საქართველოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკისთან თამაში გაიხსენა
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა სარეიტინგო სიაში წინ წაიწია და ახლა მსოფლიოს მე-80 ჩოგანია!

ქართველი ჩოგბურთელი, რომელსაც 3 თებერვალს 22 წელი შეუსრულდა, სეზონის დასაწყისში, ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში, კაროლინ ვოზნიაცკის გადაეყარა და მსოფლიოს პირველ ჩოგანთან მატჩში მეორე სეტის მოგებასთან ახლოს იყო.

ანამ "ყველა სიახლესთან" ვოზნიაცკისთან შეხვედრა გაიხსენა:

- კაროლინს დიდ კორტზე, "ჰაისენს არენაზე" ვეთამაშე. თავდაპირველად დაძაბული ვიყავი, ცოტა მატჩის დაწყებამდეც ვინერვიულე, მაგრამ როცა კორტზე გავედი, აღარ მიფიქრია, ჩემ წინ მსოფლიოს პირველი ნომერი რომ იდგა.

- მეორე სეტში 4:1 იგებდი, მერე, 5:4-ზე სეტბოლიც გქონდა, მაგრამ მაინც წააგე. ბოლომდე ვერ დაიჯერე, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგნის დამარცხება შეგეძლო, თუ სხვა მიზეზი იყო?

- თავდაპირველად არასწორად ვეთამაშებოდი - ვცდილობდი, ბურთი დამეჭირა. როცა მივხვდი, რომ არასწორი ტაქტიკა მქონდა არჩეული, თამაში გამოვასწორე. კაროლინა, ფაქტობრივად, არ "აფუჭებს" დარტყმებს. ამიტომ, მეორე სეტში ვცდილობდი, მის შეცდომებს კი არ დავლოდებოდი, თვითონ ჩამეგდო ბურთი. თუმცა, ცოტა დავიღალე, ცოტა ფსიქოლოგიური ფაქტორიც იყო და, საბოლოოდ, ვოზნიაცკიმ გაიმარჯვა, რადგან მეტი გამოცდილება აქვს.

თამაშის შემდეგ გაბრაზებული ვიყავი, რადგან სეტის მოგებამდე ძალიან ცოტა დამაკლდა. თანაც, იმიტომ კი არა, რომ მეტოქე თამაშობდა ცუდად, მე ვითამაშე კარგად და ორმაგად დამწყდა გული.

- გამოცდილების გარდა, რა არის მაღალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელების უპირატესობა?

- გადამწყვეტ მომენტებში შეუძლიათ მოუმატონ თამაშს, ჭკვიანურად თამაშობენ. როცა ეთამაშები, ამას კარგად გრძნობ. მაგალითად, როცა ვოზნიაცკის 5:4-ს ვუგებდი და სეტპოინტი მქონდა, რატომ მაინცდამაინც მე შევცდი და არა ის? საუკეთესო ათეული დანარჩენებისგან ამით გამოირჩევა - გადამწყვეტ მომენტებში საუკეთესო თამაშს აჩვენებენ.

- მეტოქის მოწოდებისას ყოველთვის უკეთ თამაშობდი ხოლმე, ვიდრე საკუთარზე. ახლაც ასეა თუ გამოასწორე მოწოდება?

- ადრინდელთან შედარებით, გაცილებით უკეთ ვაწვდი. მე და ჩემი მწვრთნელი ამ კომპონენტს დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ბევრს ვმუშაობთ. სრულყოფილ მოწოდებამდე ჯერ ბევრი მიკლია, მაგრამ კორტზე ყოფნისას ვხვდები, რომ ამ მხრივ საგრძნობლად მოვუმატე.

- როგორც ვიცი, ახალ წელს ავსტრალიაში შეხვდი.

- დიახ, ბოლო სეზონებია წლის დასაწყისს ავსტრალიაში ვხვდები. ოღონდ, ამჯერად, ახალი წლის დადგომას მძინარე შევხვდი, რადგან მეორე დღეს თამაში მქონდა (იცინის). საქართველოში ახალ წელს რამდენიმე დღის განმავლობაში აღვნიშნავთ ქეიფით, მილოცვებით, სადღეგრძელოებით, ავსტრალიელები კი მხოლოდ რამდენიმე საათს დღესასწაულობენ და მერე საქმეს უბრუნდებიან.

- გასული წლის სექტემბერში ამერიკელ მეწყვილე ჯემი ჰემპტონთან ერთად კვებეკის ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალში ითამაშე. სხვა დროს, WTA-ს (ქალთა საჩოგბურთო ასოციაცია) ტურნირის მოგებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილხარ.

- დიახ და დასანანია, ფინალში რომ დავმარცხდით. სხვათა შორის, მაგ ტურნირის პირველ წრეში, ჩვენს მეტოქე წყვილს სამი მატჩპოინტი ჰქონდა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ შეხვედრის გადარჩენა. გადამწყვეტ მატჩშიც თანაბარი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ ტაიბრეიკში მეტოქემ უკეთ ითამაშა.

- ეთანხმები მოსაზრებას, რომ საჩოგბურთო სამყაროში მეგობრობა არ იციან?

- რაღაც დონეზე მეგობრობა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ჩოგბურთი სპორტის ისეთი ინდივიდუალური სახეობაა, რომ ჩოგბურთელებს შორის ძალიან იშვიათია კოლეგასთან ახლო მეგობრობა. თუმცა, გამონაკლისიც არსებობს. ბევრ ჩოგბურთელთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ახლო - არა. ქართველი ჩოგბურთელებიდან ყველაზე ახლოს მაკა ჩახნაშვილთან ვარ, როცა შეკრებაზე ვართ, დროს, ძირითადად, ერთად ვატარებთ ხოლმე. უცხოელებიდან უკრაინული წარმოშობის ინგლისელ ჩოგბურთელ ელენა ბალტაჩასთან მაქვს კარგი ურთიერთობა, კიდევ, რამდენიმე ამერიკელ გოგონასთან, მაგრამ განსაკუთრებულად ახლო - არც ერთთან.

- ქართული წარმოშობის ჩოგბურთელებთან - ანა ჩაკვეტაძესა და ნიკოლოზ ბასილაშვილთან - თუ გაქვს ურთიერთობა?

- ბასილაშვილი კარგა ხანია, არ მინახავს, შეჯიბრებებზე არ ვხვდებით ერთმანეთს. ჩაკვეტაძეს კი ავსტრალიის ღია პირველობაზე შევხვდი და ერთმანეთი მოვიკითხეთ, მაგრამ მასთან ახლო ურთიერთობა არა მაქვს.

- უკვე რამდენიმე თვეა, მოწინავე ასეულის სტაბილური წევრი ხარ. რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დასახულ მიზანს - ასეულში მოხვედრას მიაღწიე?

- რა თქმა უნდა, გამიხარდა, მაგრამ განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა. ჩემი მიზანი იყო, 2011 წელი სტაბილურად, ასეულში დამესრულებინა, რაც შევძელი კიდეც. რაც მთავარია, ამ სიაში შემთხვევით არ მოვხვედრილვარ, მართლაც ასეულის მოთამაშე ვარ. წელს ჩემი მიზანია, 50 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის დავიმკვიდრო ადგილი.

რატი შელეგია

გაზეთი ”ყველა სიახლე”

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"