ლორან ბლანის გუნდი სწორ გზას ადგას, გერმანიის ნაკრებმა კი ბოლო 12 მატჩში კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა
ამხანაგური მატჩი

გერმანია-საფრანგეთი 1:2 (იხილეთ ვიდეო)

გერმანია (4-2-3-1): ვიზე - ბოატენგი, ჰუმელსი, ბადშტუბერი (46. ჰიოვედესი), აოგო - ხედირა (70. ლ. ბენდერი), კროოსი - როისი (70. კაკაუ), იოზილი, შიურლე (45. თ. მიულერი) - კლოზე (46. გომესი).

საფრანგეთი (4-2-2-1-1): ლორისი - დებუში, რამი, მექსე, აბიდალი - კაბაი (62. მალუდა), მ’ვილა (62. ა. დიარა) - ვალბუენა (68. ამალფიტანო), რიბერი (46. მენეზი) - ნასრი - ჟირუ (76. საა).

გოლები: 0:1 ჟირუ (21), 0:2 მალუდა (69), 1:2 კაკაუ (91)

გაფრთხილება:Lბოატენგი, ლ. ბენდერი - მექსე

კუთხური: 5-9; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 14-15 (5-6); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 37 800

ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად აღიარებულმა გერმანიის ნაკრებმა 2012 წელი წარუმატებლად დაიწყო. საფრანგეთთან მატჩში, რომელიც გერმანელებმა ბრემენში 1:2 დათმეს, ბუნდესგუნდმა ისეთ ასპექტებში მიჰქარა, რაშიც ყველაზე მეტად გამოირჩეოდა.

სათამაშო კლასი, სირბილის სურვილი, ორთაბრძოლებში მონდომებით შესვლა - იოახიმ ლიოვის გუნდს ოთხშაბათს ეს ყველაფერი აკლდა. განსაკუთრებით პრობლემატურად კი გერმანიის ნაკრების დაცვის ხაზი წარმოჩინდა.

იოგიმ საფრანგეთთან ძირითად შემადგენლობაში ოთხი მცველი გაამწესა: მარჯვნივ ჟერომ ბოატენგი, ცენტრში მატს ჰუმელსი და ჰოლგერ ბადშტუბერი, ხოლო მარცხნივ დენის აოგო. განსაკუთრებით ცუდად ბოატენგი და აოგო გამოიყურებოდნენ - თამამად ვიტყვით, რომ ლიოვი ორივეს თამაშით უკმაყოფილო დარჩებოდა. ბოატენგს შეუძლია, თავი იმით იმართლოს, რომ მისთვის საძულველ პოზიციაზე ათამაშეს (ჟერომს დაცვის ცენტრში დგომა უყვარს); აი, აოგოს კი არანაირი ალიბი არ აქვს.

თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ იოგიმ ბოატენგი მეორე ტაიმში დაცვის ცენტრში გადასწია და ბაიერნელმა ვერც თავის საყვარელ პოზიციაზე ითამაშა ისე, როგორც გერმანიის ნაკრების ცენტრალურ უკანახაზელს ეკადრება. ფრანგების პირველი გოლი აოგოს ბრალი იყო - დებუშის თავი იოლად გააცურებინა - რის შემდეგაც "ჰამბურგის" მარცხენა მცველი საერთოდ აიჭრა. სხვათა შორის, დებუშიმ აოგო მეორე გოლის დროსაც კარგად შეარცხვინა.

საფრანგეთთან ვერც ჰუმელსმა და ბადშტუბერმა იფრინეს, თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათ საყრდენი ნახევარმცველებისგანაც აკლდათ მხარდაჭერა. ცხადია, დაცვის ხაზის სუსტი თამაში არც ლიოვს გამოეპარა და მატჩის შემდეგ იოგიმ სწორედ ამ პრობლემაზე ისაუბრა.

"დღეს გერმანიის ნაკრები თავს ცუდად იცავდა. მეტოქეს სივრცეებს ვერ ვუკეტავდით. არ იფიქროთ, თითქოს ეს პრობლემა მხოლოდ დღეს დავინახე. დიდი ხანია, ვხვდები, რომ დაცვაში გვიჭირს. უბრალოდ, ისეთ მატჩებში, სადაც წინა ხაზი ბრწყინვალედ თამაშობს ხოლმე, დაცვაში დაშვებული შეცდომები ნაკლებად ჩანს. დღეს კი არც შეტევაში ვბრწყინავდით და შესაბამისად, უკანა ხაზის სისუსტეც მეტად გამოჩნდა. მოკლედ, ბევრი საქმე მაქვს, დაცვა მისახედია", - განაცხადა ბუნდესმწვრთნელმა.

ერთი სიტყვით, დაცვა გერმანიის ნაკრების "აქილევსის ქუსლი" ხდება. ამის დასამტკიცებლად ბევრი ლაპარაკი არცაა საჭირო და მხოლოდ ერთი სტატისტიკური მონაცემის მოყვანაც საკმარისია: ბოლო 12 მატჩში ბუნდესგუნდმა კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა. ასე რომ, საფრანგეთთან დაცვაში ცუდ თამაშს და ზოგადად წაგებას ვერც იმას დავაბრალებთ, რომ გერმანიის ნაკრებს პერ მერტეზაკერი და ფილიპ ლამი აკლდნენ - ვითარება არც მათი თამაშის დროსაა ხოლმე დიდად უკეთესი.

ცხადია, გერმანიის ნაკრების ქომაგებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ, რადგან ეს ამხანაგური თამაში იყო და თანაც, გერმანელებმა ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზეს. სამაგიეროდ, შვეიცარიასთან (26 მაისს) და ისრაელთან (1 ივნისს) დაგეგმილ ტესტ-მატჩებში გაცილებით მეტი გამოჩნდება და იმ შეხვედრების ანალიზი უფრო მიახლოებული იქნება რეალურ სურათთან, რადგან ხსენებულ მატჩებში ბუნდესგუნდი იმ შემადგენლობით იასპარეზებს, რომლითაც მერე ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ბლანი სწორ გზას ადგას

საფრანგეთის ნაკრებმა კი დაამტკიცა, რომ მართლაც აღარაა ხელწამოსაკრავი გუნდი და რომ მართლაც უნდა განვიხილოთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად. ეს ყველაფერი ფრანკ რიბერიმ ჯერ კიდევ თამაშამდე თქვა და ისიც დასძინა, ბრემენში მხოლოდ მოსაგებად ჩავდივართო, რაც ბევრს ხმამაღალ განცხადებად მოეჩვენებოდა; მაგრამ ფაქტია, რომ რიბერი მართალი აღმოჩნდა.

ოთხშაბათს დავინახეთ, რომ ლორან ბლანი სწორ გზას ადგას - მისი გუნდი ტაქტიკურად დისციპლინირებულ, გამართულ ფეხბურთს თამაშობდა და ჩანდა, რომ ფეხბურთელები მწვრთნელის დავალებებს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ.

"გერმანიის ნაკრების თამაში ძალიან კარგად მქონდა გაანალიზებული. ბიჭებს ვეუბნებოდი, იოახიმ ლიოვის გუნდი განსაკუთრებით ძლიერი წინა ხაზზეა და თუ სივრცეები არ შეუზღუდეთ და სწრაფ ტემპში კომბინირების საშუალება მიეცით, გერმანელები უბრალოდ გადაგივლიან-მეთქი. მოკლედ, ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც საჭირო იყო," - აღნიშნა მატჩის შემდეგ ბლანმა, რომელსაც ბოლო დროს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

საქმე ეხება მის ახალ კონტრაქტს, ხელფასს და სარეკლამო შემოსავლებს, რითაც ბლანის სიტუაცია ძალიან ჰგავს 2010 წლის მუნდიალამდე გერმანიის ნაკრებში, ლიოვის გარშემო შექმნილ სიტუაციას. თუ გახსოვთ, მაშინ იოგი გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ თეო ცვანციგერს დაუპირისპირდა და მერე ახალი კონტრაქტი მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგღა გააფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება