"ნეფთჩის" ვერმოგების შემთხვევაში, აზერბაიჯანის ყველაზე "ქართული გუნდი", ბაქოს "ინტერი" "ზამთრის ჩემპიონი" გახდება
ჩვენი არ იყოს, აზერბაიჯანშიც ლამის ახალ წლამდე გრძელდება ჩემპიონატი: დღევანდელი მატჩებით საფეხბურთო 2011 წელი დასრულდება, პირველობა კი მომავალი წლის თებერვლის დასაწყისში განახლდება. დღევანდელი სამი მატჩით XVIII ტური დასრულდება და მოქმედმა ჩემპიონმა "ნეფთჩიმ" თუ ვერ მოიგო, აზერბაიჯანში "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულს იქაურთა ყველაზე "ქართული გუნდი", ბაქოს "ინტერი" მოიპოვებს!

დღესდღეობით "ინტერი" პირველ ადგილზეა და "ნეფთჩის" ორი ქულით უსწრებს - აზერბაიჯანის ყველაზე "ქართულმა გუნდმა" ბოლო ტურში სტუმრად ზაქათალის "სიმურგი" დაამარცხა (2:0). აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით კვლავაც გაგრძელდა "ინტერის" მართლაც შთამბეჭდავი სერია: ქართველი მწვრთნელების, კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის დამოძღვრილი გუნდი უკვე 16 მატჩია წაუგებლად ასპარეზობს.

ცნობისათვის: "ინტერის" უკანასკნელი მარცხი 20 აგვისტოთი თარიღდება, როცა "ბაქისთან" შეხვედრაში ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალეს.

საერთოდაც, როგორც არ უნდა დასრულდეს აზერბაიჯანის ჩემპიონატის ეს ეტაპი, "ინტერის" ასპარეზობა მხოლოდ და მხოლოდ, წარმატებულად უნდა შეფასდეს: ამ ქვეყნის წამყვან კლუბებს შორის ყველაზე ნაკლებბიუჯეტიანმა გუნდა სეზონის დასაწყისში სატრანსფერო პოლიტიკა შეცვალა და თუ ადრე ძირითად აქცენტს გამოცდილ ლეგიონერებზე აკეთებდა, ამჯერად კურსი ადგილობრივ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აიღო. ანუ, წინა სეზონში გუნდის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 3 ადგილობრივი (აუცილებელი მოთხოვნაა) თუ თამაშობდა, ამ ჩემპიონატში (თითქმის ყოველ მატჩში) შვიდი-რვა აზერბაიჯანელი მოთამაშე გამოდის მოედანზე.

ვერ გეტყვით, მთლად ამის გამოა, მაგრამ ფაქტია, რომ "ინტერის" წარმატებულ ასპარეზობას გვერდს ვერც "აზერისპორტი" უვლის: შეგახსენებთ, რომ ეს ინტერნეტპორტალი (განსხვავებით ამ ქვეყნის სხვა ინტერნეტგამოცემებისგან - "აზერიფუტბოლი", "ექსტრატაიმი", "აპასპორტი"), "ინტერის" ქართველების მიმართ აშკარად არაკეთილმოსურნეობით (ხშირად, მეტისმეტად ტენდენციურობითაც და ზოგ შემთხვევაში, შოვინისტური გამონათქვამებითაც) გამოირჩეოდა. ახლა კი, აბსოლუტურად საპირისპირო სურათია, უფრო ზუსტად, სხვა გზა არც აქვთ, გარდა იმისა, რომ "ინტერის" წარმატებულ თამაშზე თვალი დახუჭონ.

განსაკუთრებული რეზონანსი კი წინა ტურის ცენტრალურ მატჩს მოჰყვა, როცა ბაქოურ "დერბიში" "ინტერმა" სრულიად დამსახურებულად მოუგო "ნეფთჩის". სწორედ ამ საინტერესო დაპირისპირებას გამოეხმაურა "აზერისპორტი" წერილით ("ღრუბლებიდან მიწაზე"), რომლის მცირე ამონარიდებსაც ახლა შემოგთავაზებთ:

"ბაქოს "ინტერმა" ის მოახერხა, ამ სეზონში ვერავინ რომ შეძლო: "ნეფთჩის" ორივე მატჩი მოუგო! ამ გამარჯვებით "ინტერმა" ჩემპიონატსაც უფრო მეტი ინტრიგა შემატა და, რაც მთავარია, სერიოზული განაცხადიც გააკეთა.

"ინტერის" მოგება იმითაც არის ფასეული, რომ გუნდმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა: პირველი ტაიმის მიწურულს გაშვებულ გოლს მეორე ტაიმის დასაწყისში "ინტერის" კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა, რომელიც გიორგი ლომაიამ მოიგერია!

"ქართული თემა" ამის შემდეგაც გაგრძელდა:

მორიგი გოლი გაიტანა ბაჩანა ცხადაძემ, რომელიც "ინტერის" საუკეთესო ბომბარდირია, გამარჯვების მომტანი ბურთი კი ილია კანდელაკმა შეაგდო!

"ნეფთჩის" მთავარ მწვრთნელს ბეიუქაღა გაჯიევს კი სერიოზულად მართებს დაფიქრება, რამეთუ უკვე მერამდენედ წააგო "სამწვრთნელო დუელი" კახა ცხადაძესთან.

იმის გარდა, რომ "ინტერმა" ამ სეზონში უკვე მეორედ შეძლო "ნეფთჩის" დამარცხება, არც ის დაგვავიწყდეს, რომ წლების წინ ქართველი სპეციალისტის დამოძღვრილმა "სიონმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბეიუქაღა გაჯიევის "ბაქის" აჯობა. თუმცა, გაჯიევს კვლავაც რჩება რევანშის შანსი - ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, "ნეფთჩი" კიდევ ორჯერ უნდა დაუპირისპირდეს აზერბაიჯანულ პრემიერ-ლიგაში ტაქტიკურად ყველაზე განსწავლულ გუნდს."

სხვათა შორის, "აზერისსპორტი" თუ ჩვენებურთა გუნდს ტაქტიკურ განსწავლულობას უწონებს, სხვა გამოცემები დანარჩენ კომპონენტებზე ამახვილებენ ყურადღებას. და არა მხოლოდ გამოცემები: ამას წინათ, "გაბალას" მთავარმა მწვრთნელმა, თურქმა სპეციალისტმა, ფათიხ კავლაკმა (ვინც ამ პოსტზე ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული კაპიტანი ტონი ადამსი შეცვალა) საჯაროდ აღიარა, რომ აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ფიზიკურად ყველაზე კარგად მომზადებული გუნდი ბაქოს "ინტერი" არისო.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში ხვალიდან შესვენება დაიწყება და ახლა კი ალბათ, უპრიანი იქნება "ინტერის" ჩვენებურთა მონაგარსაც გავეცნოთ. ის ფაქტი, რომ პრემიერლიგის გუნდებს შორის ყველაზე ნაკლები ბურთი "ინტერს" აქვს გაშვებული, რაღა თქმა უნდა, გიორგი ლომაიას უდიდესი დამსახურებაა - 32 წლის მეკარემ 16 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაუშვა; არანაკლები საიმედოობით გამოირჩევიან "ინტერის" შეუცვლელი მცველებიც: 31 წლის ვალერი აბრამიძემ 17 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, 29 წლის ილია კანდელაკმა კი 16 შეხვედრაში - 2 გოლი. კარიერაში, უდავოდ, საუკეთესო სეზონს ატარებს 24 წლის თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე - 16 მატჩში 4 გოლი რომ გაიტანა.

სხვათა შორის, აზერბაიჯანულმა გამოცემებმაც ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ბოლო ტურამდე ცხადაძე-უმცროსს გოლები მხოლოდ და მხოლოდ უპრინციპულეს მატჩებში (ორჯერ - "ნეფთჩისთან", ერთხელ "ხაზართან") გაჰქონდა; აი, გუშინ კი პირველად მოხდა, როცა შედარებით სუსტ მეტოქესთან ("სიმურგთან") შეძლო თავის გამოჩენა - მატჩის დასაწყისში პენალტი ზუსტად შეასრულა.

დაბოლოს, "ინტერის" წარმატებული ასპარეზობის მთავარ შემოქმედზეც; ამ ცოტა ხნის წინათ "ლელო" უკვე წერდა "ინტერის" ქართველი თავკაცის კახა ცხადაძის სარეკორდო მაჩვენებელზე. შეგახსენებთ, რომ ცხადაძე ერთადერთი მწვრთნელია, ბოლო სამი წლის განმავლობაში თავისი გუნდი მუდმივად რომ გაჰყავდა აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალში; ამას გარდა, აზერბაიჯანში სხვადასხვა დროს მომუშავე ლეგიონერ მწვრთნელებს შორის ცხადაძემ, ფაქტობრივად, ყველა რეკორდი მოხსნა: ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა ჩემპიონატშიც და საერთოდ, ყველა ტურნირზეც (ჩემპიონატი, თასი, ევროტურნირები).

გუშინდელ მატჩში კი კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: უცხოელ მწვრთნელებს შორის პირველი სპეციალისტია, ვინც აზერბაიჯანის ჩემპიონატში 50-ზე მეტი გამარჯვება მოიპოვა. აზერბაიჯანული ინტერნეტპორტალ "აპასპორტის" ცნობით, იქაურ ჩემპიონატების ისტორიაში 15 მწვრთნელი იყო, 50 გამარჯვება რომ ჰქონდათ მოპოვებულიო. ამათ შორის გუშინდლამდე მხოლოდ ორი იყო უცხოელი: ცხადაძე და უკრაინელი ვალენტინ ხოდუკინი;

და აი, გუშინდელი მოგებით ეს რეკორდიც დამყარდა, თანაც გაუმჯობესების პერსპექტივითაც.

გია გაგოშიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა