გერმანიის ნაკრებმა 2011 წელი ბრწყინვალე გამარჯვებით დახურა: ჰოლანდიასთან 3:0, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში, უდავოდ ისტორიული მოვლენაა
გერმანია-ჰოლანდია 3:0

გოლები: 1:0 თ. მიულერი (15), 2:0 კლოზე (26), 3:0 იოზილი (66)

გაფრთხილება: კლოზე - სნეიდერი

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი (65. ჰიოვედესი), მერტეზაკერი, ბადშტუბერი (46. ჰუმელსი), აოგო - ხედირა (88. ლ. ბენდერი), კროოსი (82. როლფესი) - თ. მიულერი, იოზილი, პოდოლსკი (65. გიოტცე) - კლოზე (82. როისი).

ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატეისენი, ბრააფჰაიდი - ვან ბომელი, სტროოტმანი (64. ნ. დე იონგი) - კუიტი (87. ვინალდუმი), სნეიდერი (87. ლ. დე იონგი), ბაბელი - ჰუნტელაარი (76. როი ბეერენსი).

მაყურებელი: 51 500

გერმანიის ნაკრებმა 2011 წელი ბრწყინვალე გამარჯვებით დახურა: ჰოლანდიასთან 3:0, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში, უდავოდ ისტორიული მოვლენაა.

ინგლისის (4:1 მსოფლიოს ჩემპიონატზე), არგენტინის (4:0 მსოფლიოს ჩემპიონატზე) და ბრაზილიის (3:2 ამხანაგურ მატჩში) შემდეგ, ბუნდესგუნდმა კიდევ ერთ "დიდ მეტოქეს" ჩაუტარა საფეხბურთო გაკვეთილი და ამიტომაც იყო, ჰამბურგში შეკრებილი ქომაგები (51 500 ფანი) მატჩის ბოლოს რომ ყვიროდნენ, შემდეგი ესპანეთის ნაკრები იქნებაო. თუმცა ესპანეთთან ერთად, გერმანიისთვის გადაულახავ ზღუდედ რჩება იტალიის ნაკრებიც - ამას წინათ ბუნდესგუნდმა "სკუადრა აძურასთან" საკუთარ მოედანზე 1:1 ითამაშა.

იოახიმ ლიოვისთვის კი ეს რიგით 75-ე მატჩი იყო გერმანიის ნაკრების თავკაცის რანგში, აქედან 52-ე მოგებული და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ გერმანიას ჰოლანდია დიდი ანგარიშით 1959 წლის შემდეგ აღარ ჰყავდა დამარცხებული. მაშინ, ნახევარი საუკუნის წინ, ბუნდესგუნდმა პრინციპული მეტოქე 7:0 გაანადგურა...

მატჩის წინ

ექსპერტების მოლოდინი არ გამართლდა: გერმანიის ნაკრების წინა ხაზზე ორი ცენტრფორვარდი ვერ ვიხილეთ. ლიოვი მისთვის საყვარელ და მრავალგზის გამოცდილ ტაქტიკურ სქემას, 4-2-3-1-ს დაუბრუნდა, რომელშიც ერთადერთი ცენტრფორვარდი არა მარიო გომესი, არამედ მიროსლავ კლოზე იყო. იოგიმ მარიო გიოტცეც სათადარიგოთა სკამზე დატოვა, დაცვის ცენტრში კი პერ მერტეზაკერი დააბრუნა, რომელმაც მატს ჰუმელსი შეცვალა.

სიურპრიზები არც ჰოლანდიის ნაკრების თავკაც ბერტ ვან მარვიიკს შემოუთავაზებია - ნარინჯისფრების ძირითად შემადგენლობაში ბუნდესლიგიდან სამი ლეგიონერი (ედსონ ბრააფჰაიდი, რაიან ბაბელი და კლაას-იან ჰუნტელაარი ვიხილეთ). ვესლი სნეიდერმა გამოჯანმრთელება მოასწრო და ისიც სასტარტოში გახლდათ.

ანალიზი

გერმანიის ნაკრებმა განსაკუთრებით შთამბეჭდავად პირველ ტაიმში ითამაშა. რაც ყველაზე საინტერესოა, ბუნდესგუნდის დაცვის ხაზი (ბოატენგი, მერტეზაკერი, ბადშტუბერი, აოგო) მოწოდების სიმაღლეზე იდგა, ფლანგის მცველები კი ჰოლანდიელ გარემარბებს ძალიან კარგად აკონტროლებდნენ. შეტევაში კი, ლიოვის ბიჭები ერთობ თავდაჯერებულები იყვნენ - ზუსტი პასებით გამოირჩეოდნენ, ჰოლანდიის ნაკრების დაცვაში ხვრელებს პოულობდნენ და საჭირო მომენტში ტემპს რომ უმატებდნენ, ჰოლანდიელებს წნეხის ქვეშ აქცევდნენ.

ნახევარდაცვის ცენტრში ტონი კროოსმა იდეალურად შეცვალა ტრავმირებული ბასტიან შვაინშტაიგერი - ახალგაზრდა ნახევარმცველი ბუნდესგუნდს რიტმს კარნახობდა. მარჯვენა ფრთაზე თომას მიულერი დაფრინავდა, წინ კლოზე იყო მუდმივად მზადყოფნაში და მათ მესუთ იოზილი შესანიშნავი პასებით ამარაგებდა.

ჰოლანდიელებმა თავიანთი კლასი მხოლოდ პირველ 15 წუთში გამოავლინეს, მიულერის გოლის შემდეგ კი ვან მარვიიკის გუნდისგან ხეირიანი ფაქტობრივად აღარაფერი გვინახავს. ახალგაზრდა სტროოტმანი ვან ბომელის გვერდით აშკარად გადატვირთული იყო და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ პირველ 45 წუთში ჰოლანდიელმა ნახევარმცველებმა მხოლოდ 10 ორთაბრძოლა მოიგეს. შედარებისთვის: გერმანელთა მხრიდან პირველ ტაიმში 10 ორთაბრძოლა მარტო სამი ხედირამ მოიგო.

გერმანელები ჰოლანდიელებს მეორე ტაიმშიც სჯობდნენ, უბრალოდ, შედარებით უკან დაიხიეს და თამაში კონტრშეტევებზე ააგეს. თუმცა ამით ჰოლანდიელების პრობლემები არ შემცირებულა. 3:0-ის შემდეგ ვან მარვიიკის გუნდი საბოლოოდ დანებდა, ჰოლანდიელებმა ყურები ჩამოყარეს და ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ გერმანელები მონდომების შემთხვევაში კიდევ გაიტანდნენ.

კლოზეს სიძლიერე ორთაბრძოლებში, მისი მოძრაობა და ეფექტურობა? ხედირას სოლიდური თამაში? კროოსის დირიჟორობა და რიტმის შეგრძნება? მიულერის ტექნიკურობა თუ იოზილის გემრიელი პასები? რომელი ერთი გამოვყოთ - ფაქტია, მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. საინტერესო ის არის, რომ ბუნდესგუნდი მეტწილად მარჯვენა ფლანგიდან (ბოატენგი, მიულერი) უტევდა, მარცხენა ფრთა (აოგო, პოდოლსკი) კი გაცილებით პასიური იყო.

რეაქციები

იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი): "ძალიან კმაყოფილი ვარ - როგორც ამ თამაშით, ისე მთლიანად 2011 წლით. ჰოლანდიასთან კი ძალიან კარგად ვითამაშეთ - მსუბუქი და ტექნიკური ფეხბურთი ვაჩვენეთ. მეტოქე კი გადაღლილი მეჩვენა. ყველა რგოლი კარგი იყო - გოლები გავიტანეთ და მეტოქეს არაფერი გავაბედინვეთ."

ბერტ ვან მარვიიკი (ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი): "ამ შეხვედრის შედეგი ნათლად მეტყველებს გერმანიის ნაკრების სიძლიერეზე და არა ჩემი გუნდის სისუსტეზე, რადგან ჩვენ დღეს არიენ რობენისა და რობინ ვან პერსის სახით საუკეთესო ფეხბურთელები გვაკლდა. ჩემი დასკვნა ასეთია: გერმანია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა