როჯერ ფედერერისთვის წარუმატებელმა სეზონმა თანამედროვე ჩოგბურთში ასაკოვანი მოთამაშეების პერსპექტივებზე მსჯელობა გამოიწვია
როჯერ ფედერერისთვის უპრეცედენტო სეზონმა, რომლის დროსაც მან ვერ შეძლო “დიდი სლემის” ვერცერთი ტურნირის მოგება, ისევ გამოიწვია მსჯელობა თანამედროვე ჩოგბურთში ასაკოვანი მოთამაშეების პერსპექტივებზე.

Sports Illustrated-ის მიმომხილველი ბრიუს ჯენკინსი ამ პრობლემას ფედერერისა და სერენა უილიამსის მაგალითებზე განიხილავს.

როჯერ ფედერერი და სერენა უილიამსი ერთ წელს დაიბადნენ - მათ შორის შვიდი კვირაა განსხვავება. ასე რომ, დღეს ისინი ერთგვარი ბარომეტრის როლს ასრულებენ პროფესიულ ტურში - გვიჩვენებენ, როგორ მიმდინარეობს თამაშის პროგრესი და რა ძალისხმევაა საჭირო მწვერვალზე ადგილის შესანარჩუნებლად.

თანამედროვე ჩოგბურთში როჯერი და სერენა ცოტათი ძველმოდურ შთაბეჭდილებას ტოვებენ. წარსულის ლეგენდარული ეპოქებისგან განსხვავებით, ამჟამად ტურში პრაქტიკულად არ არის ადგილი 30 წელს გადაცილებული მოთამაშეებისთვის.

თავად განსაჯეთ: The Champions Series, რომელიც ისეთი ლეგენდებით არის სავსე, როგორებიც არიან ჯონ მაკინროი, ანდრე აგასი და პიტ სამპრასი, წარმოადგენს კიდეც ერთგვარ კლუბს იმათთვის, ვინც 30 წლის ასაკს გადააბიჯა. შეიძლება ითქვას, რომ ესენი არიან მოთამაშეები, რომლებსაც “გარანტიის ვადა გაუვიდათ”.

შეძლებენ თუ არა როჯერი და სერენა კიდევ ერთხელ “დიდი სლემის” ტურნირის მოგებას? ზოგიერთს მიაჩნია, რომ არა, რადგან ისინი გარდაუვალ ჩავარდნას განიცდიან და უკან ვერ მობრუნდებიან. სხვები კი ფიქრობენ, რომ ლეგენდები ერთხელ კიდევ აუცილებლად "გაისვრიან". საინტერესოა ფედერერისა და უილიამსის შანსების განხილვა ჩოგბურთის ისტორიის კუთხით.

ბილ ტილდენი - ადამიანი, რომლის წყალობითაც ამერიკამ შეიყვარა 20-იან წლებში ჩოგბურთი. ის 40 წლის შემდეგაც კონკურენტუნარიანი იყო და ხშირად დაუმარცხებელიც კი.

პანჩო გონსალესი, რომელსაც ბევრი მიიჩნევს ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უნიჭიერეს მოთამაშედ, პროფესიულ ტურში სწორედ მაშინ დომინირებდა, როცა მისი ასაკი 30 წელს იყო გადაცილებული, ხოლო 41 წლისამ უიმბლდონის ლეგენდარულ მატჩში დაამარცხა ჩარლი პასარელი - 22:24, 1:6, 16:14, 6:3, 11:9.

შეუდარებელი როდ ლეივერი 31 წლის იყო, როცა 1969 წელს მეორე “დიდი სლემი” მოიგო. ეს მამაკაცთა ჩოგბურთში “დიდი სლემის” მოგების ბოლო შემთხვევაა.

დაბოლოს, ოცი წლის წინ ჯიმი კონორსმა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალს 39 წლის ასაკში მიაღწია.

აი, კიდევ მოთამაშეები, რომლებმაც “დიდი სლემის” ტურნირებზე 30 წლის ასაკში გამოიჩინეს თავი:

ბილი ჯინ კინგი -მოიგო ამერიკის ღია პირველობა და უიმბლდონი.

მარტინა ნავრატილოვა - ორი უიმბლდონი და ორი აშშ-ის ღია (48 წლის ასაკში ჯერ კიდევ თამაშობდა “დიდი სლემის” ტურნირებზე).

კრის ევერტი - ორჯერ გაიმარჯვა როლან გაროსზე და 11-ჯერ გავიდა “დიდი სლემის” სხვა ტურნირების ნახევარფინალში.

მარგარეტ კორტი - 31 წლის ასაში გაიმარჯვა ავსტრალიის ღიაზე, როლან გაროსსა და აშშ-ის ღიაზე.

ბრიტანელი ჩოგბურთელები - ენ ჰეიდონ ჯონსი და ვირჯინია უეიდი - ორივემ 31 წლის ასაკში გაიმარჯვა უიმბლდონზე.

პიტ სამპრასი - მოიგო აშშ-ის ღია.

როი ემერსონი - როლან გაროსის ჩემპიონი.

ჯონ ნიუკომბი - გაიმარჯვა ავსტრალიის ღიაზე.

არტურ ეში - მოიგო უიმბლდონი.

ასე რომ, ადრე ჩვეულებრივი ამბავი იყო ასაკოვანი მოთამაშეების არამარტო ახალგაზრდებთან ღირსეული კონკურენცია, არამედ ტურში დომინირებაც. როცა დიადი კენ როზუოლი 30 წლის შემდეგ აჩვენებდა ბრწყინვალე და ლაღ ჩოგბურთს, შეუძლებელი იყო არ აღფრთოვანებულიყავი თამაშისადმი მისი სიყვარულით.

მაგრამ თანდათან ყველაფერი შეიცვალა. მეტალის ჩოგნების, ორი ხელით შესრულებული ბექჰენდების, ძლიერი ათლეტებისა და უკანა ხაზიდან ძლიერი დარტყმების გამოჩენასთან ერთად თამაშმა უფრო მეტი მოთხოვნები წარმოშვა. თამაშის ევოლუციამ ჩოგბურთი უფრო მომთხოვნი გახადა ფიზიკური მომზადებისადმი. როცა ძველი მატჩების ჩანაწერებს უყურებ, თუნდაც 20 წლის წინანდელს, უბრალოდ სასაცილოა შეადარო მაშინდელი სისწრაფე და ტემპი დღევანდელს.

შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრმა ლეგენდარულმა მოთამაშემ - ჯონ მაკინროიმ, ბიორნ ბორგმა, ივან ლენდლმა, ბორის ბეკერმა, სტეფან ედბერგმა, შტეფი გრაფმა თავიანთი ბოლო “მეიჯორები” ჯერ კიდევ 30 წლის დადგომამდე მოიგეს ან იმ დროისთვის სულაც დასრულებული ჰქონდათ კარიერა.

მომავალ წელს ენდი როდიკს უსრულდება 30 წელი და ის ძალიან გვაგონებს ჯიმ კურიეს, რომელმაც ამასწინ უთხრა ენდის: “მე ძალიან ბევრი ვირბინე და გამოვიფიტე 27 წლისთვის. შენც იგივე გზით მიდიხარ. შეეცადე ცოტა დაისვენო”.

ბოლო მოთამაშე, ვინც “დიდი სლემის” ტურნირზე 30 წლის შემდეგ გაიმარჯვა, ანდრე აგასი იყო, რომელმაც 2003 წელს მოიგო ავსტრალიის ღია. ახლა მთელი ყურადღება კონცენტრირებულია ფედერერზე - მან უკვე ზედიზედ შვიდი “დიდი სლემის” ტურნირი ჩაატარა მოგების გარეშე. მისი სტანდარტებით ეს სერიოზული წარუმატებლობაა.

“ასაკის ფაქტორი დიდ როლს თამაშობს, - მიაჩნია მარკ ვუდფორდს - წყვილთა თამაშის დიდ სპეციალისტს, რომელსაც 30 წლის შემდეგაც მოუგია დიდი ტურნირები. - ხანგრძლივი მატჩების შემდეგ ორგანიზმს მეტი დრო სჭირდება აღდგენისთვის. კიდევ უფრო დიდხანს გრძელდება ფსიქოლოგიური აღდგენა. უფრო ხშირად ღიზიანდები ცალკეული სიტუაციების გამო. თამაშში გადამწყვეტი მომენტების დროს უფრო მეტს ნერვიულობ”.

დაკმაყოფილდება თუ არა ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი რაფა ნადალის, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენდი მიურეის ჩრდილში ყოფნას?

უდავოა ის ფაქტი, რომ მამაკაცთა და ქალთა ტურებში წავიდა ის დრო, როცა საჩოგბურთო სამყაროს თინეიჯერები იპყრობდნენ. დღევანდელი ჩოგბურთის ინტერნსიურობა ფიზიკურ ძალასა და გამოცდილებას ითხოვს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბრუნდება ეპოქა, როცა ტურში ვეტერანები დომინირებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. თანამედროვე ჩოგბურთელების კარიერის პიკის დრო ორივე მხრიდან მცირდება. წარსულთან დაბრუნების კლასიკური მაგალითი შემოგვთავაზეს ნა ლიმ და ფრანჩესკა სკიავონემ, რომლებმაც როლან გაროსი 29 წლის ასაკში მოიგეს.

ცოტა ხნის წინ მარტინა ნავრატილოვამ “ნიუ იორკ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “ჩვენ დავაკვირდებით, როგორ გადიან სპორტსმენები ფორმის პიკზე უფრო სწრაფად 25-დან 30 წლის ასაკში, ვიდრე ოციდან 25 წლის ასაკში. ყველაფერი ბერდება. არ მგონია, რომ მოთამაშეები მოიგებენ “მეიჯორებს” 35 წლის ასაკში, მაგრამ 30 წელი - უკვე ისეთი საბედისწერო არ არის, როგორც ადრე”.

სერენა იდეალური “ლაკმუსის ქაღალდი” იქნება ასეთი შემოწმებისთვის. მეტოქეები აღფრთოვანებულნი არიან მისი უნიკალური უნარით - აიღოს პაუზა, დაბრუნდეს დიდ ტურნირზე, შეჯიბრის მსვლელობისას აკრიფოს ფორმა და პიკზე ფინალისთვის გავიდეს. მას ისევ აქვს მონდომებით მუშაობის სურვილი და საკმაოდ კარგად თამაშობს იმისთვის, რომ წელს აშშ-ს ღია პირველობის ფავორიტად დაესახელებინათ.

თანაც ეს სერენაა. მას შეუძლია ხვალ დაასრულოს კარიერა ან მოიგოს კიდევ ხუთი ან ექვსი ტურნირი “დიდ სლემზე”. ის არაპროგნოზირებადია და ამით რაღაცით ჰგავს ფედერერს. და თუ რომელიმეს კიდევ უწერია “მეიჯორის” მოგება, გახსოვდეთ, რომ მსგავსი პრეცედენტი უკვე ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება