ბერძნული "ერგოტელისის" ქართველი მცველი ნაკრების წარუმატებლობის მიზეზებზე საუბრობს
გიორგი შაშიაშვილი, რომ იტყვიან, ჯერაც ბავშვი, 15 წლისა იყო, როდესაც თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა და მას შემდეგ უცხოეთში თამაშის გვარიანი გამოცდილება დაუგროვდა - ოთხი ქვენის კლუბში უთამაშია, ვლადიკავკაზის "ალანიაში", ოდესის "ჩერნომორეცში", გრაცის "შტურმში", 2009 წლიდან კი საბერძნეთის სუპერლიგის "ერგოტელისშია".

გიორგიმ საქართველოს ნაკრებში პირველად 2001 წლის 9 მაისს აზერბაიჯანის ნაკრებთან ითამაშა, მას მერე ეროვნული გუნდის ფორმა 30-ჯერ მოირგო, მაგრამ ნაკრებში თემურ ქეცბაიას დანიშვნის შემდეგ ჰერაკლიონის "ერგოტელისის" მცველი შეკრებაზეც არ გამოუძახებიათ.

"ლელო" 32 წლის შაშიაშვილს მიმდინარე მოვლენებზე, საკლუბო და, ცხადია, სანაკრებო ამბებზეც ელაპარაკა.

- არასაფეხბურთო, მაგრამ მნიშვნელოვანი თემით დავიწყოთ: დღეს საბერძნეთში ხალხი მთავრობას დაუპირისპირდა, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია. ცხადია, ეს მოვლენები ფეხბურთსაც შეეხებოდა.

- "ერგოტელისი" კუნძულ კრეტაზე ბინადრობს, საკურორტო ზონაა და აქ ათენის გამოსვლების ექო ნაკლებად იგრძნობა. უცნაურია, მაგრამ ფინანსური კრიზისი "ერგოტელისს" არ შეხებია. ამიტომაც ახალ სეზონში ევროპის ლიგაზე გასვლა დაგვისახეს მიზნად, მაგრამ მძიმედ დავიწყეთ, ჩემპიონატის ექვსი ტური ჩატარდა და ჯერ მხოლოდ ხუთი ქულა გვაქვს. მიზეზი ისიც არის, რომ პირველ სამ ტურში ჩვენი მეტოქეები იყვნენ პაოკი, აეკი და "ოლიმპიაკოსი".

თუმცა საერთო კრიზისმა ბერძნულ ფეხბურთზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა, ამას გარიგებული მატჩების სკანდალიც დაერთო და ვოლოსის "ოლიმპიაკოსი" და "კავალა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს. ასე დარჩა საბერძნეთის სუპერლიგაში 14 გუნდი 16-ის ნაცვლად, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 6 ტური ჩატარდა, ამბობენ, შესაძლოა, სუპერლიგას პირველიდან ორი გუნდი დაემატოსო. აი, ასეთი გაურკვევლი ვითარებაა, მაგრამ არ მესმის, ორი გუნდი როგორ დაემატება, დამატებულები ამ ექვს შეხვედარს როგორ ჩაატარებენ.

გუნდების უმეტესობას კი ძალიან უჭირს. მაგალითად, თბილისის "დინამოსთან" შეხვედრამდე ათენის აეკ-ის ფეხბურთელებს 5 თვის ხელფასი არ აეღოთ, ვარჯიშებს ბოიკოტს უცხადებდნენ და კრიზისის გამო კლუბი ოთხმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. სიმართლე გითხრათ, ამის გამო "დინამოს" გამარჯვების იმედი მქონდა.

- აეკ-ის თამაშიდან გამომდინარე, ბევრმა დაასკვნა, რომ ბერძნული გუნდების დონე საგრძნობლად დაეცა.

- ისეთი ნამდვილად აღარ არის, ორი-სამი წლის წინ რომ იყო, როდესაც საბერძნეთში თამაში უჭირდათ "რეალს", "ბარსელონას", "მანჩესტერსა" და "ბაიერნს". "დინამოსთან" აეკ-ი მართლაც საშინლად გამოიყურებოდა, თუმცა ახლა გუნდი ათამაშდა.

კრიზისის მიუხედავად, ბერძნებს მდგომარეობის გამოსწორების იმედი გაუჩნდათ, რადგან "პანათინაიკოსის" აქციათა დიდი ნაწილი არაბმა შეიხმა იყიდა. დარწმუნებული ვარ, ეს პრეცედენტი სხვებისთვისაც გადამდები იქნება და საკლუბო ფეხბურთი კრიზისიდან გამოვა.

- "ერგოტელისთან" კონტრაქტი როდის გიმთავრდება?

- მაისში ახალი ორწლიანი ხელშეკრულება გავაფორმე და 2013 წლამდე ვრჩები. კრიზისი კია, მაგრამ მაინც ძლიერი ლიგაა და ახალ კონტრაქტზე უარის თქმა არც მიფიქრია. მითამაშია ავსტრიაში, უკრაინასა და რუსეთში და არც ერთზე ნაკლები ჩემპიონატი არ არის, ავსტრიის ბუნდესლიგას კი ბევრად აღემატება. ძალიან დაძაბული ტურნირია, ლიდერებსა და აუტსაიდერებს შორის ქულებში მცირე სხვაობაა, ახლა 14-გუნდიანი ჩემპიონატიდან სამი ვარდება და ამან ვითარება კიდევ უფრო დაძაბა.

- იყო ლაპარაკი "ერგოტელისში" ქართველი ფეხბურთელის დამატებაზე.

- ლაპარაკი მართლაც იყო და ხშირადაც მეკითხებიან ქართველ ფეხბურთელებზე, მაგრამ ჯერ სასურველი ამპლუის ქართველი ვერ მოძებნეს.

- საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ; საბერძნეთთან მატჩს როგორი გამოხმაურება მოჰყვა?

- პირველი შეხვედრის ფრედ დასრულების მიუხედავად, მეორე მატჩამდე მაინც ზედმეტად თავდაჯერებულები იყვნენ და რატომღაც ისეთი რეაქცია ჰქონდათ, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი მოხდა და დაგეგმილი სამი ქულა აიღეს.

სამწუხაროდ, ზემოდან გვიყურებენ, თუმცა თამაშიდან გამომდინარე ვერ იტყოდნენ, რომ გვაჯობეს. პირიქით, სანამ თარგამაძე დაშავდებოდა და ათნი დავრჩებოდით, მანამდე საქართველოს ნაკრები უკეთ თამაშობდა. ჩვენს ჯგუფში ბერძნების ყველა შეხვედრას ვუყურე და ვფიქრობ, ასე ცუდად არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებიათ, რაც ჩვენი ბიჭების დამსახურებაა. მაგრამ რად გინდა, მაინც მოგვიგეს.

- ჩვენს ნაკრებზე რას იტყვი?

- ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილი ვერ გამახარებს, მაგრამ გუნდი უფრო ბრძოლისუნარიანი გახდა და ეს ოდნავ მაინც მაიმედებს. ახლაც გვქონდა აფეთქებები, მაგრამ ერთ-ორ დასამახსოვრებელ მატჩს ლამის ყველა ციკლში ვიგებდით. ვფიქრობდი, რა მოგვივიდა ლატვიასთან და ასე მგონია, ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა ყველაფრის ქეცბაიასთვის გადაბრალებაც არ იქნება გამართლებული.

- რატომ იყო მოსალოდნელი?

- ქართული ფეხბურთი წლების წინ წარმატებული იყო, მოთამაშეები ხასიათის სიმტკიცითაც გამოირჩეოდნენ, მაგრამ ბოლო წლებში ამ თვისებას ვეღარ ვავლენთ. როდესაც კონკრეტული მატჩის მოგება გვინდა, რაღაც ყოველთვის გვაკლდება, მაგრამ როდესაც ქულები არ გვჭირდება, თამამები და ლაღები ვხდებით. გავიხსენოთ ამხანაგური შეხვედრები, თურქეთსა და ურუგვაის მოვუგეთ, მაგრამ ბევრად სუსტ ნაკრებებთან ოფიციალურ მატჩებში ვერ გავიმარჯვეთ.

რა ვიცი, იქნებ ახალმა თაობამ მაინც დაიბრუნოს ბრძოლისუნარიანობა და გამარჯვებულის ფსიქოლოგია.

- ეს იყო თქვენი თაობის პრობლემა?

- იქნებ, დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბოლომდე ვერ ამიხსნია, რა გვჭირდა. ისეთ თამაშებს ვაგებდით, ვერაფრით რომ ვერ ახსნიდი. არადა, ქართველები კლუბებში ურიგოდ არ გამოიყურებიან და მათგან ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბებაც შეიძლებოდა. მოკლედ, არ ვიცი, რა გვჭირდა და გვჭირს, მაგრამ გვჭირდა და გვჭირს.

- ერთმა რუსმა ჟურნალისტმა დაწერა, ქართველები იმდენად ეგოისტები არიან, გუნდურად ვერასოდეს ითამაშებენო.

- ვერ დავეთანხმები, ერთსულოვნება ნამდვილად არ გვაკლია, ნეტავ, ყველა ხედავდეს, რა ხდება ჩვენს შორის თამაშის დაწყებამდე, ამას ტრიბუნიდან ვერავინ იგრძნობს, მაგრამ ვერ გამიაზრებია, მერე რა გვემართება.

პრობლემა ბევრი იყო და ერთს ვერც გამოვარჩევ, რადგან ყველაფერი ერთმანეთზე იყო მიწყობილი და მთლიანობაში ქმნიდა იმ ვითარებას, რაც მაყურებელს ასე ადარდებს. ელემენტარულად, ნაკრებს ბაზაზე მოედანი არ ჰქონდა და ხან სად ვვარჯიშობდით და ხან სად. სიჭინავასა და ქეცბაიას დროს ეს მაინც გამოსწორდა, გუნდმა დამაიმედებლად დაიწყო, მაგრამ მერე ისევ აირია.

ჩემი აზრით, ნაკრებში საუკეთესო დაცვის ხაზია, ძალიან მომწონს მეკარეები, ლორია და რევიშვილი, მაგრამ შეტევის ორგანიზება გვიჭირს, ამას უიღბლობაც დაემატა.

მე მაინც მგონია, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერებაა. საბერძნეთის ნაკრების წევრთა 80 პროცენტი ბერძნულ კლუბებში თამაშობს, რაც მათი ჩემპიონატის პრესტიჟიც არის და სხვა ფეხბურთელებსაც თავდაჯერებას მატებს, გამარჯვებულის მენტალიტეტი უყალიბდებათ. მესამეხარისხოვან ჩემპიონატში კი მოთამაშის გამარჯვებულის მენტალიტეტით გაზრდა ძალიან ძნელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guja_kakhadze
მესამეხარისხოვან ჩემპიონატში კი მოთამაშის გამარჯვებულის მენტალიტეტით გაზრდა ძალიან ძნელია.....გეთანხმები. ძნელია მაგრამ არა შეუძლებელი.
ramo
რატომ ცრუობთ? რუსმა თქვა ქართველები ეგოისტურ ფეხბურთს თამაშობენო და რა ეგოისტები არიანო. ეს სხვადასხვა რამეა. ზედმეტად ინდივიდუალურად რო თამაშობ, პასს არ იძლევი , ბურთზე არ იხსნები,მაგას გუნდური თამაში არ ქვია.
dato
შენნაირი ფეხბურთელები რომ ჩამოვლენ საქართველოს ჩემპიონატში მაგით გაძლიერდება ჩემპიონატის დონე
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა