ავსტრალიის ღია პირველობას ერთი ახალი და ერთი ძველი ჩემპიონი ჰყავს
ავსტრალიის ღია პირველობას ერთი ახალი და ერთი ძველი ჩემპიონი ჰყავს. ფინალებიც ქალთა და მამაკაცთა თანრიგში სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა - ერთში იყო მომავალი ჩემპიონის დომინირება, მეორეში კი მაყურებელმა თითქმის ერთსაათიანი თრილერი იხილა.

ქალების ფინალი შაბათს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია აზარენკას აქამდე არასოდეს ეთამაშა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში, ბუკმეიკერები სწორედ მას ასახელებდნენ ფავორიტად მარია შარაპოვასთან დაპირისპირებაში.

ბელარუსი მართლაც შესანიშნავად მოემზადა ამ ტურნირისთვის. სტაბილურობა, კომბინაციური ჩოგბურთი, ტაქტიკის მრავალფეროვნება - სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მისი მთავარი კოზირი რუსი ჩოგბურთელის წინააღმდეგ. მარიას სასარგებლოდ კი, პირველ რიგში" ხასიათის სიმტკიცე და გამოცდილება ლაპარაკობდა.

ფინალამდე მარია და ვიქტორია საკმაოდ დამაჯერებლად მიდიოდნენ. პირველ ორ მატჩში ორ-ორი გეიმი დათმეს, ჯამში კი ორ-ორი სეტი წააგეს. ბელარუსმა ორით მეტი გეიმი ითამაშა, სამაგიეროდ, კორტზე 22 წუთით ნაკლები გაატარა. სხვაობა დიდი არ არის, ასე რომ, ფიზიკური თვალსაზრისით უპირატესობა არც ერთს არ ჰქონდა.

ასევე თანაფარდობა იყო ურთიერთშეხვედრებში - 3:3 და კლასიფიკაციაშიც ტურნირამდე მეზობლები იყვნენ - აზარენკა მესამე, შარაპოვა მეოთხე. სხვათა შორის რეიტინგი ამ მატჩის დამატებითი ინტრიგა იყო. წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობა უნიკალური გახლდათ იმ მხრივ, რომ ფინალის გამარჯვებული WTA-ის ტურის ახალი ლიდერი ხდებოდა.

მოკლედ, მატჩის წინ თითქმის ყველა მაჩვენებელი თანაბარი იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ფინალის საბოლოო ანგარიშში სხვაობა აღმოჩნდა გამანადგურებელი. შარაპოვამ მხოლოდ სტარტზე აანერვიულა თავისი მეტოქე. ვიქტორიამ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაც მისთვის ნამდვილად არ არის დამახასიათებელი.

ამას მოჰყვა ბელარუსის მხრიდან საკუთარ მოწოდების წაგება. მალე შარაპოვამ მეორე ბრეიკის გაკეთების შანსი მიიღო, მაგრამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან დაეხმარა აზარენკას. ბელარუსმა შეძლო თამაშში შესვლა და თავის სტილში დაიწყო მოქმედება. და ძალიან მალე ვიქტორიამ სერიოზული უპირატესობა მიიღო.

მარიას მხოლოდ პირველი მოწოდებისას მისდიოდა თამაში, მეორე ბურთზე კი მის მეტოქეს რეგულარულად დიდი უპირატესობა ჰქონდა. საერთოდ, აზარენკა უკანა ხაზზე ბრწყინვალედ თამაშობდა - ბეიზლაინზე გათამაშებათა 82 პროცენტი მოიგო. აზარენკა თითქმის არ ცდებოდა და ამასთან, მეტოქეს იოლ ბურთებს არ აძლევდა, ამიტომაც თამაშის გამწვავების მცდელობისას მარია ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა.

თუ პირველი სეტი მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი და დაძაბული გამოვიდა, მეორეში შარაპოვას სრული განადგურება ვიხილეთ. აზარენკა დამაჯერებლად გრძნობდა თავს მოწოდებაზეც და მიღებაზეც. შარაპოვა ცდილობდა ინიციატივის დაბრუნებას, მაგრამ მას მუდმივად ხელს უშლიდა საკუთარი შეცდომები ან მეტოქის კარგი თამაში გადამწყვეტ მომენტებში.

ერთხელ, როცა აზარენკა მატჩზე აწვდიდა, მარიამ ბრეიკ-პოინტი მიიღო. თითქოს ამ მომენტში ბელარუსი უნდა ანერვიულებულიყო, მაგრამ იმ დღეს ის შეუდარებლად თამაშობდა. ისე გამოვიდა, რომ პირველ სეტში 3:3-დან ბელარუსმა ზედიზედ ცხრა (!) გეიმი აიღო და 6:3, 6:0 გაიმარჯვა.

ვიქტორია მუხლებზე დაეცა, შემდეგ კი წარმატებით აღსანიშნავად თავისი მწვრთნელისკენ - სემ სიუმიკისკენ გაიქცა. თასის მიღების შემდეგ წარმოთქმული სიტყვის დროს, ბელარუსმა, პირველ რიგში, სწორედ მას გადაუხადა მადლობა. თასი კი აზარენკას შვეიცარიელმა, მარტინა ჰინგისმა გადასცა.

ვიქტორიამ ბელარუსს პირველი გამარჯვება მოუტანა "დიდი სლემის" ტურნირების ერთეულთა თანრიგში. დღეიდან ის ქალთა კლასიფიკაციის 21-ე ლიდერი გახდა და შესაბამისად, პირველი ბელარუსი, ვინც ამგვარ წარმატებას მიაღწია.

WTA- ის ლიდერები

1. შტეფი გრაფი (გერ) 377 კვირა

2. მარტინა ნავრატილოვა (აშშ) 332

3. კრის ევერტი (აშშ) 260

4. მარტინა ჰინგისი (შვეიც) 209

5. მონიკა სელეში (იუგ/აშშ) 178

6. სერენა უილიამსი (აშშ) 123

7. ჟუსტინ ანენი (ბელ) 117

8. ლინდსი დევენპორტი (აშშ) 98

9. კაროლინ ვოზიაცკი (დან) 67

10. ამელი მორეზმო (საფ) 39

11. დინარა საფინა (რუს) 26

12. ტრეისი ოსტინი (აშშ) 21

13. კიმ კლაისტერსი (ბელ) 20

14. ელენა იანკოვიჩი (სერ) 18

15. ჯენიფერ კაპრიატი (აშშ) 17

15. მარია შარაპოვა (რუს) 17

17. ანა ივანოვიჩი (სერ) 12

17. ა. სანჩეს-ვიკარიო (ესპ) 12

19. ვენუს უილიამსი (აშშ) 11

20. ივონ გულაგონგი (ავსტრა) 2

21. ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 1

გუშინ კი მამაკაცთა ფინალში როდ ლეივერის სახელობის კორტზე შეკრებილმა პუბლიკამ ნამდვილი სპექტაკლი იხილა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩაატარეს და ესპანელს სულ ცოტა დააკლდა "ჯოკოვიჩის კომპლექსის" მოსახსნელად.

დასაწყისში უპირატესობას ნადალი დაეუფლა. თავის გეიმებს ის იოლად იღებდა, რასაც კარგი მოწოდება უწყობდა ხელს. ხოლო მიღებაზე ესპანული რეგულარულად უმართავდა ბრძოლას მეტოქეს. რაფას ისიც ეხმარებოდა, რომ ნოვაკი რთულად უმკლავდებოდა მოწინააღმდეგის მოჭრილ დარტყმებს. შედეგად, რაფაელმა მეხუთე გეიმში ბრეიკი გააკეთა და მართალია, მალე ნოვაკმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მაინც მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 7:5.

მეორე სეტში ჯოკოვიჩმა თანდათან დაიწყო ინციატივის მოპოვება. რაფაელი ცდილობდა კორტში შესულიყო, მაგრამ ნოვაკი ღრმა და ზუსტი დარტყმებით მეტოქეს უკან ახევინებდა. თავად სერბი კი პირიქით, სულ უფრო და უფრო ხშირად შედიოდა მოედანზე და შესაბამისად, ნაკლებ ძალას ხარჯავდა. მალე მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 5:2 დაწინაურება მოახერხა.

ნადალმა მაქსიმალურად მოინდომა (ესპანელმა ზედიზედ ორი გეიმი აიღო, თან სამი სეტჩბოლი მოიგერია), მაგრამ სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა. პარტია ნადალის ორმაგი შეცდომით დასრულდა.

მესამე სეტში სათამაშო უპირატესობა მთლიანად ჯოკოვიჩის მხარეს იყო. ის თამაშის მსვლელობას კარნახობდა მეტოქეს და მას მხოლოდ ორი გეიმის აღების საშუალება მისცა. ეს ორი გეიმიც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მიდიოდა. სერბმა კი სამი საკუთარი გეიმი "მშრალი" ანგარიშით მოიგო და დამსახურებულად გაიმარჯვა - 6:2.

ჯოკოვიჩი მეოთხე პარტიაშიც მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ რაფაელმა შეძლო ბრძოლის გაჩაღება. რამდენჯერმე ნადალს შესანიშნავი შეტევა გამოუვიდა, მათ შორის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა ესპანელი 3:4-ზე 0:40-ს აგებდა. რაფამ ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და ანგარიში გათანაბრდა. სწორედ ამ დროს წვიმა წამოვიდა და სანამ ცენტრალურ კორტს გადახურავდნენ, თამაში 10 წუთით შეწყდა. რთული სათქმელია, ვის სასარგებლოდ იყო ეს პაუზა: ნადალმა მერვე გეიმის გადარჩენით დადებითი მუხტი მიიღო და ამ დროს თამაშის შეწყვეტა ესპანელისთვის მაინც და მაინც მისასალმებელი არ უნდა ყოფილიყო.

მაგრამ ნადალმა ბრძოლა გააგრძელა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. იქ თავიდან მინი-ბრეიკი რაფამ გააკეთა, მაგრამ მაშინვე ორი ქულა დათმო საკუთარ მოწოდებაზე. ჯოკოვიჩი 5:3 დაწინაურდა და ორი ქულა აკლდა ჩემპიონობამდე, მაგრამ ნადალმა ზედიზედ ოთხი ბურთი ჩააგდო და შემოკლებული გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 7:5.

სეტის ასეთი ფინალით გამხნევებული ნადალი კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა, შეტევაში თამაში გააუმჯობესა და საკუთარ მოწოდებაზე იოლად მოგებული გეიმების შემდეგ ბრეიკი გააკეთა - 4:2. მაგრამ რაფაელმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო - ნოვაკმა ბოლო ძალები მოიკრიბა, ისევ მოუმატა დარტყმების სიგრძეს და შესაბამისად, ესპანელმა ისევ მოუხშირა შეცდომებს. უფრო მეტი ბრძოლა ნადალის მოწოდებებზე იყო და 5:5-ზე სერბმა ბრეიკის გაკეთება შეძლო. მატჩზე ჩაწოდებისას კი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და 7:5 გაიმარჯვა.

ასე რომ, სერბმა ჩოგბურთელმა "დიდი სლემის" ზედიზედ მესამე ტიტული მოიგო და მეოთხე ბოლო 13 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, მან ზედიზედ მეშვიდედ დაამარცხა ნადალი. სხვათა შორის გუშინდელი ფინალის მონაწილეებმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ერთი მატჩის ხანგრძლივობით რეკორდი დაამყარეს. აქამდე ყველაზე გრძელი მატჩი 2009 წლის ნახევარფინალში ნადალმა და ფერნანდო ვერდასკომ ითამაშეს - 5 საათი და 14 წუთი. გუშინდელი ფინალი კი 5 საათი და 53 წუთი გაგრძელდა და საიუბილეიო, მე-100 პირველობის ბრწყინვალე დასასრული აღმოჩნდა.

შემთხვევითი არ არის, რომ დაჯილდოვების ცერემონიაზე ჩოგბურთელები ძლივს იდგნენ ფეხზე - ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლისას მოთამაშეებს სკამებიც კი გამოუტანეს. ნოვაკმა, რომელმაც ზედიზედ მეორედ აიღო ავსტრალიის ღია პირველობის თასი, თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ორივენი იმსახურებდნენ გამარჯვებას: "რაფა ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და ძლიერია მოთამაშეა ტურში. დღეს ჩვენ ორივეს უნდა მოგვეგო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ მე გავიმარჯვე. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი მსგავსი ბრწყინვალე შეხვედრა გველის".

ფინალი

კაცები

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რაფაელ ნადალი (ესპ, 2) 5:7, 6:4, 6:2, 6:7(5), 7:5.

ქალები

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3)-მარია შარაპოვა (რუს, 4) 6:3, 6:0.

ავსტრალიის ღიას ყველა ჩემპიონი

ერთეულები (კაცები): ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)

ერთეულები (ქალები): ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი)

წყვილები (კაცები): ლეანდერ პაესი/რადეკ შტეპანეკი (ინდოეთი/ჩეხეთი)

წყვილები (ქალები): სვეტლანა კუზნეცოვა/ვერა ზვონარევა (რუსეთი)

მიქსტი: ბეტანი მატეკი/ცორია ტეცეუ (აშშ/რუმინეთი)

იუნიორები

ერთეულები (ბიჭები): ლუკ სევილი (ავსტრალია)

ერთეულები (გოგონები): ტეილორ თაუნსენდი (აშშ)

წყვილები (ბიჭები): ლაიამ ბროედი/ჰოშუა უორდ-ჰიბერტი (ბრიტანეთი)

წყვილები (გოგონები): გაბრიელა ენდრიუსი/ტეილორ თაუნსენდი (აშშ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა