"ჰანოვერთან" განცდილმა მარცხმა "ბაიერნის" ხელმძღვანელები, მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრებიც კი, დიდად არ გაანაწყენა
"ჰანოვერთან" განცდილმა მარცხმა "ბაიერნის" ხელმძღვანელები, მწვრთნელი, ფეხბურთელები და ასე განსაჯეთ, გულშემატკივრებიც კი, დიდად არ გაანაწყენა, რადგან ჯერ ერთი, რეკორდმაისტერი მაინც პირველ ადგილზე დარჩა და თანაც, წაგება მეტწილად მსაჯს დაბრალდა - ჟერომ ბოატენგის გაძევება არბიტრს მიუნხენელებმა არასამართლიან გადაწყვეტილებად ჩაუთვალეს.

"ბაიერნის" მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ამ წაგებაში კიდევ ერთ პოზიტიურ ასპექტსაც ხედავს - ადრე, თუ გვიან, ყველა სერია წყდება, ჩვენ კი შეცდომებზე უნდა ვისწავლოთო. "ბილდში" "დონ იუპის" საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა.

- ჰერ ჰაინკეს, ინტერვიუ მარტივი, მაგრამ ძალიან საინტერესო კითხვით დავიწყოთ რატომ წააგო "ბაიერნმა" ჰანოვერში?

- სიმართლე გითხრათ, მე ცოტათი გამიხარდა და გულზეც მომეშვა, ეს თამაში რომ წავაგეთ. ხანგრძლივი წაუგებელი და მშრალი სერიის გამო ბიჭები უკვე ძალიან დაწნეხილები იყვნენ. ზოგადად, ყველა სერია ოდესმე მთავრდება, ჩვენ კი იმდენი უნდა შევძლოთ, რომ ეს მარცხი კარგად გავაანალიზოთ და შეცდომებზე ვისწავლოთ. უშუალოდ მარცხს კი რამდენიმე მიზეზი ჰქონდა - ცხადია, მიზეზებს შორისაა ჟერომ ბოატენგის აშკარად უსამართლო გაძევებაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წაგება არაფერს შეცვლის: ჩემი გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია.

- შეიძლება ვცდებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დღესდღეობით სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო პერიოდი გაქვთ...

- როცა შენი გუნდი კარგად თამაშობს და წარმატებებს აღწევს, ის პერიოდი ყოველთვის ულამაზესად მიგაჩნია. ახლა "ბაიერნში" მართლაც ყველაფერი იდეალურადაა. გუნდი ძალიან კარგ ორგანიზებულ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს. თუმცა მე მაინც ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო პერიოდია. ზოგადად, ყველა საფეხურს თავისი პლუსები და მინუსები აქვს და სიმართლე გითხრათ, მიჭირს იმის თქმა, ჩემს შემთხვევაში რომელ საფეხურს ჰქონდა სხვაზე მეტი ხიბლი.

- ადრე უფრო მკაცრი იყავით, ამბობდნენ, ჰაინკესი ეგოისტიაო...

- მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ადრე უფრო მონდომებული და აგრესიული ვიყავი. ფეხბურთელებს ჩემთან დაახლოების საშუალებას არ ვაძლევდი და შესაბამისად, უფრო მკაცრიც გახლდით. რაც შეეხება ეგოისტობას - ვფიქრობ, რომ ამ ეპითეტს არ ვიმსახურებდი. ბოლო წლებში კი ნამდვილად შევიცვალე - პირველ რიგში ეს მოთამაშეებთან ურთიერთობაზე ითქმის. დღესდღეობით ჩემთვის ნათელია, რომ ფეხბურთელს ქება და მოტივირება უფრო წაადგება, ვიდრე ლანძღვა და კრიტიკა. ახლა ვხვდები, რომ ადრე შეგირდებს ხანდახან ზედმეტად ვაკრიტიკებდი, დღეს კი ამას საერთოდ აღარ ვაკეთებ. ჩემი აზრით, თვითონ ფეხბურთელებიც უფრო მგრძნობიარეები გახდნენ.

- დღეს უკვე კარგ ადამიანს გიწოდებენ...

- უბრალოდ, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო გულახდილი და შედარებით კეთილი გავხდი. ადრე ჟურნალისტებსაც ხშირად ვეუხეშებოდი, ახლა კი ასეთ რამეს მედიის ვერცერთი წარმომადგენელი ვერ დამწამებს. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ჟურნალისტებსაც თავიანთი პრობლემები აქვთ, ისინიც ადამიანები არიან...

- საკლუბო დონეზე მწვრთნელის რანგში ყველაფერი მოგებული გაქვთ და საინტერესოა, რა არის თქვენი მოტივაცია დღესდღეობით? არ გვჯერა, რომ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ. ჩემპიონთა ლიგა?

- ჩემი მოტივაცია შემდეგში მდგომარეობს: მინდა, "ბაიერნმა" ჩემს ხელში ისეთი ფეხბურთი ითამაშოს, რომელზეც მერე ხალხი იტყვის, ეს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო "ბაიერნი" იყოო. ტიტულების მოგებით დაღლილი და დანაყრებული მწვრთნელი კი ჯერ არ შემხვედრია. ასე რომ, გერმანიის ჩემპიონობაც და მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ბრძოლა ჩემთვის დღესაც სანატრელია.

- 66 წლის ხართ და ალბათ მუშაობა ახლა უფრო გიჭირთ, ვიდრე მაგალითად ათი წლის წინ...

- ადრე ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი. თითოეულ ვარჯიშს მე ვადგენდი და ძალიან ვიღლებოდი, ახლა კი კოლექტივის მართვა ვისწავლე და ბევრ რამეს სხვებს ვაკეთებინებ. ამიტომაც არ ვიღლები მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკში ვარ. შესაძლოა, ბევრი ფიქრობს, რომ "ბაიერნის" დარი გრანდისთვის უკვე ზედმეტად მოხუცი ვარ. მე ასე არ ვფიქრობ და ზოგადად, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ინარჩუნებს მწვრთნელი ფსიქიკურ სტაბილურობას. ცხადია, ვხვდები, რომ ასაკოვანი ვარ, მაგრამ ამ საქმის კეთება დღესაც ძალიან მსიამოვნებს. ჰო, სტრესში ვარ, მაგრამ ეს პოზიტიური სტრესია. ვერ ვიტყვი, რომ თავს ისევე მხნედ ვგრძნობ, როგორც 50 წლის ასაკში ვგრძნობდი, მაგრამ არც ძალიან დაღლილი ვარ.

- ამას როგორ ახერხებთ?

- მაგალითად, ძალიან შევამცირე ალკოჰოლის მიღება. ლოთი არც ადრე ვიყავი, მაგრამ ახლა საღამოობით მხოლოდ ერთ ჭიკა წითელ ღვინოს მივირთმევ ხოლმე, რაც პირიქით, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ყოველი მატჩის შემდეგ ძალების აღდგენაზე ვზრუნავ, რადგან მწვრთნელი არასდროს არ უნდა ჩანდეს დაღლილი და მუდამ ფხიზლად უნდა იყოს. რალფ რანგნიკის შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ მწვრთნელისთვის მენტალური მზადყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელები დღეს უფრო ჭკვიანები არიან, ყველაფერს ხედავენ, ყველაფერს ამჩნევენ და თუ მწვრთნელი მოწოდების სიმაღლეზე არ დგას, მართვის სადავეები ხელიდან ძალიან იოლად გაექცევა. მერე კი კარგად მეყოლე...

- "ლევერკუზენში" სერიოზულ წარმატებას მიაღწიეთ და გუნდი გუნდს დაამსგავსეთ. თქვენი შემცვლელი რობინ დუტი კი იმედებს ვერ ამართლებს და თქვენს ნაშენებს ანგრევს.

- გადაჭარბებული ნათქვამია. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს და ვფიქრობ, გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ დუტმა "ლევერკუზენში" თავისი თავი იპოვნოს. თუმცა გულახდილად გეტყვით: მე მართლაც ვფიქრობ, რომ სადაც მიმუშავია, ყველგან აწყობილი, შვეიცარიული საათივით გამართული სისტემა დავტოვე. სხვათა შორის, შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ "ბაიერნი" ძალიან კარგ მდგომარეობაში დამხვდა, რის გამოც ლუის ვან გაალს ვემადლიერები.

- ჰოლანდიელი ხელმძღვანელებს ახალი ფეხბურთელების ყიდვას არ სთხოვდა, თქვენ კი ტრანსფერები კატეგორიულად მოითხოვეთ...

- გუნდის ხელმძღვანელებს ვუთხარი, ტრანსფერები მომავალ ზაფხულსაც უნდა განვახორციელოთ-მეთქი. ზოგადად, "ბაიერნი" ყოველ ზაფხულს მინიმუმ ორ ძვირფას მოთამაშეს უნდა ყიდულობდეს.

- რომელ მოთამაშეებს უმიზნებთ?

- ვიცი, რომ ამის გაგება ძალიან გინდათ, მაგრამ გვარებს ვერ დაგისახელებთ.

- არიენ რობენი ისევ დაშავდა. ხომ არ შიშობთ, რომ ჰოლანდიელს სრულფასოვნად გამოჯანმრთელება აღარასოდეს ეღირსება?

- არა, ამის არ მეშინია. არიენს ვურჩიე, რომ უმჯობესი იქნება, ხანდახან ძალები დაზოგოს ხოლმე. რობენი ყველა ვარჯიშზე 120 პროცენტით იხარჯება. ერთხელ, ფიტნეს-სტუდიაში მოვკარი თვალი: ვარჯიშით თავს იკლავდა! მერე ჩვენს ფიტნეს-მწვრთნელ თომას ვილჰელმის ვთხოვე, მისთვის ყურადღება მიექცია და ზედმეტი დატვირთვები აეკრძალა.

- ცნობილია, რომ ტონი კროოსის ფანი ხართ...

- ბოლო ორ წელიწადში მან უდიდესი პროგრესი განიცადა. 21 წლის ასაკში ასე კარგად არც მე ვთამაშობდი, არც კარლ-ჰაინც რუმენიგე და არც ული ჰიონესი...

- რა აქვს მას ისეთი, რაც სხვებს არ აქვთ?

- კროოსის მთავარი პლუსი მისი მენტალური სიძლიერეა. ბოლო დროს ფიზიკურადაც მოუმატა და ძალიან კარგ ფორმაშია. წინა ოთხშაბათს, "ნაპოლის" ბწრყინვალე გოლი გაუტანა და მაპატიოს გიუნტერ ნეტცერმა - დარწმუნებული ვარ, ამაზე უკეთეს გოლს ვერ გაიტანდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა