"ზესტაფონს" "ტორპედოსთან" დაძაბული თამაში, თუნდაც გია გეგუჩაძის ფაქტორის გამო ექნება
ჯაბა დვალი "ზესტაფონში" მოლდოვური "დაჩიადან" 2009 წელს გადმოვიდა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავი უმალ დაიმკვიდრა და ერთ-ერთი შეუცვლელი მეგოლეც გახდა.

ეროვნულ ჩემპიონატსა და ევროსარბიელზე წარმატებული თამაშის მიუხედავად, ჯაბა თემურ ქეცბაიას სანაკრებო სიაში აქამდე არ გვინახავს. ცდება თუ არა ქეცბაია, როდესაც არ იძახებს დვალს და სჭირდება თუ არა თავად ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს?

"ლელო" ჯაბა დვალს ესაუბრა.

- ეროვნულ ჩემპიონატს ორი წლის წინ "დაჩიადან" დაუბრუნდი, მანამდე "ოლიმპში" თამაშობდი. შეადარე ეს პერიოდები ერთმანეთს და შენი აზრი გვითხარი: ჩვენი ჩემპიონატი პროგრესის გზაზეა?

- პირველი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ჩემს წასვლამდე საქართველოში არ იყვნენ ისეთი კლუბები, როგორებიც ახლა არიან. ვგულისხმობ იმას, რომ ძალიან ბევრი გუნდია, რომლებთანაც თამაში ჭირს, ისე იოლად ვეღარ მოუგებ, როგორც მანამდე უგებდნენ ლიდერები. გაკეთდა სტადიონები და ფეხბურთის თამაში შეიძლება. ფინანსური თვალსაზრისითაც სიტუაცია უფრო გამოსწორებულია, მეტი დაინტერესებაა, ვიდრე მაშინ.

- ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონი" მოლდოვურ "დაჩიას" დაუპირისპირდა, შენ კი ყოფილი გუნდის კარში ორი ბურთი გაიტანე. ეს იმის წყალობით მოახერხე, რომ კარგად იცნობდი მოწინააღმდეგეს თუ პრესტიჟის ამბავი იყო "დაჩიას" კარში გოლის გატანა?

- ასე მოხდა, რომ "დაჩიას" ორი გოლი გავუტანე, შესაძლოა, სხვა შეგვხვედროდა და მათთვისაც ორი გამეტანა. "დაჩიას", ფეხბურთელებსაც და მწვრთნელებსაც, რა თქმა უნდა, ვიცნობდი, თუმცა განსაკუთრებული მოტივაცია ნამდვილად არ მქონია. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ "ზესტაფონი" პირველად გახდა ჩემპიონი და პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

- რა მოგცა მოლდოვის ჩემპიონატში გატარებულმა ორმა წელმა?

- საქართველოდან პირველად წავედი ლეგიონერის სტატუსით. ბევრი რამ ვისწავლე, რაც ბუნებრივია, როდესაც ქვეყნიდან გადიხარ, უცხო გარემოში ხარ, გამოცდილ ფეხბურთელებთან გაქვს ურთიერთობა. ვფიქრობ, ჩემთვის სასარგებლო იყო იქ გატარებული დრო, რადგან არც "დაჩიაში" ვთამაშობდი ცუდად. მეორე ადგილზე გავედით ჩემპიონატში და თასის ფინალიც ვითამაშეთ.

ძლიერი ჩემპიონატი არ არის, მაგრამ რამდენიმე კლუბია, რომელთაც მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში. გავიხსენოთ "შერიფი", რომელიც ევროტურნირებზე ყოჩაღობდა.

- ევროპის ლიგაზე "ბრიუგესთან" მატჩის წინ "ზესტაფონი" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ დატოვა. ბევრი ფეხბურთელისგან მსმენია, დაგვყარა და წავიდაო. 30 ოქტომბერს "ტორპედოს" ეთამაშებით, რომლის თავკაციც ახლა სწორედ გია გეგუჩაძეა. როგორ შეხვდებით ყოფილ მწვრთნელს?

- მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება ასეთი იყო, გააკეთა არჩევანი და წავიდა. რა თქმა უნდა, არც ერთ ფეხბურთელს არ ესიამოვნებოდა, ასეთი სერიოზული მატჩის წინ მწვრთნელი რომ მიგატოვებს. თუმცა ცუდად არ გვითამაშია, არ შევრცხვით.

ქუთაისის "ტორპედო" კი ჩვენთვის ჩვეულებრივი მეტოქეა და სათამაშოდაც ასევე გავალთ, მნიშვნელობა არ აქვს, იქ გეგუჩაძე იქნება მწვრთნელი თუ სხვა. აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რომ სამქულიანი ჰანდიკაპი შევინარჩუნოთ და ისევ ჩემპიონები გავხდეთ. "დაყრას" რაც შეეხება, ასეთი შეფასება არასწორი მგონია.

- "ბრიუგესთან" განმეორებით შეხვედრაში გოლი გაიტანე, მაგრამ არ ჩაითვალა, რომ ჩათვლილიყო, "ზესტაფონი" თამაშში გარდამტეხი ცვლილების შეტანას შეძლებდა?

- ძნელი სათქმელია. არა მგონია, იმ გოლს რაიმე შეეცვალა, რადგან მეტოქემ იქ აშკარად გვაჯობა. შეიძლება რაღაც მოგვეხერხებინა კიდეც, მაგრამ 1:2-ს თუ წავაგებდით, დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. თუმცა მიმაჩნია, რომ ის გოლი ჩასათვლელი იყო.

- ბოლო ტურში "სპარტაკის" კარში ჰეთ თრიკი შეასრულე, საერთოდაც, რაც საქართველოში დაბრუნდი, შედეგიანობით გამოირჩევი. დადგა დრო, რომ ჯაბა დვალიც გახდეს ბომბარდირი?

- ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი "დინამოს" რიგებში გავხდი. მთავარია, გუნდმა მოიგოს. იმის ამბიცია, რომ მაინცდამაინც ბომბარდირი გავხდე, არ მაწუხებს, თუ გავიტან და მოვიგებთ, ჩემთვის ამაზე უკეთესი არაფერია. მინდა, დავეხმარო "ზესტაფონს", მივცე, რაც შემიძლია და თუ ბომბარდირიც გავხდები, კარგი იქნება, წინასწარ კი ამას არ ვგეგმავ.

- ევროსარბიელზე "ზესტაფონიდან" შენ და ნიკოლოზ გელაშვილმა გამოიჩინეთ თავი გოლებით. თუმცა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში არ აღმოჩნდით. შენი ნაკრებში გამოუძახებლობა გულშემატკივარს აკვირვებს. მაშინ, როდესაც ლაპარაკია კადრების დეფიციტზე, შენ ეროვნული გუნდის მიღმა რჩები, ამიტომაც ამბობენ, რომ თემურ ქეცბაია ცდება. შენ როგორ გგონია, ასეა?

- ამას მე ვერ ვიტყვი. ფეხბურთელი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. თემურ ქეცბაია მწვრთნელია და ისიც თავის საქმეს აკეთებს. თუ ფიქრობს, რომ ნაკრების ღირსი არ ვარ, ეს მისი გადასაწყვეტია. ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ - მეც მინდა, ჩავიცვა ნაკრების მაისური და ქვეყანა ვასახელო. ასე რომ, მოხარული ვიქნები, თუ დამიძახებენ.

- შენ როგორ გგონია, სჭირდება დვალი ნაკრებს?

- უხერხული კითხვაა და პასუხიც არ მაქვს. გამომიძახებენ? გავაკეთებ ყველაფერს, ძალ-ღონეს არ დავიშურებ. მე ვერ ვიტყვი, ვჭირდები თუ არა ნაკრებს, ვიმეორებ, მწვრთნელმა უკეთ იცის, ვჭირდები თუ არა გუნდს.

- "ზესტაფონთან" კონტრაქტი 2013 წელს გიმთავრდება, აპირებ თუ არა საქართველოში დარჩენას?

- ორი წელიწადი და თვეებია, რაც აქ ვთამაშობ და კიდევ ამდენი დამრჩა. როდესაც "ზესტაფონში" ვარ, ვფიქრობ მხოლოდ და მხოლოდ ამ კლუბის წარმატებაზე. ჩვენ გვაქვს მიზნები, რომელთა შესრულებას ყველა მოვალეობად მივიჩნევთ.

- მომდევნო ტურებში "ვიტ ჯორჯიასა" და "ტორპედოს" უპირისპირდებით. მატჩიდან მატჩამდე ძალების აღსადგენად მცირე დრო გაქვთ, ხომ არ დაიღლებით "ტორპედოსთან" თამაშამდე?

- "ვიტ ჯორჯია" კარგი გუნდია, წლებია, სტაბილურად თამაშობს და უხერხული მეტოქეა. ჩვენ პირველ ადგილზე ვართ და ვეცდებით, მოვიგოთ, თანაც, როცა შინ ვთამაშობთ, დიდი უპირატესობა გვაქვს და მოსაგებად ახლაც ყველაფერს გავაკეთებთ.

რაც შეეხება "ტორპედოს", დაძაბული თამაში იქნება თუნდაც გეგუჩაძის ფაქტორის გამო, მაგრამ ამ თამაშში ფავორიტები ჩვენ ვართ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ჩემპიონობა უნდა შევინარჩუნოთ და, თუ თავშივე არ ავიღეთ საჭირო ქულები, ბოლოსკენ გაგვიჭირდება მიზნის მიღწევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უძლევი
მომწონს ბატონი დვალის აზრები. დიდ პროგრესს განიცდის და საბოოლოდ დიდი შენამატი და ძალა იქნება ნებისმიერი გუნდისთვის. ეროვნული ნაკრები მისი ყოფნით მოგებული დარჩება. წარმატებებს ვუსურვებ ამ ფუტკარივით მშრომელ ადამიანს! თავის საქმეს აკეთებს ეს კაცი.
levani kaxeti
მშვენიერი აზრია, თუმცა უკეთესი იქნება, თუ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე "დაბალი კვალიფიკაციის" ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები ჯერ ქეცბაიას "ვარსკვლავთნაკრებს" გაეჯიბრება; წინასწარ გეტყვით, რომ ამ ვაი-მწვრთნელის ვაი-ნაკრებს არანაირი შანსი არ ექნება.
malxazi
მოდი ჩავატაროთ ექსპერიმენტი და მოლდოვას საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით დავუპირისპირდეთ რათქმა უნდა ბირთვი ზესტაფონის გუნდიდან უნდა იყოს
goleta888
ბატონ თემურს სჭირდება თუ არა ეგ ძნელი სათქმელია, მაგრამ ნაკრებს რომ ძალიან გააძლიერებს ეგ ცალსახაა, ჩემი აზრით.
Burton
დვალიც და გელაშვილიც სანაკრებო ხალხია, თემო გაახილე თვალები !!!
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ