"შპორტ აინსმა" მიროს ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც გერმანელი გოლეადორი აწმყოსა და მომავალზე საუბრობს
მიროსლავ კლოზე თითით საჩვენებელი თავდამსხმელია - ცენტრფორვარდი, რომელსაც ყოველთვის და ყველგან გაჰქონდა გოლები და ახლაც, 33 წლის ასაკში, მოედანს უგოლოდ იშვიათად ტოვებს.

გერმანიის ნაკრებში 113 მატჩში მის ანგარიშზე 65 გოლია, აქედან, მსოფლიოს ჩემპიონატებზე 14 გოლი აქვს გატანილი, რითაც გერდ მიულერთან ერთად, მუნდიალებზე ბუნდესგუნდის ყველაზე წარმატებული გოლეადორია. ბუნდესლიგაში 121 გოლი გაიტანა და მხოლოდ კლაუდიო პისაროს (142 გოლი) ჩამორჩება.

აი, ბოლო ორი წლის მანძილზე კი გაუჭირდა, რადგან "ბაიერნში" იშვიათად ათამაშებდნენ და ამის გამო მხოლოდ 4 გოლი მიითვალა. შესაბამისად, მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა და რომის "ლაციოში" გადაბარგდა, სადაც რეგულარულად ათამაშებენ და კლოზემაც ისევ დაიწყო გოლების გატანა.

მირომ იტალიურ ფეხბურთს ძალიან სწრაფად აუღო ალღო და "ლაციოს" ტიფოზების უსაყვარლესი ფეხბურთელიც გახდა - ამ სეზონში მის ანგარიშზე 9 გოლია, რითაც დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ "ლაციალე" მე-4 ადგილზეა და 16 ტურის შემდეგ, ლიდერთა დუეტს (მილანი და იუვენტუსი) მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

რომაული კლუბის სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ ამას წინათ "შპორტ აინსისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, "ლაციოს" ფანებს მიროზე აბოდებთ და მას "კაიზერ კლოზეს" უწოდებენო. მიროს რომში სხვა არაერთი მეტსახელიც შეარქვეს: "კლოზინიო", "კაცი მარსიდან" და ა.შ.

"შპორტ აინსმა" მიროს ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც გერმანელი გოლეადორი აწმყოსა და მომავალზე საუბრობს.

- ჰერ კლოზე, რომში თავს როგორ გრძნობთ?

- ძალიან კარგად. შეუძლებელია, ამ ქალაქში თავი ცუდად იგრძნო. მთელი ოჯახი ბედნიერები ვართ და უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ იმ სიმსუბუქისგან, რაც რომში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. ქალაქი ხომ საერთოდ ცალკე სასაუბრო თემაა - ნებისმიერ ქუჩაზე რაღაც გენიალურს ნახავ. აქ ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა.

- "ლაციოს" ფორმით 14 მატჩში 9 გოლი გაიტანეთ, რაც ბრწყინვალე შედეგია. სერია A-ს ალღო ძალიან სწრაფად აუღეთ, რასაც ბევრი არ ელოდა.

- აქ რომ მოვდიოდი, დარწმუნებული გახლდით, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ ასეთ კარგ შედეგებს მეც არ მოველოდი. იტალიურ ფეხბურთს ალღო სწრაფად რომ ავუღე და მოედანს უგოლოდ იშვიათად ვტოვებ, ეს იმის დამსახურებაცაა, რომ აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. შესაბამისად, გოლებიც გამაქვს - ანუ, ვაკეთებ იმას, რისთვისაც ფულს მიხდიან.

- ასეთი სიხშირით გოლები ბოლოს "ვერდერში" თამაშის დროს გაგქონდათ.

- ალბათ იმიტომ, რომ ყველაფრით კმაყოფილი ვარ - გარემო ხელს მიწყობს, გულშემატკივრებს მაგრად ვუყვარვარ, მწვრთნელი მენდობა, კლუბი ამბიციურია. ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში მაინც ის არის, რომ ედუარდო რეია ასი პროცენტით მენდობა.

- თქვენი ასეთი შედეგიანობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც ხომ არ არის, რომ წინ ევროპის ჩემპიონატია?

- თუ ჩემს კარიერას თვალს გადაავლებთ, მიხვდებით, რომ მარტო დიდი ტურნირების წინ არ ვიყავი მოტივირებული და შედეგიანი. მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები - მთავარია, მწვრთნელისგან ნდობა მქონდეს და ვთამაშობდე. მიუხედავად იმისა, რომ 33 წლის ვარ, მუდმივად ვცდილობ, რაღაც ახალი ვისწავლო. როცა ვიგრძნობ, რომ მოტივაცია მაკლდება და მხოლოდ ინერციით ვთამაშობ, მაშინვე კარიერას დავამთავრებ.

- "ლაციოს" ფანებს უკვე სიგიჟემდე უყვარხართ - ცოტა ხნის წინ პუბლიკის უსაყვარლეს ფეხბურთელად დაგასახელეს. იტალიაში არაერთ გერმანელ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ პუბლიკისგან სიმპატიები ამ დოზით და ასე სწრაფად თქვენამდე არავის დაუმსახურებია. ალბათ ძალიან ამაყობთ.

- ამაზე არც მიფიქრია და ეს ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის ორი რამ იყო მთავარი: მქონოდა სათამაშო პრაქტიკა და ჩემს ოჯახს თავი კარგად ეგრძნო. ბედნიერი ვარ, რომ ასეც მოხდა. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდი, ოჯახთან ერთად რომში ჩამოვედი. ყველაფერი ვნახეთ, აქაურობა კარგად შევისწავლეთ და გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. ბავშვები ძალიან კარგ სკოლაში დადიან და ბედნიერები არიან, გვაქვს შესანიშნავი სახლი და ა.შ.

- "ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ ამას წინათ "მშვიდი ვარსკვლავი" გიწოდათ.

- ჰო, ეს მეტსახელიც შემეფერება, რადგან ჩემს საქმეს ჩუმად, აფიშირების გარეშე ვაკეთებ. პრინციპში, ბევრი ლაპარაკი არასდროს მიყვარდა.

- ტარემ "კაიზერიც" გიწოდათ, თუმცა მანამდე "ლაციოს" ფანებმა უდიდესი ტრანსფარანტი მოგიძღვნეს წარწერით " Kaiser Klose". ფრანც ბეკენბაუერს ეს ნამდვილად არ მოეწონება.

- არა მგონია, რომ ფრანცი ამის გამო გაბრაზდეს. აქ იმდენი მეტსახელი შემირჩიეს, რომ ვეღარ ვითვლი: "კაცი მარსიდან", "კლოზინიო", "კაიზერ კლოზე" და ა.შ. მე ეს ყველაფერი ძალიან მახარებს, რადგან დასტურია იმისა, რომ ქომაგები ჩემს ღვაწლს ხედავენ და აფასებენ. ყველაზე მეტად სწორედ ამით ვამაყობ.

- "ლაციოს" ფანები ბედნიერები არიან, "კაიზერსლაუტერნის" ქომაგებს კი გული სწყდებათ, რადგან ბოლო წამამდე ჰქონდათ იმის იმედი, რომ თქვენს მშობლიურ კლუბში დაბრუნდებოდით. თანაც, "ლაუტერნს" ახლა სწორედ წინა ხაზზე უჭირს. მოკლედ, "კაიზერსლაუტერნში" თქვენი დაბრუნება უკვე საბოლოოდ გამოირიცხა?

- "ლაციოსთან" სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ წინასწარ გადაჭრით მაინც ვერაფერს ვიტყვი. ყოველთვის მინდოდა, რომ კარიერა "კაიზერსლაუტერნში" დამესრულებინა და ეს ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა