ნიჟნინოვგოროდული კლუბი ქართველ ფეხბურთელებს რომ ჩაგრავს, ამას თავად რუსებიც აღიარებენ
იანვარში რუსეთის პრემიერლიგის ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მოთამაშეებმა, ლაშა სალუქვაძემ და გოგიტა გოგუამ რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების მოგვარების პალატას მიმართეს - მათ 7 თვის ხელფასი არ ჰქონდათ აღებული. პალატამ მათი სარჩელი დააკმაყოფილა, კლუბმა კი დავალიანება ოპერატიულად დაფარა.

მაგრამ ამის შემდეგ "ვოლგას" თავკაცებმა გოგუასა და სალუქვაძეს ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლოში უჩივლა და დოკუმენტალური მტკიცებულება მოსთხოვა, გადასვლისას კლუბისგან მიღებული სათაო თანხა (ე.წ. საკონტრაქტო) თუ რაში დახარჯეთო (?!) - ნიჟნელები მოთხოვნას ასე "ასაბუთებენ": ამ ყველაფერზე საგადასახადო სამსახურებთან ვართ ანგარიშვალდებულიო.

ყველაზე კურიოზული შემდეგ მოხდა: დავების მოგვარების პალატამ "ვოლგას" სარჩელი დააკმაყოფილა და მოთამაშეებს საბანკო ანგარიშები დაუბლოკეს! გარდა ამისა, ნიჟნინოვგოროდელები სამოქალაქო სასამართლოში გოგუასა და სალუქვაძეს საკონტრაქტო თანხების დაბრუნებასაც სთხოვენ.

ქართველები არ გაჩერდნენ და განმარტებისთვის ისევ პალატას მიმართეს. რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების მოგვარების პალატა თავისი გადაწყვეტილებებით ერთი ქართული ფილმის პერსონაჟივით ამბობს: ქართველებს ფული ეკუთვნით, მაგრამ მაინც არ ეკუთვნითო...

ეს "ჭრელო პეპელა" არა მხოლოდ ჩვენს, არამედ, თავად რუსების აღშფოთებას იწვევს. რუსეთის საფეხბურთო პროფკავშირების გენერალური მდივანი ნიკოლაი გარამატიკოვი "ჩემპიონატ.კომ"-თან ამბობს, რომ "ვოლგა" რუსეთის საფეხბურთო კავშირის წესდებას არღვევს:

"ორგანიზაციის წესდებაში პირდაპირ წერია, რომ საფეხბურთო სუბიექტს დავის სამოქალაქო სასამართლოში განხილვის უფლება არ აქვს. რუსეთის საფეხბურთო კავშირში ისედაც პრობლემებია და დავების პალატის გადაწყვეტილებების ლოზანის სპორტულ სასამართლოში გასაჩივრება ამიტომაც გვიწევს. რუსულ კლუბებს კი გუბერნატორები, მერები, რეგიონების ხელმძღვანელები პატრონობენ და ასეთ პირობებში სასამართლოს დამოუკიდებლობის არ გვჯერა.

თუ გუბერნატორი მისგან დაფინანსებული კლუბის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს, ფეხბურთელს პროცესის მოგების შანსი არ ექნება. ქართველებისთვის ეს დიდი შოკია იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე თვე ხელფასი არ მიუღიათ. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს რუსეთის საფეხბურთო კავშირში ან ლოზანის სასამართლოში, ან კლუბი უნდა დაისაჯოს.

...მსგავსი სქემით ნიჟნი ნოვგოროდში ფინანსდება არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბი "ვოლგა", არამედ "ტორპედოს" ჰოკეისტთა გუნდიც და კლუბის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად გადახდებს ეძახიან არა "საკონტრაქტო თანხას", არამედ "გადასვლასთან დაკავშირებულ საკომპენსაციო გადახდებს". ახლა "ვოლგამ" "პანდორას ყუთი" გახსნა და იმის წინასწარმეტყველება, შემდგომში ეს კლუბი ვის უჩივლებს, შეუძლებელია. ფაქტია, რომ ძალიან ცუდი პრეცედენტი შეიქმნა".

ნიჟნელთა გენერალურმა დირექტორმა სერგეი ანისიმოვმა "სოვეტსკი სპორტთან" ინტერვიუში თქვა, რომ "ვოლგას" ქართველების არაფერი მართებს:

"საერთოდ, ეს თემა უნდა დაიხუროს. დავების პალატამ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანა, რადგან შესაბამისი მტკიცებულებები უკვე წარვადგინეთ.

სალუქვაძე და გოგუა "ვოლგას" ფეხბურთელები აღარ არიან. ისინი გავათავისუფლეთ არა მათი სურვილით, არამედ სამსახურში გამოუცხადებლობისთვის. დეკემბრის შვებულების შემდეგ ისინი არც კლუბის შეკრებაზე გამოცხადდნენ და არც ჩვენს ოფისში. მათი განაცხადება, რომ არავის არაფერი უთქვამს, სულ მცირე, არაპროფესიონალურად ჟღერს.

ქართველთა წარმომადგენლების პოზიციაც გასაგებია: კლიენტების წინაშე საკუთარ უუნარობას რომ ვერ ხსნიან, ვითარებას პრესის დახმარებით ძაბავენ და ნიჟნინოვგოროდელ მოსამართლეებს მიკერძოებას აბრალებენ. მოთამაშეები რუსეთში ცხოვრობდნენ, აქ თამაშობდნენ და თავისი სიმართლე ჩვენი კანონების წინაშე დაამტკიცონ... საინტერესოა, რომ ძველი ხელმძღვანელების ხელშეწყობით, სალუქვაძე-გოგუას "საკონტრაქტო" თანხები მათ ხელფასებს სამჯერ აღემატებოდა".

ემოციური კომენტარი გააკეთა გოგიტა გოგუამ:

"ნახევარი წელიწადი ხელფასს რომ არ გვიხდიდნენ, გუნდის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტა შემოგვთავაზა. სასამართლო უეფას დახმარებით მოვიგეთ და კლუბმა აუცილებელი თანხა გადარიცხა. ამით კლუბს სურდა ეჩვენებინა, რომ ჩვენი ვალები არ ჰქონდა, მაგრამ საბანკო ანგარიში მაშინვე დაგვიბლოკეს და ფული მაინც ვერ მივიღეთ.

ახლა მეუბნებიან, გვითხარი, ფული სად დახარჯეო! ეს რა განუკითხაობაა?! კონტრაქტში წერია, თანხის ხარჯვაზე დოკუმენტური ანგარიში რომ უნდა ჩამებარებინა?! რუსეთში შვიდი წელიწადი ვითამაშე და მსგავსი არაფერი მსმენია... ამ ქვეყანაში სპორტსმენებს პატივს სცემენ, მაგრამ "ვოლგამ" დამტანჯა, თამაშის საშუალებას არ მაძლევდა და ვარჯიშსაც მიშლიდა. რა დავაშავე, კრიმინალი ვარ? ეს ჩემი ფული ხომ საკუთარი ოფლით გამოვიმუშავე.

"ტერეკთან" მატჩის შემდეგ გავიგეთ, რომ მე, ხოჯავასა და სალუქვაძეს გვაგდებდნენ. მწვრთნელმა გვითხრა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებააო, ამ უკანასკნელმა კი - მწვრთნელმა გაგაგდოთო. "ვოლგაში" ყველაფერი დავკარგე, აღარავის ვჭირდებოდი. დღეს ეს მე შემეხო, ხვალ კი ასეთ მდგომარეობაში სხვებიც აღმოჩნდებიან...

...როგორ უნდა მოვიგოთ სასამართლოში საქმე, თუ მას ნიჟნი ნოვგოროდში განიხილავენ? ახლა რუსეთის საფეხბურთო კავშირის დახმარების დიდი იმედი გვაქვს".

აი, ასე, "ვოლგა" არაფერს იხდის და ფეხბურთელები შვიდი თვე უხელფასოდ რომ თამაშობდნენ, ესეც ბუნებრივად მიაჩნიათ. ნიჟნელებს დავის საფეხბურთო კანონებით გარჩევაც აშკარად არ სურთ და ფიფას ფუნდამენტურ პრინციპებს ფეხქვეშ თელავენ. ცხადია, თანხის დახარჯვა ფეხბურთელების პირადი საქმეა, ან როგორ უნდა წარადგინონ ზუსტი მოხსენება, მაგალითად, სად იყიდეს ოჯახში მისატანი სარეცხის ფხვნილი, ტანსაცმელი, ზეთი, პური და მანქანაში რამდენი ბენზინი ჩაასხეს?! ან სად გაგონილა მსგავსი ანგარიშის ჩაბარება, რომელი საუკუნეა?!

ეს არის დაუფარავი ყაჩაღობა და ვფიქრობთ, ქართველ ფეხბურთელებს სერიოზული მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგან რუსი გუბერნატორის გუნდი მათ აშკარად ჩაგრავს.

ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, თავად რუსები წერენ. კიდევ ერთი მაგალითი: ნიჟნინოვგოროდული კლუბის ქმედება "გაზეტა.რუ"-მ ასე შეაფასა - "ვოლგა" წესებით არ თამაშობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა