზე გამარჯვებას ისახავს. ამ ტურნირზე არგენტინა ნახევარფინალშია გასული.

დავიდის საუკეთესო წლები, ალბათ, წარსულს ჩაბარდა. საუკეთესო პერიოდი კი 2002-05 წლები იყო. მაშინ 20 წლის არგენტინელი თავის პირველივე უიმბლდონზე ფინალში გავიდა, სადაც ლეიტონ ჰიუიტთან წააგო. ყველაზე დიდ გამარჯვებას კი 2005 წელს, შანხაიში სეზონის შემაჯამებელ ტურნირში მიაღწია, როცა ფინალში 0:2-დან ხუთსეტიან დაძაბულ ბრძოლაში როჯერ ფედერერი დაამარცხა. გარდა ამისა, "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის ნახევარფინალში გავიდა (თანაც არაერთგზის), მაგრამ უფრო შორს გასვლა ვერ მოახერხა. ამით ის ე. წ. "სლემის ნახევარფინალისტების კლუბში" მოხვდა. მოქმედ ჩოგბურთელებს შორის ამ ჯგუფში მხოლოდ ფედერერი, რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი შედიან. ასე რომ, საკმაოდ პრესტიჟული მიღწევაა. ბოლოს მან დიდი ტურნირების ნახევარფინალურ ეტაპს 2006 წელს საფრანგეთის ღია პირველობაზე მიაღწია, სადაც ფედერერთან მატჩის მესამე სეტში შეწყვიტა თამაში. იმ მომენტში კარიერაში ყველაზე მაღალი - მესამე ადგილი ეჭირა ATP-ის რეიტინგში. სწორედ ამ პიკის შემდეგ დაიწყო ჩავარდნა და აბსოლუტურად ახალი პერიოდი ნალბანდიანის კარიერაში.

არგენტინელი არასოდეს ყოფილა სტაბილური მოთამაშე. პირიქით, ყველამ იცოდა, რომ კონკრეტული მომენტისთვის მისი თამაში განწყობაზე იყო დამოკიდებული, თუმცა დიდ ტურნირებზე მაქსიმალურად მობილიზებული გახლდათ. მაგრამ 2007 წელს ეს თვისებაც დაკარგა და დავიდი ATP-ის ტურის ერთ-ერთ ყველაზე არაპროგნოზირებად ჩოგბურთელად იქცა. ამის მიზეზი ნაწილობრივ ტრავმები იყო, ხანდახან კი სხვა გატაცებები უშლიდა ხელს. ცნობილია, რომ ნალბანდიანს ძალიან უყვარს ავტორბოლები, თევზაობა, ფეხბურთი... ის არასოდეს ამბობდა უარს საყვარელ გასართობებზე.

მაგრამ ოსტატობა და ნიჭი არსად დაკარგულა. ძალიან შთამბეჭდავი იყო მისი დაბრუნება 2007 წლის ბოლოს. მაშინ მას გრძელი წარუმატებელი სერია ჰქონდა და მონატრებული იყო გამარჯვებებს. დავიდმა მადრიდისა და პარიზის მასტერსებზე ხანგრძლივი სეზონისგან დაღლილ ლიდერებს "შავი დღე" აყარა. ორ-ორჯერ დაამარცხა მსოფლიოს პირველი ორ ჩოგანი - რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი. საერთოდ, ნალბანდიანი ტურის ლიდერებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, რაზეც ამ ჩოგბურთელებთან ურთიერთშეხვედრების ანგარიშებიც კარგად მეტყველებს: 8:10 - ფედერერთან, 2:2 - ნადალთან, 2:1 - ენდი მიურეისთან. ასეთი მაჩვენებლებით ცოტა ვინმე თუ დაიკვეხნის.

ბევრს ეგონა, რომ შემოდგომის მასტერსებზე მიღწეული პროგრესის შემდეგ, ნალბანდიანი ლიდერებთან ბრძოლას გააგრძელებდა, მაგრამ მომავალ სეზონში მხოლოდ ორჯერ გაიბრწყინა, 2009 წელს კი ტრავმის გამო მაისის დასაწყისში დაასრულა სეზონი. აღდგენითი პროცესი ძალიან რთულად მიმდინარეობდა. დავიდმა რამდენჯერმე გადაწია დაბრუნების თარიღი და როგორც იქნა, ბუენოს აირესში საშინაო ტურნირზე გამოვიდა, სადაც ორი მატჩის შემდეგ შეწყვიტა ბრძოლა. ასე გრძელდებოდა დიდი ხანი - იწყებდა თამაშს და თავს ანებებდა. გულშემატკივრებმა ნალბანდიანის კარიერა კიდევ ერთი კარგი არგენტინელი ჩოგბურთელის გილერმო კორიას კარიერას შეადარეს. კორიაც დიდი ხანი უშედეგოდ ცდილობდა დაბრუნებას და ბოლოს თამაში დაასრულა.

საბედნიეროდ, ნალბანდიანს ასეთი რამ არ დაემართა. მან კარგი ტურნირი ჩაატარა მონტე კარლოში, შემდეგ ისევ რამდენიმე შეჯიბრი გამოტოვა, მათ შორის, როლან გაროსი და უიმბლდონი (საბოლოო ჯამში, დავიდს "დიდი სლემის" ზედიზედ ექვსი ტურნირი აქვს გამოტოვებული). იმ დროს, როცა სხვა ჩოგბურთელები უიმბლდონის ბალახის კორტებზე იბრძოდნენ, ნალბანდიანი სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებისა და დიეგო მარადონას საქომაგოდ გაემგზავრა. ცნობილია, რომ დიეგო არაერთხელ დასწრებია ნალბანდიანის თამაშებს დევისის თასზე.

სწორედ დევისის თასი გახდა დავიდის მორიგი სტიმული. ნალბანდიანს ორჯერ ერთი ნაბიჯი დააკლდა ამ პრიზამდე. პირველი ფინალი არგენტინამ 2006 წელს მოსკოვში წააგო, არადა, ნალბანდიანმა ერთეულთა ორივე შეხვედრა მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ორი წლის შემდეგ, არგენტინა აშკარა ფავორიტი იყო შინ ესპანეთთან. დავიდმა ისევ იყოჩაღა ერთეულთა მატჩში, მაგრამ მაშინ იმედები ვერ გაამართლა ახალგაზრდა ხუან მარტინ დელ პოტრომ, რომელმაც გუნდი აშკარად დააღალატა.

ამ სეზონში დავიდი პირველივე რაუნდში დაეხმარა თავის გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად 100 პროცენტით არ იყო მზად. მეხუთე მატჩზე გავიდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა შვედ ანდრეას ვინსიგერასთან.

სწორედ როლან გაროსისა და უიმბლდონის შემდეგ, უთამაშებელი ნალბანდიანი რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა. რეიტინგის მიხედვით ის ნაკრების ბოლო მოთამაშე იყო, თუმცა ამას გუნდში მის ავტორიტეტზე არ უმოქმედია. არგენტინელი ასეთი მობილიზებული კარგა ხანია არავის ენახა. მან არც ერთი სეტი არ დაუთმო ნიკოლაი დავიდენკოსა და მიხაილ იუჟნის. დავიდი მზად იყო კორტზე მომკვდარიყო თავისი ნაკრების გამარჯვებისთვის. ასე შეწყვიტა ნალბანდიანმა დევისის თასზე რუსეთის ნაკრების 15-მატჩიანი საშინაო მოგებათა სერია.

რამდენიმე კვირაში, დავიდმა პირველად ითამაშა ATP-ის ტურნირში (ოთხთვიანი შესვენების შემდეგ) და როგორც აღმოჩნდა, დევისის მატჩებისთვის მზადებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ვაშინგტონში მან ყველა მეტოქეს მოუგო. მართალია, ჟილ სიმონთან და მარკოს ბაღდატისთან გაუჭირდა, მაგრამ გადამწყვეტი მომენტებში არგენტინელი ბრწყინვალე იყო.

ნალბანდიანმა გასულ კვირას ტორონტოს მასტერსზეც გაიბრწყინა, სადაც დაბრუნების შემდეგ მოგებათა სერია 9 მატჩამდე აიყვანა. კანადაში მან ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა დავიდ ფერერი, ტომი რობრედო და რობინ სიოდერლინგი, მაგრამ გადაღლილმა მეოთხედფინალში წინააღმდეგობა ვერ გაუწია ენდი მიურეის. ამ კვირას, ცინცინატის მასტერსზე კი უკვე ორი წრის გავლა მოასწრო - მოუგო ივან ლუბიჩიჩსა და ჯონ ისნერს.

რთული სათქმელია, როგორ აეწყობა არგენტინელის გამოსვლები მომდევნო ტურნირებში - არასოდეს იცი, როდის ითამაშებს ის გენიალერ მატჩს ან როდის ჩააგდებს ტურნირს. ამერიკის ღია პირველობის დასრულებისთანავე გაიმართება დევისის თასის ნახევარფინალური ეტაპი, სადაც არგენტინა სტუმრად ეთამაშება საფრანგეთს. დავიდმა ძალიან უნდა მოინდომოს, რომ კარიერაში მესამედ მიუხლოვდეს საოცნებო პრიზს.

ლელო

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე