პარიზის "დიდი მუზარადის" ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი საერთაშორისო რეიტინგი გამოაქვეყნა
პარიზის "დიდი მუზარადის" ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი საერთაშორისო რეიტინგი გამოაქვეყნა. თბილისის მსოფლიოს თასის შემდეგ ჩვენი ვაჟთა ნაკრების მეექვსე წევრი - ნუგზარ ტატალაშვილიც (73) შევიდა სალიცენზიო 22-კაციან ზონაში.

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, თბილისურ-პარიზული წაგებების მიუხედავად, სადღეისოდ შალვა ქარდავაც (66) იღებს საგზურს, ოღონდ - ევროპულ კვოტით. თანაც იმ ფონზე, რომ მას ორი წლის წინათ მოპოვებული ქულები გაუნულდა და საერთო მარაგიც 200-დან 164-მდე შეუმცირდა. საბედნიეროდ, დრო და გარემოებები ჩვენ გვწყალობს.

მოგეხსენებათ, რეგიონული კვოტით ევროპას ყოველ წონაში 2-2 საგზური ეძლევა, თუმცა ცალკეულ ქვეყანას ამ გზით მხოლოდ ერთი. ანუ ერთი ქვეყნიდან ორი ან მეტი წარმომადგენელი რომც მოხვდეს ამ სიაში, ის ფედერაცია მაინც ერთ ლიცენზიას მიიღებს. თანაც, საერთაშორისო ფედერაცია ქალსა და ვაჟს არ არჩევს - რომელსაც უფრო მეტი ქულა ექნება, საგზურსაც ის მიიღებს, "ძუ იყოს, თუნდა ხვადია". ქარდავასაც ეს შველის! ის საერთაშორისო რეიტინგში 47-ე ადგილზეა, ოლიმპიურ რეიტინგში კი - 27-ე, თუმცა წინმდგომთაგან ევროპული ქვეყანა მხოლოდ ორია - ლატვია და ჰოლანდია ასეთივე თანმიმდევრობით.

ლატვიელი დენის კოზლოვსი ულაპარაკოდ იღებს საგზურს, რადგან ულიცენზიო თანაგუნდელთაგან საუკეთესო შედეგი აქვს - 242 ქულა. რეიტინგში ჩვენებურს ჰოლანდიელი იესპერ დე იონგიც გვარიანად უსწრებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჰოლანდია სხვაგან იღებს ლიცენზიას - ქალთა შორის 48 კილოგრამში, სადაც 380-ქულიანი ბირგიტ ენტე მნიშვნელოვნად უსწრებს 224-ქულიან დე იონგს.

ამდენად, დე იონგი 66-ში ვარდება ევროპული კვოტიდან და მის ნაცვლად მეორე ადგილზე ქარდავა გადადის. ჩვენებურის წისქვილზე წყალი იმანაც დაასხა, რომ თბილისში ებრაელი გოლან პოლაცკი მესამეზე გავიდა - აქ აღებული ქულებით 22-ში შეაღწია. გაგვიმართლა იმაშიც, რომ მან იქიდან არა რომელიმე ევროპელი, არამედ ეგვიპტელი აჰმედ ავადი გამოდევნა. ამით გულნაკლული არც "ფარაონი" დარჩება - ის აფრიკის კვოტით მაინც იღებს საგზურს.

სალიცენზიო თვალსაზრისით ჩვენთვის უაღრესად საინტერესო იქნება ამ უქმეებზე გასამართი ავსტრიული მსოფლიოს თასი, სადაც ქარდავაც იჭიდავებს და თბილისური ტურნირის მომგები ლაშა შავდათუაშვილიც. წარმატების შემთხვევაში ქარდავა პოზიციას კიდევ უფრო გაიმყარებს, შავდათუაშვილი კი რეალურად ჩადგება საგზურისთვის მებრძოლთა რიგებში. ჯერჯერობით მის ანგარიშზე 124 ქულაა და თუნდაც მესამეზე გასვლით ქარდავას ამჟამინდელ ნიშნულს გაუთანაბრდება.

ამდენად, ამ წუთისთვის ჩვენს ნაკრებს შვიდივე ლიცენზია აქვს და ოლიმპიადაზე სრული გუნდით წასვლა შეუძლია, თუმცა რამდენად მყარია ეს პოზიცია, სხვა საკითხია. ამ ეტაპზე ვერც იმას იტყვის ვინმე, ამ განლაგებაში რას შეცვლის დარჩენილი ოთხი სალიცენზიო ტურნირი, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ რეგიონული კვოტა, პრაქტიკულად, სახელობითია - თამაშებში მონაწილეობას ის მიიღებს, ვინც საგზურს მოიპოვებს. აი, 22 კაცში ერთი ქვეყნიდან რამდენიმე მონაწილე თუ მოხვდება, მაშინ ოლიმპიადაზე წამსვლელს ეროვნული ფედერაცია ასახელებს, რეგიონულ კვოტებში კი ეს საკითხი მკაცრადაა განსაზღვრული.

დანარჩენი წონებიდან სხვებზე უფრო სათუო პოზიცია ისევ 73-ში გვაქვს, სადაც ქულათა განულება-განახევრების, უფრო კი პარიზში თურქი სეზერ ჰიუზუსის გამოსვლის შემდეგ ტატალაშვილმა სალიცენზიო რეიტინგში ერთი ადგილით უკან დაიხია და ახლა 21-ეა 344 ქულით. ავსტრიაში წარმატება მასაც ჰაერივით სჭირდება, თუმცა დამატებითი გარემოებები ჯერჯერობით მის მხარესაა - ევროპელ მდევართაგან რუმინეთი და ესტონეთი რეგიონული კვოტით იღებენ საგზურს, ავსტრია და შვეიცარია კი - სხვა წონებში და სადღეისოდ ტატალაშვილის კონკურენტები ვერ არიან, ცხადია, დანარჩენი მდევრები კიდევ უფრო ჩამორჩებიან, თუმცა ამან ჩვენებურს გულდამშვიდების საშუალება არ უნდა მისცეს.

მძიმე წონაში 22-კაციან სიაში მხოლოდ ზვიად ხანჯალიაშვილია - 360 ქულა და 17-ე ადგილი, თუმცა თბილისის ტურნირის მომგები ადამ ოქრუაშვილი 296-ით 23-ეა. ორივე ფალავანი ავსტრიაში იჭიდავებს და ვნახოთ, რა გაირკვევა იქ სალიცენზიო დავაში. იმის მიუხედავად, რომ ამ წონაში რეიტინგის მეორე ნახევარში ვართ, ულიცენზიოდ დარჩენა მაინც არ გვემუქრება, რადგან გაორებებისა თუ სხვა წონებში აღებული საგზურების გამო ევროპულ კვოტაში პირველ ნომრად საერთაშორისო რეიტინგში 56-ე საფეხურზე მყოფი ისლანდიელი ტორმოდურ იონსონი რჩება! მეორე კვოტას კიდევ უფრო დაბლა მყოფი ისრაელი იღებს.

თბილისში გამარჯვებისა და პარიზში მოპოვებული 36 ქულის შემდეგ ავთანდილ ჭრიკიშვილის (81) მონაგარი 416 ქულამდე გაიზარდა და სალიცენზიო რეიტინგში XVIII ადგილზე დამკვიდრდა. ძნელი წარმოსადგენია, მან 22-ში ადგილი დაკარგოს, თუმცა ევროპელ მდევართაგან დიდი საფრთხე არც ამ შემთხვევაში ემუქრება - ჯერჯერობით რეგიონული კვოტით ლიცენზიებს უნგრელი ლასლო ჩოკნიაი (290 ქულა) და თურქი აჰმეტ სარი (207) იღებენ, ოღონდ ისინი, როგორც ხედავთ, ბევრად ჩამორჩებიან ჩვენებურს. თურქს პორტუგალიელი დიოგო ლიმა კი უსწრებს, მაგრამ პორტუგალია ქალებში იღებს საგზურს.

დანარჩენ წონებში მყარი, მოწინავე პოზიციები გვაქვს და იქ მთავარი საზრუნავი საუკეთესო ოქტეტში დამკვიდრება და ოლიმპიადაზე განთესილთა შორის მოხვედრაა. ამ მხრივ საუკეთესო მდგომარეობაში ამირან პაპინაშვილია (60), რომელიც 810 ქულით მეხუთე ადგილზეა. ამავე წონაში ბეთქილ შუკვანის მონაგარი 408 ქულა და XVI პოზიციაა. 746-იანი ვალერი ლიპარტელიანი (90) საერთაშორისო რეიტინგში XII-ეა, ოლიმპიურში - VIII, თუმცა იქ მხოლოდ 4 ქულით უსწრებს შვედ მარკუს ნიმანს, დანარჩენები კი ამათ ბევრად ჩამორჩებიან.

60-ის გარდა, 22-კაციან სიაში ორი მონაწილე გვყავს 100-შიც, ოღონდ ადრე თუ ლომერ ჟორჟოლიანი და ირაკლი ცირეკიძე კარგა ხანს თანმიმდევრობით მიჰყვებოდნენ ერთმანეთს XII-XIII პოზიციებზე, ახლა მათ შორის მონღოლი ტამუულენ ბატულგა ჩადგა პარიზში მოპოვებული მესამე ადგილითა და ამისთვის მიღებული 120 ქულით. აქ ჩვენებურები XIII ადგილს ინაწილებენ. ქულების განახევრება-განულების შემდეგ მათმა მონაგარმა ცოტათი დაიკლო - ამჟამად ჟორჟოლიანის მონაგარი 644 ქულაა, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ცირეკიძისა კი, რომელიც ნეკნის ტრავმის გამო ისედაც ვერ ჭიდაობს, 538.

დასასრულს გეტყვით, რომ ამ წუთისთვის საოლიმპიადოდ სრული გუნდები იაპონიას, კორეას, ბრაზილიას, საფრანგეთს, რუსეთს, უკრაინას, ყაზახეთს, უზბეკეთს და ჩვენ გვყავს. ცხადია, ბრიტანელებსაც, როგორც მასპინძლებს. ჩამოთვლილთაგან ჩვენ, უკრაინა და უზბეკეთი თითო საგზურს რეგიონული კვოტით ვიღებთ, სხვებმა კი შვიდივე ლიცენზია 22-ში შესვლით მოიპოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა