საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანთალიაში ბაქოს "ინტერის" ქართველების თამაშს თვალი ადევნა
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია თურქეთში იმყოფება, სადაც შეკრებებზე მყოფ ქართულ კლუბებსა და ლეგიონერებს აკვირდება.

ქეცბაიას ინტერესთა სფეროში კახა ცხადაძის გაწვრთნილი ბაქოს "ინტერიც" მოხვდა, რომელშიც არაერთი ჩვენებური ირჯება. საქართველოს ნაკრების თავკაცი ანთალიაში ბაქოელების ამხანაგურ შეხვედრას უკრაინულ "ვოლინთან" დაესწრო, მატჩის შემდეგ კი "აზერისპორტ.ქომ"-ის კორესპონდენტს ესაუბრა.

- პირველად არ ხდება, რომ "ინტერის" თამაშს აკვირდებით. თუ საიდუმლო არაა, რა არის ამის მიზეზი?

- პირველ რიგში, ძალიან კარგად ვიცნობ კახაბერ ცხადაძეს. ჩვენ ხომ ერთად მრავალი წლის განმავლობაში ვთამაშობდით.

მეორეც, "ინტერში" არცთუ ცოტა ქართველი ფეხბურთელია, რომლებითაც დაინტერესებული ვარ. აქ იმისთვის მოვედი, რომ მათი თამაში მენახა.

"ინტერის" გარდა აქ სხვა კლუბებიცაა, რომლებშიც ქართველები თამაშობენ. 24 თებერვალს საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩი აქვს გასამართი და მინდა, კარგ ფეხბურთელებს მოვუყარო თავი, რომლებიც ეროვნულ გუნდში თამაშს იმსახურებენ.

- "ინტერიდან" რომელ მოთამაშეს აქვს თქვენს ნაკრებში მოხვედრის შანსი?

- შანსი ყველას აქვს. საერთოდ კი, ეს ერთობ რთული საკითხია, რადგან ძალიან ბევრი მოთამაშე ოცნებობს ეროვნულ გუნდში თამაშზე. ამას ბევრი იმსახურებს კიდეც, მაგრამ ჩვენ იმათ ვარჩევთ, ვინც კონკრეტულ მომენტში უკეთაა მზად. თუმცა, ხანდახან მწვრთნელებით ცდებიან.

ვცდილობთ, შანსი არა მხოლოდ მათ მივცეთ, ვინც საზღვარგარეთ თამაშობს, არამედ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეებსაც.

- აზერბაიჯანის ჩემპიონატში არაერთ ქართველს უთამაშია. როგორია მათი დონე, ვინც საქართველოს ჩემპიონატს მეზობლისაზე ცვლის?

- კარგ დონეზე არიან. მაგალითად, გიორგი ადამია - წამყვანი მოთამაშეა "ყარაბახში".

გავიმეორებ და, გვიჭირს ნაკრებისთვის არჩევანის გაკეთება, როდესაც ერთ პოზიციაზე სამი პრეტენდენტია, თუმცა გუნდში ამოჩემებულები არ გვყავს და ვინც იმსახურებს, ნაკრებშიც ის ხვდება.

- თქვენი მოსვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები იმაზე უკეთ ათამაშდა, ვიდრე უცხოელი სპეციალისტების ხელში. ეს ადგილობრივი მწვრთნელის ფაქტორმა განაპირობა?

- მე ქართველი ვარ, ისევე როგორც ფეხბურთელები და ამიტომ, მათთან ურთიერთობა მიადვილდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთია, როცა თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობ გუნდთან და სულ სხვაა, როცა პირადად ესაუბრები, უხსნი ფეხბურთელს, რაც გსურს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ჩვენ გვყავდა უცხოელი მწვრთნელები და ამან არ გაამართლა. ვიტყვი, რომ ჩვენმა ნაკრებმა ძალიან ბევრი დაკარგა იმ ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც უცხოელები თავკაცობდნენ. ის მართლაც ძალიან რთული პერიოდი იყო.

ამჟამად შედეგების გაუმჯობესებას ვცდილობთ. არ ვამბობ, რომ ჩემი მოსვლის შემდეგ გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწია, თუმცა ახლა საქმე უკეთესადაა, ვიდრე უწინ იყო.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ძალიან რთულ შესარჩევ ჯგუფში მოვხვდით. ჩვენი მეტოქეები ესპანეთი, საფრანგეთი, ბელარუსი და ფინეთი არიან. რომ მთხოვონ ყველაზე ძლიერი ჯგუფის შექმნა, იმაზე უფრო ძლიერს ვერ შევადგენ, ვიდრე წილისყრამ გვარგუნა. ამ გუნდებიდან ნებისმიერს ხელეწიფება ჯგუფში ლიდერობა.

- აზერბაიჯანულ ფეხბურთზე რას იტყვით?

- კარგია, რომ თქვენთან ფეხბურთისადმი დაინტერესებაა - შენდება სტადიონები, კლუბები ძლიერდებიან, იწვევენ კარგ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს. ნაკრებში საქმე უფრო რთულადაა და მის შენებას დრო სჭირდება.

მომწონს, ლეგიონერებზე ლიმიტი რომ გაქვთ - მოედანზე მინიმუმ ოთხი აზერბაიჯანელი მოთამაშე უნდა იყოს. ეს ძალიან კარგია და ადგილობრივ ფეხბურთელებს წაადგებათ. თავის მხრივ, ლეგიონერები ჩემპიონატის დონეს აამაღლებენ და ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის ნაკრებს ახლო მომავალში წინსვლა ექნება.

- ამბობთ, რომ მნიშვნელოვანია მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის პირდაპირი კონტაქტი. აზერბაიჯანის ნაკრებში რომ ბერტი ფოგთსი მუშაობს?

- უცხოელი მხოლოდ აზერბაიჯანის ნაკრებში ხომ არაა? ისეთ დიდ ქვეყანაშიც კი, როგორიც ინგლისია, სადაც ფეხბურთში მილიარდებს დებენ, უცხოელი მუშაობს. არადა, კაპელოს კარგი შედეგები არ აქვს.

ბერტი ფოგთსს რაც შეეხება, ის კარგი მწვრთნელია. ევროპის ჩემპიონია. იმედი მაქვს, მის ხელში ნაკრები ისე ითამაშებს, როგორც ეს აზერბაიჯანელ გულშემატკივრებს სურთ.

- ქართველი ფეხბურთელები ევროპაში ადვილად მიდიან და წარმატებებსაც აღწევენ. ამის მაგალითი საკმაოა. აზერბაიჯანელი ფეხბურთელები ამას ვერ აკეთებენ და რა არის მიზეზი?

- კარგად მახსოვს ის დრო, როცა საბჭოთა ეპოქაში ერთად ვთამაშობდით. ჩვენ შორის ბრწყინვალე მატჩები იმართებოდა! ბაქოს "ნეფთჩიში" ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ. როგორც ჩანს, შემდეგ დაღმასვლა დაიწყო. მსგავსი პრობლემები ჩვენც გვაქვს.

ჩვენზე დადებითად ალბათ იმან იმოქმედა, რომ თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიგო. "დინამო" მარკა გახდა და ამან დაგვაახლოვა ევროპასთან.

საქართველოში პირობები არასათანადო იყო, ახლა კი ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. დღეს უკვე 6-7 გუნდს შეუძლია ფეხბურთელებს კარგი პირობები შეუქმნას, რაც ფეხბურთის საერთო დონეს ამაღლებს,

უწინ, საზღვარგარეთ სულ პატარა ფეხბურთელები მიდიოდნენ და მწვრთნელისთვის მათი მოძიება ძალიან რთულია. მაგალითად, მე სხვადასხვა ქვეყნებში დავდივარ და დავეძებ ქართული გვარის მოთამაშეებს. მათ ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, რაც სირთულეებს გვიქმნის. მიწევს მშობლებთან საუბარი და მათი დაყოლიება.

- აზერბაიჯანის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის გამართვა თუ შედის თქვენს გეგმებში?

- 2010 წლის იანვარში ბერტი ფოგთსს ვესაუბრე და მატჩის ჩატარება შევთავაზე. ამხანაგურ თამაშზე მოვილაპარაკეთ, თუმცა ის ჩვენივე შეცდომის გამო არ შედგა. მაშინ ბრაზილიაში გამგზავრებასა და ერთერთ გუნდთან თამაშის გამართვას გვპირდებოდნენ, თუმცა ეს არ გამოვიდა და ყველა გეგმა ჩაიშალა.

როგორც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, აზერბაიჯანის ნაკრებთან ამხანაგურად ვითამაშებთ.

კომპანია "სოკართან" თანამშრომლობით, რომელიც ჩვენი ნაკრების გენერალური სპორნსორია, ძალიან კმაყოფილი ვართ. იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობა კიდევ დიდხანს გასტანს.

zaza sigu
როგორც ფეხბურთელს დიდ პატივს გცემ მაგრამ როგორც მწრთვნელს ძალიან სუსტი ხარ უცხოელი რომ გააკრიტიკო ჯერ შენ უნდა გქონდეს რაიმე ოდნავ მაინც გაკეთებული. რომ ამბობ ძლიერ ჯგუფში მოვხვდიო ჯერ სუსტი ჯგუფი თქვი რომელია. შედარებით სუსტში, რომ იყავი ხო კინაღამ გახვედი.მხოლოდ ერთ რამეში გეთანხმები იმ მილიონებს ტყუილად ვაძლევდით უცხოელს ქართველს მაინც დარჩეს კვიპროსზე საფეხბურთო აკადემიას ააშენებს და იქნებ ეშველოს კიპრელ ახალგაზრდებს და ერთი ორი ქართველიც თუ გამოკრავს ბურთს ფეხს მიზანი მიხწეულია.
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები