საქართველოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის საწყისი 25 წუთი ისე წარიმართა, ადვილი შესაძლებელი იყო ზეიმი "აიას" ბანაკს მოეცვა
აია-არმია 22:29

აია: (15-9) ხამაშურიძე, აბრამიძე, იუ. ჩხიკვაძე, გიორგაძე (შარვაშიძე 72), გოშაძე, სინაურიძე, გოგია. (1-8) ლომიძე (ჟვანია 68), გურეშიძე (მატკავა 58), ტ. ჩხიკვაძე, მეტრეველი, ძაგნიძე (ჩიტეიშვილი 41), რევიშვილი, შალამბერიძე (ციმაკურიძე 64), დგებუაძე.

ლ: ხამაშურიძე. 5ს,გ: სინაურიძე

სინბინი: რევიშვილი

არმია: (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, გაბროშვილი (გაგოშვილი 74), მჭედლიძე, შკინინი, ელიზბარაშვილი, სამხარაძე. (1-8) კაკოვინი (ქორიძე 24), მეკოკიშვილი (ბრეგვაძე 67), დონაძე, ბუჯიაშვილი, ცხადაძე (თხილაიშვილი 57), კალმახელიძე, თავართქილაძე, უდესიანი.

2ლ: ქორიძე, გაგოშვილი. 5ს,2გ: კობახიძე

"ვიცი, რომ ამ თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მრავალრიცხოვანი ქომაგი, რომელიც მატჩს დაესწრება, გვინდა, სტადიონიდან კმაყოფილი წავიდეს." - ეს სიტყვები მატჩის წინა დღეს, პრეკონფერენციაზე ქუთაისის "აიას" მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ თქვა. ამ მიზანს ქუთათურებმა მიაღწიეს, თამაში მართლაც ფინალის დარი გამოდგა, ქომაგი ნანახით კმაყოფილი დარჩა. მაგრამ "აიამ" მთავარი მიზნის, 15-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო.

სამაგიეროდ, "არმიამ" საწადელს პირველივე ცდაზე მიაღწია, რომელიც წლეულს მოევლინა რაგბის სამყაროს და მოკლე დროში შეძლო საკმაოდ ძლიერ, ყველასთვის ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბება. თუმცა ფინალური მატჩის საწყისი 25 წუთი ისე წარიმართა, ადვილი შესაძლებელი იყო ზეიმი "აიას" ბანაკს მოეცვა.

ანგარიში ქუთაისელმა მორაგბეებმა დასაწყისშივე, პირველივე იერიშისას, მე-2 წუთზე გახსნეს. საჯარიმო "აიას" მგეზავმა გაგა სინაურიძემ გაიტანა - 3:0. თუმცა არმიელებმა საპასუხო შეტევისას მეტოქეს თამაშის წესის დარღვევა აიძულეს და ფულბეკმა ბახვა კობახიძემ საჯარიმოთივე გაათანაბრა - 3:3.

აქედან მოყოლებული 31-ე წუთამდე ქუთათურებს დაცვაში რაიმე სერიოზული შეცდომა აღარ დაუშვიათ. მე-11-ე წუთზე კი მეტოქის შეცდომით იხეირეს. შერკინება "აიას" სასარგებლოდ არმიელთა 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან დაინიშნა. იქიდან გამოსული ბურთი ცხრა ნომერმა ლევან გოგიამ მარჯვენა ფრთაზე ბესიკ ხამაშურიძეს გაატანა, რომელიც მეტოქის ხუთ მორაგბეს გაუმკლავდა და ლელო მიითვალა. სინაურიძემ გარდასახა - 10:3.

ათ წუთში "აიამ" კიდევ ერთი ლელოს გატანის ძალზედ რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. ქუთაისელმა მორაგბეებმა მოწინააღმდეგე კონტრშეტევაზე დაიჭირეს. მარცხენა ფრთაზე სამი აიაელი ერთი არმიელის წინააღმდეგ იყო დარჩენილი, მაგრამ მეორეხაზელმა ერეკლე მეტრეველმა თანაგუნდელს გადაცემა დაუგვიანა. "არმიამ" დაცვის ორგანიზება შეძლო, რითაც ლელო აირიდა, მაგრამ თამაშის წესი დაარღვია. სინაურიძემ საჯარიმო ისევ გაიტანა. მანვე კიდევ ერთხელ ხელსაყელი პოზიციიდან დაარტყა და ანგარიშში სხვაობა ცამეტ ქულამდე გაზარდა - 16:3.

ამის შემდეგ "აიას" თამაშში რაღაც მოიშალა. იგრძნო რა მარცხის რეალური საფრთხე "არმია" გონს მოეგო, უფრო აქტიურად და რაც მთავარია, ორგანიზებულად ათამაშდა. ტაიმის დასრულებმადე კობახიძემ ორი საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირა - 9:16.

მეორე ტაიმში "არმიას" უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა. საწყის ათ წუთში "აია" საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან გამოსვლას ვერაფრით ახერხებდა. ქუთათურებმა ფეხით რამდენჯერმე უხეიროდ მოიგერიეს ბურთი, რითაც მეტოქეს ინიციატივას და შეტევის ორგანიზების საშუალებას აძლევდნენ. "არმიამ" ანგარიშის კიდევ უფრო შემცირება 48-ე წუთზე შეძლო. კობახიძემ საჯარიმო გაიტანა, რაზეც ოთხ წუთში სინაურიძემ ასევე საჯარიმოთივე უპასუხა - 19:12.

არმიელებმა ანგარიშის გათანაბრება 57-ე წუთზე მოახერხეს. მათ დერეფანი მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში მოიგეს და მოლით მიაწვნენ. ლელო შეცვლაზე შესულმა პირველხაზელმა ირაკლი ქორიძემ გაიტანა. კობახიძემ გარდასახა - 19:19.

რაგბიში გადამწყვეტი ხშირად მატჩის ბოლო 20 წუთია. გამარჯვებას ის აღწევს, ვისაც ამ დროისთვის ძალაც მეტი შერჩება და ოსტატობაც ყოფნის. შეხვედრის ამ მონაკვეთში "არმიამ" უკეთ ითამაშა. 66-ე წუთზე კობახიძემ საჯარიმოთი თავისიანები მატჩში პირველად დააწინაურა - 22:19.

თამაშის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე კი შეცვლაზე შესულმა შუამარბმა გიორგი გაგოშვილმა იყოჩაღა. მისი პირველივე კონტაქტი ბურთთან ლელოთი დასრულდა. არმიელმა დერეფნის გათამაშებიდან წამოსული ბურთი მეტოქის მოედნის ათმეტრიან ხაზთან მიიღო, ქუთათურთა დაცვის ხაზი გაჭრა და ლელომდე 40 მეტრი ირბინა. კობახიძემ ესეც გარდასახა - 29:19.

ბუნებრივია, რომ "აიამ" მატჩის ბოლო წუთები შეტევაში გაატარა. 78-ე წუთზე სინაურიძემ საჯარიმოთი შვიდ ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა - 22:29. მალე ქუთათურებმა საკმაოდ ხანგრძლივი იერიში წამოიწყეს, მაგრამ ლელოსთან მიახლოებულებს ბურთი წინ გაუვარდათ და მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მატჩის შემდეგ

ბესიკ ხამაშურიძე, "აიას" მოთამაშე მწვრთნელი:

"მატჩის დასაწყისში ბევრად უკეთ ვითამაშეთ. შეხვედრის სადავეები ჩვენ გვეპყრა ხელთ. "აია" ახალგაზრდული გუნდია და ჯერ ფინალში თამაშის გამოცდილება არ გვაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ფიზიკური კონდიციებიც გასაუმჯობესებელი გვაქვს, ეს პრობლემა ყველა ქართულ გუნდს აწუხებს. აუცილებლად გვჭირდება კარგი ფიზმომზადების სპეციალისტები.

ერთი რამ ამაყად შემიძლია განვაცხადო, ქუთაისის "აიას" ღირსება და სახელი აღდგენილია. მე ამითაც კმაყოფილი ვარ. ბიჭებს მინდა მადლობა გადავუხადო. მომავალ სეზონში უკეთესი გუნდი გვეყოლება".

ნიკოლოზ ჭავჭავაძე, "არმიას" მთავარი მწვრთნელი:

"მინდა "აიას" მოვეფერო და მადლობა ვუთხრა შესანიშნავი თამაშისთვის. თავდაპირველად ჩვენმა გუნდმა მობილიზება ვერ შეძლო, მერე გონს მოეგო და თამაში დავალაგეთ. ვიცოდით, რომ შერკინებაში მეტოქე პრობლემებს შეგვიქმნიდა, ამიტომ აქცენტი აუტსა და გაშლილ თამაშზე გავაკეთეთ.

ბევრს მიაჩნდა, რომ ერთ წელიწადში ჩემპიონი გუნდის შექმნა შეუძლებელია. მაგრამ დღეს ვანახეთ, რომ თუ ერთსულოვნებით და ბოლომდე ჟინიანი ბრძოლით, ყველაფერია შესაძლებელი."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა