პეტრ ირჟაჩეკი და და მისი თანაგუნდელები, მაგათის ფაქტორის გამო, რაულის "შალკესთან" მოტივირებულები იქნებიან
ამ უქმეებზე ბუნდესლიგაში ძალიან საინტერესო დუელებს ვნახავთ. 18 თებერვალს ჰამბურგში „ვერდერი“ ჩადის და შეგახსენებთ, რომ ეს ჩრდილოეთის უმძაფრესი დერბია, 19-ში კი, ფელიქს მაგათი თავისი „ვოლფსბურგით“ „შალკეს“ სტუმრობს და კიდევ ერთხელ შეეცდება, გელზენკირხენელებს დაუმტკიცოს, რომ მაგარი მწვრთნელია.

ლიდერი და ჩემპიონი დორტმუნდის „ბორუსია“ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ „ჰერტას“ სტუმრობს, რომელსაც ამ ტურში დროებითი მწვრთნელი ეყოლება, მიონხენგლადბახელები კაიზერსლაუტერნში „ბეტცენბერგის ჯოჯოხეთს“ იგემებენ, ხოლო მიუნხენის „ბაიერნი“ კი ამ ტურშიც მარტივი ამოცანის წინაშე დგას - რეკორდმაისტერი სტუმრობს ფრაიბურგს, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული.

მაინც ვინ არის ჩრდილოეთში უფრო მაგარი?

მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ფორმისგან ორივე გუნდი ძალიან შორსაა, ჩრდილოეთის დერბი უდიდეს ვნებათაღელვას და მძაფრ დუელს გვპირდება. თანაც, ჰამბურგის არენაზე ხომ ყოველთვის ბრწყინვალე საფეხბურთო ატმოსფეროა და დერბის ეს ფაქტორიც ალამაზებს.

„ჰამბურგმა“ „ვერდერს“ ბოლო სამი საშინაო დუელიდან სამივე მოუგო, უკანასკნელი გამარჯვება კი თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ, 19 თებერვალს დააფიქსირა - შარშან HSV-მ ბრემენული კლუბი 4:0 გაანადგურა. ეს სეზონი ჰაბურგელებმა ძალიან ცუდად დაიწყეს, თუმცა მწვრთნელის შეცვლის შემდეგ აშკარა პროგრესი დაეტყოთ და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ „ვერდერს“ კარგ ფორმაში ხვდებიან.

ტორსტენ ფინკის გუნდმა წინა ტურში კიოლნიდან წაიღო სამი ქულა (1:0) და ახლა უკვე მე-10 ადგილზეა. გეხსომებათ, სეზონის დასაწყისში „ჰამბურგი“ ცხრილის ფსკერზე ყვინთაობდა.

რაც შეეხება „ვერდერს“: მართალია, ბრემენელები მეხუთე ადგილზე არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსისხლე მტერზე გაცილებით უკეთ გამოიყურებიან, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ თომას შააფის გუნდმა ბოლო ოთხ ტურში ზედიზედ ოთხი ფრე ითამაშა (წინა ტურში 1:1 „ჰოფენჰაიმთან“) და ერთ ადგილს ტკეპნის. დღევანდელ მატჩში შააფს მთავარი დამრტყმელი ძალა, კლაუდიო პისარო (15 გოლი მიმდინარე სეზონში) უბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ პერუელ გოლეადორს „ჰამბურგთან“ 19 მატჩი აქვს ჩატარებული და მოსისხლე მტერს ჯამში 14 გოლი გაუტანა. ეს თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ პისაროს საყვარელი მეტოქე გერმანიაში სწორედ „ჰამბურგია“. სხვათა შორის, მისთვის მეორე-მესამე ადგილებს „ჰერტა“ და „ვოლფსბურგი“ იყოფენ, რომელთა კარიც პერუელს 12-12-ჯერ აქვს დალაშქრული.

საორიენტაციო დუელი ნიურნბერგში

ნიურნბერგში მთავარი თემა კვლავ გადარჩენაა - იქ ამჯერად „კიოლნი“ ჩადის. ფრანკებმა წინა ტურში თავიანთ ქომაგებს იმედები გაუცრუეს (0:0 აუგსბურგში) და თანაც, იმ შეხვედრაში კოენმა მეხუთე გაფრთხილება მიიღო, რის გამოც დღეს ვერ ითამაშებს. ერთი კვირის წინ „კიოლნმაც“ წარუმატებლად იასპარეზა (0:1 ჰამბურგთან). ამ დუელში გამარჯვებული, გადარჩენისთვის ბრძოლის კვალობაზე, საკმაოდ კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, დამარცხებული - პირიქით, ხოლო ფრე არცერთს არ აწყობს.

ლევერკუზენი: მესის შემდეგ მიოლდერსი

რამდენიმე დღის წინ „ბარსელონა“, ახლა კი „აუგსბურგი“ - ასეთია „ლევერკუზენის“ პროგრამა ამ კვირაში. მესისთან და კომპანიასთან ბრძოლაში „ბაიერი“ 1:3 დამარცხდა, ახლა კი, „ფარმაცევტების“ მცველებს მიოლდერსის გაჩერება დაევალებათ, რაც, რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილია, ვიდრე არგენტინელ სუპერვარსკვლავთან ჭიდილი. გადარჩენისთვის მებრძოლ აუგსბურგელებს წამყვანი ფეხბურთელი ბაიერი დისკვალიფიკაციის გამო აკლიათ.

ფავორიტები სუსტების წინააღმდეგ

ცხრილის საუკეთესო სამეულის წარმომადგენლები ამ ტურში ისეთ გუნდებს ხვდებიან, რომელთა მიზანი მხოლოდ გადარჩენაა. ბერლინის „ჰერტა“ ბუნდესლიგაში თავის მე-1000 შეხვედრას ჩაატარებს, ოღონდ ბერლინელებს სულაც არ ეზეიმებათ.

წინა ტურმა ლევან კობიაშვილის გუნდში ამ სეზონში უკვე მეორე მწვრთნელი შეიწირა და თანაც, დღეს ბერლინელებს დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ექნებათ საქმე. „ბაიერნი“ აუტსაიდერ „ფრაიბურგს“ სტუმრობს და ისიც ვთქვათ, რომ „ფრაის“ რეკორდმაისტერთან ბოლო 17 დუელიდან 16 წაგებული აქვს (ერთი ფრე).

მესამეადგილოსან „გლადბახს“ კი შედარებით რთული მატჩი აქვს - სტუმრად „კაიზერსლაუტერნთან“. ამას ისიც ემატება, რომ „გლადბახმა“, შესაძლოა, უმთავრესი ფეხბურთელი, მარკო როისი ვერ გამოიყენოს.

დორტმუნდი კაგავას გარეშე

ათასჯერ გადაღეჭილი თემაა, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „შტუტგარტთან“ 0:5-ის შემდეგ, „ჰერტას“ ბოსებმა დეკემბრის ბოლოს დანიშნული მიხაელ სკიბე გაათავისუფლეს. „დორტმუნდთან“ კობიაშვილის გუნდის თავკაცი დროებითი დამრიგებელი რენე ტრეტჩოკი იქნება.

აქვე გაგახსენებთ, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ჰერტა“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში „დორტმუნდს“ მისსავე სტადიონზე მოუგო (2:1 პირველ წრეში). იმ სენსაციის შემდეგ გერმანიის ჩემპიონი შესანიშნავად ათამაშდა და სხვათა შორის, 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამ ტურისთვის, „ბორუსიას“ თავკაც იურგენ კლოპს კიდევ ერთი საკვანძო ფიგურა დაუშავდა: მარიო გიოტცეს შემდეგ, ტრავმა შინჯი კაგავამაც მიიღო...

რაც შეეხება მიონხენგლადბახელთა სტუმრობას ბეტცენბერგზე: ლუსიენ ფავრის გუნდი ამ სეზონში იდეალურად გამოიყურება, წინა ტურში „შალკეს“ 3:0-ზე განადგურებამ კი ეიფორია გააორმაგა. „გლადბახის“ ფანები ახლა უკვე აღარ მალავენ, რომ ჩემპიონობაზე და გერმანიის თასზე ოცნებობენ.

ლოგიკურად, მიონხენგლადბახურ კლუბს „კაიზერსლაუტერნის“ არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ როისის ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, „ლაუტერნის“ შანსს ზრდის. თანაც, მარკო კურცის გუნდი სახლში თამაშობს და მერე რა, რომ „ეშმაკებს“ ამ სეზონში გოლების გატანა ძალიან უჭირთ (21 მატჩიდან 10-ში ერთი გოლიც კი ვერ გაიტანეს). ამასთან, 1. FCK-ს თერთმეტმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ოდესმე ყველა სერია წყდება...

ბაიერნი ბრაისგაუში: გახსოვთ 7:0?

საღამოს მატჩში ლოგიკურად ბევრი გოლი უნდა ვნახოთ, რადგან „ფრაიბურგს“ ამ სეზონში უსუსტესი დაცვა ჰყავს (47 გაშვებული გოლი), „ბაიერნს“ კი საუკეთესო თავდასხმა (49 გატანილი გოლი). აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ პირველ წრეში რეკორდმაისტერმა „ფრაიბურგი“ 7:0 გაანადგურა.

მიუნხენურმა გრანდმა წინა კვირას „კაიზერსლაუტერნთან“ ვერ იფრინა, მაგრამ დამაჯერებლად (2:0) მოიგო და იუპ ჰაინკესის გუნდს სამი ქულა დღესაც ჰაერივით სჭირდება. პრინციპში, იგივე უნდა ვთქვათ „ფრაიზეც“ - ბრაისგაუელთათვის ახლა ყოველი ქულა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. „ფრაიბურგი“ წინა ტურში ვოლფსბურგში დამარცხდა (2:3), მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ცუდად არ უთამაშია.

დიდი ინტრიგა: მაგათი გელზენკირხენში

ფელიქს მაგათი თავისი „ვოლფსბურგით“ გელზენკირხენში ზუსტად იმ დროს ბრუნდება, როცა „შალკეში“ მონასტერი აირია და გუნდი წნეხის ქვეშაა მოქცეული. ჰუუბ სტევენსის გუნდმა წინა ტურში უდიდესი ფიასკო განიცადა (0:3 გლადბახთან), მერე ევროპის ლიგაშიც ვერ მოიგო (1:1 პლზენის „ვიქტორიასთან“) და ახლა მაგათის „ვოლფსბურგთან“ უპრინციპულესი დუელი ელის. ამას დაუმატეთ ისიც, რომ „დესპოტი ფელიქსი“ თავის „მგლებს“ „შალკესთან“ საბრძოლველად მაგრად „დაგეშავს“ და წესით, „ფელტინს არენაზე“ დაუნდობელი ბრძოლა უნდა ვნახოთ.

საინტერესოა ისიც, რომ ვოლფსბურგელები ნელ-ნელა უახლოვდებიან ევროზონას, წინა ტურში კი „ფრაიბურგი“ დაამარცხეს (3:2). იმ მატჩში საუკეთესო ვოლფსბურგელი პეტრ ირჟაჩეკი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა - არადა, ცენტრალური ნახევარმცველია.

ტურს „ჰანოვერისა“ და „შტუტგარტის“ დაპირისპირება დახურავს. ეს მატჩი ევროპის ლიგის მონაწილე (2:1 ბრიუსგესთან) „ჰანოვერისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „წითლები“ ბუნდესლიგაში თავიანთ მე-800, შინ კი მე-400 მატჩს ატარებენ. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „ჰანოვერს“ ამ სეზონში საკუთარ მოედანზე ერთი თამაშიც არ წაუგია (5/5/0). თუმცა მწვრთნელ მირკო სლომკას ბომბარდირი მოჰამედ აბდელაუ ჰყავს დაშავებული და მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

კარგ ხასიათზე არიან შტუტგარტელებიც, რომლებაც წინა ტურში „ჰერტას“ გადაურბინეს (5:0) და ეს გამარჯვება შვაბთათვის ბოლო სამი თვის მანძილზე პირველი იყო...

გერმანია. ბუნდესლიგა. XXII ტური

გუშინ

ჰოფენჰაიმი-მაინცი 1:1

ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ჯონსონი (72. ბრააფჰაიდი) - ვილიამსი, რუდი - ვუკჩევიჩი, რობერტო ფირმინიო (78. სალიჰოვიჩი), ვაისი (59. ბაბელი) - ლაკიჩი.

მაინცი (4-2-2-2): ვეტკლო - მ. კალიჯური, კირხჰოფი, ნოვესკი, ზაბავნიკი - პოლანსკი, ბაუმგარტლინგერი - სიტი, ივანშიტცი (59. მალი) - სალაი (69. ჩუპო-მოტინგი), ზიდანი (83. ალაგუი).

გოლები: 1:0 ნოვესკი (9-საკ. კარში), 1:1 ზიდანი (29)

გაფრთხილება: სალიჰოვიჩი - ზაბავნიკი

მაყურებელი: 22 000

დღეს

ჰერტა-ბორუსია (დ) 18:30

პირველ წრეში: 2:1

დისკვალიფიკაცია: ოტლი (ჰერტა)

ტრავმა: ფრანცი, ლელი, ლუსტენბერგერი - კოხი, გიოტცე, კაგავა

ჰამბურგი-ვერდერი 18:30

პირველ წრეში: 0:2

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მიკელი, ტიორე, ბერგი - ნალდო, პრიოდლი, ბოროვსკი, ჰანტი

ნიურნბერგი-კიოლნი 18:30

პირველ წრეში: 2:1

დისკვალიფიკაცია: კოენი (ნიურნბერგი)

ტრავმა: ნილსონი, პინოლა - ჯემალი, ბუხტმანი, პეტიტი, ჩიჰი, პოდოლსკი, უთი

კაიზერსლაუტერნი-ბორუსია (მ) 18:30

პირველ წრეში: 0:1

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კუემაა - შტრანცლი, მარქსი, ჰანკე

ლევერკუზენი-აუგსბურგი 18:30

პირველ წრეში: 4:1

დისკვალიფიკაცია: ბაიერი (აუგსბურგი)

ტრავმა: ადლერი, ბალაკი, ბარნეტა, სემი, დერდიოკი - დე იონგი, ბა, მორავეკი, რაფაელი

ფრაიბურგი-ბაიერნი 21:30

პირველ წრეში: 0:7

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კრმასი, მუიჯა, პუცილა, შუსტერი - ბრენო, კონტენტო, ვან ბუიტენი, შვაინშტაიგერი

ხვალ

შალკე-ვოლფსბურგი 18:30

პირველ წრეში: 1:2

დისკვალიფიკაცია: ჯონსი, ჰიოვედესი, ობასი (ყველა შალკე)

ტრავმა: ფერმანი, ესკუდერო, ჰოლტბი - კლამტი, პოლაკი, ვიერინია

ჰანოვერი-შტუტგარტი 20:30

პირველ წრეში: 0:3

დისკვალიფიკაცია: პოგატეცი - დელპიერი, მოლინარო

ტრავმა: მილერი, ანდრეასენი, კარლიტოსი, ჰაუგერი - აუდელი, გებჰარდტი

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 21 14 4 3 46-14 46

2. ბაიერნი 21 14 2 5 49-14 44

3. ბორუსია (მ) 21 13 4 4 34-12 43

4. შალკე 21 13 2 6 46-28 41

5. ვერდერი 21 9 6 6 34-35 33

6. ლევერკუზენი 21 8 7 6 28-28 31

7. ჰანოვერი 21 7 10 4 23-25 31

8. ვოლფსბურგი 21 8 3 10 27-38 27

9. შტუტგარტი 21 7 5 9 31-28 26

10. ჰამბურგი 21 6 8 7 26-34 26

11. ჰოფენჰაიმი 22 6 8 8 24-26 26

12. მაინცი 22 5 9 8 30-36 24

13. კიოლნი 21 7 3 11 29-41 24

14. ნიურნბერგი 21 6 4 11 19-31 22

15. ჰერტა 21 4 8 9 25-36 20

16. კაიზერსლაუტერნი 21 3 9 9 15-26 18

17. აუგსბურგი 21 3 9 9 19-33 18

18. ფრაიბურგი 21 4 5 12 27-47 17

ბომბარდირები

18 - გომესი (ბაიერნი); 16 - ჰუნტელაარი (შალკე); 15 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 13 - როისი (ბორუსია /მ/); 11 - აბდელაუ (ჰანოვერი); 10 - ჰარნიკი (შტუტგარტი), რაული (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე