გერმანია. წლის ტრანსფერის ექო: "შპორტ ბილდმა" მანუელ ნოიერის ტრანსფერის საიდუმლო დეტალები გამოაქვეყნა
გერმანული სპორტული ტაბლოიდი "შპორტ ბილდი" ჯერ კიდევ ზაფხულში წერდა იმის შესახებ, რომ რუსეთის პრემიერმინისტრი ვლადიმირ პუტინი ყველანაირად ცდილობდა, მანუელ ნოიერის "შალკედან" "ბაიერნში" ტრანსფერი არ დაეშვა.

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა მაშინ გაარკვიეს, რომ "შალკეს" გენერალური სპონსორის, "გაზპრომის" ბატონ-პატრონი პუტინი მოსკოვში გელზენკირხენული კლუბის შეფ კლემენს ტიონიესს შეხვდა და უთხრა, ნებისმიერ თანხას გადავიხდით, ოღონდაც ნოიერი დარჩენაზე დაითანხმეთო. "შპორტ ბილდმა" საახალწლო ნომერში ამ ამბის აქამდე უცნობი, ძალიან საინტერესო დეტალები გაახმაურა.

ეს 17 მაისს მოხდა: ტიონიესი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც "გაზპრომის" ხელმძღვანელებთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ გამართა მოლაპარაკებები. ამის შემდეგ, მძღოლმა "შალკეს" ბოსი პირდაპირ პუტინის "თეთრი სახლისკენ" წაიყვანა - მას უთხრეს, რომ რუსეთის პრემიერმინისტრი ჩაიზე ეპატიჟებოდა. პუტინთან ერთად, ტიონიესს "გაზპრომის" შეფი ალექსეი მილერიც შეხვდა.

შეხვედრა, რომელიც გერმანიის თასის ფინალამდე ("შალკემ" ფინალში "დუისბურგი" 5:0 დაამარცხა) ოთხი დღით ადრე შედგა და საათნახევარი გაგრძელდა. სწორედ პუტინთან საუბრის დროს დაესვა წერტილი "შალკესა" და "გაზპრომის" თანამშრომლობის 2017 წლამდე გაგრძელებას, რაც გელზენკირხენულ კლუბს ამ ხნის მანძილზე მინიმუმ 120 მილიონ ევროს მოუტანს. საუბრის ბოლოს, პუტინმა ტიონიესს მანუელ ნოიერი უხსენა - მას აინტერესებდა, მართლა ტოვებდა თუ არა გერმანიის ნაკრების მეკარე "შალკეს".

იმ დროს ნოიერს უკვე ოფიციალურად ჰქონდა ნათქვამი, რომ გელზენკირხენელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებდა, რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ "შალკეს" ის უნდა გაეყიდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მანუელი გელზენკირხენს 2012 წლის ზაფხულში უკვე უფასოდ დატოვებდა. არაოფიციალურად "ბაიერნში" მისი გადასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო - მოგვიანებით თავად ტიონიესმაც თქვა, რეკორდმაისტერის პრეზიდენტ ული ჰიონესთან შეთანხმებას 30 აპრილს მივაღწიეო.

...და აი, ჰიონესთან შეთანხმებიდან 17 დღის შემდეგ, პუტინი ტიონიესს ეუბნება, რომ ის მუდმივად უყურებს "შალკეს" თამაშებს, უნდა, რომ გელზენკირხენში ჩავიდეს და მატჩსაც დაესწროს და რომ მისი საყვარელი შალკელი მანუელ ნოიერია. პუტინი ტიონიესს გერმანულად ესაუბრებოდა - 1985-დან 1990 წლამდე ის დრეზდენში ოფიცრად იყო წარგზავნილი, ცოლად კი გერმანულის მასწავლებელი შეირთო...

"გემშვიდობებით და თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს: შეინარჩუნეთ მანუელ ნოიერი! ჩვენ მზად ვართ, ამისათვის ნებისმიერი თანხა გადავიხადოთ!" - ეს იყო პუტინის ბოლო სიტყვები.

"ვხვდებოდი, რომ ამ თხოვნას ვერ შევუსრულებდი, რადგან ნოიერს "ბაიერნში" გადასვლას ვერაფრისდიდებით ვერ გადავათქმევინებდი. პუტინმა ორჯერ გამიმეორა, ფული პრობლემა არ არისო, - იხსენებს ტიონიესი და იქვე დასძენს, - აშკარად ჩანდა, რომ "შალკეს" ყველა მატჩი ჰქონდა ნანახი და ძალიან უნდოდა, რომ მანუ შეგვენარჩუნებინა."

"შალკეს" ბოსი ვალდებული იყო, ბედი კიდევ ერთხელ ეცადა და მანუელთან დასალაპარაკებლად ფაქტობრივად იდეალური მომენტი შეარჩია: ტიონიოესი ნოერთან გერმანიის თასის ფინალის შემდეგ განმარტოვდა - იმ დროს, როცა მთელი გელზენკირხენი ზეიმობდა და ლოგიკურად მართლა იყო იმის შანსი, რომ მანუელი კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო.

"არაფერი გამოვიდა, რადგან მანუელისთვის ფული მთავარი არ იყო. მე მას პუტინის სიტყვები გადავეცი, რაზეც მაშინვე, დაუფიქრებლად მიპასუხა, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლა გამორიცხულია, "ბაიერნში" ფულის გამო არ მივდივარ და შესაბამისად, ამის გამო არც "შალკეში" დავრჩებიო," - ამბობს ტიონიესი.

აი, ასე შედგა ტრანსფერი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იყო 2011 წელს. მანუელ ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა, "შალკემ" კი რეკორდმაისტერისგან 22 მილიონი ევრო მიიღო. სხვათა შორის, 2016 წლამდე თითოეული ჩემპიონობისთვის მიუნხენელებმა გელზენკირხენელებს თითო მილიონი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში კი მილიონნახევარი ევრო უნდა გადაუხადონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა