ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ოთარ თუშიშვილი და გიორგი გოგშელიძე ბელგრადში გასამართ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებენ
გუშინ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მინსკიდან დაბრუნდა, სადაც ერთობლივი სასწავლო-საწვრთნელი შეკრება გაიარა, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დუშეთში დაიწყეს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება.

ორ დღეში მზადების ანალოგიურ ციკლზე ბერძენ-რომაელებიც გადავლენ, ოღონდ ჯერ არაა გადაწყვეტილი, თბილისში ივარჯიშებენ თუ დუშეთში.

კონტინენტის პირველობა 6-11 მარტს ბელგრადში გაიმართება. "თავისუფლები" იქ დუშეთიდანვე გაემგზავრებიან 4 მარტს, რადგან ჯერ მათი შეჯიბრება იმართება.

ნაკრების თავკაცმა ზაზა თურმანიძემ შეკრებაზე გუნდის ყველა ლიდერი წაიყვანა. მათ შორის - ტრავმირებული ოთარ თუშიშვილიც (66), რომელმაც ხელახლა გააახლებული ნეკნის ძველი ტრავმის გამო კიევის საერთაშორისო ტურნირში ვერ იჭიდავა.

მისი უიღბლობა საყოველთაოდ ცნობილია და რამდენიმეწლიანი მკურნალობის შემდეგ სპორტში დაბრუნებული პირველივე სტარტზე დაშავდა - საქართველოს ჩემპიონატში, სადაც ლამის ნახევარი შეჯიბრება ნატკენი ნეკნით ჩაატარა, ხოლო ფინალის შემდეგ მოძრაობა უჭირდა. ტრავმა უკვე იმდენად მოშუშდა, ვარჯიში კი განაახლა, მაგრამ სატურნიროდ ჯერ მზად არაა. თუმცა საჩქაროც არაფერია, რადგან, სავარაუდოდ, არც ევროპირველობაზე გამოვა.

როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში გვითხრეს, თურმანიძის გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე ლიცენზირებული ფალავანი იჭიდავებს, უსაგზუროდ დარჩენილ წონებში კი ლიდერები ამჯერად დაისვენებენ და სალიცენზიო ტურნირებისთვის მოემზადებიან.

აქედან გამომდინარე, ბელგრადში წამყვან ფალავანთაგან ევროპის ვიცე-ჩემპიონი მალხაზ ზარქუა (60), ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორი დავით ხუციშვილი (74), ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი დავით მარსაგიშვილი (84) და მსოფლიოს მესამე პრიზიორი დავით მოძმანაშვილი (120) გამოვლენ, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური პრიზიორი თუშიშვილი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური მედალოსანი გიორგი გოგშელიძე (96) კი სალიცენზიო შეჯიბრებისთვის მოემზადებიან.

მწვრთნელთა ეს გადაწყვეტილება იქნებ ბევრისთვის საკამათო იყოს, მაგრამ ოლიმპიადის ფაქტორითაა გამოწვეული - ნაწილი თუ ამ უმთავრესი შეჯიბრებისთვის უნდა მოემზადოს, ნაწილმა ჯერ იქ გამოსვლის უფლების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს და მიზანმიმართულ მზადებაზე მერე გადავიდეს. უკვე ლიცენზირებული მოჭიდავეები სატურნირო პრაქტიკას ევროპაზე მიიღებენ, დანარჩენები - სალიცენზიოებში.

ამ რანგის შეჯიბრებები სტარტს მარტშივე აიღებენ, მაგრამ ევროპელებისთვის განკუთვნილი სამი ტურნირი აპრილიდან იწყება და მეტად შემჭიდროებულ ვადებში, სამ კვირაში მთავრდება ანუ ერთმანეთის მიყოლებით ტარდება. ცხადია, ასეთ დატვირთვას ყველა ვერ გაუძლებს და მწვრთნელები მინიმუმ, ორ ფალავანს მაინც ამზადებენ საჭიდაოდ.

პირველი ასეთი შეჯიბრება ევროპის სალიცენზიო ტურნირია - 20-22 აპრილს სოფიაში, და იქ ყოველ წონაში 2-2 საგზური გაიცემა ანუ ფინალისტები მიიღებენ. მომდევნო ორი უკვე მსოფლიოს სალიცენზიო სტატუსისაა და ჯერ ჩინურ ტაიუანში იმართება, სადაც 3 საგზური გაიცემა (ორი ბრინჯაოს მედალოსანი დამატებით ერთმანეთში იჭიდავებს საგზურისთვის), მესამეს კი 4-6 მაისს ჰელსინკი უმასპინძლებს. იქაც ორი ლიცენზია გათამაშდება ანუ მხოლოდ ფინალისტები წავლენ ლონდონის ოლიმპიადაზე.

აქვე იმასაც დავაზუსტებთ, რომ ეს ვადები საერთოა "თავისუფალი", ბერძნულ-რომაული და ქალთა ჭიდაობისთვის. თან შეგახსენებთ, რომ ბერძენ-რომაელთა ნაკრებს მხოლოდ ერთი ლიცენზია აქვს, რომელიც მანუჩარ ცხადაიამ (66) მსოფლიოს პირველობის ვერცხლის მედალთან ერთად მოიპოვა.

ბუნებრივია, ორივე ნაკრების მწვრთნელს ძირითადი ბირთვი უკვე გამოკვეთილი ჰყავს, მაგრამ დასახელებას არ ჩქარობენ. ბერძენ-რომაელთა შემადგენლობაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, "თავისუფლებზე" კი კიევსა და მანამდე ანკარაში ნაჭიდავები ფალავნებიდან გამომდინარე გარკვეული ვარაუდების გამოთქმა შეიძლება, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ლიდერთა სამეული ბელგრადში.

ალბათ, თურმანიძე 55-ში უფრო საქართველოს პრიზიორ ტრისტან ჩირგაძეს ენდობა, რადგან ანკარაში, იაშარ დოგუს მემორიალზე წასული 11 ქართველიდან მედლისთვის მხოლოდ მან იჭიდავა (თუმცა დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა). ყოველ შემთხვევაში, ბესარიონ გუჩაშვილმა კიევში პირველივე წრეში წააგო, თუმცა - ხინჩეგაშვილთან.

არაა გამორიცხული, მწვრთნელებმა გარკვეული შეღავათი მაინც მისცენ. ისინი ყოველდღიურ საწვრთნელ პროცესში ხედავენ ორივეს, იციან მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეები, რასაც გუნდის დაკომპლექტებისას ითვალისწინებენ ხოლმე. ამჯერად არ გამოუცდიათ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი, რომელიც ქვეყნის პირველობაზე გუჩაშვილთან დამარცხდა. 66-ში ანკარაში საქართველოს ჩემპიონატის გამომტოვებელი შალვა მუზიაშვილი მეშვიდეზე გავიდა, ქვეყნის პრიზიორი გიორგი ცუცქირიძე ადრევე გავარდა, ხოლო მეორე ბრინჯაოს მედალოსანმა - ზურაბ იაკობაშვილმა კიევში წააგო.

ამდენად, უპირატესობა თითქოს მუზიაშვილის მხარესაა, მაგრამ ნურც საქართველოს ვიცე-ჩემპიონი კობა კაკალაძე დაგვავიწყდება. ოღონდ ის მწვრთნელებს არსად გამოუცდიათ. საინტერესოა - საევროპოდ არ ენდობიან თუ მისი გამოცდა საჭიროდ არ მიიჩნიეს? გოგშელიძეს ევროპაზე, სავარაუდოდ, კიევის ტურნირის მესამე პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე შეცვლის.

დასასრულს ევროპის ჩემპიონატზეც ვთქვათ, რომელშიც თავდაპირველად "თავისუფლები" და ქალები ჩაებმებიან. ვაჟთაგან 6-ში 66-96 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, 7-ში 55-60-ის, 8-ში -74-120-ის, ხოლო ამ სტილის მოჭიდავეთა შეჯიბრებას 9 მარტს 84 კილოგრამის ფალავნები დაასრულებენ.

10 მარტიდან ასპარეზობაში უკვე ბერძენ-რომაელებიც ჩაებმებიან - 55, 60, 96 და 120-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ, დანარჩენები კი მეორე დღეს გავლენ საჭიდაოდ და ამით ჩემპიონატიც დამთავრდება. როგორც ვხედავთ, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია აგრძელებს უცნაურად მუშაობას - ქალებისა და "თავისუფლების" შეჯიბრება თუ ოთხ დღეს გრძელდება, ბერძენ-რომაელებისა ორ დღეშია ჩატეული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა