ლა ლიგა. VIII ტურის წინ: ცენტრალური მატჩი დღეს "კამპ ნოუზე" გაიმართება - "ბარსა" "სევილიას" მასპინძლობს

ტურის ცენტრალური მატჩი დღეს "კამპ ნოუზე" გაიმართება - ჩემპიონი "სევილიას" მასპინძლობს, ორივე გუნდი დაუმარცხებელია, ანდალუსიელები პირველ ადგილზე მყოფ "ბარსელონას" სულ რაღაც ორი ქულით ჩამორჩებიან.

ამაზე კარგი თამაში რა უნდა იყოს თითქოს ტურში, თუმცა კიდევ ორ დაპირისპირებას დაგისახელებთ, რომელთაც არანაკლები დაინტერესება გამოიწვიეს. დღესვე (ორი საათით ადრე, ვიდრე კატალონიაში) "სამეფო კლუბი" ანდალუსიაში "მალაგას" ეწვევა, ხვალ კი ვალენსიური დერბია - "ელ მადრიგალზე" უნდა გაირკვეს გაგრძელდება თუ არა ზღაპარი სახელად "ლევანტე" პრიმერაში.

ურიგო მატჩს არც "მესტალიაზე" ველით, სადაც "ვალენსია" ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობს.

მოკლედ, არც ამ ტურში უნდა მოვიწყინოთ წესით. ყველაზე დიდი სიახლე ჩემპიონის ბანაკში ისაა, რომ სესკ ფაბრეგასი გამოჯანმრთელდა, თუმცა არა გვგონია, ახალწვეულმა სათადარიგოთა სკამზე მეტს მიაღწიოს პირველ ჯერზე. ალექსის სანჩესი ჯერ კიდევ მკურნალობს, ჟერარდ პიკესაც ერთი კვირა მოუწევს უქმობა.

სტუმართა ყველაზე დიდი პრობლემა ალვარო ნეგრედოს ტრავმაა. ესპანეთის ნაკრების შემტევის თამაში თითქმის გამორიცხულია. მოკლედ, მარსელინოს ძალიან ძნელი დავალება აქვს გადასაჭრელი - ტყავიდან უნდა გამოძვრეს, რომ ლა ლიგაში "სევილიას" მწვრთნელის რანგში პირველი მარცხი "კამპ ნოუზე" არ იწვნიოს.

არადა, "ბარსა" ბრწყინვალედ თამაშობს - 4 საშინაო მატჩში 21 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, "ბარსელონა" 13 თამაშია ამ სეზონში (არა მხოლოდ ჩემპიონატში), რაც წაუგებლად თამაშობს, ეს კი კლუბის რეკორდი ყოფილა.

მარსელინომ უნდა განაწყოს გუნდი "ბარსასთან" საომრად, გუნდი, რომელიც ბოლო დროს მესი და კომპანიამ ძალიან დაჩაგრა - ბოლო მატჩებში კატალონიიდან ქულაც ვერ წაიღო და გოლიც ვერ გაიტანა (თუმცა 13 გაუშვა). მარსელინოს ხელში გუნდის პროგრესი რომ თვალსაჩინოა იქიდანაც ჩანს, რომ ეს სტარტი ანდალუსიური კლუბის ისტორიაში საუკეთესოა (4 მოგება და 3 ფრე). "სევილიამ" შარშან კი მოიგო "კამპ ნოუზე", მაგრამ ეს იყო თასის მატჩი - 2:1 მოიგო და გათამაშებიდანაც გამოთიშა გრანდი.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "სევილია" დიდებული კლუბია. მათ შეუძლიათ ნებისმიერ სიტუაციიდან გამარჯვებულები გამოვიდნენ. ეს არის კარგი ტესტი იმის გასაგებად, რამდენად კარგები ვართ სინამდვილეში. მეტოქე ძლიერია, მათმა მწვრთნელმა აჩვენა, რომ დაცვით ტაქტიკაში დიდებულად ერკვევა. ამასთან, ანდალუსიელებს შემტევი პოტენციალიც არანაკლები აქვთ. "რეალის" შემდეგ ლა ლიგაში ყველაზე უკეთ კონტრ-შეტევებზე თამაში სწორედ "სევილიას" ეხერხება.

სესკის დამატება დიდად წაგვადგა, ის ნამდვილი პროფესიონალია და გუნდისთვის შეუცვლელი ფეხბურთელი. ბოლო დღეებში ყოჩაღად ვარჯიშობს და, ვფიქრობ, თამაში უკვე შეუძლია. თუ არადა, ჩვენ შეგვიძლია ინიესტა ან ალკანტარა ვათამაშოთ".

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი, მასკერანო, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.

სევილია: ვარასი - კასერესი, სპაჰიჩი, ესკუდე, ნავარო - ტროხოვსკი, მედელი - ხესუს ნავასი, დელ მორალი, პეროტი - კანუტე.

როცა ბარსელონაში ტურის ცენტრალური მატჩი დაიწყება, ჩემპიონებს და მათ ფანებს უკვე ეცოდინებათ, თუ რა ქნა მათმა უმთავრესმა კონკურენტმა "რეალმა". "სამეფო კლუბი" ყოფილი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის "მალაგასთან" საპაექროდ ემზადება. შარშან ჩილელს არაფერი გამოუვიდა, მაგრამ შარშან სულ სხვა "მალაგა" იყო და წლეულს სულ სხვაა - ვარსკვლავებით გადაჭედილი (ზაფხულში 58 მილიონი ევრო დახარჯეს) და სერიოზული მიზნებისთვის მზადმყოფი. მოკლედ, ეს ის "მალაგა" აღარაა, გაზაფხულზე "რეალმა" 7:0 რომ მოუგო.

ერთადერთი, რაც მანუელ პელეგრინის ადარდებს, ბრაზილიელი ჟულიო ბაპტიშტას ფეხია, ფორვარდი ისევ იტკიებს ფეხს და ჯერაც უცნობია, შეძლებს თამაშს თუ ვერა. "მალაგას" არ ეყოლება მეკარე ვილი კაბალიეროც, რომელიც წინა ტურში გაძევებისთვის დისკვალიფიცირებულია.

"რეალის" რაულ ალბიოლს მოტეხილი ყბა ჯერაც არ მოურჩენია, საეჭვოა რიკარდო კარვალიოს თამაშიც - ასე რომ, ჟოზე მოურინიოს კვლავ მოუწევს სერხიო რამოსის დაცვის ცენტრში დაყენება (ან არის მეორე ვარიანტი - ახალგაზრდა ვარანი). ნური შაჰინის დებიუტს "რეალში" კი ალბათ უფრო შემდეგ ტურში უნდა ველოდოთ, რომელიც შუა კვირაშია. პორტუგალიელი თავკაცის მთავარი საფიქრალი ისაა, თუ ვინ დააყენოს თავდასხმაში - გონსალო იგუაინი, თუ ქარიმ ბენზემა - ორივე ფორვარდი ჩინებულ ფორმაშია, მაგრამ გამორიცხულია ჟოზემ სტუმრად აშკარად გამოკვეთილი ორი ფორვარდი დააყენოს. ასე რომ, მძიმე არჩევანის გაკეთება მას აუცილებლად მოუწევს.

ჟოზე მოურინიო (რეალი): "გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და მას ბევრი გოლი გააქვს. ხომ ვამბობდი, რომ კრიშტიანო რონალდო არ არის ეგოისტი ფეხბურთელი. ნახეთ, რამხელა სარგებელი მოაქვს მას. კრიშტიანოს თავისებული დნმ აქვს, რომელსაც მე ვერ შევცვლი და რომლის შეცვალსაც არ ვაპირებ. ამჯერად, ძნელი მატჩი გველის, ნუ ელით, რომ 4 გოლს გავიტანთ, "როსალედაზე" ამის გაკეთება კი ძალიან გვსურს, მაგრამ ძნელი იქნება - მე პატივს ვცემ "მალაგას" არის მათში რაღაც რეალური".

სავარაუდო შემადგენლობები

მალაგა: რუბენი - გამესი, დემიკელისი, მატეისენი, მონრეალი - კასორლა, ტულალანი, მარესკა - ხოაკინი, ვან ნისტელროი, ისკო.

რეალი: კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ჩაბი ალონსო, ხედირა - კაკა, იოზილი, რონალდო - იგუაინი.

ვალენსიური დერბი ტურის უკანასკნელი მატჩია, ოღონდ მხოლოდ ქრონოლოგიურად - ჩემპიონატის სენსაცია "ლევანტე" "ელ მადრიგალს" ესტუმრება, სადაც ჩემპიონატის ერთ-ერთ იმედგაცრუება "ვილიარეალს" შეხვდება. "ელ სუბმარინო", რომელმაც სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა, ახლა მე-14-ეა ერთადერთი გამარჯვებით.

მასპინძლებს კვლავ არ ეყოლებათ ნილმარი და მარკო რუბენი, გამოდის, რომ შეტევაში მთავარი იმედი ისევ ჯუზეპე როსია, კანი კი მას სიღრმიდან დაეხმარება. "ლევანტე" წაუგებელია და ქულებით "ბარსას" ტოლ-სწორია. ის ახლა "ბარსას" და "რეალს" შორის მურმანის ეკალივითაა გაჩხერილი.

"ლევანტეს" დააკლდება რაფაელ ხორდა, სხვა მხრივ პრიმერას მოულოდნელი თანალიდერი საკადრო პრობლემებს არ განიცდის.

ლა ლიგა. VIII ტური

დღეს

სპორტინგი-გრანადა 20:00

ტრავმა: კარმელო (?) - ხუანი (?), კორტესი (?), მარტინში, იგჰალო

რასინგი-ესპანიოლი 20:00

ტრავმა: ოსმარი (?), კენედი, აკოსტა - მატიონი, ალბინი

მალაგა-რეალი 22:00

ტრავმა: ბაპტიშტა (?), ხიმენესი - ალბიოლი (?), კარვალიო (?), დიარა (?), შაჰინი

დისკვალიფიკაცია: კაბალიერო (მალაგა)

ბარსელონა-სევილია 00:00

ტრავმა: აფელაი, პიკე, სანჩესი - ნეგრედო (?), პეროტი

ხვალ

ბეტისი-რაიო ვალეკანო 14:00

ტრავმა: ფაბრისიო (?), ნელსონი (?), ვადილიო - ფუეგო (?—

რეალ სოსიედადი-ხეტაფე 18:00

ტრავმა: ზურუტუზა (?), ველა (?), ილარამენდი (?) - მასილელა (?), პედრო ლეონი (?), უსტარი, გავილანი, ბარადა

დისკვალიფიკაცია: ლასენი (ხეტაფე)

ატლეტიკო-მალიორკა 20:00

ტრავმა: არდა (?), სილვიო (?), სალვიო (?), კოშტა, ლოპესი (?) - მარტი (?), ნუნიეში, ლაკრუსი, კასერესი, ზუიველროონი

ოსასუნა-სარაგოსა 20:00

ტრავმა: რიკარდო (?), როვერსიო (?), მასუდი, ეჩაიდე - ბრაულიო, პინტერი, მინერო

დისკვალიფიკაცია: ლამა (ოსასუნა)

ვალენსია-ბილბაო 22:00

ტრავმა: კოშტა (?), მადურო - ი. გომესი (?), კასტილიო, პერესი

დისკვალიფიკაცია: რამი (ვალენსია)

ვილიარეალი-ლევანტე 00:00

ტრავმა: კამუნიასი (?), სენა (?), რუბენი (?), ა. ლოპესი, ნილმარი - ხორდა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 7 5 2 0 26-4 17

2. ლევანტე 7 5 2 0 11-3 17

3. რეალი 7 5 1 1 24-6 16

4. სევილია 7 4 3 0 8-4 15

5. ვალენსია 7 4 2 1 10-7 14

6. მალაგა 7 4 1 2 10-7 13

7. ბეტისი 7 4 0 3 10-11 12

8. ატლეტიკო 7 2 3 2 8-6 9

9. სარაგოსა 7 2 3 2 9-13 9

10. ესპანიოლი 7 3 0 4 6-11 9

11. ბილბაო 7 2 2 3 10-10 8

12. მალიორკა 7 2 2 3 6-8 8

13. სოსიედადი 7 2 1 4 7-10 7

14. ვილიარეალი 7 1 4 2 7-11 7

15. ოსასუნა 7 1 4 2 6-15 7

16. ვალეკანო 7 1 3 3 6-11 6

17. ხეტაფე 7 1 2 4 6-10 5

18. გრანადა 7 1 2 4 2-8 5

19. რასინგი 7 0 4 3 4-12 4

20. სპორტინგი 7 0 1 6 3-12 1

ბომბარდირები:

10 - მესი (ბარსელონა); 8 - იგუაინი (რეალი); 7 - რონალდო (რეალი); 5 - სოლდადო (ვალენსია), ფალკაო (ატლეტიკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა