ჩოგბურთი. ავსტრალიის ღია პირველობა
ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო, რომელიც "ხმაურიანი" მატჩებით იყო დატვირთული.

მაგალითად, 2009 წლის ამერიკის ღიას ორივე ფინალის გამეორება: ვოზნიაცკი-კლაისტერსი და ფედერერი-დელ პოტრო, ან კიდევ 2010 წლის უიმბლდონის ფინალისტების - ნადალისა და ბერდიხის დაპირისპირება.

ამ ფონზე ერთგვარად ჩრდილში მოექცა მატჩი ვიქტორია აზარენკასა და აგნიეშკა რადვანსკას შორის. პოლონელი მესამედ გავიდა ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში, მაგრამ აქამდე ნახევარფინალის საგზური არასოდეს მოუპოვებია. ბელარუსი იშვიათად არის "დიდი სლემის" ტურნირების ნახევარფინალების სტუმარი - აქამდე მხოლოდ შარშანდელი უიმბლდონის საუკეთესო ოთხეულში შევიდა.

როგორც წესი, აზარენკასა და რადვანსკას მატჩები სამ სეტამდე იწელება, ამიტომაც ყველა დაძაბულ შეხვედრას ელოდა. საერთო ჯამში, ასეც გამოვიდა, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ პირველ სეტში იყო ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რადვანსკა აწვდიდა, თითქმის მთელი დრო ანგარიში აზარენკას მიჰყავდა. ბელარუსმა პარტიაში ოთხი ბრეიკი გააკეთა, მაგრამ რადვანსკა არაფერს თმობდა, ყოველთვის ეწეოდა მეტოქეს და ტაი-ბრეიკამდე მიაღწია. აქ კი ვიქტორია ჩავარდა. უამრავმა შეცდომამ აზარენკას ერთი ქულის აღების საშუალებაც არ მისცა - 0:7.

მაგრამ ამის შემდეგ თამაშის სურათი მთლიანად შეიცვალა. რადვანსკა მოახლოებული ტრიუმფის გამო ანერვიულდა და თამაშის სადავეები ხელიდან გაუშვა. აგნიეშკამ შეცდომების დაშვება დაიწყო და ვერანაირ სირთულეს ვერ უქმნიდა ვიქტორიას. აზარენკამ მიზანი გაასწორა, საკუთარ ძალებში დამაჯერებლობა იგრძნო და "მშრალი" ანგარიშით მოიგო მეორე სეტი.

მესამე პარტიაში წარმოიშვა მომენტი, როცა ბელარუსმა კინაღამ თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა მეტოქეს - მან 3:1-ზე ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს აგნიეშკას მიერ ბოლო მოგებული გეიმი აღმოჩნდა. შემდეგ გეიმში აზარენკას მოწოდებაზე ანგარიში იყო 15:40, მაგრამ ვიქტორიამ შეძლო სიტუაციის გამოსწორება და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა.

აზარენკას მეტოქე ნახევარფინალში კიმ კლაისტერსისა და კაროლინ ვოზნიაცკის მატჩში ირკვეოდა. ეს ჩოგბურთელები გასულ წელს რეიტინგში უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდნენ. წინა მატჩში ნა ლისთან კლაისტერსმა მარცხენა ფეხი გადაიბრუნა, ამიტომაც არსებობდა ეჭვი - შეძლებდა თუ არა საერთოდ ბელგიელი თამაშს. მაგრამ კიმმა არა მარტო შეძლო კორტზე გასვლა, არამედ შესანიშნავი თამაში აჩვენა. კიმი კარგად გადაადგილდებოდა და ბრწყინვალე შემტევ სტილში მოიგო პირველი სეტი.

ვოზნიაცკის შეტევითი თამაშის ორგანიზების დრო არ ჰქონია - 6:3. პარტიის განმავლობაში კლაისტერსმა 20 "ვინერსი" მიითვალა, ამასთან, დანიელმა 13 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

მეორე სეტში კიმმა ოდნავ უკლო აქტიურობას, მაგრამ ისევ ფლობდა უპირატესობას. ბელგიელისთვის უპრობლემო ცხოვრება მერვე გეიმამდე გრძელდებოდა. 5:2-ზე მან ნერვიულობა დაიწყო და თამაში შეარბილა. ვოზნიაცკი კი მაშინვე გამოცოცხლდა და კლაისტერსისგან განსხვავებით, შეცდომები თითქმის გამორიცხა. დანიელი დაეწია მეტოქეს და ბრეიკით დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.

საბოლოოდ, მეორე სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გაირკვა. გარკვეული ხანი ჩოგბურთელები დამაჯერებლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში კიმმა იპოვნა გარისკვის შესაძლებლობა და სეტი მოიგო - 7:6 (7:4).

ასე რომ, ვოზნიაცკი ამ წაგების გამო ნამდვილად დაკარგავს პირველ ადგილს WTA-ის რეიტინგში. კაროლინს ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ 7085 ქულა ექნება, იმ დროს, როცა აზარენკასა და პეტრა კვიტოვას უკვე მეტი ქულა აქვთ - შესაბამისად, 7485 და 7290. რეიტინგში პირველობის შანსი აქვს მარია შარაპოვასაც - ამისთვის მას მელბურნში მოგება სჭირდება.

თუმცა ვოზნიაცკიმ განაცხადა, რომ დიდად არ ნაღვლობს ლიდერობის დაკარგვის გამო: "თუ სიმართლე გაინტერესებთ, არც ვფიქრობ იმაზე, რომ რეიტინგში ლიდერობა დავთმე. მწვერვალზე საკმარისად დიდი ხანი ვიყავი და ზედიზედ ორი წელი პირველი ჩოგანის რანგში დავასრულე.

წლის ბოლოს ვნახავთ, ვინ თამაშობდა ყველაზე კარგად. ახლა მხოლოდ იანვარია. ვიცი, რომ კიდევ დავბრუნდები მწვერვალზე, ამიტომაც არ ვნერვიულობ. წინ აქტიური კარიერის რამდენიმე წელი მაქვს, ასე რომ შევეცდები "დიდი სლემის" ტურნირებზე გამარჯვებას. ბოლოს და ბოლოს, იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია".

1/2 ფინალი

კიმ კლაისტერსი (ბელ, 11)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1) 6:3, 7:6(4); ვიქტორა აზარენკა (ბლრ, 3)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 8) 6:7(0), 6:0, 6:2.

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა